ბრონქიტი ტრაქეიდან გამომავალი მსხვილი ჰაერგამტარი გზების ანთებაა, რომელიც, როგორც წესი, გამოწვეულია ინფექციით, ზოგჯერ კი სხვადასხვა გამღიზიანებლის: აირების, თამბაქოს კვამლის, მტვრის ნაწილაკებისა და სხვა სახის დამაბინძურებლების – ჩასუნთქვით.
მწვავე ბრონქიტი კლასიფიცირდება 90 დღემდე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ხოლო სიმპტომების 90 დღეზე მეტად – ზოგჯერ თვეებისა და წლების მანძილზე – გახანგრძლივებისას, დიაგნოსტირდება ქრონიკული ბრონქიტი. როდესაც ქრონიკული ბრონქიტის დროს ამოსუნთქვისას ქვეითდება ჰაერის ნაკადის სიჩქარე, უნდა გამოირიცხოს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. მოცემულ თავში განხილულია მხოლოდ მწვავე ბრონქიტი.
მწვავე ბრონქიტი შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ ან გამღიზიანებლებთან კონტაქტმა.
ინფექციური ბრონქიტი: ინფექციური ბრონქიტი ყველაზე ხშირად ვითარდება ზამთარში და უხშირესი გამომწვევი არის ვირუსი. ვირუსული ბრონქიტი ვითარდება მრავალი სხვადასხვა სახის, მათ შორის გრიპის ვირუსისგან. ვირუსული ინფექციის ალაგების შემდეგაც კი ვირუსის მიერ წარმოქმნილმა გაღიზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომების გახანგრძლივება რამდენიმე კვირის მანძილზე.
ინფექციური ბრონქიტი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიამ. ხშირად ბაქტერიული ბრონქიტი ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციას მოჰყვება. მწეველებში მწვავე ბრონქიტი უფრო ხშირად ბაქტერიით არის გამოწვეული. Mycoplasma pneumonia და Chlamydia pneumoniaae ხშირად იწვევს მწვავე ბრონქიტს ახალგაზრდებში. იშვიათ შემთხვევაში, Bordetella pertusis მიერ გამოწვეული ინფექცია (ყივანახველა) იწვევს მწვავე ბრონქიტს.
მწეველებს და ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ მწვავე ბრონქიტის განმეორებითი შეტევები. ეს ეპიზოდები შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიით, ვირუსით, საინჰალაციო გამღიზიანებლებით ან რამდენიმე ფაქტორის კომბინაციით. კვების ნაკლებობა ზრდის ზედა სასუნთქი გზების ინფექციის, შესაბამისად – მწვავე ბრონქიტის განვითარების რისკს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ხანდაზმულ ადამიანებში. ქრონიკული სინუსიტები, ბრონქოექტაზიები და ალერგია ასევე ზრდის მწვავე ბრონქიტის განმეორებითი ეპიზოდების განვითარების რისკს. ბავშვებს ჰიპერტროფირებული (დიდი ზომის) ნუშურა ჯირკვლებით და ადენოიდებით შესაძლოა ხშირად ემართებოდეთ მწვავე ბრონქიტი.
გამღიზიანებლით გამოწვეული ბრონქიტი: ასევე ცნობილია როგორც ინდუსტრიული ან გარემო პირობებით გამოწვეული ბრონქიტი, შესაძლოა განვითარდეს მრავალი სხვადასხვა მინერალისა თუ ბოსტნეულის მტვრის, თამბაქოს კვამლისა და გამონაბოლქვის ზემოქმედებით. სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების ორთქლის შესუნთქვისას, როგორიცა: ძლიერი მჟავა, ორგანული ნაერთი, ქლორი, ამიაკი, გოგირდწყალბადი, დიოქსიდი, ბრომი ასევე ვითარდება მწვავე ბრონქიტი.
ინფექციური ბრონქიტი იწყება ზოგადი გაციების ნიშნებით: სურდო, ყელის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა, შემცივნება. შესაძლოა გამოხატული იყოს ზურგისა და კუნთების ტკივილი ტემპერატურის მატებასთან ერთად (37.5-38 გრადუსამდე), განსაკუთრებით თუ ინფექცია გრიპის ვირუსითაა გამოწვეული. ხველა (თავდაპირველად, როგორც წესი, იგი მშრალია) მწვავე ბრონქიტის დასაწყისზე მეტყველებს. ვირუსული ბრონქიტისას მცირე რაოდენობით თეთრი, გამჭვირვალე ლორწოს ამოხველებაა შესაძლებელი. ლორწოს ფერი ხშირად იცვლება თეთრიდან მომწვანო ან მოყვითალო შეფერილობამდე. ლორწოს ფერის შეცვლა არ მიანიშნებს ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე. ფერის შეცვლას იწვევს ანთებასთან დაკავშირებული უჯრედების (ფერს უცვლიან ნახველს) გადაადგილება და მოხვედრა ჰაერგამტარ გზებში.
