სუიციდური ქცევა წარმოდგენილია თვითდაზიანების სამი სახით: დასრულებული სუიციდი, სუიციდის მცდელობა, სუიციდური ჟესტები. თვითმკვლელობის გეგმებსა და მასზე ფიქრს სუიციდური იდეები ეწოდება.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, სუიციდური ქცევა მოიცავს შემდეგს:
სუიციდური ჟესტები, სუიციდზე ფიქრებსა და სუიციდის გეგმებთან ერთად (სუიციდური იდეები), შეიძლება იყოს იმ ადამიანების ერთგვარი თხოვნა დახმარების შესახებ, რომელთაც ჯერ კიდევ სწყურიათ სიცოცხლე; ეს თხოვნა არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი. ინფორმაციას სუიციდის შესახებ ძირითადად ვიღებთ გარდაცვალების ცნობებით და გამოძიების ანგარიშებიდან, რაც, სავარაუდოდ, არ იძლევა მისი სიხშირის ადეკვატურად შეფასების საშუალებას. მიუხედავად ამისა, სუიციდური ქცევა ჯანმრთელობის საყოველთაოდ გავრცელებული პრობლემაა. სუიციდური ქცევა ნებისმიერი ასაკისა და ორივე სქესის ადამიანებს ახასიათებს. აშშ-ში სუიციდი 10-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანებში სიკვდილიანობის მე-3, ხოლო საერთო პოპულაციაში მე-11 ძირითადი მიზეზია. სუიციდის მაღალი მაჩვენებლები 70 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება, ხოლო სუიციდის მცდელობა უფრო ხშირია საშუალო ასაკამდე. სუიციდის მცდელობა განსაკუთრებით დამახასიათებელია მოზარდი გოგონებისთვის და მარტოხელა 30 წლის ასაკს გადაცილებული მამაკაცებისთვის. სუიციდის მცდელობა 2-ჯერ უფრო ხშირია ქალების ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობა მამაკაცებს შორის 4-ჯერ უფრო ხშირად სრულდება სიკვდილით.
განქორწინებულები და ქვრივები მეტად არიან მიდრეკილნი სუიციდის მცდელობისადმი. მცდელობა და თვითმკვლელობა უფრო ხშირია მარტოხელებს შორის. ოჯახში, რომლის წევრებსაც ჰქონდათ სუიციდის მცდელობა, მისი ალბათობა უფრო მაღალია.
თეთრკანიანებში სუიციდის მცდელობა უფრო ხშირია, ვიდრე სხვა ეთნიკურ ჯგუფებში. შავკანიან ქალებს ისეთივე სიხშირით აქვთ სუიციდის მცდელობა, როგორც თეთრკანიანებს, მაგრამ მათი მცდელობა უფრო იშვიათად სრულდება სიკვდილით.
სუიციდი, მარტოხელებთან შედარებით, უფრო იშვიათია იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც აქვთ მჭიდრო ადამიანური ურთიერთობები; ასევე იშვიათია რელიგიური ჯგუფების წევრებს, განსაკუთრებით, კათოლიკეებს შორის.
სუიციდური ქცევა რამდენიმე ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგია. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია დეპრესია. ის აღინიშნება სუიციდის მცდელობის შემთხვევების 50%-ში. ოჯახური პრობლემები, წარუმატებელი ან შეწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობა, მშობლებთან უთანხმოება (განსაკუთრებით მოზარდებში) ან ახლო წარსულში ახლობლის დაკარგვა (განსაკუთრებით ხანდაზმულებში) – ყველა ჩამოთვლილმა შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია. ხშირად ერთი რომელიმე გარემოება, მაგალითად, მნიშვნელოვანი ურთიერთობის შეწყვეტა, შეიძლება არასასურველი გარემოებების ჯაჭვის ბოლო რგოლი გახდეს. თითქმის ყოველი მეექვსე თვითმკვლელი ტოვებს წერილს, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის მიზეზი.
ზოგიერთმა სამედიცინო პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და შემდგომში სუიციდის მცდელობა. სუიციდის სიხშირის ზრდასთან ასოცირებული დაავადებები პირდაპირ მოქმედებს ნერვულ სისტემასა და ტვინზე (მაგალითად, შიდსი, დემენცია, საფეთქლის ეპილეფსია) ან საჭიროებს ისეთ მკურნალობას, რომელიც თავისთავად იწვევს დეპრესიას (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი). სუიციდის ალბათობა უფრო მაღალია, თუ დეპრესიას თან ახლავს შფოთვა ან ფსიქოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები (როგორიცაა მცდარი წარმოდგენები – ბოდვა).
იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ბავშვობაში გადატანილი აქვთ ტრავმა, მათ შორის ძალადობა, სუიციდის მცდელობის სიხშირე, სავარაუდოდ, უფრო მაღალია. საფიქრებელია, რომ ამისი მიზეზი ამ კონტინგენტის დეპრესიისადმი მიდრეკილებაა.
დეპრესია შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლმა, რაც თავის მხრივ სუიციდურ ქცევას უფრო მოსალოდნელს ხდის. ალკოჰოლი თვითკონტროლსაც აქვეითებს. ადამიანების დაახლოებით 30%-ს, რომელთაც სცადეს სუიციდი, მცდელობამდე ალკოჰოლიანი სასმელი ჰქონდათ მიღებული. იმის გამო, რომ ალკოჰოლიზმი, განსაკუთრებით გადაბმული ლოთობა, სიფხიზლის პერიოდებში ძლიერ სინდისის ქენჯნას იწვევს, ლოთები სიფხიზლეშიც მიდრეკილნი არიან სუიციდისადმი.
დეპრესიის გარდა სხვა ფსიქიკური აშლილობებიც ზრდის სუიციდის რისკს. შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს შეიძლება ესმოდეთ ხმები (სმენითი ჰალუცინაციები), რომლებიც მათ თვითმკვლელობას აიძულებს. ადამიანებმა მოსაზღვრე პიროვნული ან ანტისოციალური პიროვნული აშლილობებით (განსაკუთრებით მათ, ვისაც ანამნეზში ჰქონდათ ძალადობრივი ქცევა), შეიძლება გამოიყენონ სუიციდის ჟესტები ან სუიციდის მცდელობა, როგორც რაიმეს ან ვინმეს დაბრუნების ან მოხსენიებულის სურვილის გამოხატვის საშუალება.
ანტიდეპრესანტები და სუიციდის რისკი: ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე სუიციდის მცდელობის რისკი უფრო მაღალია; თვითმკვლელობის სიკვდილით დასრულების რისკი არ აღემატება შემდეგი თვეების მაჩვენებელს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი ცოტათი ზრდის სუიციდურ ფიქრებსა და ქცევას (მაგრამ არა დასრულებულ სუიციდს); ამიტომ ანტიდეპრესანტების მიღებისას ყურადღებით უნდა ვაკონტროლოთ სუიციდის რისკი.
ანტიდეპრესანტების მიღებასა და სუიციდის გაზრდილ რისკს შორის შესაძლო კავშირის შესახებ ბოლოდროინდელი მონაცემების გამო ექიმები უფრო იშვიათად უნიშნავენ ანტიდეპრესანტებს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდებს შორის სუიციდის სიხშირე 14%-ით გაიზარდა, შეიძლება დავუშვათ, რომ დეპრესიის მედიკამენტური მკურნალობის შეზღუდვამ არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა სუიციდით გამოწვეული სიკვდილის სიხშირე. ბევრი ექიმის აზრით, საუკეთესო გამოსავალია დეპრესიის მკურნალობა, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების გაფრთხილება, რომ ყურადღება მიაქციონ სიმპტომების გაუარესებას, სუიციდური ფიქრების ნიშნებს, დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს მათ შესახებ ან პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანონ.
სუიციდის მეთოდის არჩევა ხშირად კულტურული ფაქტორითა და შესაძლებლობებით არის განპირობებული. მეთოდი შეიძლება შეესაბამებოდეს ან არ შეესაბამებოდეს განზრახვის სერიოზულობას. ზოგიერთი მეთოდი (მაგალითად, შენობის მაღალი სართულიდან გადმოხტომა) პრაქტიკულად გამორიცხავს გადარჩენას, მაშინ, როცა ზოგი სხვა მეთოდი (როგორიცაა მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა) გადარჩენის შანსს უტოვებს ადამიანს. ამავე დროს, შესაძლებელია, რომ არაფატალური მეთოდის გამოყენების მიუხედავად, განზრახვა ისევე სერიოზული იყოს, როგორც ფატალური მეთოდის შერჩევისას.
