სამკურნალო რეჟიმის დაცვის ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად მიჰყვება ადამიანი ექიმის მითითებებს მედიკამენტის მიღებისას.
სამკურნალო რეჟიმის დაცვას (ანუ მკურნალობაზე დამყოლობას) საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მედიცინაში. თუმცაღა, ექიმის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანთა მხოლოდ ნახევარი იღებს გამოწერილ წამალს მითითებების მიხედვით. სამკურნალო რეჟიმის დარღვევის მრავალი, პაციენტების მიერ დასახელებული მიზეზიდან ყველაზე ხშირი გულმავიწყობაა. ამ შემთხვევაში მთავარი კითხვაა: რატომ ავიწყდებათ ადამიანებს? ზოგჯერ უარყოფის ფსიქოლოგიურ მექანიზმსაც მიუძღვის ამაში წვლილი. დაავადების გამო პაციენტები ნერვიულობენ, წამლის მიღების საჭიროება კი მუდმივად ახსენებს მათ ამას. ან კიდევ ადამიანს შეიძლება მკურნალობასთან დაკავშირებით აწუხებდეს რამე, მაგალითად, მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შიში, რაც რეჟიმის დარღვევას შეუწყობს ხელს.
ცხადია, რომ თუკი პაციენტი სამკურნალო რეჟიმს არ დაიცავს, სიმპტომები არ შემსუბუქდება და დაავადებაც ვერ განიკურნება. თუმცაღა, ამას შესაძლოა სხვა, უფრო მძიმე და ზოგჯერ საკმაოდ ცუდი შედეგებიც მოჰყვეს. რეჟიმის დაუცველობა ყოველწლიურად დაახლოებით 125000 ადამიანის სიკვდილს იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო (მაგ. გულის შეტევა ან ინსულტი). ამასთანავე, ითვლება, რომ თუკი ადამიანები სამკურნალო რეჟიმს მითითებების მიხედვით დაიცავდნენ, შესაძლებელი იქნებოდა თავიდან აგვეცილებინა მოხუცებულთა სახლში მიღების შემთხვევათა 23%, ჰოსპიტალიზაციის 10%, მრავალი ვიზიტი ექიმთან, დიაგნოსტიკური გამოკვლევები და არასაჭირო მკურნალობა.
სამკურნალო რეჟიმის დაუცველობა მხოლოდ სამედიცინო ხარჯებს კი არ ზრდის, ცხოვრების ხარისხსაც აუარესებს. მაგალითად, წამლის მიუღებლობამ შესაძლოა მხედველობის ნერვის დაზიანება და სიბრმავე გამოიწვიოს გლაუკომის დროს, ან გულის რითმის მკვეთრი დარღვევა და გულის გაჩერება ამ ორგანოს დაავადების მქონეებში, ინსულტი კი – მაღალი არტერიული წნევის გამო. ანტიბიოტიკის კურსის ჩაუმთავრებლობას კი ინფექციის ხელახალი გააქტიურება შეიძლება მოჰყვეს და ამან ასევე ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების ჩამოყალიბებას.
ბავშვებში უფრო დაბალია იმის ალბათობა, რომ მითითებისამებრ მიიღებენ დანიშნულ მედიკამენტებს (ან ზრდასრულები მითითებისამებრ მისცემენ მათ ამ წამლებს). სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე ბავშვებზე ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ იმ პატარებიდან, რომელთაც პენიცილინის 10-დღიანი კურსი ჰქონდათ დანიშნული, 56% წამალს აღარ იღებდა მესამე დღეს, 71% – მეექვსე დღეს და 82% – მეცხრე დღეს. ქრონიკული დაავადების (მაგ. პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის ან ასთმის) მქონე ბავშვებში მკურნალობაზე დამყოლობა კიდევ უფრო ძნელი მისაღწევია, რადგან მათი სამკურნალო გეგმა საკმაოდ რთული და ხანგრძლივია. ამასთანავე, ზოგჯერ საკმაოდ ძნელია ბავშვის დაყოლიება იმაზე, რომ მიიღოს ცუდი გემოს მქონე ან თითქოსდა საშიში წამალი (თვალის წვეთები ან ისეთი, რომელსაც სახის ნიღაბი ესაჭიროება), გაიკეთოს ნემსი.
ზოგჯერ მშობლები ვერ იგებენ ექიმის მითითებებს. ამასთანავე, ცნობილია, რომ მშობლებს (და პაციენტებს) ინსტრუქციების დაახლოებით ნახევარი 15 წუთში ავიწყდებათ კონსულტაციის დამთავრებიდან. მათ ყველაზე კარგად ამახსოვრდებათ ექიმთან საუბრის პირველი მესამედი და დიაგნოზთან დაკავშირებით უფრო მეტი ახსოვთ, ვიდრე მკურნალობის დეტალებზე. სწორედ ამიტომ, ექიმები ცდილობენ მკურნალობის გეგმა მარტივად აუხსნან პაციენტებს და ხშირად წერილობით მითითებებსაც აძლევენ მათ.
