სტუპორი და კომა | მკურნალი.გე
  1. სტუპორი და კომა
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
სტუპორი და კომა

სტუპორი (გაშტერება) ცნობიერების დარღვევაა, როცა ადამიანის გამოსაფხიზლებლად ძლიერი ფიზიკური გაღიზიანებაა საჭირო, კომის დროს კი გამოფხიზლება საერთოდ შეუძლებელია, პაციენტი თვალებს არ ახელს.

  • მიზეზი ხშირად რაიმე დაავადება ან მედიკამენტია, რომელიც აზიანებს ტვინის დიდ ნაწილს მის ორივე მხარეს ან ცნობიერების შენარჩუნებაში ჩართულ სპეციალურ უბნებს;

  • მიზეზის დასადგენად საჭიროა გასინჯვა, სისხლის ანალიზები, თავის ტვინის გამოსახულებითი კვლევები, ინფორმაციის მიღება პაციენტის ოჯახისა და მეგობრებისგან;

  • სავარაუდო მიზეზები უნდა გამოსწორდეს, მკურნალობა კი მიმართულია ორგანიზმის ფუნქციების შენარჩუნებისკენ, მაგ.: საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ხელოვნური სუნთქვის აპარატი;

  • კომიდან გამოსვლის ალბათობა ძირითადად მის მიზეზზეა დამოკიდებული.

ნორმაში ტვინს საკმაოდ სწრაფად შეუძლია თავისი აქტივობისა და ცნობიერების შეცვლა საჭიროების მიხედვით. ეს ხდება იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მასში თვალებიდან, ყურებიდან, კანიდან ან სხვა გრძნობათა ორგანოებიდან მიდის. მაგალითად, ტვინს შეუძლია დააქვეითოს თავისი ნივთიერებათა ცვლა და გამოიწვიოს ძილი.

ცნობიერებას ამ ორგანოს ქვედა ნაწილი არეგულირებს (ტვინის ღერო) ნერვული უჯრედებისა და ბოჭკოების სპეციალური ქსელის მეშვეობით (რეტიკულური აქტივაციის სისტემა ანუ აქტივაციის აღმავალი სისტემა). მას ტვინის ზედა ნაწილი (დიდი ტვინი) ეხმარება ცნობიერებისა და სიფხიზლის რეგულაციაში. დიდი ტვინი ორ ნახევრად ანუ ნახევარსფეროდ იყოფა. იმისთვის, რომ ცნობიერება შენარჩუნდეს, რეტიკულური აქტივაციის სისტემასთან ერთად ერთი რომელიმე ნახევარსფერო მაინც უნდა ფუნქციონირებდეს ნორმალურად.

ტვინის უნარი, შეცვალოს თავისი აქტივობა და ცნობიერების დონე, რამდენიმე შემთხვევაში ირღვევა:

  • როცა ადამიანს დიდი ხანია არ უძინია;

  • გულყრის დროს და მის შემდეგ, მაშინვე;

  • როცა ტვინის ორივე ნახევარსფერო უეცრად და მძიმედ ზიანდება;

  • როცა რეტიკულური აქტივაციის სისტემის ფუნქციონირება ირღვევა;

  • როცა ტვინს ნაკლები რაოდენობით საკვები ნივთიერებები (გლუკოზა) ან ჟანგბადი მიეწოდება;

  • როცა მომწამვლელი ნივთიერებები აზიანებს ტვინს.

ცნობიერება შესაძლოა ხანგრძლივად ან ხანმოკლედ დაირღვეს, მისი ხარისხი კი მსუბუქიდან მძიმემდე მერყეობს:

  • ლეთარგია სიფხიზლის მცირედ შემცირება ან ცნობიერების დაბინდვაა. ადამიანები ნაკლებად აცნობიერებენ, რა ხდება გარშემო და აზროვნება ნელდება.