ბრონქიტის მძიმე მიმდინარეობისას სხეულის ტემპერატურა უფრო მკვეთრად მატულობს (38-39ºC) და გრძელდება 3-5 დღე. ტემპერატურის უფრო მაღალი ციფრები ბრონქიტს არ ახასიათებს, თუ ის არ არის გამოწვეული გრიპის ვირუსით. სხვა სიმპტომებთან შედარებით ხველა ყველაზე გვიან ლაგდება და შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვეც. ვირუსებს შეუძლიათ დააზიანონ ბრონქის ამომფენი ეპითელური უჯრედები, რომელთა აღგენისთვისაც ორგანიზმს ესაჭიროება დრო. მწვავე ბრონქიტის დროს ხშირია ჰაერგამტარი გზების ჰიპერრეაქტიულობა, რომელიც წარმოადგენს ამ გზების ხანმოკლე შევიწროებას, რასაც თან ახლავს ფილტვებში შემავალი და მისგან გამომავალი აირების მოცულობის შემცირება. ჰაერის ნაკადის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორმა, როგორიცაა მაგალითად, მსუბუქი გამღიზიანებლები (სუნამო, მძაფრი სუნი, ორთქლი) ან ცივი ჰაერი. ჰაერის ნაკადის მკვეთრად შემცირებისას ადამიანს ემართება სუნთქვის უკმარისობა. ხშირია ხმაურიანი სუნთქვა (ხიხინი), განსაკუთრებით ხველის შემდეგ.
გართულებები: სერიოზული გართულებები, როგორიცაა სუნთქვის მწვავე უკმარისობა ან პნევმონია, გვხვდება, როგორც წესი, მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ფილტვების ქრონიკული, პროგრესირებადი, ძირითადი დაავადება (მაგ.: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), არიან ხანდაზმულები ან აქვთ იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
ექიმები ბრონქიტის დიაგნოზს, როგორც წესი, სვამენ სიმპტომების საფუძველზე. მაღალი ან გახანგრძლივებული ცხელება ან ორივე ერთად შესაძლოა მიუთითებდეს პნევმონიის არსებობაზე. ფილტვების გასინჯვისას ისმის ხმაურიანი სუნთქვა (ხიხინი). ზოგიერთ შემთხვევაში გულმკერდის რენტგენოგრაფია კეთდება პნევმონიის გამორიცხვის მიზნით, ძირითადად, როდესაც არის ხმაურიანი სუნთქვა ან შეგუბება ფილტვებში, ან ადამიანს აქვს სუნთქვის უკმარისობა.
ყელიდან აღებული ნაცხი საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ გრიპის ვირუსის არსებობა. ნახველის გამოკვლევა ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმს პნევმონიის დამადასტურებელი ნიშნები აქვს ფიზიკური გასინჯვით ან გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით. თუ ხველა გრძელდება 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ფილტვის მძიმე დაავადებების გამოსარიცხად, როგორიცაა ფილტვის კიბო.
იმისათვის, რომ დაითრგუნოს მშრალი, შემაწუხებელი ხველა, განსაკუთრებით როდესაც იგი არღვევს ძილის პროცესს, ინიშნება ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები. თუმცაღა დიდი რაოდენობით ნახველიანი ხველის შემთხვევაში არ შეიძლება ხველის დათრგუნვა. ამოსახველებელი საშუალებები შესაძლოა ხელს უწყობდეს ნახველის გათხელებას და აადვილებდეს ამოხველებას. მოზრდილ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ასპირინი, აცეტამინოფენი ან იბუპროფენი ცხელებისა და ზოგადი სიმპტომების შესამცირებლად, ბავშვებში კი შესაძლებელია მხოლოდ აცეტამინოფენის ან იბუპროფენის გამოყენება, არ შეიძლება მათთვის ასპირინის მიცემა. პაციენტებს მწვავე ბრონქიტით, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს სხეულის ტემპერატურის მატება, ესაჭიროებათ დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.
ბრონქიტის სამკურნალოდ არ გამოიყენება ანტიბიოტიკები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფექცია გამოწვეულია ყივანახველით ან პაციენტს აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსულ ბრონქიტზე. თუ საეჭვოა გრიპით გამოწვეული ბრონქიტი, შესაძლოა, შედეგი მოგვცეს ანტივირუსულმა მკურნალობამ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიღება დაიწყება სიმპტომების გაჩენიდან პირველ 48 საათში.
ბავშვებში მსუბუქი სიმპტომები და ჰაერის ნაკადის მოცულობის შეზღუდვა უმჯობესდება ჰაერის დამატენიანებლებით ან ორთქლის გამოყენებით. შედარებით მძიმე შემთხვევებში, ხიხინის დროს, ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენება საინჰალაციო ბრონქოდილატატორები, რომლებიც ახდენენ ბრონქების გაგანიერებას, ჰაერგამტარი გზების გამავლობის აღდგენას და ხიხინის შემცირებას. ორტიკოსტეროიდების შეყვანა დოზატორიანი ინჰალატორით ხდება ხველის, ჰაერგამტარი გზების ანთებისა და ჰიპერრეაქტიულობის შესამცირებლად, განსაკუთრებით, როდესაც ხველა გრძელდება ინფექციური პროცესის ჩაცხრობის შემდგომაც.