ზურგის ტვინი თავის ტვინისა და სხეულის დამაკავშირებელი მთავარი გზაა. იგი გრძელი, ნაზი, მილისებრი ორგანოა, რომელიც ტვინის ფუძიდან იწყება და ქვევით გრძელდება. ზურგის ტვინს გარედან ხერხემალი და მალები იცავს, რომელთა შორისაც მალთაშუა ხრტილოვანი დისკებია მოთავსებული. მათი ფუნქცია სხეულზე მოქმედი ძალების შერბილებაა.
ხერხემალი ოთხ ნაწილად იყოფა, რომელთაგანაც თითოეული შესაბამისი ასოთი აღინიშნება:
ხერხემლის ნაწილებში მოთავსებული მალები ზევიდან ქვევითაა დანომრილი. თითოეულ მათგანს თავისი სიმბოლო შეესაბამება – ასო და ციფრი, რომლის მიხედვითაც ზურგის ტვინის უბნის ადგილმდებარეობას ანუ დონეს აღნიშნავენ.
ამ ორგანოდან 31 წყვილი ნერვი გამოდის მალებს შორის სივრცეების გავლით. თითოეული მალიდან გამოსული ნერვი სხეულის სპეციფიკური ნაწილისკენ მიემართება. ამის მიხედვით კანის ზედაპირი უბნებად – დერმატომებად იყოფა. ანუ, დერმატომი კანის ის ნაწილია, რომლის ყველა მგრძნობიარე ნერვი ზურგის ტვინის ერთი ფესვიდან გამოდის. ერთ-ერთ ასეთ უბანში მგრძნობელობის დაკარგვისას ექიმს შეუძლია, დაადგინოს, სადაა დაზიანებული ზურგის ტვინი.
ზურგის ტვინის ყველა ნერვს ორი ფესვი აქვს, გამონაკლისი მხოლოდ პირველია, რომელსაც მგრძნობიარე ფესვი არ გააჩნია. წინ მდებარე (წინა ანუ მამოძრავებელი) ფესვში ის ნერვული ბოჭკოებია, რომელთა მეშვეობითაც მასტიმულირებელი იმპულსები (სიგნალები) ზურგის ტვინიდან კუნთებისკენ მიემართება და კუმშავს მათ. უკანა მხარეს მოთავსებული (უკანა ანუ მგრძნობიარე) ფესვი კი იმ ნერვულ ბოჭკოებს შეიცავს, რომლებშიც მგრძნობელობითი ინფორმაცია მოდის სხეულიდან ზურგის ტვინისკენ, შეხების, პოზის, ტკივილისა და ტემპერატურის შესახებ.
ეს ორგანო წელის დონეზე მთავრდება (L1 ან L2 მალებთან), მაგრამ ნერვები ამის ქვემოთაცაა მოთავსებული და ქმნის გროვას, რომელსაც რაშის კუდს (Cauda Equina) უწოდებენ.
ზურგის ტვინი საკმაოდ ორგანიზებულადაა მოწყობილი (იხ. ილუსტრაცია გვ. 690). მის ცენტრში პეპლის ფორმის რუხი ნივთიერებაა მოთავსებული. წინა "ფრთებში" (წინა, ანუ მამოძრავებელი რქები) ის ნერვული უჯრედებია, რომლებსაც იმპულსები თავის ან ზურგის ტვინიდან კუნთებისკენ მიაქვთ წინა ფესვის გავლით. უკანა (მგრძნობიარე) რქებში მოთავსებული ნერვული უჯრედები კი იღებენ იმპულსებს ტკივილის, ტემპერატურისა და სხვა შეგრძნებების შესახებ ზურგის ტვინის გარეთ მდებარე ნეირონებიდან, უკანა ფესვის გავლით.
პეპლის გარშემო თეთრი ნივთიერებაა მოთავსებული, რომელიც ნერვულ ბოჭკოებს შეიცავს (იგივე ტრაქტები ან სვეტები). თითოეულ ტრაქტში ნერვული იმპულსის სპეციფიკური სახე მოძრაობს თავის ტვინისკენ (აღმავალი ტრაქტი) ან მისგან (დაღმავალი ტრაქტი).
