ასთმა არის მდგომარეობა, როდესაც ჰაერგამტარი გზები ვიწროვდება – როგორც წესი, შექცევადად – გარკვეულ გამღიზიანებელზე საპასუხოდ.
ასთმით დაავადებულია აშშ-ში 20 მლნ ადამიანი და დაავადების შემთხვევები იზრდება. ასთმა ბავშვთა ასაკში განვითარებული ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქრონიკული დაავადებაა, თუმცა ის შეიძლება განვითარდეს ზრდასრულ ასაკსა და ხანდაზმულებშიც კი. ასთმით დაავადებულია 6 მლნ ბავშვზე მეტი და უფრო ხშირია ბიჭებში პუბერტატულ ასაკამდე, ხოლო შემდგომ უკვე გოგონებში. ასევე უფრო ხშირია ასთმის შემთხვევები აფროამერიკელებსა და პუერტორიკოელებში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ასთმის შემთხვევები იზრდება, ასთმით გარდაცვალების რიცხვი იკლებს.
ბავშვებში ასთმის შემთხვევების ზრდის მიზეზი არ არის დადგენილი, მაგრამ შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინებისა და ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენებასთან, ბავშვების მიერ დროის დიდი ნაწილის სახლში გატარებასთან ან ორივე ფაქტორთან. ვაქცინებისა და ანტიბიოტიკების ხშირად გამოყენებამ შესაძლოა შეცვალოს სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ქვეჯგუფის (ლიმფოციტების) აქტივობა და ინფექციურ აგენტთან ბრძოლის ნაცვლად მათ დაიწყონ ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლება, რომლებიც ხელს უწყობენ ალერგიის განვითარებას. გარდა ამისა, ვინაიდან ბავშვები ატარებენ უფრო მეტ დროს სახლში, კარგად იზოლირებულ ბინებში, ვიდრე ეს ხდებოდა ადრე, პოტენციურ ალერგიულ ნივთიერებებთან შეხებისა და კონტაქტის რისკი იზრდება. ამ ორივე თეორიის დასამტკიცებლად არ არსებობს საკმარისი მონაცემები.
ასთმის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ჰაერგამტარი გზების შექცევადი შევიწროება. ბრონქები არის ჰაერგამტარი მილები კუნთოვანი კედლებით. უჯრედებს, რომლებიც ამოფენს ბრონქებს, აქვთ მიკროსკოპული სტრუქტურები, რომლებსაც ეწოდება რეცეპტორები. არსებობს ორი ძირითადი სახის რეცეპტორები: ბეტა-ადრენერგული და ქოლინერგული რეცეპტორები. ეს რეცეპტორები აღიქვამენ სპეციფიკურ ნივთიერებებს და ასტიმულირებენ ბრონქებში მდებარე კუნთებს, შეიკუმშონ, ან მოდუნდნენ – ამგვარად აკონტროლებენ ჰაერის ნაკადის ცვლილებას. ბეტა-ადრენერგული რეცეპტორები ქიმიურ აგენტებზე პასუხად მოქმედებენ ადრენალინის მსგავსად და იწვევენ კუნთების მოდუნებას, შედეგად კი ჰაერგამტარი გზები ფართოვდება (დილატირდება) და ჰაერის ნაკადი იზრდება. ქოლინერგული რეცეპტორები ქიმიურ აგენტზე – აცეტილქოლინზე საპასუხოდ იწვევენ კუნთების შეკუმშვას და შედეგად ჰაერის ნაკადის შემცირებას.
ჰაერგამტარი გზების შევიწროება ხშირად გამოწვეულია ქოლინერგული რეცეპტორების პათოლოგიური მგრძნობელობით, რაც აიძულებს კუნთებს, შეიკუმშონ, როდესაც არ არის საჭირო. ჰაერგამტარ გზებში არსებული გარკვეული სახის უჯრედები, განსაკუთრებით პოხიერი უჯრედები, სავარაუდოდ, ახდენენ პასუხის ინიცირებას. მასტოციტები მთელ ბრონქში იწვევენ ისეთი სუბსტანციების გამოთავისუფლებას, როგორიცაა ჰისტამინი და ლეიკოტრიენები, მათი მოქმედების შედეგად კი ხდება გლუვი კუნთების შეკუმშვა, ლორწოს გამომუშავების გაზრდა და სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული ნაწილის გადაადგილება ამ ზონაში. ეოზინოფილები, სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა, აღმოჩენილია ასთმით დაავადებული ადამიანების ჰაერგამტარ გზებში, ისინი იწვევენ დამატებითი ნივთიერებების გამოთავისუფლებას, რომლებიც ხელს უწყობენ ჰაერგამტარი გზების შევიწროებას.
ასთმის შეტევის დროს ბრონქების გლუვი კუნთები იკუმშება, შედეგად ვიწროვდება ბრონქი (ბრონქოკონსტრიქცია), ჰაერგამტარი გზების ამომფენი ქსოვილები შუპდება ანთების გამო და ჰაერგამტარ გზებში ლორწოს სეკრეციის შედეგად. ჰაერგამტარი გზების ზედა შრე, შესაძლოა, დაზიანდეს და ჩამოფცქვნილი უჯრედების მიერ ბრონქის დავიწროება გაღრმავდეს.