  • სოპორი (გაბრუება) – არაზუსტი ტერმინია, ნიშნავს სიფხიზლის საშუალო ხარისხით დაქვეითებასა და ცნობიერების დაბინდვას.

  • სტუპორი (გაშტერება) – ხანგრძლივი და ღრმა ძილისმაგვარი მდგომარეობა. ადამიანის გამოფხიზლება, ისიც ხანმოკლედ, მხოლოდ ძლიერი გამღიზიანებლით შეიძლება, მაგ.: შენჯღრევით, ხმამაღლა ჩაძახებით, ჩქმეტით ან ჩხვლეტით.

  • კომა მდგომარეობაა, როცა არანაირი რეაგირება არ ხდება გარესამყაროზე, ადამიანის გამოფხიზლება საერთოდ შეუძლებელია. ღრმა კომის დროს ძირითადი რეაქციებიც კი არ ვლინდება, მაგ.: მტკივნეული გამღიზიანებლის აცილება, თუმცა რეფლექსები ზოგჯერ შენარჩუნებულია.

მიზეზები

ცნობიერების დარღვევის სხვადასხვა დონეს – ლეთარგიას, გაბრუებას, გაშტერებასა და კომას – ერთნაირი მიზეზები აქვს. ეს მიზეზები მრავალგვარია. ყველაზე ხშირად გამომწვევი რაიმე ტოქსიკური ნივთიერება, მედიკამენტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან სხვა დაავადებაა, რომლის გამოც ტვინში ნერვული უჯრედების ფუნქციონირება ნელდება. ზოგი მდგომარეობის დროს ფერხდება ამ ორგანომდე საჭირო ნივთიერებების მიტანა ან ორგანიზმის მიერ მათი გამოყენება. ამის მაგალითებია სისხლში შაქრის ძალიან მაღალი ან დაბალი დონე (ჰიპერგლიკემია ან ჰიპოგლიკემია, შესაბამისად), ჟანგბადის მნიშვნელოვანი ნაკლებობა და გულის შეკუმშვის უეცარი შეწყვეტა (გულის გაჩერება).

დაავადებებმა, როგორიცაა ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოიდიზმი), ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა ორგანიზმში (ჰიპერთერმია ან ჰიპოთერმია, შესაბამისად), შეიძლება ბევრი უჯრედის ფუნქციონირების მოშლა გამოიწვიოს. ხშირად, ყველაზე მეტად ტვინის უჯრედები ზიანდება.

ცნობიერების დარღვევის ხშირი მიზეზია ალკოჰოლის ან რაიმე მედიკამენტის ჭარბი რაოდენობით მიღებაც, მაგ.: სედაციური საშუალებების ან ოპიოიდების (ნარკოტიკების). ალკოჰოლსა და ზოგ ნივთიერებას შეუძლია არა მარტო შეანელოს ტვინის უჯრედების ფუნქციონირება, არამედ პირდაპირაც დააზიანოს ისინი. შედეგად სუნთქვა ზოგჯერ იმდენად იშვიათდება, რომ სისხლში ჟანგბადის ნაკლებობით ტვინიც კი შეიძლება დაზიანდეს. ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებების მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დარღვევა, რასაც ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი ეწოდება (იხ. სურ. გვ. 978).

მოხუცებში ამის მიზეზი ხშირადაა რაიმე წამალზე რეაქცია, გაუწყლოება (რაც ნატრიუმის დონის მომატებას იწვევს) და ინფექციები. სხვა გამომწვევებიდან აღსანიშნავია დაავადებები, რომლებიც ტვინის ცნობიერების მარეგულირებელ უბნებს აზიანებს. მაგალითად, თავის ტრავმის შედეგად ეს ნაწილები შესაძლოა: შეირყეს, მაგრამ ფიზიკურად არ დაზიანდეს; დაზიანდეს პირდაპირ ან ირიბად, ტვინში ან მის გარშემო განვითარებული სისხლდენის (ჰემორაგიის) გამო. ინსულტსა და სიმსივნეებსაც შეუძლია ცნობიერების მაკონტროლებელი უბნების ფუნქცია პირდაპირი ზემოქმედებით მოშალოს.

