აშშ-ის კანონმდებლობით, წამალი განსაზღვრულია როგორც ნებისმიერი ნივთიერება (გარდა საკვებისა და ამა თუ იმ მოწყობილობისა), რომელიც გამიზნულია დაავადების სადიაგნოზოდ, სამკურნალოდ, მდგომარეობის შესამსუბუქებლად ან პრევენციისთვის, ან ორგანიზმის სტრუქტურასა თუ ფუნქციაზე ზემოქმედებისათვის (ორალური კონტრაცეპტივები იმ წამლებს განეკუთვნება, რომლებიც ზემოქმედებენ ორგანიზმის ფუნქციაზე და არა დაავადებაზე). წამლის ასეთი ყოვლისმომცველი განმარტება, რომელიც მნიშვნელოვანია სამართლებრივი მიზნებისთვის, ძალზე რთულია ყოველდღიური გამოყენებისთვის. წამლის უფრო მარტივი სამუშაო განმარტება ასეთია: ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმზე და მასში მიმდინარე პროცესებზე.
ზოგჯერ სიტყვა წამალი არასწორად გამოიყენება სასიამოვნო განცდების მომგვრელი ნივთიერებების სახელწოდებად. წამალდამოკიდებულება – ცნობიერებაზე მოქმედი ნივთიერებების გადაჭარბებული და მუდმივი გამოყენება სამედიცინო ჩვენების გარეშე – წამლის მიზნობრივი გამოყენების მუდმივი თანამდევია ისტორიის მანძილზე. ზოგიერთი წამალი, რომელსაც წამალდამოკიდებულებისას მოიხმარენ, მედიცინაში სამკურნალო მიზნებისთვის იყენებენ, ზოგიერთს – კი არა.
რეცეპტით თუ ურეცეპტოდ გასაცემი: კანონმდებლობის მიხედვით, წამლები ორ კატეგორიად იყოფა: რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი წამლები. რეცეპტით გასაცემი წამლები – წამლები, რომელთა გამოყენება უსაფრთხოა, მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის პირობებში – შეიძლება გაიცეს მხოლოდ ლიცენზირებული პროფესიონალის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, რომელსაც ასეთი უფლება სახელმწიფოს მიერ აქვს მინიჭებული (მაგალითად, ექიმი, სტომატოლოგი, პედიატრი, პრაქტიკოსი ექთანი, ექიმის ასისტენტი ან ვეტერინარი). ურეცეპტოდ გასაცემი წამლები – წამლები, რომელთა გამოყენება უსაფრთხოა სამედიცინო ზედამხედველობის გარეშეც (მაგალითად, ასპირინი) – იყიდება შეუზღუდავად. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი წამალი საჭიროებს რეცეპტს და რომელი შეიძლება გაიცეს ურეცეპტოდ, იღებს სახელმწიფო დაწესებულება საკვებისა და წამლის სააგენტო (FDA).
საკვები დანამატები (სამკურნალო მცენარეები და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო საკვები) გამოიყენება საკვები პროდუქტების შემავსებლად. აღნიშნული პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ვიტამინებს, ამინომჟავებს, მინერალებს და ბალახებისგან ან სხვა მცენარეებისგან მიღებულ ნივთიერებებს. იმდენად, რამდენადაც საკვები დანამატების გაყიდვისთვის არ არის საჭირო FDA-ს ნებართვის მიღება, მათ არ მოეთხოვებათ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ისეთი სტანდარტების დაკმაყოფილება, როგორც წამლებს. მიუხედავად იმისა, რომ საკვებ დანამატებს წამლებს არ მიაკუთვნებენ, ორგანიზმზე მათ შეიძლება წამლების მსგავსად იმოქმედონ და გამოიწვიონ ჯანმრთელობის პრობლემები, თუკი მათი გამოყენება არასწორად ხდება ან იღებენ დიდი რაოდენობით. ამასთან, იმის გამო, რომ ეს პროდუქტები არ აკმაყოფილებენ FDA-ს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ მათ აქვთ ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის პოტენციალი.
წამლის დასახელება: წამლის დასახელებათა ცოდნა წამლის ეტიკეტზე არსებული ინფორმაციის უკეთ გაგებას უწყობს ხელს. თითოეულ წამალს, სულ მცირე, სამი დასახელება აქვს – ქიმიური დასახელება, გენერიკული (არასაპატენტო ან ოფიციალური) დასახელება და სავაჭრო (საპატენტო ან საფირმო) დასახელება.
ქიმიური დასახელება აღწერს წამლის ატომურ ან მოლეკულურ სტრუქტურას. ასეთი დასახელება, ჩვეულებრივ, ძალზე რთულია და საზოგადო გამოყენებისათვის მოუხერხებელი. ამიტომ ოფიციალური სტრუქტურები წამალს გენერიკულ დასახელებას ანიჭებს. ცალკეული ტიპის (კლასის) წამლების გენერიკულ დასახელებებს, ჩვეულებრივ, ერთი და იგივე დაბოლოება აქვს. მაგალითად, ყველა ბეტა-ბლოკერის დასახელება, რომლებიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, ბოლოვდება მარცვლით "ლოლი".
სავაჭრო დასახელებას არჩევს ფარმაცევტული კომპანია, რომელიც აწარმოებს ან ყიდის წამალს. დაპატენტებული წამლები, ჩვეულებრივ, სავაჭრო დასახელებით იყიდება. სავაჭრო დასახელების მქონე წამლების გენერიკული ვერსიები – რომლებსაც აწარმოებენ ფარმაცევტული კომპანიის პატენტის ვადის ამოწურვის შემდეგ – შეიძლება გაიყიდოს როგორც გენერიკული დასახელებით (მაგალითად, იბუპროფენი), ისე მწარმოებლის მიერ მინიჭებული სავაჭრო დასახელებით (მაგალითად, ადვილი).
წამალთა ჯგუფები: სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ რომელ ჯგუფს განეკუთვნება წამალი. ზოგადად, წამლების კლასიფიკაცია ხდება სამკურნალო ჯგუფების მიხედვით – ე.ი. რომელი დაავადების თუ სიმპტომის სამკურნალოდ ხდება მათი გამოყენება. მაგალითად, მაღალი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებულ წამლებს უწოდებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, ხოლო წამლებს, რომლებსაც გულისრევის სამკურნალოდ გამოიყენებენ – ანტიემეზისურ წამლებს (ემეზისი ლათინურად ღებინებას ნიშნავს). ცალკეულ სამკურნალო ჯგუფში წამლებს კლასების მიხედვით ყოფენ. ზოგიერთი კლასი ეფუძნება წამლის მოქმედების მექანიზმს, რაც მათ სამკურნალო ეფექტს უზრუნველყოფს. მაგალითად, შარდმდენები, კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები წარმოადგენენ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების სხვადასხვა კლასს, რომელთაც განსხვავებული მოქმედების მექანიზმი აქვთ.