სუიციდის მცდელობისას უფრო ხშირად თავს იწამლავენ ან მედიკამენტების გადაჭარბებულ დოზას იღებენ. ისეთი მომაკვდინებელი საშუალებები, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღი და ჩამოხრჩობა, სუიციდის მცდელობისას იშვიათად გამოიყენება, რადგან ეს, როგორც წესი, ფატალურად მთავრდება.
აშშ-ში დასრულებული სუიციდის შემთხვევებში მამაკაცები ყველაზე ხშირად (74%) ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ, ხოლო ქალები – ჩამოხრჩობას (31%). მამაკაცებს შორის მეორე ადგილზეა ჩამოხრჩობა, ხოლო ქალებში – წამლის დოზის გადაჭარბება.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სუიციდის მცდელობა ან დასრულებული სუიციდი მოულოდნელია და შოკის მომგვრელი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, ხშირად ადამიანები ნათელ და გასაგებ გაფრთხილებას იძლევიან. სუიციდის ნებისმიერი საფრთხე თუ მცდელობა უნდა შეფასდეს როგორც დახმარების თხოვნა და სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული. სუიციდის მცდელობის ან საფრთხის უგულებელყოფამ შეიძლება ადამიანი დაგვაკარგვინოს.
სუიციდის საფრთხის ან მცდელობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პოლიციას, რათა ადამიანმა გადაუდებელი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს. დამხმარის მოსვლამდე მშვიდი საუბრით არის საჭირო მხარდაჭერის გამოხატვა. სუიციდის მცდელობის შემდეგ ან სუიციდის საფრთხის არსებობისას ექიმმა შესაძლოა პაციენტი საავადმყოფოში მოათავსოს. თუ ექიმის აზრით, თვითდაზიანების ან სხვათა დაზიანების რისკი მაღალია, შტატების უმეტესობის კანონმდებლობა ამ პირის თანხმობის გარეშე საავადმყოფოში მოთავსების უფლებას იძლევა.
სუიციდის ნებისმიერი შემთხვევა ახდენს გავლენას ყველა გარშემო მყოფზე. ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ექიმებს უჩნდებათ დანაშაულის, სირცხვილისა და სინანულის გრძნობა იმის გამო, რომ ვერ შეძლეს სუიციდის თავიდან აცილება. გარშემო მყოფები შეიძლება გაბრაზებულიც იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ისინი ხვდებიან, რომ მათ ვერ შეძლეს სუიციდის პრევენცია. კონსულტანტი ან თვითდახმარების ჯგუფი, როგორიცაა "გადარჩენილი თვითმკვლელები", შესაძლებელია დაეხმაროს ოჯახის წევრებს და მეგობრებს დანაშაულის გრძნობისა და მწუხარებისგან გათავისუფლებაში. ოჯახის ექიმს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის ადგილობრივ სტრუქტურებს (ოლქის ან შტატის დონეზე) შეუძლიათ დაეხმარონ ახლობლებს ასეთი რესურსების მოძიებაში. ამასთან ერთად, ნაციონალურ ორგანიზაციებს, როგორიცაა "სუიციდის პრევენციის ამერიკული ფონდი", ხშირად აქვს ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფების სია. იგივე სამსახურები ხელმისაწვდომია ინტერნეტშიც.
გარშემო მყოფებზე სუიციდის მცდელობის ზემოქმედება ზმოხსენებულის მსგავსია. მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აქვთ შესაძლებლობა, წესრიგში მოიყვანონ თავიანთი გრძნობები, თუ უპასუხებენ ადამიანის თხოვნას დახმარების შესახებ.
სუიციდი სხვისი დახმარებით არის ექიმის, ოჯახის წევრის ან მეგობრების დახმარება თვითმკვლელობის განხორციელებაში იმ ადამიანისთვის, რომელსაც სუიციდი აქვს გადაწყვეტილი. სხვისი დახმარებით სუიციდი საკმაოდ წინააღმდეგობრივი მოვლენაა, რადგან ის არ ეთანადება ექიმის საყოველთაოდ აღიარებულ მიზანს, გადაარჩინოს სიცოცხლე.
სუიციდი სხვისი დახმარებით აკრძალულია ყველა შტატში, ორეგონის გარდა. დანარჩენ შტატებში ექიმი ვალდებულია, პაციენტს უმკურნალოს ფიზიკური და სულიერი ტანჯვის შესამცირებლად და აკრძალული აქვს წინასწარგანზრახვით სიცოცხლის მოსპობა.