შევიწროებული ჰაერგამტარი გზები ორგანიზმისგან მოითხოვს მეტ ძალისხმევას ფილტვებში ჰაერის შესაშვებად და გამოსაშვებად. ასთმის შემთხვევაში შევიწროება შექცევადია, რაც იმას გულისხმობს, რომ მკურნალობის შედეგად ან თავისთავად, ჰაერგამტარი გზების კუნთების შეკუმშვა მოიხსნება, ჰაერგამტარი გზები კვლავ ფართოვდება და ჰაერის ნაკადის მიდინება ფილტვებისკენ და ფილტვებიდან გარეთ აღდგება.
პირებს, რომლებსაც ასთმა აქვთ, ჰაერგამტარი გზების შევიწროება ეწყებათ ისეთ გამღიზიანებელზე, რომელიც ნორმალური ფილტვების ჰაერგამტარ გზებზე გავლენას ვერ ახდენს. შევიწროება შესაძლოა გამოწვეული იყოს მრავალი საინჰალაციო ალერგენით, როგორიცაა ყვავილის მტვერი, მტვრის ტკიპა, აბანოს ჭიის და ტარაკანის სეკრეტები, ბუმბულის მტვერი, ცხოველების ქერტლი. ეს ალერგენები უერთდება იმუნოგლობულინ E-ს (ანტისხეულების ტიპი) მასტოციტების ზედაპირზე და ასტიმულირებს ასთმის გამომწვევი ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლებას ამ უჯრედებიდან. ამ ტიპის ასთმას ეწოდება ალერგიული ასთმა. მიუხედავად იმისა, რომ კვებითი ალერგენები იშვიათად იწვევენ ასთმას, გარკვეულ საკვებს შეუძლია გამოიწვიოს ასთმის მძიმე შეტევა იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ამ საკვების მიმართ.
თამბაქოს გამონაბოლქვს, ცივ ჰაერსა და ვირუსულ ინფექციებს ასევე შეუძლიათ ასთმის შეტევების პროვოცირება. გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც აქვთ ასთმა, ბრონქოკონსტრიქცია შესაძლოა განუვითარდეთ ფიზიკურ დატვირთვაზე. სტრესს და შფოთვას შეუძლია ბიძგი მისცეს მასტოციტებს, გამოათავისუფლოს ჰისტამინი და ლეიკოტრიენები და მოახდინოს ვაგუსის სტიმულაცია (ნერვი, რომელიც უკაშირდება ჰაერგამტარი გზების გლუვ კუნთებს), რომელიც შემდგომ იწვევს ბრონქების შეკუმშვასა და შევიწროებას. გასტროეზოფაგური რეფლუქსი ასთმის გამომწვევი ასევე ხშირი მიზეზია.
ასთმის შეტევები ცვალებადობს სიხშირისა და სიმძიმის მიხედვით. ასთმით დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს დროის უმეტეს ნაწილში არ აქვს სიმპტომები, მხოლოდ იშვიათად აღენიშნება სუნთქვის უკმარისობის ხანმოკლე ეპიზოდები. სხვებს ახასიათებთ ხველა, მსტვინავი სუნთქვა (ხიხინი) დროის უმეტეს ნაწილში, ხოლო ძლიერი შეტევა ვირუსული ინფექციების, ფიზიკური დატვირთვის შემდგომ, ალერგენებთან ან გამღიზიანებლებთან ან თამბაქოს გამონაბოლქვთან კონტაქტის შემდეგ. ხველა შესაძლოა იყოს ერთადერთი სიმპტომი პაციენტთა ნაწილში (ასთმის ვარიანტი ხველის თანხლებით). ტირილი ან ძლიერი სიცილი ასევე იწვევს ზოგიერთ პაციენტში სიმპტომებს. ხოლო ასთმიანი ადამიანების ნაწილს აღენიშნება გამჭვირვალე, ზოგჯერ წებოვანი ნახველი. ასთმის შეტევები ვითარდება ძირითადად დილას ადრე, როდესაც შეტევის პროფილაქტიკური მედიკამენტების დოზა ორგანიზმში შემცირებულია და სხეულს ნაკლებად აქვს ბრონქოკონსტრიქციისგან დაცვის შესაძლებლობა.
