ძილის აპნოე | მკურნალი.გე
  1. ძილის აპნოე
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ძილის აპნოე

ძილის აპნოე არის სერიოზული პათოლოგია, რომლის დროსაც ხდება სუნთქვის განმეორებადი ხანგრძლივი გაჩერება, რაც იწვევს ძილის დარღვევას, სისხლში დროებით ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას და ნახშირორჟანგის რაოდენობის გაზრდას.

  • პაციენტებს ძილის აპნოეთი, ხშირად ახასიათებთ ძილიანობა დღის განმავლობაში, ხვრინვა, მძიმედ სუნთქვა ან ხუთვის შეგრძნება, სუნთქვის დროს პაუზები და უეცარი გაღვიძებები ქოშინით;

  • ძილის აპნოეს დიაგნოსტირება შესაძლებელია სიმპტომებით. ასევე ექიმები ხშირად იყენებენ პოლისომნოგრაფიას, რათა დაადასტურონ დიაგნოზი და დადგინდეს მდგომარეობის სიმძიმე;

  • ძილის აპნოეს სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი: მუდმივი აირაცია, პირის ღრუს სტომატოლოგიური საშუალებები და საჭიროებისამებრ ქირურგიული ჩარევა.

ძილის აპნოე ვლინდება, როდესაც ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტა ხდება 10 წმ-ზე მეტი დროის განმავლობაში. არსებობს ძილის აპნოეს 3 ტიპი: ობსტრუქციული, ცენტრალური და შერეული.

ყველაზე ხშირია ობსტრუქციული ძილის აპნოე, რომელიც გამოწვეულია ძილის დროს ხორხის ან ზედა სასუნთქი გზების განმეორებადი დახურვით. აღნიშნული ტიპის აპნოე შეერთებულ შტატებში საშუალო ასაკის პაციენტების 4-9%-ს აღენიშნება. ობსტრუქციული ძილის აპნოე უფრო ხშირია ჭარბწონიან პაციენტებში. ჭარბი წონა, ასაკთან და სხვა რისკფაქტორებთან კომბინაციაში იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას. ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება აუარესებს ობსტრუქციულ ძილის აპნოეს. გენეტიკური მახასიათებლები: ვიწრო ხორხი, სქელი კისერი და მრგვალი თავი – როგორც წესი, ოჯახში ზრდის ძილის აპნოეს განვითარების რისკს. ჰიპოთირეოზი ან ზრდის ჰორმონების ჭარბი და ანომალიური მატება (აკრომეგალია) შეიძლება გახდეს ობსტრუქციული ძილის აპნოეს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. ბავშვებში ტონზილების ან ადენოიდების ზომაში მატება, სტომატოლოგიური დარღვევები (ღრმა თანკბილვა) და თანდაყოლილი პათოლოგიები (ანომალიურად პატარა ქვედა ყბა) – ძილის აპნოეს განვითარების რისკფაქტორებია.

უფრო იშვიათია ცენტრალური ძილის აპნოე. იგი გამოწვეულია თავის ტვინის სუნთქვის მარეგულირებელ ცენტრში მიმდინარე დარღვევით (ეს ცენტრი ტვინის ღეროში მდებარეობს). ნორმაში თავის ტვინის ღერო ძალიან მგრძნობიარეა სისხლში ნახშირორჟანგის დონის მომატებაზე (მეტაბოლიზმის შუალედური პროდუქტი). როდესაც მისი კონცენტრაცია იზრდება, ტვინის ღერო აძლევს სიგნალს სასუნთქ კუნთებს, რომ ისუნთქონ ღრმად და სწრაფად, რათა ამოისუნთქონ ნახშირორჟანგი და – პირიქით. ცენტრალური ძილის აპნოეს დროს ტვინის ღერო ნაკლებად მგრძნობიარეა ნახშირორჟანგის დონის ცვლილების მიმართ. რადგანაც ტვინის ღერო ნელა პასუხობს სისხლში ნახშირორჟანგის დონის მატებას, ორგანიზმის რეაგირება გადაჭარბებულია და გამოიხატება ფილტვების ჰიპერვენტილაციით. ტვინის ღერო ასევე ნელა რეაგირებს სისხლიდან ნახშირორჟანგის გამოდევნასა და მისი კონცენტრაციის დაქვეითებაზე, ამიტომ ორგანიზმის მხრიდან ვლინდება რეაქცია – სუნთქვისას გახანგრძლივებული პაუზები. პაციენტებს, რომელთაც აქვთ გულის უკმარისობა ან თავის ტვინის მწვავე დაავადება, მაგალითად ინსულტი, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის ღეროზე, შეიძლება განუვითარდეთ ცენტრალური ძილის აპნოე. ცენტრალური ძილის აპნოეს ერთ-ერთი ფორმაა უნდინის წყევლა (Ondine’s curse), რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება ახალშობილებში. პაციენტები სუნთქავენ არაადეკვატურად ან საერთოდაც წყვეტენ სუნთქვას თუ არ იმყოფებიან გამოღვიძებულ მდგომარეობაში. ცენტრალური ძილის აპნოე შეიძლება ასევე გამოიწვიოს ოპიოიდების ან ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებამ, ასევე – ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე ყოფნამ. იშვიათ მიზეზს წარმოადგენს თავის ტვინის სიმსივნე. ობსტრუქციული ძილის აპნოესგან განსხვავებით, ცენტრალური ძილის აპნოე არ უკავშირდება ჭარბ წონას.

