ფილტვის ინტერსტიციული დაავადება | მკურნალი.გე
  1. ფილტვის ინტერსტიციული დაავადება
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ფილტვის ინტერსტიციული დაავადება

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ასევე უწოდებენ პარენქიმულ ან ინფილტრაციულ დაავადებას) – ეს ტერმინი გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიის აღსაწერად, რომლებიც გავლენას ახდენენ ინტერსტიციულ სივრცეზე. ინტერსტიციული სივრცე შედგება ფილტვის მცირე ზომის საჰაერო ბუშტუკებისგან (ალვეოლები), ალვეოლის კედლების, სისხლძარღვის კედლების გარშემო და მცირე სასუნთქი გზების გარშემო არსებული სივრცისაგან. ინტერსტიციული დაავადება ფილტვის ქსოვილში ანთებითი უჯრედების პათოლოგიური დაგროვების შედეგია. ახასიათებს სუნთქვის გაძნელება და ხველა. ინსტრუმენტალურ კვლევებზე ვლინდება ერთმანეთის მსგავსი ტიპის ცვლილება, მაგრამ სხვა მხრივ დაკავშირებულები არ არიან. ამ დაავადებების ნაწილი არის ძალიან უჩვეულო.

დაავადებების დასაწყისში სისხლის თეთრი უჯრედები – მაკროფაგები და ცილებით მდიდარი სითხე გროვდება ინტერსტიციულ სივრცეში და იწვევენ ანთებით პროცესს. თუ ანთებითი პროცესი პერსისტირებს, შესაძლებელია, ნაწიბურმა (ფიბროზმა) ჩაანაცვლოს ფილტვის ნორმალური ქსოვილი. ვინაიდან ალვეოლები პროგრესულად ნადგურდება, მათ ადგილს იკავებს სქელკედლიანი ცისტები (ე.წ. ფოროვანი, ფიჭისებრი, ვინაიდან ჰგვანან სკას). მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია ამ ცვლილებებით, ეწოდება ფილტვის ფიბროზი.

ფილტვის სხვადასხვა ინტერსტიციულ დაავადებებს აქვთ განცალკევებული და განსხვავებული მიზეზები, მაგრამ აქვთ საერთო მახასიათებლებიც. ყველა მათგანი იწვევს სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის დაქვეითებას, ფილტვის რიგიდობას და შეჭმუხვნას, რაც ართულებს სუნთქვას და იწვევს ხველას. თუმცაღა ნახშირორჟანგის ქსივილიდან გამოდევნა პრობლემას არ წარმოადგენს.

დიაგნოზი

ფილტვის ინტერსტიციული დაავადებებისთვის დამახასიათებელია სიმპტომები, რომლებიც მსგავსია უფრო ფართოდ გავრცელებული დაავადებებისა (მათ შორის პნევმონია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), რის გამოც თავდაპირველად ეჭვი შეიძლება არ იქნეს მიტანილი. როდესაც დაავადება ხდება სათუო, ტარდება სადიაგნოსტიკო ტესტები. კვლევები შეიძლება ვარირებდეს საეჭვო დაავადების მიხედვით, მაგრამ, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ერთი და იმავე ტიპისაა. ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ფილტვის ფუნქციის ტესტები და სისხლში აირების განსაზღვრა. CT კვლევა უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე გულმკერდის რენტგენოგრაფია და გამოიყენება სპეციფიკური დაავადების სადიაგნოსტიკოდ. ფილტვის ფუნქციური ტესტები ხშირად გვიჩვენებს ჰაერის პათოლოგიურად მცირე მოცულობას ფილტვებში. გარდა ამისა, საჭიროა შეფასდეს პაციენტის ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობაც.

დიაგნოზის დასაზუსტებლად შეიძლება საჭირო გახდეს მცირე ზომის ქსოვილის ამოკვეთა ფილტვიდან და მისი მიკროსკოპული ანალიზი (ფილტვის ბიოფსია). პროცედურის ჩასატარებლად იყენებენ სპეციალურ ხელსაწყოს – ბოჭკოვან-ოპტიკურ ბრონქოსკოპს. ამ მეთოდით ჩატარებულ ბიოფსიას ეწოდება ფილტვის ტრანსბრონქიალური ბიოფსია. ხშირ შემთხვევაში კვლევისთვის საჭიროა უფრო დიდი ზომის ქსოვილოვანი მასალა, რა დროსაც ტარდება ქირურგიული ჩარევა თორაკოსკოპის გამოყენებით (პროცედურას ჰქვია თორაკოსკოპიული ფილტვის ბიოფსია ვიდეოკონტროლით).

სისხლის ანალიზები იშვიათად ტარდება. მათი მეშვეობით ვერ ხდება დიაგნოზის დაზუსტება, მაგრამ მაინც კეთდება სხვა, მსგავსი ტიპის პათოლოგიების გამოსარიცხად. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) ან გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, რათა დადგინდეს, ხომ არ არის გულიც დაზიანებული ფილტვის დაავადების გამო.