თავის ტვინის 12 წყვილი (კრანიალური) ნერვი ამ ორგანოს თავის, კისრისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილთან აკავშირებს. ზოგი ნერვი სპეციფიკურ შეგრძნებებს უზრუნველყოფს (მაგ.: მხედველობას, სმენასა და გემოვნებას), ზოგი მათგანი – სახის კუნთების მოძრაობას ან ჯირკვლების ფუნქციონირების რეგულაციას. ნერვების თითოეულ წყვილს თავისი სახელწოდება და ნომერი აქვს მინიჭებული (მდებარეობის – ტვინის წინა ნაწილიდან უკანა მიმართულებით დალაგების – მიხედვით).
თავის ტვინის ნერვის დაავადების გამო შესაძლოა ნერვების ცენტრებს შორის არსებული კავშირები დაირღვეს ტვინში. ამის მაგალითი ბირთვთაშორისი ოფთალმოპლეგიაა. დაავადებამ შესაძლოა მხოლოდ ერთი ნერვი დააზიანოს. ეს ხდება სამწვერა ნერვის ნევრალგიის, ბელის დამბლის, ჰემიფაციალური სპაზმისა და ენა-ხახის ნერვის ნევრალგიის დროს.
სხვადასხვა ნერვის დაზიანების დროს განსხვავებული სიმპტომები ვლინდება. მაგალითად, ხშირია თვალის მოძრაობის რეგულაციაში ჩართული ნერვების ფუნქციონირების მოშლა. ზოგჯერ ძნელდება ორივე თვალის ერთი მიმართულებით მიტრიალება, რის გამოც ადამიანს იმ მხარეს გახედვა უჭირს. თუ მხოლოდ ერთი თვალი მოძრაობს იქით და მეორე არა, გახედვისას მხედველობის გაორება ვლინდება (ორი გამოსახულება გვერდიგვერდ).
როცა ექიმს ეჭვი თავის ტვინის ნერვის დაავადებაზე მიაქვს, იგი ამ ნერვის ფუნქციონირებას პაციენტისთვის მარტივი დავალებების მიცემით გამოიკვლევს, მაგ.: სთხოვს მას, მზერა გააყოლოს საგანს.