ზურგის ტვინის ზოგი დაავადების მიზეზი ამ ორგანოს გარეთ უნდა ვეძიოთ. მათ შორისაა: ტრავმები, ინფექციების უმრავლესობა, სისხლის მიწოდების შეწყვეტა და ზეწოლა. ზეწოლას შესაძლოა ახდენდეს ძვალი (კისრის სპონდილოზის ან მოტეხილობის დროს), დაგროვილი სისხლი (სისხლჩაქცევისას), სიმსივნე, ჩირქგროვა (აბსცესის დროს), დაზიანებული ან თიაქრის შედეგად წანაცვლებული მალთაშუა დისკი.
უფრო იშვიათად ზურგის ტვინის დაავადების მიზეზი თავად ამ ორგანოშია, მაგალითად: სითხით სავსე ღრუები (სირინგომიელია), ანთება (მაგ.: მწვავე განივი მიელიტის დროს), სიმსივნე, აბსცესი, სისხლდენა, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირება, მრავლობითი სკლეროზი და სიფილისი.
ზურგის ტვინის თავისებური ფუნქციონირებისა და მოწყობის გამო მისი დაზიანება დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება იმის მიხედვით, თუ სადაა ლოკალიზებული დაზიანება.
სხვადასხვა კომბინაციით შეიძლება განვითარდეს:
იმის გარკვევით, თუ რომელი ფუნქციებია მოშლილი, ექიმს შეუძლია, დაადგინოს, ზურგის ტვინის რა ნაწილშია დაზიანება (წინ, უკან თუ მთლიანად). სიმპტომების გამოვლენის ადგილის მიხედვით კი (მაგ.: რომელი კუნთების დამბლაა ან სხეულის რა ნაწილის მგრძნობელობაა მოშლილი), ზურგის ტვინის დაზიანების ზუსტი მდებარეობის (ანუ დაზიანების დონის) განსაზღვრაც შეიძლება.
ფუნქციები შესაძლოა სრულად ან ნაწილობრივ მოიშალოს. დაზიანების ზემოთ მდებარე უბნების მიერ რეგულირებული უნარები არ ირღვევა.
დამბლის ან სისუსტის განვითარებისას კუნთები ხშირად დუნდება, ანუ ტონუსს კარგავს. მაგრამ ზოგი დაავადების დროს (მაგ.: ტრავმები ან მემკვიდრული სპასტიკური პარაპარეზი) დამბლას კუნთთა სპაზმებიც ახლავს თან (სპასტიკური დამბლა). ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგი რეფლექსის სარეგულაციოდ თავის ტვინიდან მომავალი სიგნალები ზურგის ტვინის დაზიანებულ უბანში ვერ გაივლის. შედეგად, რეფლექსები გაძლიერდება დღეების ან კვირების მანძილზე. ამის შემდეგ შესაბამისი კუნთები იჭიმება, მაგრდება და უნებლიეთ იკუმშება დროდადრო.
სიმპტომების თავისებურებების მიხედვით ექიმს ხშირად შეუძლია, ივარაუდოს ზურგის ტვინის დაავადება. ის აუცილებლად გასინჯავს პაციენტს, რათა ამით დიაგნოზზე მიმანიშნებელი ინფორმაცია მიიღოს. ზუსტი დიაგნოსტიკისა და მიზეზის განსაზღვრისთვის კი გამოსახულებითი კვლევა კეთდება.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ზურგის ტვინის დაავადებების დროს ყველაზე ზუსტი გამოკვლევაა. მრტ-ის გამოსახულებაზე ჩანს ეს ორგანოც და მის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების პათოლოგიებიც (მაგ.: აბსცესი, სისხლჩაქცევა, სიმსივნე ან მალთაშუა დისკის დაზიანება), ისევე, როგორც ძვლების დაავადებები (სიმსივნე, მოტეხილობა, კისრის სპონდილოზი). თუ მრტ-ის გადაღება ვერ ხერხდება, კეთდება მიელოგრაფია კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან (კტ) ერთად. ამ დროს რადიოგაუმჭვირვალე ნივთიერება ზურგის ტვინის გარშემო არსებულ სითხეში შეჰყავთ და რენტგენს იღებენ. ეს კვლევა არ არის იმდენად ზუსტი და უსაფრთხო, როგორც მრტ.