ასთმის შეტევა მოულოდნელად შეიძლება დაიწყოს მსტვინავი სუნთქვით, ხველით და სუნთქვის უკმარისობით. სტვენა უფრო შესამჩნევია ამოსუნთქვის დროს. სხვა დროს ასთმის შეტევა ვითარდება ნელა, სიმპტომების თანდათან გაუარესებით. ორივე შემთხვევაში ავადმყოფი პირველად ამჩნევს სუნთქვის უკმარისობას, ხველას ან გულმკერდში შებოჭილობას. შეტევა შესაძლოა დასრულდეს წუთებში, თუმცა, ზოგჯერ საათები და დღეები გრძელდება. ადრეული ნიშანი შესაძლოა იყოს ქავილი კისრის ან გულმკერდის არეში, განსაკუთრებით ბავშვებში. ზოგჯერ ერთადერთი სიმპტომია მშრალი ხველა ღამე ან ფიზიკური დატვირთვისას. ასთმის სიმპტომებს ასევე სხვა დარღვევებიც იწვევს. სიმპტომები შექცევადია დროული მკურნალობის შემთხვევაში და როგორც წესი, ჩნდება ერთ ან რამდენიმე გამღიზიანებელთან შეხების შემდეგ.
ასთმის შეტევის დროს, სუნთქვის უკმარისობა შეიძლება იყოს მძიმე, რომელიც იწვევს ძლიერი შფოთვის შეგრძნებას. ადამიანი ინსტინქტურად ჯდება გამართულად და იხრება წინ, ამ დროს იყენებს კისრის და გულმკერდის კუნთებს სუნთქვაში დამხმარედ, მაგრამ მაინც უჭირს სუნთქვა. ოფლიანობა ხშირადაა გამოხატული შფოთვისა და ძალდატანებითი სუნთქვის გამო. პულსი, როგორც წესი, ჩქარდება და ხშირად ადამიანი გულის გაძლიერებულ ძგერას გრძნობს.
ასთმის ძალიან მძიმე შეტევის დროს ადამიანს შეუძლია წარმოთქვას მხოლოდ რამდენიმე სიტყვა შესვენების გარეშე, რათა შემდეგ ჩაისუნთქოს. მსტვინავი სუნთქვა მცირდება, რადგან ჰაერის გატარება ფილტვებში და ფილტვებიდან გაძნელებულია. ცნობიერების დაბინდვა, ლეთარგია და კანის გალურჯება (ციანოზი) არის ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ჟანგბადის მარაგი ძალიან შემცირებულია და აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობა. როგორც წესი, ავადმყოფის მდგომარეობა სრულად გამოსწორდება ასთმის მძიმე შეტევის შემდეგაც კი. იშვიათად, ზოგიერთ ადამიანს ასთმის შეტევა ეწყება ისე სწრაფად, რომ ისინი კარგავენ გონებას საკუთარი თავისთვის ეფექტური მკურნალობის გაწევამდე. ასეთი ადამიანები უნდა ატარებდნენ სპეციალურ ე.წ საგანგაშო სამედიცინო სამაჯურებს და პორტატულ ტელეფონებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით.
ექიმები ასთმის სავარაუდო დიაგნოზს სვამენ პაციენტის მიერ აღწერილი სიმპტომების საფუძველზე, ხოლო დიაგნოზს ადასტურებენ ფილტვების ფუნქიური ტესტების საფუძველზე. ეს კვლევები ტარდება პაციენტისთვის სატესტო საინჰალაციო პრეპარატის მიცემამდე და მიცემის შემდეგ, ამ პრეპარატს ეწოდება ბეტა-ადრენერგული აგონისტი, რომელიც ხსნის ბრონქოკონსტრიქციას. თუ კვლევის შედეგი მნიშვნელოვნად უკეთესია პრეპარატის მიღების (ინჰალაციის) შემდეგ, ვიდრე იყო პრეპარატამდე, მაშინ საფიქრებელია ასთმის არსებობა. თუ კვლევის ჩატარების დროს ჰაერგამტარი გზები არ არის შევიწროებული, უნდა ჩატარდეს პროვოკაციული ტესტი დიაგნოზის დასადასტურებლად. პროვოკაციული ტესტის ჩატარების დროს, პაციენტს ფილტვების ფუნქციური მაჩვენებელი უფასდება ქიმიური ნივთიერების შესუნთქვამდე და მისი შესუნთქვის შემდეგ (როგორც წესი, გამოიყენება მეტაქოლინი, თუმცა შესაძლებელია ჰისტამინის გამოყენებაც), რასაც შეუძლია ჰაერგამტარი გზების შევიწროება. ქიმიური ნივთიერება პაციენტს მიეწოდება იმდენად დაბალი დოზით, რომ ჯანმრთელ ფილტვებში ცვლილებას ვერ გამოიწვევს, ხოლო ასთმით დაავადებულებში მოახდენს ჰაერგამტარი გზების შევიწროებას. პროვოკაციული ტესტის შედეგად ჰაერგამტარი გზების შევიწროება ასთმის დიაგნოზს ადასტურებს.
ფილტვების ფუნქციური ტესტების შემოკლებული ფორმა – სპირომეტრია გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ ასთმა. სპირომეტრია საშუალებას იძლევა, შემოწმდეს ჰაერგამტარი გზების ობსტრუქციის ხარისხი, სიმძიმე და მკურნალობის ეფექტურობა.