ირიბი მექანიზმით ცნობიერების დარღვევას იწვევს ტვინში რაიმე მოცულობითი წარმონაქმნის, მაგ.: სიმსივნის, აბსცესის ან სისხლჩაქცევის (ჰემატომის) არსებობა. ამან შესაძლოა ტვინი შიგნიდან "მიაჭყლიტოს" თავის ქალას შედარებით მყარ სტრუქტურებზე და დააზიანოს მისი ქსოვილი. თუკი ეს პათოლოგია ცნობიერების მარეგულირებელ უბნებს შეეხო, სტუპორი ან კომა ვითარდება. ზეწოლა შესაძლოა მთელ დიდ ტვინზე ან ტვინის ღეროზე ვრცელდებოდეს. თუკი წნევა საკმარისად მაღალია, ტვინის უბანი შეიძლება მის ნაწილებად გამყოფ ქსოვილში დატანებულ პატარა ხვრელში ჩაიჭედოს. ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და თავის ტვინის თიაქარი ეწოდება (იხ. სურ. გვ. 805). იგი კიდევ უფრო აზიანებს ამ ორგანოს და აუარესებს ისედაც მძიმე მდგომარეობას.

სიმპტომები

ტვინის დაზიანება, რომელიც სტუპორს ან კომას იწვევს, სხვა ორგანოების მუშაობასაც არღვევს. ხშირად სუნთქვა პათოლოგიური ხდება: ძალიან ხშირდება, იშვიათდება, ღრმავდება ან არარეგულარულია, შეიძლება ამ რამდენიმე ვარიანტს შორის იცვლებოდეს. კუნთები უცნაურად შეკუმშული რჩება, მაგ.: თავი უკანაა გადაწეული, კიდურები კი გაშლილი – ე.წ. დეცერებრაციული რიგიდობა. ხელები შესაძლოა მოხრილი იყოს – ამ პოზას დეკორტიკაციული რიგიდობა ეწოდება. შეიძლება მთელი სხეულის მოდუნება განვითარდეს, ზოგჯერ კუნთები უნებურად და უეცრად იკუმშება.

ერთი ან ორივე თვალის გუგა ზოგ შემთხვევაში გაფართოებულია და არ რეაგირებს სინათლეზე. ზოგჯერ კი პირიქით, ძალიან შევიწროებულია. თვალები შესაძლოა არ მოძრაობდეს ან პათოლოგიური მოძრაობა განვითარდეს.

დიაგნოზი

ექიმს, როგორც წესი, პაციენტზე დაკვირვებითა და მისი გასინჯვით შეუძლია გაარკვიოს, ცნობიერება დარღვეულია თუ არა. მოშლის ხარისხისა და მიზეზის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან ამაზეა დამოკიდებული მკურნალობა. თანაც, შესაძლოა დარღვევა უფრო გაღრმავდეს, საბოლოოდ კომა ან ტვინის სიკვდილი განვითარდეს. სტუპორის, გაშტერების დიაგნოზი ისმება, როცა პაციენტი ძლიერი, განმეორებითი გაღიზიანების შედეგად მხოლოდ ხანმოკლედ ფხიზლდება. კომა კი იმ შემთხვევაში დიაგნოსტირდება, თუ გამოფხიზლება საერთოდ შეუძლებელია.

გაშტერების მდგომარეობაში ან კომაში მყოფი ადამიანი სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ, რადგან ორივე მდგომარეობა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში დაავადებით იყოს გამოწვეული. ექიმები ეცდებიან, ერთდროულად გაარკვიონ მიზეზიც და სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინონ პაციენტს.

