პერიკარდიუმის დაავადებები აზიანებს პერიკარდიუმს – ელასტიკურ ორშრიან პარკს, რომელიც გარს აკრავს გულს.
პერიკარდიუმი ეხმარება გულს პოზიციის შენარჩუნებაში, იცავს მას სისხლით გადავსებისა და გულმკერდის ინფექციით დაზიანებისგან. მიუხედავად ამისა, პერიკარდიუმს სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს; მისი მოცილება მხოლოდ მცირე გავლენას მოახდენს გულის მუშაობაზე.
ნორმაში პერიკარდიუმის ორ ფურცელს შორის მცირე რაოდენობით საპოხი სითხეა, რომელიც აადვილებს ფურცლების ერთმანეთზე სრიალს. მათ შორის ძალიან მცირე სივრცეა. გარკვეული დაავადებების დროს აღნიშნულ სივრცეში (რომელსაც პერიკარდიუმის სივრცეს უწოდებენ) გროვდება დიდი რაოდენობით სითხე, რაც მის გაფართოებას იწვევს.
იშვიათად, შესაძლოა, პერიკარდიუმი დაბადებიდანვე არ არსებობდეს ან ჰქონდეს დეფექტები, როგორიცაა სუსტი წერტილები ან ხვრელები. ასეთი დეფექტები შესაძლოა სახიფათო იყოს, ვინაიდან გული ან რომელიმე დიდი სისხლძარღვი შეიძლება თიაქრის მსგავსად გამოიბეროს ხვრელში და ჩაიჭედოს. ამ დროს სიკვდილი შესაძლოა რამდენიმე წუთში განვითარდეს. ამიტომ დეფექტები, ჩვეულებრივ, ქირურგიული გზით სწორდება, ხოლო, თუ შესწორება შეუძლებელია, პერიკარდიუმი სრულიად სცილდება. პერიკარდიუმის სხვა დაავადებები ინფექციის, ტრავმის ან სიმსივნური პროცესის გავრცელების შედეგად ვითარდება.