პერიფერიული არტერიების დაავადება იწვევს სისხლის ნაკადის შემცირებას ტორსის, ზედა და ქვედა კიდურების არტერიებში.
ტერმინი "პერიფერიული არტერიების დაავადება" ყველაზე ხშირად გამოიყენება ქვედა კიდურების არტერიებში ათეროსკლეროზით გამოწვეული დაზიანებით შეპირობებული სისხლის ცირკულაციის დაქვეითების აღსაწერად. თუმცა პერიფერიული არტერიების დაავადება სხვა არტერიების განსხვავებული მიზეზებით გამოწვეულ დაზიანებასაც გულისხმობს. დაავადებები, რომლებიც ტვინის მკვებავ არტერიებს აზიანებს, ცალკე ჯგუფად არის გამოყოფილი და ცერებროვასკულურ დაავადებად იწოდება.
პერიფერიული არტერიების დაავადება შეიძლება იყოს ოკლუზიური და ფუნქციური. ოკლუზიური დაავადება გამოწვეულია სტრუქტურული ცვლილებებით, რომლებიც სისხლძარღვების სანათურის შევიწროებას ან დახშობას იწვევს. პერიფერიული არტერიების ფუნქციური დაავადების დროს არტერია უეცრად დროებით ვიწროვდება (სპაზმი), ზოგჯერ კი, იშვიათად, ფართოვდება (ვაზოდილატაცია).