ისეთი დაავადებებისას, რომელთა დროს სტუპორის ან კომის განვითარების რისკი გაზრდილია (შაქრიანი დიაბეტი, როცა შესაძლოა სისხლში შაქრის დონე დაეცეს), ადამიანმა მუდმივად თან უნდა ატაროს სამედიცინო იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური სამაჯური ან ყელსაბამი. შესაბამისად, თუკი მან გონება დაკარგა, უფრო ადვილი იქნება სავარაუდო მიზეზის დადგენა. სტუპორში ან კომაში მყოფ პაციენტს ექიმთან საუბარი არ შეუძლია, ამიტომ აუცილებელია, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პატიოსნად მიაწოდონ ყველანაირი საჭირო ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების განყოფილების თანამშრომლებს ან ექიმს, მაგალითად:

  • იღებს თუ არა პაციენტი რაიმე მედიკამენტს (რეცეპტით გაცემულს ან სიამოვნების მიზნით), ალკოჰოლს ან სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს და ზუსტად რომელს;

  • ცნობიერების დარღვევამდე მას ტრავმა ხომ არ მიუღია;

  • როდის და როგორ დაიწყო ეს მდგომარეობა;

  • პაციენტს რაიმე ინფექცია ან სხვა სიმპტომები ხომ არ ჰქონია (მაგ.: თავის ტკივილი და ღებინება);

  • ბოლოს როდის იყო იგი ნორმალურ, ჩვეულ მდგომარეობაში.

თუ პაციენტმა რაიმე მედიკამენტი ან ტოქსიკური ნივთიერება მიიღო, ოჯახის წევრებმა ან მეგობრებმა ექიმს მისი ნიმუში ან კოლოფი უნდა გადასცენ. მათგან მოწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო აადვილებს სწორი დიაგნოზის დასმას, ვიდრე გასინჯვა ან სხვა კვლევები. მაგალითად, შეუძლებელია, ანალიზებით გამოირიცხოს სათითაოდ ყველა მედიკამენტის დოზის გადამეტება. შესაბამისად, ინფორმაცია პაციენტთან ახლოს აბების ცარიელი კოლოფის ან რომელიმე ნივთიერების მოხმარების სხვა ნიშნების აღმოჩენის შესახებ, უმნიშვნელოვანესია.

გასინჯვა: სასწრაფოს პერსონალი, ექიმები შეამოწმებენ სასუნთქი გზების გამტარობას, სუნთქვის ადეკვატურობას, არტერიულ წნევასა და პულსს, ასევე სხეულის ტემპერატურას. მაგალითად, მაღალი ცხელება შესაძლოა მიუთითებდეს ინფექციაზე, სითბურ დაკვრაზე ან მასტიმულირებელი მედიკამენტის დოზის გადაჭარბებაზე (კოკაინის, ამფეტამინის). ძალიან დაბალი ტემპერატურა მიანიშნებს, რომ პაციენტი შესაძლოა ძალიან დიდხანს იყო სიცივეში, ასევე – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე, ალკოჰოლით მოწამვლაზე, სედაციური საშუალების ზედოზირებაზე ან ინფექციაზე – მოხუცებში. ექიმი კანს დაათვალიერებს ტრავმის, ნემსის ნაჩხვლეტის, რაიმე დაავადების ან ალერგიული რეაქციის აღმოსაჩენად, სკალპს კი – ჭრილობებისა და დაჟეჟილობის სანახავად. საჭიროა დათვალიერდეს, ენა ხომ არ არის ნაკბენი ან მოკბეჩილი – ეს გულყრაზე მიუთითებს.

ნევროლოგიური გასინჯვა რაც შეიძლება გულდასმით ტარდება. ამის მეშვეობით ექიმი დაადგენს, რამდენად მძიმეა სტუპორი ან კომა, ტვინის ღეროს ფუნქცია დარღვეულია თუ არა და ცენტრალური ნერვული სისტემის რომელი ნაწილია დაზიანებული.

