შფოთვითი აშლილობების დროს აღინიშნება დისტრესის გამომწვევი ქრონიკული, ცვალებადი ინტენსივობის აღგზნებადობა, რომლის სიმძიმეც არ შეესაბამება პაციენტთან დაკავშირებულ გარემოებებს.
შფოთვა ნორმალური საპასუხო რეაქციაა საფრთხეზე ან ფსიქოლოგიურ სტრესზე, ის ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოცდილი. ნორმალური შფოთვის საფუძველი შიშია, რომელსაც მნიშვნელოვანი დაცვითი ფუნქცია აქვს. როდესაც ადამიანი სახიფათო სიტუაციაში ხვდება, შფოთვა უბიძგებს მას ბრძოლისკენ ან გაქცევისკენ. ამ დროს იზრდება გულის და კუნთების სისხლით მომარაგება, რაც სხეულს აძლიერებს და საჭირო ენერგიას აძლევს იმისთვის, რომ ხიფათს გაუმკლავდეს – გაექცეს აგრესიულ ცხოველს ან შეებრძოლოს თავდამსხმელს. თუ შფოთვა თავს იჩენს შეუფერებელ გარემოებებში, ხშირია ან იმდენად ძლიერი და ხანგრძლივი, რომ ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში, განიხილება შფოთვითი აშლილობის არსებობის შესაძლებლობა.
შფოთვითი აშლილობა უფრო ხშირია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფსიქიკური დაავადება. ის, როგორც ვარაუდობენ, შეერთებული შტატების მოზრდილი მოსახლეობის 15%-ს აქვს. ხშირად ადამიანები ან ჯანდაცვის მუშაკები შფოთვითი აშლილობის არსებობას ვერ აცნობიერებენ და, შესაბამისად, იშვიათად მკურნალობენ.
შფოთვითი აშლილობის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ფაქტორებს. იმისი გათვალისწინებით, რომ შფოთვითი აშლილობით ზოგჯერ მთელი ოჯახია დაავადებული, სავარაუდოა მემკვიდრეობითობის გარკვეული როლი. ფსიქოლოგიურ დონეზე შფოთვა განიხილება როგორც რეაქცია სტრესზე, მაგალითად, მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაწყვეტაზე ან სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაზე. შფოთვითი აშლილობა შეიძლება განვითარდეს, თუ ადამიანი სტრესზე არაადეკვატურად რეაგირებს ან რაიმე გარემოებებით არის შეცბუნებული. მაგალითად, ზოგიერთისთვის ადამიანების ჯგუფის წინაშე საუბარი სასიამოვნოა, ზოგისთვის კი – თავზარდამცემი, შემაშფოთებელი. ეს უკანასკნელი ვლინდება აღელვებით, ოფლიანობით, შიშით, გულისცემის გახშირებით, კანკალით. ასეთი პირები მცირე ჯგუფში საუბარსაც კი ერიდებიან.
ზემოხსენებულის გარდა შფოთვითი აშლილობა შეიძლება გამოიწვიოს სომატურმა დაავადებამ ან მედიკამენტმა. მაგალითად, ფარისებრი ან თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერაქტიურობამ შეიძლება შფოთვა გამოიწვიოს, ისევე, როგორც სიმსივნის ერთ-ერთმა ფორმამ – ფეოქრომოციტომამ. შფოთვის გამოწვევა შეუძლია შემდეგ ნივთიერებებს: კორტიკოსტეროიდები, კოკაინი, ამფეტამინები, ეფედრინი და, ზოგჯერ, ჭარბი მოხმარებისას, კოფეინი. ალკოჰოლის მოხმარების ან ზოგიერთი სედაციური საშუალებების გამოყენების შეწყვეტა აგრეთვე იწვევს შფოთვას. ხანდაზმულ ადამიანებს შორის დემენცია შფოთვის ყველაზე ხშირი მიზეზია.
სიმპტომები შეიძლება მოულოდნელად აღმოცენდეს, როგორც პანიკური შეტევის დროს ან თანდათანობით – წუთების, საათების ან დღეების განმავლობაში. შფოთვა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე წლამდე. შფოთვის ინტენსივობაც მერყევია – ოდნავ შესამჩნევი ღელვით დაწყებული და ტიპური პანიკური შეტევით დამთავრებული, რომლის დროსაც გამოხატულია სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, გულისცემის გახშირება და კანკალი.
შფოთვითი აშლილობა პაციენტისთვის ზოგჯერ იმდენად შემაწუხებელია და ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ხელშემშლელი, რომ დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ადამიანებს შფოთვითი აშლილობით (ზოგიერთი ძალიან კონკრეტული ფობიის გარდა, მაგალითად, ობობას შიში), სულ ცოტა ორჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ დეპრესია, ვიდრე მათ, ვისაც არ აქვს შფოთვითი აშლილობა. ზოგჯერ ჯერ დეპრესია ვითარდება და შემდეგ შფოთვითი აშლილობა.
შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი ძირითადად სიმპტომებს ეფუძნება. ადამიანებს შფოთვის ამტანობა განსხვავებული აქვთ, ამიტომ პათოლოგიური შფოთვის განსაზღვრა ყოველთვის ადვილი არ არის. ჩვეულებრივ, ექიმები იყენებენ კონკრეტულ, დადგენილ კრიტერიუმებს, რომლებიც ეყრდნობა, ერთი მხრივ, სიმპტომებს, მეორე მხრივ სიმპტომების გამომწვევი სხვა მიზეზების გამორიცხვას. ექიმები ადგენენ, აქვთ თუ არა პაციენტის ოჯახის წევრებს მსგავსი სიმპტომები; შფოთვითი აშლილობის შესახებ ოჯახური ანამნეზის შეგროვება (გარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა, რომელიც გამოწვეულია კონკრეტული გარემოებით) შეიძლება დაეხმაროს ექიმს დიაგნოზის დასმაში. პაციენტს უტარდება ფიზიკური გამოკვლევა, სისხლისა და სხვა ანალიზები შფოთვის გამომწვევი ორგანული დაავადების გამოსარიცხავად.
ზუსტი დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა შფოთვითი აშლილობის დროს მკურნალობა განსხვავებულია. გარდა ამისა, საჭიროა შფოთვითი აშლილობის გარჩევა სხვა ფსიქიკური აშლილობის თანმხლები შფოთვისგან, ვინაიდან ამ დროს მკურნალობა განსხვავებულია. შფოთვითი აშლილობის სხვადასხვა ფორმის დროს მედიკამენტურმა მკურნალობამ ან ფსიქოთერაპიამ (მაგალითად, ბიჰევიორული თერაპია), ცალ-ცალკე ან კომბინაციაში, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს სიმპტომები და შეამციროს დისფუნქცია.