თუ ზურგის ტვინის ფუნქციის მოშლის სიმპტომები (მაგ.: დამბლა ან მგრძნობელობის დაკარგვა) უეცრად გამოვლინდა, ადამიანმა მაშინვე ექიმს უნდა მიმართოს. ზოგჯერ ამ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ნერვების სამუდამო დაზიანების ან დამბლის თავიდან აცილება. თუ მიზეზი განკურნებადი ან გამოსწორებადია, შესაბამისი მკურნალობა ინიშნება. თუმცა, ეს ხშირად შეუძლებელი ან არაეფექტიანია.
ზურგის ტვინის დაავადების გამო დამბლის ან საწოლსმიჯაჭვულობის შემთხვევაში პაციენტს კარგი საექთანო მოვლა ესაჭიროება, რათა არ განვითარდეს გართულებები, მაგალითად:
ორგანიზმის მრავალი ფუნქციის დაკარგვა შესაძლოა ძალიან მძიმედ გადასატანი იყოს პაციენტისთვის, განუვითარდეს დეპრესია და თვითშეფასების დაქვეითება. ამისთვის ზოგჯერ ძალიან ეფექტიანია თერაპიული სეანსები სპეციალისტთან. იმის გაცნობიერება, ზუსტად რა მოხდა, რას უნდა ელოდოს უახლოეს და შორეულ მომავალში, ეხმარება ადამიანს გაუმკლავდეს დანაკარგს, მოემზადოს რეაბილიტაციისთვის.
რეაბილიტაცია: რეაბილიტაცია ეხმარება პაციენტებს, მაქსიმალურად აღიდგინონ უნარები. საუკეთესო შემთხვევაში ამაზე დაავადებულ ადამიანთან და მის ოჯახთან ერთად მუშაობს გუნდი, რომელიც შედგება ექთანების, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტების, სოციალური მუშაკის, ნუტრიციონისტის, ფსიქოლოგის, კონსულტანტისგან. ექთანს შეუძლია, ასწავლოს პაციენტს, როგორ გაუმკლავდეს შარდვისა და კუჭის მოქმედების კონტროლის დაკარგვას, როგორ ჩაიდგას შარდის ბუშტის კათეტერი თავად, როდის გამოიყენოს საფაღარათო საშუალებები, ან კუჭის მოქმედების სტიმულაცია გამოიწვიოს თითით.
ფიზიკური თერაპია მოიცავს კუნთების გამაძლიერებელ და გამჭიმავ სავარჯიშოებს. პაციენტები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ დამხმარე ნივთები, მაგ.: ორთეზები, ბორბლებიანი დასაყრდნობი ან სავარძელი, როგორ მოიქცნენ კუნთების სპაზმების შემთხვევაში. ოკუპაციური თერაპია ნიშნავს ადამიანისთვის ყოველდღიური საქმიანობის ხელახლა სწავლებას, მოქნილობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას. პაციენტებს დაკარგული უნარების საკომპენსაციოდ სპეციალურ მეთოდებს ასწავლიან. თერაპევტები ან კონსულტანტები დაეხმარებიან მათ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაში, რათა დაუბრუნდნენ სამსახურს და ჰობის, საყვარელ საქმიანობას. ადამიანები სქესობრივი სფეროს პრობლემებთან გამკლავებასაც სწავლობენ. სექსი კვლავ შესაძლებელია ბევრი მათგანისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მგრძნობელობა ხშირად დაკარგულია.
მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა ოჯახის წევრებისგან, ახლო მეგობრებისგან.