გასინჯვისას ასევე გამოიყენება დისკომფორტის ან რეფლექსური პასუხის გამომწვევი გამღიზიანებლები. თუ თვალები გახელილია ან მტკივნეულ ზემოქმედებაზე პაციენტს მიმიკა ეცვლება, ცდილობს გაერიდოს მას, ცნობიერება მძიმედ არ არის დარღვეული.

ექიმი იკვლევს ტვინის დაზიანების ან მისი ფუნქციის მოშლის სხვა ნიშნების არსებობასაც. მაგალითად, სუნთქვის პათოლოგიური თავისებურებები მიუთითებს, რამდენად ღრმაა კომა. რეფლექსების შემოწმებით დგინდება, მოშლილია თუ არა თავისა და ზურგის ტვინის ნაწილების ფუნქცია. სხეულის უცნაური პოზა, მაგ.: დეცერებრაციული ან დეკორტიკაციული რიგიდობა ტვინის მძიმე დაზიანებაზე მიუთითებს. რეფლექსების არარსებობა და სხეულის მოდუნება საკმაოდ შემაშფოთებელია. ეს შესაძლოა მთელი ცენტრალური ნერვული სისტემის, მათ შორის ტვინის ღეროს, დიდი ტვინისა და მათი დამაკავშირებელი ნერვული ბოჭკოების ფუნქციის მოშლის ნიშანი იყოს.

თვალების გამოკვლევითაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება. ექიმი გასინჯავს გუგების განლაგებას, ზომასა და რეაქციას ძლიერ სინათლეზე, კომაში არმყოფი პაციენტის უნარს, გააყოლოს თვალი რაიმე საგანს და ასევე, დაათვალიერებს ბადურას. თუ გუგები გაფართოებულია და არ რეაგირებს სინათლეზე, ეს შეიძლება თავის ტვინის მესამე (თვალის მამოძრავებელ) ნერვზე ან ტვინის ღეროზე ზეწოლის ნიშანი იყოს. ამას ზოგჯერ დიდი მოცულობითი წარმონაქმნის არსებობა იწვევს, რის გამოც თავის ტვინის თიაქარი ვითარდება. თუ კომა ღრმაა და გუგები არ არის გაფართოებული, თანაც რეაგირებს სინათლეზე – მოცულობითი წარმონაქმნი ნაკლებად სავარაუდოა. სწორი დასკვნის გამოსატანად, ექიმმა უნდა იცოდეს, პაციენტის გუგები ისედაც სხვადასხვა ზომის ხომ არ არის ან იგი გლაუკომის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ხომ არ იღებს, რადგან ისინი გუგების ზომას ცვლიან.

პაციენტის რეაქცია გამოკვლევის ზოგ მეთოდზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის:

  • თავის მობრუნებისას თვალების მოძრაობაზე დაკვირვებით შესაძლოა დადგინდეს, ტვინის ღერო ფუნქციონირებს თუ არა;

  • ცივი წყლის ერთ-ერთ ან ორივე ყურში ჩასხმისას თვალების მოძრაობაზე დაკვირვებით შეიძლება განისაზღვროს, მართლაც კომაშია თუ არა პაციენტი და ასევე, დაზიანებულია თუ არა ტვინის ღერო.

ლაბორატორიული გამოკვლევები: მათი საშუალებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი სტუპორის ან კომის მიზეზის დასადგენად. სისხლში უნდა გაიზომოს შაქრის, ნატრიუმის, ალკოჰოლის, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის დონე, წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობა. ასევე, კეთდება ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებელი სისხლის ანალიზები, შარდის ანალიზი მასში ხშირად მოხმარებული ან საეჭვო ტოქსიკური ნივთიერებების არსებობაზე. სისხლში შაქრის შემცველობა შეიძლება სწრაფად, იქვე გაიზომოს და თუკი მისი ნაკლებობა აღმოჩნდება, დროულად დაიწყოს მკურნალობა.

