სიმსივნე პათოლოგიური წარმონაქმნია, იმის მიუხედავად, ავთვისებიანია იგი თუ კეთილთვისებიანი. ორგანიზმის ბევრ ნაწილში კეთილთვისებიანი სიმსივნის არსებობა ან საერთოდ არ იწვევს პრობლემებს, ან ძალიან უმნიშვნელოს. თუმცა, თავისა და ზურგის ტვინის შემთხვევაში ნებისმიერი მოცულობითი წარმონაქმნი სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.
ზოგი სიმსივნე, რომელ ორგანოშიც უნდა განვითარდეს, ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლას იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ ნერვულ ქსოვილში არ იჭრება. ასეთ დარღვევებს პარანეოპლაზიური სინდრომები ეწოდება. შედეგი შეიძლება იყოს დემენცია, განწყობის უეცარი ცვლილებები, გულყრები, კოორდინაციის მოშლა, თავბრუხვევა, მხედველობის გაორება და თვალის პათოლოგიური მოძრაობები. ყველაზე ხშირად პერიფერიული ნერვების ფუნქციის მოშლა (პოლინეიროპათია) ვლინდება, რაც იწვევს კუნთების სისუსტეს, მგრძნობელობის დაკარგვას ან ჩხვლეტის შეგრძნებებს.