გულის სიმსივნეები | მკურნალი.გე
  1. გულის სიმსივნეები
  2. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
გულის სიმსივნეები

სიმსივნე ეს არის ქსოვილის პათოლოგიური ზრდა, რომელიც შეიძლება იყოს ავთვისებიანი (კიბო) ან კეთილთვისებიანი. სიმსივნეებს, რომელიც გულში ვითარდება, პირველადი ეწოდება. იგი შეიძლება გულის ნებისმიერი ქსოვილიდან წარმოიშვას და იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. გულის პირველადი სიმსივნეები იშვიათია და 2000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში გვხვდება. მოზრდილებს შორის გულის კეთილთვისებიანი სიმსივნეების დაახლოებით ნახევარი მიქსომებზე მოდის. მიქსომა, როგორც წესი, გულის მარცხენა ზედა საკანში (წინაგულში) ვითარდება და გულის კედლის შიდა გარსის (შრის) ემბრიონული უჯრედებიდან წარმოიქმნება.

ახალშობილებს და ბავშვებს შორის პირველადი კეთილთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა რაბდომიომა. ამ დროს სიმსივნური წარმონაქმნები ვითარდება ჯგუფებად და, როგორც წესი, იზრდება გულის კედელში და წარმოშობილია გულის კუნთოვანი უჯრედებიდან. ჩვეულებრივ რაბდომიომა აღმოცენდება ჩვილობის ან ბავშვობის ასაკიდან, ხშირად ისეთი იშვიათი დაავადების სახით, როგორიცაა ტუბეროზული სკლეროზი. პირველად კეთილთვისებიან სიმსივნეებს შორის ბავშვებსა და ჩვილებში სიხშირით მეორე ადგილზეა ფიბრომა. გულის ფიბრომა, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ ერთი სიმსივნური წარმონაქმნის სახით ვითარდება, იზრდება გულის სარქვლებზე გულის ფიბროზული ქსოვილის უჯრედებიდან.

პირველადი სიმსივნის სხვა ფორმები იშვიათობაა. მათ შორისაა, როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი ფორმები.

სიმსივნეები, რომლებიც თავდაპირველად სხეულის სხვა ნაწილში აღმოცენდება, მაგალითად, ფილტვებში, სარძევე ჯირკვლებში, სისხლში ან კანზე და ვრცელდება (მეტასტაზირდება) გულზე, მეორეულ სიმსივნეებად იწოდება. ასეთი სიმსივნეები ყოველთვის ავთვისებიანია. მეორეული სიმსივნეები პირველადთან შედარებით 30-40-ჯერ უფრო ხშირია, თუმცა, ზოგადად იშვიათია. ფილტვის ან ძუძუს კიბოს (კიბოს ყველაზე ხშირი ფორმები) მქონე პაციენტების 10%-ს და ავთვისებიანი მელანომის მქონე პაციენტების 75%-ს გულზე მეტასტაზი უვითარდება. როგორც პირველადი, ისე მეორეული სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს გულის პერანგში – პერიკარდიუმში. პერიკარდიუმში ჩაზრდილი სიმსივნე გამოიწვევს გულზე ზეწოლას (კონსტრიქცია), რაც ხელს შეუშლის მის სათანადოდ ავსებას. შეიძლება განვითარდეს ტკივილი გულმკერდში და გულის უკმარისობა.

სიმპტომები

გულის სიმსივნეები შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, ვლინდებოდეს მინიმალური სიმპტომებით ან გულის ფუნქციის სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევით, რომელიც გულის სხვა დაავადებების მსგავსია, მაგრამ უეცრად ვითარდება. მაგალითად, სიმსივნემ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა (არითმია) ან სისხლის წნევის დაქვეითება, რაც პერიკარდიუმში სისხლდენითაა განპირობებული. გულის სიმსივნის მქონე პაციენტების ნახევარს, როდესაც სიმსივნე სარქველთან ახლოს ან მასზეა განვითარებული (როგორიცაა მიქსომა ან ფიბრომა) – გულის შუილი აღენიშნება, რადგან სარქველში სისხლი ნორმალურად ვეღარ მიედინება. კეთილთვისებიანი სიმსივნე, თუ გულის მუშაობის დარღვევას გამოიწვევს, ისეთივე მომაკვდინებელი შეიძლება იყოს, როგორც ავთვისებიანი.

გულის სიმსივნეები, განსაკუთრებით მიქსომა, შეიძლება დაიშალოს და მოწყვეტილი პატარა ნაწილაკები სისხლის ნაკადთან ერთად გადაადგილდეს (ჩამოყალიბდეს ემბოლები). აღნიშნული ნაწილაკები შეიძლება გაიჭედოს მცირე ზომის არტერიულ სისხლძარღვში და შეაფერხოს სისხლის დინება. ასევე, თრომბი, რომელიც წარმოიქმნება სიმსივნის ზედაპირზე. მაგალითად, მიქსომის შემთხვევაში, შეიძლება დაიშალოს პატარა ემბოლებად და დაახშოს არტერიები. ემბოლიის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მოხდება მისი დაცობა და რომელი ქსოვილის ან ორგანოს მკვებავი სისხლძარღვი დაიხურება.