ამოსუნთქვის პიკური ნაკადი (ამოსუნთქული ჰაერის სისწრაფე) შესაძლოა განისაზღვროს მცირე ზომის პორტატული პიკფლოუმეტრით. ხშირად ეს კვლევა გამოიყენება სახლის პირობებში ასთმის სიმძიმის საკონტროლოდ. ამოსუნთქული ჰაერის სიჩქარე, როგორც წესი, ყველაზე დაბალია დილას, 4-დან 6 საათამდე, ხოლო ყველაზე მაღალია 16 საათზე. თუმცა 30%-ზე მეტი განსხვავებული შედეგი (მერყეობა) მიუთითებს ასთმის საშუალოდან მძიმე ფორმის არსებობაზე.
ხშირად ძნელია განისაზღვროს, რა იწვევს ადამიანში ასთმის პროვოცირებას. ალერგიული ტესტების ჩატარება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც რომელიმე ნივთიერების არსებობაა საეჭვო, რაც იწვევს შეტევის პროვოცირებას და შესაძლებელია მისი თავიდან არიდება (მაგ.: კატის ქერტლთან შეხება). კანის სინჯებს შეუძლიათ ასთმის მაპროვოცირებელი ალერგენების გამოვლენა. მიუხედავად ამისა, კანის სინჯის შედეგად მიღებული ალერგიული პასუხი არ ნიშნავს, რომ იგივე ალერგენი გამოიწვევს ასთმას. პიროვნებამ მაინც უნდა იცოდეს, გამოიწვევს თუ არა ასთმას ამ გამომწვევთან შეხება. თუ ექიმები ვარაუდობენ რომელიმე კონკრეტული გამომწვევის არსებობას, ტარდება სისხლში სპეციფიკური ალერგენის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობრივი კვლევა (რადიოალერგოსორბენტული ტესტი), რათა განისაზღვროს მგრძნობელობის ხარისხი.
ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის სადიაგნოსტიკოდ მკვლევარი იყენებს სპირომეტრიის მეთოდს ტრედმილზე ან სტაციონარულ ველოსიპედზე ვარჯიშის წინ და შემდეგ, რათა განისაზღვროს, რა მოცულობის ჰაერს ამოისუნთქავს ადამიანი 1 წამში (ფორსირებული ექსპირატორული მოცულობა 1 წამში). იმ შემთხვევაში, თუ ფორსირებული ექსპირატორული მოცულობა 1 წამში ქვეითდება 15%-ზე მეტად, ტესტი ითვლება პოზიტიურად და ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის დიაგნოზი ისმება.
გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა არ მიეკუთვნება ასთმის სადიაგნოსტიკო კვლევას. ექიმები იყენებენ მას სხვა დაავადების სადიაგნოსტიკოდ. მიუხედავად ამისა, გულმკერდის რენტგენოგრაფია ხშირად ტარდება ასთმით დაავადებული პაციენტის სტაციონარში მოთავსებისას ასთმის მძიმე ფორმის შემთხვევაში.
ასთმის პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოიყენება რიგი მედიკამენტებისა. პრეპარატების უმრავლესობა, რომლებიც ახდენენ ასთმის პრევენციას, ასევე გამოიყენება ასთმის შეტევის სამკურნალოდ, მხოლოდ მაღალი დოზებით და განსხვავებულ ფორმებში. ადამიანთა ნაწილს ესაჭიროება ერთზე მეტი მედიკამენტი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ.
მკურნალობა დაფუძნებულია მედიკამენტების ორ ჯგუფზე: ანთების საწინააღმდეგო და ბრონქოდილატატორებზე. ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები ამცირებენ ანთებას, რომელიც ავიწროებს ჰაერგამტარ გზებს. ბრონქოდილატატორები ხელს უწყობენ ჰაერგამტარი გზების მოდუნებას და გაფართოებას. ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები მოიცავს კორტიკოსტეროიდებს (რომლებიც შეიძლება იყოს საინჰალაციო, პერორალური ან ინტრავენური ფორმით), ლეიკოტრიენების მოდიფიკატორებს, მასტოციტების (პოხიერი უჯრედების) სტაბილიზატორებს. ბრონქოდილატატორებია ბეტა-ადრენერგული აგონისტები (სიმპტომების სწრაფი მოხსნის ან ხანგრძლივი კონტროლისთვის), მედიკამენტები ანტიქოლინერგული ეფექტით და მეთილქსანტინები.
ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ასთმის პრევენცია და მკურნალობა, სასარგებლოა ასთმის მქონე ყველა ადამიანისთვის და ზოგჯერ მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია ინჰალატორების სწორი გამოყენების ცოდნა. პაციენტებმა ასევე უნდა იცოდნენ, რას შეუძლია ასთმის შეტევის გამოწვევა, როგორ ხდება შეტევის პრევენცია, როგორ უნდა მედიკამენტების სწორი გამოყენება და როდის მიმართონ სამედიცინო დახმარებას. პაციენტთა უმეტესობა იყენებს პიკფლოუმეტრს, რომელიც ეხმარება მათ, შეაფასონ სუნთქვა და განსაზღვრონ ჩარევის საჭიროება, სანამ სიმპტომები გახდება უკიდურესად მძიმე. პირებმა, რომლებსაც აქვთ ასთმის ხშირი, მძიმე შეტევები, უნდა იცოდნენ, როგორ მიიღონ დახმარება სწრაფად.