შერეული ძილის აპნოეს მესამე – შერეული ტიპი წარმოადგენს ცენტრალური და ობსტრუქციული ფაქტორების კომბინაციას. შერეული ძილის აპნოეს ეპიზოდები ხშირად ობსტრუქციული აპნოეს მსგავსად იწყება და მკურნალობაც ობსტრუქციული აპნოეს შესაბამისი ინიშნება.

სიმპტომები

პაციენტის სიმპტომებს ძილის დროს, როგორც წესი, პირველად ამჩნევს პარტნიორი, ოთახის მეზობელი ან სახლის მეზობელი. ყველა სახის ძილის აპნოეს დროს სუნთქვა შეიძლება გახდეს პათოლოგიურად შენელებული და ზედაპირული, ან შეიძლება უცაბედად შეწყდეს (ხანდახან 1 წთ-მდეც) და შემდეგ აღდგეს.

ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ხვრინვა, მძიმედ სუნთქვისა და სულხუთვის ეპიზოდებთან ერთად, პაუზები სუნთქვისას და უცაბედი გაღვიძებები ქოშინით. როდესაც ობსტრუქციული ძილის აპნოე გამწვავებულია, პაციენტმა შეიძლება გაიღვიძოს შეშინებულმა – ხუთვის შეგრძნებით. ღამით ვლინდება ხვრინვა და ხმამაღალი ქოშინი, ხოლო დღის განმავლობაში – ძილიანობა ან უნებლიე თვლემა. პაციენტებში, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, დღის ძილიანობა შეიძლება იყოს შესამჩნევი სიმპტომი. საბოლოოდ ძილიანობა დღის მანძილზე მუშაობისა და ცხოვრების ხარისხს აქვეითებს. მაგალითად შეიძლება ჩაეძინოს ტელევიზორის ყურების დროს, შეხვედრისას ან წითელ შუქნიშანზე გაჩერებისას. მეხსიერება უარესდება, ქვეითდება სქესობრივი ცხოვრების ხარისხი და პაციენტს ზოგადად აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემები. ძილიანობისა და გაღიზიანებულობის გამო ადამიანს არ შეუძლია აქტიურად ჩაერთოს ურთიერთობებში. ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს ინსულტის, ინფარქტის და არტერიული წნევის მატების რისკი გაზრდილია. თუ ობსტრუქციული ძილის აპნოეს ეპიზოდები საათში 15-ზე მეტია, მაშინ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკი შემდგომი 5-10 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად იზრდება.

ჭარბი წონის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ჭარბწონიანთა ჰიპოვენტილაციის (პიკვიკის) სინდრომი – დამოუკიდებლად ან ობსტრუქციულ ძილის აპნოესთან კომბინაციაში. ჭარბი ცხიმი ხელს უშლის გულმკერდის ყაფაზს მოძრაობაში და ახდენს ფილტვებზე ზეწოლას, რაც სუნთქვას არასრულფასოვანსა და ზედაპირულს ხდის. კისრის გარშემო ჭარბად არსებული ცხიმი აწვება ზედა სასუნთქ გზებს და აძნელებს ჰაერის მოძრაობას.

ამ პათოლოგიის მქონე თითქმის ყველა ბავშვი ხვრინავს. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: მოუსვენარი ძილი და ღამით ოფლიანობა. დღის სიმპტომებია: პირით სუნთქვა, დილის თავის ტკივილი და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება. ბავშვებს ობსტრუქციული ძილის აპნოეთი, მოზრდილებისგან განსხვავებით, დღის განმავლობაში ნაკლებად აწუხებთ ძილიანობა.

ცენტრალური ძილის აპნოეს დროს ხვრინვა არ არის მკვეთრად გამოხატული. მიუხედავად ამისა, სუნთქვის ტემპი არარეგულარულია და შეწყვეტილია პაუზებით. ჩეინ-სტოქსის სუნთქვა (პერიოდული სუნთქვა) არის ცენტრალური აპნოეს ერთ-ერთი ტიპი. ჩეინ-სტოქსის სუნთქვის დროს სუნთქვა თანდათანობით ჩქარდება, შემდეგ თანდათანობით ნელდება, ჩერდება მცირე დროით და შემდეგ თავიდან იწყება – ციკლი მეორდება. თითოეული ციკლი გრძელდება 30წმ-იდან 2 წთ-მდე.

