სისხლი ორგანოებიდან გულში ვენებით ბრუნდება. დიდი კალიბრის ვენები იმავე კალიბრის არტერიების პარალელურად არის განლაგებული, ხშირად ორივეს ერთი და იგივე სახელი აქვს. ამავე დროს, ვენური სისტემის შემადგენელი სისხლმილების მოხაზულობისთვის თვალის მიდევნება უფრო ძნელია, ვიდრე არტერიული სისტემისა; უსახელო, მცირე კალიბრის ვენები ქმნის განსხვავებული მოხაზულობის ქსელებს და დიდ ვენებს უერთდება.
ვენებს, განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურებისას, აქვს სარქვლები, რომლებიც სისხლის ნაკადს ერთი მიმართულებით ატარებს. თითოეული სარქველი ორი კარედისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ეკვრის. როდესაც სისხლის ნაკადი გულისკენ მიედინება სარქვლები იხსნება, ცალმხრივად გასაღები კარის მსგავსად. სისხლის უკუდინებას, გრავიტაციის ძალის ზემოქმედებით ან კუნთების შეკუმშვის გამო, შეუძლებელს ხდის დახურული სარქვლები – ერთმანეთზე მიკრული კარედებით. ამრიგად, ვენების სარქვლების გახსნა და დახურვა უზრუნველყოფს სისხლის ნაკადის დინებას გულისკენ, შეუძლებელს ხდის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას.
ვენებზე ზეგავლენას ახდენს:
უფრო ხშირია ქვედა კიდურების ვენების დაზიანება, ვინაიდან ადამიანის ფეხზე დგომისას სისხლი ქვედა კიდურის ვენების გავლით უნდა გადაადგილდეს გულისკენ გრავიტაციის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ორგანიზმში არსებობს ზედაპირული ვენები, რომლებიც მდებარეობს კანქვეშ, ცხიმოვან ქსოვილში და ღრმა ვენები, რომლებიც მდებარეობს კუნთებში, ძვლებთან ახლოს. მოკლე ე.წ. შემაერთებელი ვენები, ზედაპირულ და ღრმა ვენებს ერთმანეთთან აკავშირებს.
სწორედ ღრმა ვენების გავლით მიედინება სისხლი გულისკენ. ღრმა ვენების სარქვლები, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იხსნება, სისხლს უკუდინების საშუალებას არ აძლევს, ხოლო ღრმა ვენების გარშემო არსებული კუნთების შეკუმშვისას ვენებზე ზეწოლა ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გულისკენ მოძრაობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვივის ძლიერი კუნთების შეკუმშვა – ყოველი ნაბიჯის გადადგმისას კუნთები აწვება ღრმა ვენებს, რომლებსაც ქვედა კიდურებიდან გულისკენ სისხლის 90% და მეტი გადააქვთ.
ზედაპირულ ვენებს ისეთივე სარქვლები აქვს, როგორიც ღრმა ვენებს, მაგრამ მათ გარშემო კუნთები არ არის მოთავსებული, რის გამოც სისხლის ნაკადის მოძრაობა ვენებზე კუნთების ზეწოლით არ ჩქარდება და ამიტომ სისხლის მოძრაობის სიჩქარე ნაკლებია, ვიდრე ღრმა ვენებში. სისხლის დიდი ნაწილი, რომელიც ზედაპირულ ვენებში მოძრაობს, ღრმა ვენებში შემაერთებელი ვენების საშუალებით გადაედინება. ამასთან, სარქვლები შემაერთებელ ვენებში ხელს უწყობს სისხლის დინებას ღრმა ვენებისკენ, მაგრამ არა პირიქით.