სხვა კვლევები: თუ მიზეზის დადგენა მალევე ვერ ხერხდება, თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კეთდება, რათა დადგინდეს რაიმე მოცულობითი წარმონაქმნი (მაგ.: სისხლჩაქცევა, სიმსივნე ან აბსცესი) ან სხვა სტრუქტურული დაზიანება ხომ არ არის ტვინში. თუ ამის შემდეგაც გაურკვეველია მიზეზი, მენინგიტი ან სუბარაქნოიდული სისხლდენაა სავარაუდო, კეთდება ლუმბალური პუნქცია და თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუში შეისწავლება (იხ. ილუსტრაცია გვ. 699). ხშირად ამ პროცედურამდე გადაუდებელ კტ-ს ან მრტ-ს იღებენ, რათა განისაზღვროს, ხომ არ არის მომატებული ქალასშიდა წნევა (მაგ.: სიმსივნის ან სისხლდენის გამო). თუკი ეს ასეა, ლუმბალური პუნქციის დროს ტვინის ქვემოთ წნევის უეცრად შემცირებამ შესაძლოა ამ ორგანოს გადანაცვლება გამოიწვიოს და, თეორიულად მაინც, არსებობს რისკი, რომ განვითარდეს ან დამძიმდეს თავის ტვინის თიაქარი.

როცა მიზეზი მაინც ვერ დგინდება, ტვინის ელექტრული აქტივობის გამოსაკვლევად გამოიყენება ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ). ამ დროს ზოგჯერ დგინდება, რომ ადამიანს გულყრა აქვს, მიუხედვად იმისა, რომ კიდურები არ მოძრაობს (ამას არაკონვულსიური ეპილეფსიური სტატუსი ეწოდება).

მკურნალობა

ცნობიერების სწრაფი მოშლა გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს, რაც ხანდახან დიაგნოზის დასმამდეც კი უნდა დაიწყოს.

პაციენტი გადაჰყავთ საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ექთანები მუდმივად აკონტროლებენ გულისცემის სიხშირეს, არტერიულ წნევას, ტემპერატურასა და ჟანგბადის დონეს სისხლში. ნებისმიერი მათგანის დარღვევა სასწრაფოდ სწორდება, რომ ტვინის დაზიანება კიდევ უფრო არ დამძიმდეს. პაციენტს მაშინვე მიეწოდება ჟანგბადი და იდგმება კათეტერი ვენაში, რათა მედიკამენტების სწრაფად შეყვანა შეძლონ. საჭიროა ნებისმიერი სხვა არსებული დაავადების (მაგ.: გულის ან ფილტვის) მკურნალობაც.

თუკი შესაძლებელია, მიზეზი უნდა გამოსწორდეს. მაგალითად, როცა სისხლში შაქრის დონე დაბალია (ჰიპოგლიკემია), პაციენტს მაშინვე გლუკოზა (შაქარი) გადაესხმება ვენაში. ზოგჯერ, თუ კომა ამით იყო გამოწვეული, მდგომარეობა მაშინვე უმჯობესდება. გლუკოზასთან ერთად აუცილებლად შეჰყავთ თიამინიც, რადგან არასრულფასოვნად ნაკვებ პაციენტებში (მაგ.: ალკოჰოლიკებში) მხოლოდ გლუკოზამ შესაძლოა გამოიწვიოს ან გააუარესოს დაავადება – ვერნიკეს ენცეფალოპათია. თუ ოპიოიდების მიღებაა სავარაუდო გამომწვევი, მათი ანტიდოტი – ნალოქსონი შეჰყავთ ვენაში. თუ ცნობიერების დარღვევის ერთადერთი მიზეზი ეს იყო, მდგომარეობა შესაძლოა იმწუთასვე გაუმჯობესდეს.

