წამლის ორგანიზმში შეყვანას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად პასუხობს. ადამიანის ორგანიზმის წამალზე პასუხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორიცაა გენეტიკა, ასაკი, სხეულის პარამეტრები, სხვა წამლებისა და საკვები დანამატების გამოყენება (მაგ. სამკურნალო მცენარეები), საკვების მიღება (მათ შორის სასმელებისაც), დაავადებები (როგორიცაა თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები), წამლის შენახვა (დიდხანს ხომ არ იყო წამალი შენახული, ან ხომ არ ინახებოდა არასასურველ პირობებში), აგრეთვე, ტოლერანტობისა და რეზისტენტობის განვითარებაზე. მაგ. დიდი წონის ადამიანს, ჩვეულებრივ, იმავე ეფექტის მისაღებად სჭირდება უფრო მეტი წამლის მიღება, ვიდრე პატარა წონის ადამიანს. წამალზე ორგანიზმის პასუხზე ზეგავლენას ახდენს ის ფაქტიც, მიიღო თუ არა ადამიანმა წამალი დანიშნულებისამებრ. ამ ფაქტორებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ორგანიზმის მიერ წამლის შეწოვაზე, ორგანიზმში წამლის გარდაქმნაზე (მეტაბოლიზმზე) და წამლის გამოყოფაზე, ან იმ ეფექტებზე, რომლებსაც წამალი ორგანიზმზე ახდენს.
იმის გამო, რომ წამლისადმი ორგანიზმის პასუხზე ზეგავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს, ექიმებმა თითოეულ პაციენტს შესაბამისი წამალი უნდა შეურჩიონ და სიფრთხილით მიუსადაგონ მას დოზა. ეს პროცესი ბევრად უფრო რთულია, თუ ადამიანი სხვა პრეპარატებსაც იღებს და სხვა დაავადებებიც აქვს, რადგან შესაძლებელია განვითარდეს ურთიერთქმედება წამლებს შორის ან წამალსა და დაავადებას შორის.
ყოველი ახალი წამლისთვის ადგენენ სტანდარტულ ან საშუალო დოზას. მაგრამ საშუალო დოზის ცნება მედიცინაში იგივეა, რაც ტანსაცმლის ყიდვისას პრინციპი "ერთი ზომა ყველას ერგება": ის შეიძლება კარგად მოერგოს ადამიანების გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ ის თითქმის არავის მოერგება იდეალურად. ზოგიერთ წამალს არ ესაჭიროება დოზის მისადაგება, რადგან ერთი დოზა, ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე კარგ ეფექტს იძლევა.
ასაკის ზეგავლენა: ჩვილი ბავშვებისა და ასაკოვანი ხალხის ორგანიზმის წამალზე პასუხი გარკვეულ პრობლემებს მოიცავს. მათი ღვიძლი და თირკმლები ნაკლებეფექტურად მუშაობენ, ამიტომ ის წამლები, რომლებიც ღვიძლის მიერ იშლება ან თირკმლების მიერ გამოიყოფა, გროვდება ორგანიზმში, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
ჩვეულებრივ, ასაკოვან ხალხს ბავშვებსა და მოზარდებზე მეტი დაავადება აქვთ და ამიტომ ისინი მეტ წამალს იღებენ. რაც უფრო მეტ წამალს იღებს ადამიანი, მით უფრო მეტია წამალთაშორისი ან წამლისა და დაავადების ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული პრობლემების აღმოცენების რისკი. ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებს შესაძლოა გაუჭირდეთ წამლის მიღების რთული ინსტრუქციების დაცვა, მაგალითად, ზუსტად განსაზღვრულ დროს წამლის მიღება ან გარკვეული საკვების მიღებისგან თავის შეკავება.