პაციენტთა დიდ ნაწილს აქვს მკურნალობის წერილობითი გეგმა, რომელიც ექიმთან ერთად იყო განხილული და შედგენილი. ასეთი გეგმა საშუალებას აძლევს პაციენტებს, თვითონ აკონტროლონ მკურნალობა და ასთმის გამო გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტებში მოხვედრის სიხშირე მცირდება.
ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც არ იკურნება, მაგრამ პაციენტებს შეუძლიათ ცალკეული შეტევების პრევენცია. ასთმის შეტევების პრევენცია შესაძლებელია, თუ მისი მაპროვოცირებელი ფაქტორები ცნობილია და ხდება მათი თავიდან არიდება ან სრული მოცილება. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასთმა, უნდა მოერიდონ თამბაქოს კვამლს. ხშირად, ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის პრევენცია შესაძლებელია დატვირთვამდე მედიკამენტის მიღებით. როდესაც პრობლემა ალერგენი და მტვერია, ჰაერის ფილტრები, კონდიციონერები და სხვა ტიპის ბარიერები (როგორიცაა მატრასის გადასაფარებლები, რომლებიც ამცირებენ ჰაერში არსებული მტვრის ტკიპის ნაწილაკებს) მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ადამიანს. პირებისთვის, რომლებშიც ასთმა გამოწვეულია ალერგიით, დესენსიბილიზაცია ალერგენის შეყვანით შესაძლოა იყოს შეტევის პრევენცია.
პაციენტთა ნაწილს ასთმით შესაძლოა ჰქონდეს სენსიტიურობა ასპირინსა და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე (ასას), ამიტომ ისინი უნდა მოერიდონ ამ პრეპარატების მიღებას. მედიკამენტებმა, რომლებიც ბლოკავენ ბეტა-ადრენერგული აგონისტების ეფექტს (ეწოდებათ ბეტა ბლოკერები), შესაძლოა, გააუარესონ ასთმის მიმდინარეობა.
ასთმით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა იღებს მედიკამენტებს, როგორიცაა საინჰალაციო ან ორალური კორტიკოსტეროიდები, ლეიკოტრიენების მოდიფიკატორები, ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-ადრენერგული აგონისტები, მეთილქსანტინები, ანტიჰისტამინები, პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორები ასთმის შეტევების პრევენციისთვის. პრევენციული ღონისძიებები ინდივიდუალურია იმის მიხედვით, თუ რა სიხშირითაა ასთმის შეტევები და რა არის ასთმის მაპროვოცირებელი ფაქტორი.
ასთმის შეტევა ზოგჯერ არის შიშის მომგვრელი როგორც პაციენტისთვის, ასევე გარშემო მყოფებისთვისაც. მსუბუქი სიმპტომების დროსაც კი, ის იწვევს შფოთვას და განგაშს. ასთმის მძიმე შეტევა სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი მდგომარეობაა, რომელსაც ესაჭიროება დაუყოვნებელი, პროფესიონალური ჩარევა. სწრაფი და ადეკვატური მკურნალობის გარეშე ასთმის მძიმე შეტევას შეუძლია სიკვდილის გამოწვევა.
ადამიანებს რომლებსაც აქვთ ასთმა, როგორც წესი, შეუძლიათ შეტევების უმრავლესობის მართვა სამედიცინო დახმარების გარეშე. ისინი იყენებენ ხანმოკლე მოქმედების ბეტა-ადრენერგული აგონისტის საინჰალაციო დოზას, გადიან სუფთა ჰაერზე (თამბაქოს კვამლის ან სხვა გამღიზიანებლისგან შორს), სხდებიან და ისვენებენ. ჩვეულებრივ, შეტევა სრულდება 5-10 წუთში. შეტევა, რომელიც არ ლაგდება 15 წუთში ან მისი მიმდინარობა უარესდება, საჭიროებს დამატებით მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ვინაიდან პაციენტებს მძიმე ასთმით აქვთ სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი, ექიმებმა შესაძლოა შეამოწმონ ჟანგბადის დონე სპეციალური გადამცემი მოწყობილობის მოთავსებით თითზე ან ყურზე. დამატებით ჟანგბადი შეიძლება მიეწოდოს პაციენტს შეტევების დროს. მძიმე შეტევებისას ექიმები ახდენენ აგრეთვე ნახშირორჟანგის დონის განსაზღვრას სისხლში და ამ კვლევისთვის საჭიროა სისხლის ნიმუშის აღება არტერიიდან. მოწმდება ფილტვების ფუნქცია, როგორც წესი, სპირომეტრით ან პიკ ფლოუმეტრით. გულმკერდის რენტგენოგრაფია ტარდება მხოლოდ ასთმის მძიმე შეტევის დროს. ძალიან მძიმე შეტევისას ხდება ხელოვნური ჰაერგამტარი გზის შექმნა ავადმყოფის პირის ღრუსა და ყელში გავლით (ინტუბაცია) და მექანიკური ვენტილატორის (სუნთქვის აპარატის) გამოყენებით სუნთქვაში დასახმარებლად.