ღრმა კომაში მყოფ პაციენტებს შეიძლება სპეციალური სასუნთქი მილის ჩადგმა დასჭირდეთ, განსაკუთრებით კუჭში ზონდის ჩადგმის წინ. მისი საშუალებით ღებინების შემთხვევაში კუჭიდან ამოსული საკვები სასუნთქ გზებში არ მოხვდება და ასევე, თუ სუნთქვა ძალიან გაიშვიათდა ან ზედაპირული გახდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანაც ადვილდება. უფრო იშვიათად, როცა ექიმს ეჭვი აქვს 1 საათის წინ რაიმე მომწამვლელი ნივთიერების მიღებაზე/დალევაზე, კუჭში დიდი მილი იდგმება, რათა მისი შიგთავსი ამოიტუმბოს. ეს საჭიროა მიღებული ნივთიერების დასადგენად და კუჭიდან სისხლში შემდგომი შეწოვის თავიდან ასაცილებლად. ზოგჯერ პაციენტს ამ მილით ან ცხვირიდან შეყვანილი, უფრო წვრილი ზონდით (ნაზოგასტრალური ზონდი) აქტივირებული ნახშირი ეძლევა, რაც ხელს უშლის ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვას.

თუკი კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ ქალასშიდა წნევა გაზრდილია, ექიმები ზოგჯერ პატარა ხვრელს ქმნიან ქალაში და სპეციალური სენსორი შეჰყავთ ტვინის სითხით ამოვსებულ სივრცეებში ანუ პარკუჭებში. ამ მოწყობილობის საშუალებით ქალასშიდა წნევა მუდმივად კონტროლდება. მისი გაზრდის შემთხვევაში შეიძლება:

  • წამოსწიონ საწოლის თავი;

  • გამოიყენონ შარდმდენები ან სხვა მედიკამენტები, რათა შემცირდეს სითხის რაოდენობა მთელ ორგანიზმსა და ტვინში;

  • პაციენტს მისცენ სედაციური საშუალება, რათა მოიხსნას ჭარბი, უნებლიე კუნთოვანი შეკუმშვები, რაც ზრდის ქალასშიდა წნევას

  • საჭიროების შემთხვევაში, არტერიული წნევა დაწიონ ხელოვნურად;

  • ზოგ შემთხვევაში თავის ქალა იხსნება ქირურგიულად, რაც მეტ სივრცეს ქმნის შეშუპებული ტვინისთვის, ამცირებს მასზე ზეწოლას.

ხანგრძლივი მოვლა: კომაში მყოფ პაციენტებს მრავალმხრივი და გულდასმით მოვლა ესაჭიროებათ. მათ ცხვირიდან კუჭში შეყვანილი სპეციალური ზონდით კვებავენ. ზოგჯერ ეს მილი მუცელზე, კანის განაკვეთიდან შეიყვანება კუჭში (ე.წ. პერკუტანული ენდოსკოპიური გასტროსტომა – პეგ მილი).

მოძრაობის უუნარობა ბევრ გართულებას იწვევს და აუცილებელია მათი თავიდან აცილება. მაგალითად, ერთ პოზაში ხანგრძლივად წოლისას სხეულის ზოგ ნაწილში სისხლის მიმოქცევა იშლება, კანი ზიანდება და ნაწოლები ვითარდება. საჭიროა მომვლელებმა ხშირად უცვალონ პაციენტს პოზა საწოლში. უმოძრაობა კუნთების მუდმივ დაჭიმულობას, კონტრაქტურებსაც იწვევს და თან, იზრდება მსხვილ ვენებში სისხლის თრომბების წარმოქმნის რისკი. ამის თავიდან ასაცილებლად ფიზიკური თერაპიის სპეციალისტი ნაზად ამოძრავებს პაციენტის სახსრებს ყველა მიმართულებით (მოძრაობის ამპლიტუდის პასიური სავარჯიშოები) და შესაძლოა ისინი სხვადასხვა პოზაში დააფიქსიროს, რათა კონტრაქტურები არ განვითარდეს.

კომაში მყოფ პაციენტს თვალების დახამხამებაც არ შეუძლია, რამაც შესაძლოა გამოაშროს ლორწოვანი გარსი. ამის საწინააღმდეგოდ თვალის წვეთები გამოიყენება.

