ადრეულ 1900-იან წლებში გერმანელი მეცნიერი, პოლ ერლიხი იდეალურ წამალს "ჯადოსნურ ტყვიას" ადარებდა, რომელიც დაავადებაზე იქნებოდა ზუსტად დამიზნებული და არ ავნებდა ჯანმრთელ ქსოვილებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ახალი მედიკამენტის მოქმედება, მათ წინამორბედებთან შედარებით, უფრო ზუსტია, მათგან ჯერჯერობით არც ერთი არ ხვდება ზუსტად "სამიზნეს".
წამლების დიდ ნაწილს მრავალი სხვადასხვა ეფექტი აქვს ორგანიზმზე, მაგრამ ხშირად დაავადების სამკურნალოდ აქედან მხოლოდ ერთი – თერაპიული ეფექტია ჩვენთვის სასურველი. დანარჩენები არასასურველ, გვერდით მოვლენებად ითვლება, მიუხედავად იმისა, დამაზიანებელია თუ არა ისინი. ასე მაგალითად, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება ალერგიის სიმპტომების შემსუბუქებასთან ერთად მოთენთილობასაც იწვევს. ურეცეპტოდ გაცემული, ანტიჰისტამინის შემცველი ძილის წამლის მიღების შემთხვევაში მოთენთილობა სასურველ, თერაპიულ ეფექტად ითვლება. მაგრამ როცა ანტიჰისტამინური საშუალების გამოყენების მიზანი დღის განმავლობაში ალერგიის სიმპტომების შემსუბუქებაა, მოთენთილობა გამაღიზიანებელი და არასასურველი გვერდითი მოვლენა ხდება.
ადამიანთა უმრავლესობა, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც, არასასურველ ეფექტებს გვერდით მოვლენებს უწოდებს, სხვაგვარად კი მათ გვერდითი რეაქციებიც ეწოდება. თუმცაღა, ტერმინი წამლის გვერდითი რეაქცია უფრო მეტად შეესაბამება არასასურველ, უსიამოვნო, დამაზიანებელ და პოტენციურად მავნე გვერდით მოვლენებს.
გასაკვირი არ არის, რომ მედიკამენტების გვერდითი მოქმედება ხშირია. მათი უმრავლესობა შედარებით მსუბუქია და მრავალი ქრება კიდეც წამლის მოხსნისას ან დოზის შეცვლისას. ზოგი მათგანი ნელ-ნელა მცირდება ორგანიზმის მედიკამენტთან შეგუებასთან ერთად. სხვა შემთხვევაში გვერდითი რეაქციები შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს და დიდხანსაც გაგრძელდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევათა 3-7%-ში მიზეზი მედიკამენტებზე გვერდითი რეაქციაა. ეს მოვლენები ვითარდება ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა 10-20%-ში და მათგან 10-20% საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.
გვერდითი მოვლენებიდან განსაკუთრებით ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მოშლა – უმადობა, გულისრევა, შებერილობის შეგრძნება, შეკრულობა და ფაღარათი, რადგან მედიკამენტების უმრავლესობა დასალევად ინიშნება და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს გაივლის. თუმცა, გვერდითი რეაქციები შეიძლება ორგანოთა თითქმის ყველა სისტემის მხრივ გამოვლინდეს. მოხუცებში გვერდითი მოვლენები ხშირად თავის ტვინსაც ეხება, რაც მოთენთილობითა და ცნობიერების დარღვევით ვლინდება.