ზოგადად, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მძიმე ასთმა, ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია იმ შემთხვევაში, თუ მათი ფილტვების ფუნქციური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა საინჰალაციო ბეტა-ადრენერგული აგონისტის და კორტიკოსტეროიდის პერორალური ან ინტავენური მიღების შემდეგ. ჰოსპიტალიზაციის ჩვენებაა აგრეთვე სისხლში ჟანგბადის ძალიან დაბალი მაჩვენებელი ან ნახშირორჟანგის მაღალი მაჩვენებელი.
ინტრავენურად სითხეების გადასხმა საჭიროა ავადმყოფის დეჰიდრატაციის შემთხვევაში. ანტიბიოტიკები გამოიყენება ფილტვების ინფექციაზე ეჭვის დროს. თუმცა, ამ ინფექციების უმრავლესობა ვირუსებითაა გამოწვეული, რომლების საწინააღმდეგო მკურნალობაც არ არსებობს (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა).
მედიკამენტები საშუალებას აძლევს ასთმით დაავადებულ პაციენტებს, იცხოვრონ შედარებით ნორმალური ცხოვრების რეჟიმით. პრეპარატების უმრავლესობა, რომელიც გამოიყენება ასთმის შეტევების მკურნალობისთვის, ასევე ეფექტურია მათი პრევენციისთვის (ხშირად დაბალი დოზებით).
ბეტა-ადრენერგული აგონისტები: ხანმოკლე მოქმედების ბეტა-ადრენერგული აგონისტები საუკეთესო პრეპარატებია ასთმის შეტევის მოსახსნელად. ისინი ასევე გამოიყენება ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის პრევენციისთვის. ეს მედიკამენტები მიეკუთვნებიან ბრონქოდილატატორებს, ვინაიდან ასტიმულირებენ ბეტა-ადრენერგულ რეცეპტორებს და იწვევენ ჰაერგამტარი გზების გაფართოებას. ბრონქოდილატატორები, რომლებიც მოქმედებენ მთელ ორგანიზმში არსებულ ბეტა-ადრენეგულ რეცეპტორებზე, როგორიცაა ადრენალინი, იწვევენ ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა გულის აჩქარება, მოუსვენრობა, თავის ტკივილი და კუნთების კანკალი. ბრონქოდილატატორებს (როგორიცაა ალბუტეროლი), რომლებიც მოქმედებენ ძირითადად ბეტა-2-ადრენერულ რეცეპტორებზე (განლაგებული არიან ძირითადად ფილტვებში), ახასიათებთ მცირე ეფექტი სხვა ორგანოებზე და ამგვარად იწვევენ ნაკლებ გვერდით მოვლენას. უმრავლესობა ბეტა-ადრენერგული აგონისტებისა, განსაკუთრებით საინჰალაციოები, მოქმედებას იწყებენ წუთებში, მაგრამ ეფექტი გრძელდება მხოლოდ 2-6 საათი.
ხანგრძლივმოქმედი ბრონქოდილატატორები ხელმისაწდომია, მაგრამ ვინაიდან მათი მოქმედება არ იწყება ისე სწრაფად, მათი გამოყენება რეკომენდებულია უფრო პრევენციისთვის, ვიდრე შეტევების სამკურნალოდ. არ არის მოწოდებული მხოლოდ ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-ადრენერგული აგონისტების გამოყენება (მონოთერაპია), ვინაიდან ისინი, ვინც იყენებენ მხოლოდ ამ პრეპარატებს, არიან სიკვდილიანობის მცირედ მომატებული რისკის ქვეშ. ამიტომ ექიმები, როგორც წესი, ნიშნავენ მათ საინჰალაციო კორტიკოსტეოიდებთან ერთად.
ყველაზე ხშირად ბეტა-ადრენერგული აგონისტები ინიშნება საინჰალაციო ფორმით – დოზირებული ინჰალატორის გამოყენებით (პორტატული კარტრიჯები, რომლებიც აფრქვევენ აირს ზეწოლისას). ზეწოლა ახდენს მედიკამენტის წვრილ ნაკადად, დოზირებულად გამოფრქვევას. ინჰალაციის საშუალებით ხდება მედიკამენტის დაგროვება უშუალოდ ჰაერგამტარ გზებში, შედეგად იგი მოქმედებს სწრაფად, მაგრამ მედიკამენტმა შესაძლოა ვერ შეაღწიოს ჰაერგამტარ გზებში ძლიერი დავიწროების შემთხვევაში. პირებისთვის, რომლებსაც უჭირთ დოზირებული ინჰალატორების გამოყენება, მოწოდებულია სპეისერები. ეს მოწყობილობები ზრდიან მედიკამენტის რაოდენობას, რომელმაც უნდა მიაღწიოს ფილტვებამდე. ნებისმიერი სახის ინჰალატორის გამოყენებისას, შესაბამისი ტექნიკის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოწყობილობის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, მედიკამენტი შესაძლოა ვერ მოხვდეს ჰაერგამტარ გზებში. ასევე არსებობს მედიკამენტები მშრალი ფხვნილის სახით. ამ ფორმის მედიკამენტების გამოყენება ნაწილისთვის ადვილია, ვინაიდან ნაკლებად ესაჭიროება სუნთქვის კოორდინაცია.