ყველა სახის ძილის აპნოეს დროს, ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს საერთო სისუსტე, გაღიზიანებულობა, დღის განმავლობაში ძილიანობა, თავის ტკივილი დილის საათებში, აზროვნების შენელება და კონცენტრაციის გაძნელება. ვინაიდან სისხლში შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ჟანგბადის კონცენტრაცია, შედეგად მოსალოდნელია გულის რიტმის დარღვევა და არტერიული წნევის მომატება.

ნებისმიერი ტიპის გახანგრძლივებული ძილის აპნოე ზრდის გულის უკმარისობის განვითარების და ფილტვების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების რისკს. შედეგად გული ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვას სხეულში, ფილტვები კი ვერ ახდენენ საკმარისი რაოდენობის ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმისთვის და ნახშირორჟანგის სრულად გამოყოფას.

დიაგნოზი

ადრეულ ეტაპზე ძილის აპნოე ხშირად დიაგნოსტირდება სიმპტომებზე დაყრდნობით. ინსტრუმენტული გზით დაავადების დიაგნოსტირება და სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა ხდება პოლისომნოგრაფიული კვლევით ძილის ლაბორატორიაში. კვლევისას ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) გამოიყენება, რათა მოხდეს ელექტრული აქტივობის მონიტორინგი ძილის დროს და თვალის მოძრაობისას. სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციას საზღვრავენ ელექტროდების დადებით თითზე ან ყურის ბიბილოზე (პროცედურას ეწოდება ოქსიმეტრია). ჰაერის მოცულობას ზომავენ მოწყობილობით, რომელიც თავსდება ნესტოების წინ და განსაზღვრავს ჰაერის მოძრაობას და ხასიათს, ხოლო მონიტორი რომელზეც ხდება მონაცემების აღრიცხვა, თავსდება გულმკერდის მიდამოზე. ეს მონაცემები შეიძლება დაეხმაროს ექიმს, რომ განასხვაოს ობსტრუქციული და ცენტრალური ძილის აპნოე.

ვინაიდან ძალიან მცირე რაოდენობითაა ძილის ლაბორატორიები, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა პაციენტის ადგილობრივი გამოკვლევა, ძილის აპნოეს დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ბინაზე გადასატანი პორტატული მონიტორები. ეს მონიტორები ზომავენ რიტმს, სისხლში ჟანგბადის მოცულობას, სუნთქვის ძალას, პოზიციას და ცხვირით სუნთქვის შესაძლებლობას.

მკურნალობა

მკურნალობისას პროგნოზი შესანიშნავია. უნდა მოხდეს სერიოზული გართულებების პრევენცია, რათა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდოს.

პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ იმ რისკების შესახებ, რომ ავტომობილის, მძიმე ტექნიკის მართვისას ან ზოგიერთი სხვა საქმიანობისას, რომელთა დროსაც ჩაძინება არის სიცოცხლისათვის საშიში, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. პაციენტებმა, რომელთაც ესაჭიროებათ ოპერაციული მკურნალობა, წინასწარ უნდა გააფრთხილონ ანესთეზიოლოგები ძილის აპნოეს შესახებ, ვინაიდან ანესთეზიამ შეიძლება დამატებით გამოიწვიოს სასუნთქი გზების შევიწროება.

მხარდაჭერის ჯგუფებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და დახმარება გაუწიონ პაციენტებს ძილის აპნოეთი და მათი ოჯახის წევრებს, რათა თავი გაართვან მდგომარეობას.

ობსტრუქციული ძილის აპნოე: მნიშვნელოვანია წონის კლება, თამბაქოსათვის თავის დანებება და ალკოჰოლის შეზღუდვა. უნდა იქნეს ნამკურნალევი ალერგიები და სხვა ნაზალური ინფექციები, ჰიპოთირეოზი და აკრომეგალია. წონის კლება (ბარიატრიული ქირურგია) ამცირებს ძილის აპნოეს შემთხვევებს და მის სიმპტომებს ჭარბწონიანი პაციენტების 85%-ში (პათოლოგიური სიმსუქნე).