შეუკავებლობის შემთხვევაში ადამიანი შარდისა და განავლისგან უნდა სუფთავდებოდეს. თუკი შარდის ბუშტი არ ფუნქციონირებს და შარდი შეკავდება, ექიმმა შესაძლოა დროგამოშვებით კათეტერიზაცია ამჯობინოს კათეტერის ხანგრძლივ ჩაყენებას, რადგან ამ დროს ინფექციის რისკი მაღალია.

პროგნოზი

გამოჯანმრთელების ალბათობა დამოკიდებულია კომის მიზეზზე, ხანგრძლივობასა და მდგომარეობის გაუმჯობესების სიჩქარეზე:

  • სედაციური საშუალების დოზის გადამეტება: გამოჯანმრთელების ალბათობა დიდია, თუკი პაციენტის სუნთქვა იმდენ ხანს არ იყო მოშლილი, რომ ტვინი დაზიანებულიყო.

  • სისხლში შაქრის დონის დაცემა: შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება, თუ ტვინში გლუკოზის ნაკლებობა 1 საათზე ნაკლები გაგრძელდა.

  • თავის ტრავმა: გამოჯანმრთელება შეიძლება მაშინაც კი, თუ კომა რამდენიმე კვირა გრძელდება (მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა).

  • ინსულტი: თუ კომა 6 საათი და მეტი გაგრძელდა, სავარაუდოა ტვინის სამუდამო დაზიანების განვითარება.

  • გულის გაჩერება ან ჟანგბადის ნაკლებობა: სრული გამოჯანმრთელება იშვიათია შემდეგ შემთხვევებში: ერთი დღის შემდეგ გუგები არ იწყებს სინათლის საპასუხოდ სწრაფად შევიწროებას; 3 დღის შემდეგ რქოვანაზე შეხებისას პაციენტი თვალს არ ახამხამებს რეფლექსურად ან არ ამოძრავებს კიდურებს მიზანმიმართულად; ერთი კვირის შემდეგ არ შეუძლია კიდურების გამოძრავება, როცა ექიმი ამას სთხოვს.

ზოგჯერ იმის დასადგენად, ტვინის ღერო ფუნქციონირებს თუ არა, გამოწვეული პოტენციალების კვლევა გამოიყენება. ამით შესაძლებელია ცუდი პროგნოზის დადგენა სულ რაღაც 24 საათის შემდეგ. ტვინის ღერო სტიმულირდება და პასუხი ეეგ-ის მეშვეობით აღირიცხება.

გასინჯვის შედეგებითაც შეიძლება პროგნოზის გაკეთება. გამოჯანმრთელება სავარაუდოა, თუ ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი ცვლილება ხდება პირველ რამდენიმე დღეში:

  • მეტყველება აღდგება, თუნდაც გაუგებარი იყოს;

  • პაციენტს შეუძლია თვალი გააყოლოს რამეს;

  • ასრულებს დავალებებს.

ბავშვები და ახალგაზრდები უფრო სრულად გამოჯანმრთელდებიან, ვიდრე მოხუცები, რადგან მათი ტვინის უჯრედებს აღდგენა სწრაფად და უკეთესად შეუძლიათ.

თუკი პაციენტი კომაში რამდენიმე კვირაზე უფრო ხანგრძლივადაა, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, განაგრძონ თუ არა ხელოვნური სუნთქვის აპარატის, საკვები მილის, მედიკამენტების გამოყენება. ოჯახის წევრებმა ეს ექიმებთან ერთად უნდა განიხილონ. თუკი პაციენტს ჰყავს პასუხისმგებელი პირი მის ჯანმრთელობაზე ან აქვს წინასწარი სამედიცინო მითითებები, როგორიცაა მითითება სიცოცხლის შეწყვეტის შესახებ, შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება ამის მიხედვით უნდა მოხდეს.