ბეტა-ადრენერგული აგონისტები ასევე მიეწოდება პირდაპირ ფილტვებს ნებულაიზერის საშუალებით. ნებულაიზერი იყენებს დაპრესილ ჰაერს, ქმნის რა მედიკამენტის უწყვეტ აეროზოლს, რომელიც ინჰალირდება სუნთქვასთან კოორდინაციის გარეშე. ამჟამად არსებობს პორტატული ნებულაიზერები, ზოგიერთი მათგანი ირთვება ავტომობილში სიგარეტის სანთებელას ჩამრთველში. ნებულაიზერები და დოზირებული ინჰალატორები თანაბარი რაოდენობით აწვდიან ფილტვებს მედიკამენტებს.
ბეტა-ადრენერგული აგონისტები ასევე შესაძლოა დაინიშნოს თხევადი ან ტაბლეტირებული ფორმით ან ინექციის სახით. თუმცა, პერორალური ფორმის დროს ეს მედიკამენტები შედარებით ნელა მოქმედებენ, ვიდრე საინჰალაციო და საინექციო ფორმისას და აქვთ მეტად გამოხატული გვერდითი ეფექტები: გულის რიტმის დარღვევა, რასაც ჭარბი დოზირება იწვევს ხოლმე.
სხვა ბრონქოდილატატორები შესაძლოა გამოყენებული იქნას ბეტა-ადრენერგულ აგონისტებთან ერთად მწვავე შეტევის დროს, მათ შორის იპრატროპიუმი ნებულაიზერით. ასევე ხელმისაწვდომია დოზირებული ინჰალატორი იპრატროპიუმისა და ალბუტეროლის კომბინაციით.
სწრაფი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს ასთმით დაავადებულ პირებს, რომლებიც თვლიან, რომ ესაჭიროებათ მეტი ბეტა-ადრენერგული აგონისტები, ვიდრე რეკომენდებულია. ამ პრეპარატების გადაჭარბებული მიღება ძალიან სახიფათოა. გამოყენების კვლავ საჭიროება მიუთითებს მძიმე ბრონქოკონსტრიქციაზე, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი.
მეთილქსანტინები: თეოფილინი მეთილქსანტინია, რომელიც იწვევს ბრონქოდილატაციას. იგი ამჟამად ნაკლებად გამოიყენება, ვიდრე გამოიყენებოდა წარსულში. თეოფილინი ინიშნება პერორალურად, თუმცა სტაციონარში ინტავენურადაც იყენებენ. ორალური თეოფილინი გამოდის რამდენიმე ფორმით: ხანმოკლე მოქმედების ტაბლეტებიდან და სიროფიდან, ხანგრძლივ მოქმედ კაფსულებამდე და ტაბლეტებამდე. თეოფილინი გამოიყენება ასთმის პრევენციისა და მკურნალობისთვის.
თეოფილინის შემცველობა სისხლში ლაბორატორიულად განისაზღვრება და ექიმის მიერ უნდა კონტროლირდებოდეს დეტალურად. მედიკამენტის ძალიან მცირე რაოდენობა მცირე შედეგს გვაძლევს, ხოლო დიდი რაოდენობა სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს – გულის რიტმის დარღვევებს და კრუნჩხვებს იწვევს. თეოფილინის პირველად მიღებისას, ასთმით დაავადებულმა პიროვნებამ შესაძლოა იგრძნოს მსუბუქი ნერვიულობა და თავის ტკივილი. ეს გვერდითი მოქმედება ქრება ორგანიზმის მიერ პრეპარატთან შეჩვევის შემდეგ. დიდი დოზები ხშირად იწვევს გულის უეცარ აჩქარებას, გულისრევას, კანკალს, აგრეთვე უძილობას, აგზნებას, ღებინებასა და კრუნჩხვებს.
ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე მედიკამენტები: ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე მედიკამენტები, როგორიცაა იპრატროპიუმი, ბლოკავს აცეტილქოლინის მიერ გლუვი კუნთის შეკუშვას და ბრონქში ჭარბი რაოდენობით ლორწოს წარმოქმნას. ეს პრეპარატები ჩვეულებრივ გამოიყენება საინჰალაციო ფორმით, ხოლო სტაციონარში – ინტრავენურად. ნახსენები პრეპარატები დამატებით აფართოებენ ბრონქებს იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ ბეტა-ადრენერგული აგონისტები. თუმცა, ექიმები იყენებენ დამატებით ანტიქოლინერგულ მედიკამენტებს ძირითადად გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ბეტა-ადრენერგულ აგონისტებთან ერთად.