დიაგნოზი

გულის პირველადი სიმსივნეების დიაგნოსტიკა რთულია, რადგან იშვიათია და სიმპტომებით სხვა დაავადებების მსგავსია. დაავადებაზე ეჭვის მიტანა შეიძლება შუილის მოსმენით, გულის რიტმის დარღვევით, გულის უკმარისობის აუხსნელი სიმპტომებით ან აუხსნელი ცხელებით (შეიძლება გამოწვეული იყოს მიქსომით). მეორეული სიმსივნე საფიქრებელია, როდესაც სხვა მიდამოში არსებული კიბოს მქონე პაციენტი მიმართავს ექიმს გულთან დაკავშირებული ჩივილით.

გულის სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში, დიაგნოზის დადასტურების მიზნით, ტარდება ექოკარდიოგრაფია. პროცედურის დროს ზონდი, რომელიც ულტრაბგერებს წარმოქმნის, გულმკერდზე თავსდება და იძლევა გულის სტრუქტურების სურათებს. თუ საჭიროა სხვა პროექციის დათვალიერება, შესაძლებელია ზონდის გატარება პირის ღრუსა და ხახის გავლით საყლაპავში. ასეთი პროცედურის დროს შესაძლებელია გამოსახულების მიღება გულის უკანა ნაწილიდან და მას ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია ეწოდება. დამატებით ინფორმაციას გვაწვდის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ). კორონარული ანგიოგრაფიის დროს რენტგენის სხივების გამოყენებით იღებენ გულის სიმსივნის კონტურს, თუმცა აღნიშნული პროცედურა იშვიათადაა საჭირო. როდესაც სიმსივნე გულის მარჯვენა ნახევარშია, შესაძლებელია მისი მცირე ნაწილის აღება მიკროსკოპული კვლევისათვის (ბიოფსია). მასალის აღება ხდება ფეხის ვენიდან შეყვანილი კათეტერის გულისაკენ გადაადგილებით. პროცედურას გულის კათეტერიზაცია ეწოდება. იგი ექიმებს ეხმარება სიმსივნის ტიპის განსაზღვრასა და სათანადო მკურნალობის შერჩევაში. გულის მარცხენა ნაწილში არსებული სიმსივნის ბიოფსია იშვიათად ტარდება, რადგან პროცედურასთან დაკავშირებული რისკი სარგებელს აღემატება.

მკურნალობა

იზოლირებული, მცირე ზომის კეთილთვისებიანი გულის სიმსივნის მოცილება შესაძლებელია ქირურგიული გზით, რასაც შედეგად განკურნება მოჰყვება. დიდი ზომის კეთილთვისებიანი პირველადი სიმსივნის ნაწილის მოცილება, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის ნაკადს გულიდან და არ იზრდება გულის კედელში, გააუმჯობესებს გულის ფუნქციას. თუმცა ქირურგიული ჩარევა შეუძლებელი ხდება, როდესაც პროცესში გულის კედლის დიდი ნაწილია ჩართული.

ახალშობილთა ნახევარში კეთილთვისებიანი რაბდომიომა მკურნალობის გარეშე განიცდის უკუგანვითარებას. დანარჩენ ბავშვებში სიმსივნე არ იზრდება და მკურნალობას არ საჭიროებს. ჩვილებსა და ბავშვებში ფიბრომის წარმატებით მოცილება შესაძლებელია, თუ იგი არ აზიანებს პარკუჭებს შორის კედელს (ძგიდეს). სიმსივნეები, რომელიც აღნიშნულ კედელს აზიანებს, ასევე აზიანებს გულის ელექტრულ გამტარ სისტემას და მისი ქირურგიული გზით მოცილება შეუძლებელია. ასეთი სიმსივნის მქონე ბავშვები, ჩვეულებრივ, მცირე ასაკში იღუპებიან გულის რიტმის დარღვევით. თუ ფიბრომა დიდი ზომისაა, აფერხებს სისხლის ნაკადს და იზრდება ირგვლივ მდებარე ქსოვილში, საჭირო ხდება გულის გადანერგვა.

პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული წესით მოცილება შეუძლებელია და ისინი, როგორც წესი, ფატალურია. ზოგჯერ გამოიყენება ქიმიო- და სხივური თერაპია. პერიკარდიუმის კეთილთვისებიანი სიმსივნეები ქირურგიული გზით ცილდება, მაგრამ ავთვისებიანის შემთხვევაში ეს შეუძლებელია, რადგან სიმსივნე სხეულის სხვა ნაწილებშიც ვრცელდება. როდესაც სიმსივნე გამოყოფს სითხეს, რომელიც აფერხებს გულის მუშაობას, სითხის დრენირება უნდა მოხდეს პერიკარდიუმსა და გულს შორის არსებულ სივრცეში (პერიკარდიულ სივრცეში) ნემსის საშუალებით ჩადგმული პატარა პლასტიკური მილაკით. ზოგჯერ, სიმსივნური ზრდის შესაფერხებლად, პერიკარდიულ სივრცეში მედიკამენტები შეჰყავთ.