პაციენტებმა, რომლებიც მძიმედ ხვრინავენ ან სუნთქვას აჩერებენ ძილის დროს, არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი ან საძილე საშუალებები, ანტიჰისტამინები ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ძილიანობას. გვერდზე წოლა ან სასთუმლის შემაღლება ამცირებს ხვრინვას. ზურგზე დამაგრებული სპეციალური მოწყობილობა დაეხმარება პაციენტებს ზურგზე წოლისგან თავის არიდებაში. ბაზარზე არსებული სხვა ხელსაწყოები და სპრეები ამცირებენ მხოლოდ ხვრინვას, მაგრამ ისინი არ არის საკმარისი ოსტრუქციული ძილის აპნოეს სამკურნალოდ. ხვრინვის საწინააღმდეგოდ არსებობს რამდენიმე ქირურგიული პროცედურაც, მაგრამ არ არსებობს საკმარისი კვლევები, რაც დაამტკიცებს, რამდენად კარგად მუშაობს და რამდენი ხანი არის ეფექტური აღნიშნული მკურნალობის მეთოდი.

პაციენტებში ობსტრუქციული ძილის აპნოეთი განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული ძილიანობა დღის მანძილზე, რის გამოც იყენებენ უწყვეტი წნევით ჟანგბადის მოწოდების მეთოდს (CPAP) – ეს მკვეთრად აუმჯობესებს მათ მდგომარეობას. უწყვეტი წნევით ჟანგბადის მიწოდება პაციენტებისთვის ხდება სპეციალური აირწინაღის მეშვეობით, რომელიც ზრდის წნევას სასუნთქ გზებში. უწყვეტი წნევით ჟანგბადის მოწოდება შეიძლება მოხდეს დატენიანებული ჰაერით ან მის გარეშე. კონტროლი აუცილებელია განსაკუთრებით პირველი 2 კვირის მანძილზე, რათა პაციენტმა სწორად შეისწავლოს აირწინაღის გამოყენება და გაუმარტივდეს ეს პროცედურა.

პაციენტებს ობსტრუქციული ძილის აპნოეთი (და ხვრინვით) მოსახსნელი სტომატოლოგიური საშუალებების გამოყენება უმსუბუქებს მდგომარეობას. აღნიშნულ საშუალებებს პაციენტი მსუბუქი და საშუალო ხარისხის ძილის აპნოეთი მხოლოდ ძილის დროს იკეთებს, რაც ეხმარება სასუნთქ გზებს, მუდმივად იყოს ღია მდგომარეობაში. უმეტესად აღნიშნული საშუალებები აცალკევებს ზედა და ქვედა ყბას ერთმანეთისგან, ქვედა ყბას წინ სწევს, ისე რომ ენა უკან ვეღარ გადადის და ვეღარ ახშობს ხორხს. არსებობს სხვა მექანიზმის საშუალებები, რომლებიც იჭერენ ენას წინ.

თავის ან კისრის მიდამოს ქირურგიული ოპერაცია ძილის აპნოეს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მკვეთრად გამოხატულია ტონზილების ზომაში მატება ან სასუნთქი გზების ბლოკადა სხვა სტრუქტურების ზეწოლის გამო. თუ სხვა მკურნალობა არაეფექტურია, ამ შემთხვევებშიც განიხილება ქირურგიული გზით მკურნალობის მეთოდი. ყველაზე გავრცელებულ ქირურგიული მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს უვულოპალატოფარინგოპლასტიკა, რომლის დროსაც ხდება ქსოვილების მოცილება ზედა სასუნთქი გზების გარშემო (მაგ. ტონზილები და ადენოიდები). ეს მეთოდი ხშირად ეფექტურია მსუბუქი ხარისხის ძილის აპნოეს დროს. სხვა ქირურგიული ოპერაციები გამოიყენება უფრო იშვიათად, ვინაიდან მათი ეფექტი ბოლომდე არ არის შესწავლილი. ბავშვებში ადენოიდების და ტონზილების მოცილების შემდეგ ხშირ შემთხვევაში მსუბუქდება ძილის აპნოე.

ცენტრალური ძილის აპნოეს დროს, თუ შესაძლებელია, მკურნალობენ გამომწვევ მიზეზს. მაგალითად გულის უკმარისობას. აღნიშნულ საკითხებზე ტარდება კვლევები, რომელთა მიხედვითაც ჟანგბადის მიწოდება ნაზალურად (არა წნევის ქვეშ) ამცირებს სიმპტომებს და აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას. აცეტაზოლამიდს აქვს გარკვეული ეფექტი ცენტრალური ძილის აპნოეს დროს, განსაკუთრებით ზღვის დონეზე ან უფრო მაღალ სიმაღლეზე ყოფნისას. ცენტრალური ძილის აპნოეს მქონე პაციენტების ნაწილს უწყვეტი წნევით ჟანგბადის მოწოდების მეთოდის გამოყენებისას მდგომარეობა გაუუმჯობესდა. ჩეინ-სტოქსის სინდრომის და ცენტრალური აპნოეს მქონე პაციენტებს ესაჭიროება უფრო მცირე ღონისძიებების ჩატარება, რათა მოხდეს გაუმჯობესება გულის უკმარისობის მკურნალობის შედეგად, მაგრამ მათი სიცოცხლის გახანგრძლივება ვერ ხერხდება.