ლეიკოტრიენების მოდიფიკატორები: ლეიკოტრიენების მოდიფიკატორები, როგორიცაა მონტელუკასტი, ზაფირლუკასტი და ზიეუტონი ასევე გამოიყენებიან ასთმის მართვაში. ისინი წარმოადგენენ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, რომლებიც ახდენენ ლეიკოტრიენების (ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ბრონქოკონსტრიქციას) წარმოქმნის ან მოქმედების პრევენციას. ეს მედიკამენტები ინიშნება პერორალურად და მეტად ახდენს ასთმის პრევენციას, ვიდრე მკურნალობს, მაგრამ ვინაიდან მწვავე ასთმის დროს მატულობს ლეიკოტრიენების რაოდენობა, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ აღნიშნული ჯგუფი შეტევის დროსაც.
პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორები: ამ ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც საინჰალაციოა, მოიცავს კრომოლინსა და ნედოკრომილს. პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორები ახდენენ ანთებადი ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლების ინჰიბიციას (შეფერხებას) პოხიერი უჯრედებიდან და შედეგად ჰაერგამტარი გზების შევიწროებას ამცირებენ. ამგვარად, ისინი მიეკუთვნებიან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს. გამოიყენება ასთმის შეტევის პრევენციისა და არა მკურნალობისთვის. ეს პრეპარატები გამოიყენება ბავშვებში და ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმის დროს. პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორების გამოყენება სრულიად უსაფრთხოა და მისი მიღება უნდა ხდებოდეს მუდმივად, სიმპტომების არარსებობის დროსაც კი.
კორტიკოსტეროიდები: ამ ჯგუფის პრეპარატები ბლოკავენ ორგანიზმის ანთებით პასუხს და განსაკუთრებით ეფექტურია ასთმის სიმპტომების შესამცირებლად. ისინი წარმოადგენენ ყველაზე ძლიერ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთა ჯგუფს და უკვე ათწლეულებია, გამოიყენება ასთმის მკურნალობის პროცესში. ინიშნება მათი საინჰალაციო ფორმა შეტევების პრევენციისა და ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. პერორალურად მაღალი დოზები ენიშნებათ პაციენტებს მძიმე შეტევისას. მძიმე შეტევის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება პერორალური მიღება. კორტიკოსტეროიდები გამოიყენება რამდენიმე განსხვავებული ფორმით. ხშირად, საინჰალაციო ფორმაა საუკეთესო, ვინაიდან ხდება მედიკამენტის პირდაპირი მიწოდება ჰაერგამტარ გზებში და დანაკარგი მინიმალურია. გამოდის რამდენიმე დოზა და როგორც წესი, ინიშნება დღეში 2-ჯერ. ასთმის მქონე პირებმა უნდა გამოირეცხონ პირი ამ პრეპარატების მიღების შემდეგ, რათა თავიდან აირიდონ პირის ღრუს სოკოვანი ინფექციები. ორალური ან საინექციო კორტიკოსტეროიდები მაღალი დოზებითაც შეიძლება დაინიშნოს ასთმის მძიმე შეტევის მოსახსნელად და ჩვეულებრივ მათი მიღება გრძელდება 1-დან 2 კვირამდე. ორალური კორტიკოსტეროიდები ხანგრძლივი მკურნალობისთვის ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა დანარჩენი მეთოდებით სიმპტომები არ კონტროლდება.
ხანგრძლივად მიღებისას კორტიკოსტეროდიები თანდათანობით აქვეითებენ ასთმის შეტევების განვითარებას ჰაერგამტარი გზების მაპროვოცირებელ ფაქტორებზე მგრძნობელობის დაქვეითების საშუალებით. კორტიკოსტეროიდების დიდი დოზების ხანგრძლივად პერორალურად მიღება იწვევს გვერდით ეფექტებს, როგორიცაა სიმსუქნე, ოსტეოპოროზი, სისხლში გლუკოზის დონის მატება, იშვიათად – ფსიქოზი.
იმუნომოდულატორები: ომალიზუმაბი არის მედიკამენტი, რომელიც ანტისხეულს წარმოადგენს. ეს ანტისხეული მიმართულია სხვა ანტისხეულების ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც ეწოდება იმუნოგლობულინი E (IgE). ომალიზუმაბი გამოიყენება ასთმიან პაციენტებში, რომელთაც ასევე აქვთ მძიმე ალერგია და IgE მაღალი დონე სისხლში. ომალიზუმაბი ახდენს IgE პოხიერ უჯრედებთან შეკავშირების პრევენციას და შესაბამისად იმ ანთებითი ნივთიერებების გამოთავისუფლების თავიდან არიდებას, რომლებიც ახდენენ ჰაერგამტარი გზების შევიწროებას. მისი გამოყენების შემთხვევაში მცირდება ორალური კორტიკოსტეროიდების საჭიროება და მცირდება სიმპტომები. მედიკამენტი კეთდება კანქვეშ 2 კვირაში ერთხელ.