მიუხედავად იმისა, რომ სამკურნალო რეჟიმის დაცვაზე თავად უფროსი ასაკი არ ახდენს გავლენას, მასზე სხვა რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, რაც ხშირია მოხუცებულობაში, მაგალითად: ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვა, მრავალი წამლის მიღება და გვერდითი მოვლენების, წამალთა შორის ურთიერთქმედების რისკის გაზრდა. რამდენიმე მედიკამენტის ერთად მიღებისას პაციენტებს უჭირთ დამახსოვრება, როდის უნდა დალიონ თითოეული და ასევე, იმატებს ამ საშუალებებს შორის ურთიერთქმედების, არასასურველი ეფექტების საშიშროება. ეს განსაკუთრებით ხშირია მაშინ, როცა ადამიანი ურეცეპტოდ გაცემულ წამლებსაც იღებს. ექიმმა შეიძლება სამკურნალო რეჟიმის გამარტივებაც მოახერხოს – მაგალითად ორი ეფექტის მქონე ერთი მედიკამენტის დანიშვნით ან წამლის მიღების სიხშირის შემცირებით – რათა პაციენტს გაუადვილდეს რეჟიმის დაცვა და შემცირდეს ურთიერთქმედების რისკი.
იმის გამო, რომ მოხუცები ზოგადად უფრო მგრძნობიარენი არიან მედიკამენტების მიმართ, ვიდრე ახალგაზრდები, გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროება უფრო დიდია მათში და შესაბამისად, ზოგი წამლის უფრო დაბალი დოზით დანიშვნაა ხოლმე აუცილებელი.
პაციენტები სამკურნალო რეჟიმს უკეთესად იცავენ, თუ კარგი ურთიერთობა აქვთ ექიმთან და ფარმაცევტთან. ამის მისაღწევად ორმხრივი კომუნიკაციაა საჭირო.
კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლით იწყება. შეკითხვების დასმით ადამიანს შეუძლია, კარგად გაიგოს თავისი დაავადების სიმძიმე, გონივრულად აწონ-დაწონოს მკურნალობის დადებითი და უარყოფითი მხარეები და დარწმუნდეს, რომ სწორად ესმის მდგომარეობა. იმაზე საუბრით, თუ რა აწუხებს, პაციენტი გაიგებს, რომ დაავადების უარყოფის ან მკურნალობაზე არასწორი წარმოდგენის გამო მედიკამენტის მითითებისამებრ მიღებაც კი შეიძლება დაავიწყდეს ხოლმე, რაც არასასურველ ეფექტებს გამოიწვევს. ექიმებსა და ფარმაცევტებს შეუძლიათ, წაახალისონ მკურნალობის რეჟიმის დაცვა იმით, რომ პაციენტს გასაგებად აუხსნან, როგორ უნდა მიიღოს წამლები, რატომაა ისინი საჭირო და რას უნდა ელოდეს მკურნალობის დროს. როცა ადამიანმა იცის, რა არის მოსალოდნელი წამლის მიღების პერიოდში, კარგიც და ცუდიც, მას და მის ექიმს უფრო კარგად შეუძლიათ შეაფასონ, როგორ მოქმედებს წამალი და რაიმე პოტენციურად მძიმე პრობლემები ხომ არ ვითარდება. წერილობითი მითითებები ეხმარება პაციენტებს, თავიდან აიცილონ შეცდომები ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის ძნელად გახსენების შემთხვევაში.
კარგი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ადამიანს ერთზე მეტი ექიმი ჰყავს, რადგან ამით შესაძლებელი ხდება, ყველა სპეციალისტმა იცოდეს, რა წამლები დანიშნეს სხვებმა და საბოლოოდ შედგეს მკურნალობის ერთიანი გეგმა. ეს შეამცირებს გვერდითი მოვლენების რიცხვს, მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედების რისკს და შესაძლოა სამკურნალო რეჟიმიც კი გამარტივდეს პაციენტისთვის.
ადამიანები ზოგადად უფრო დამყოლები არიან მკურნალობაზე, თუ მის დაგეგმვაში თავადაც მონაწილეობენ. გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობით პასუხისმგებლობის ნაწილს თავად პაციენტიც იღებს, ამიტომ უფრო დიდია ალბათობა, რომ ის სამკურნალო რეჟიმს დაიცავს. პასუხისმგებლობის აღება მოიცავს იმასაც, რომ ადამიანი ჩაერთოს მკურნალობის სასარგებლო და არასასურველი ეფექტების გაკონტროლებაში, წარმოქმნილი პრობლემები განიხილოს ერთ-ერთ მკურნალ სპეციალისტთან მაინც – ექიმთან, მის დამხმარესთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან. არასასურველი გვერდითი მოვლენების შესახებ პაციენტმა ექიმს უნდა შეატყობინოს იმის ნაცვლად, რომ თავად შეცვალოს წამლის დოზა ან საერთოდ შეწყვიტოს მიღება. თუკი ადამიანს რეალური მიზეზები აქვს, რის გამოც ვერ იცავს მკურნალობის რეჟიმს და ამას აუხსნის ექიმს, ხშირად შესაძლებელი ხდება გეგმის საჭიროებისამებრ შეცვლა. კარგი იქნება, თუ ყველა პაციენტს ექნება სია, რომელ წამლებს იღებს ამჟამად და მას თან ატარებს ნებისმიერ სამედიცინო კონსულტაციაზე.
ადამიანები უფრო კარგად იცავენ სამკურნალო რეჟიმს, თუ სჯერათ, რომ მათ ექიმს ეს მართლა ადარდებს. პაციენტები უფრო კმაყოფილნი არიან სამედიცინო ზრუნვით და უფრო მოსწონთ მკურნალი სპეციალისტი, როცა იგი გულწრფელად წუხს გეგმის დარღვევის გამო და უხსნის კიდეც ამას ადამიანს. ამავდროულად, რაც უფრო მოსწონს პაციენტს ექიმი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ იგი სამკურნალო რეჟიმს დაიცავს.
ზოგჯერ უკეთესია ყველა მედიკამენტის ერთ ფარმაცევტთან შეძენა, რადგან ისინი კომპიუტერულად ინახავენ ინფორმაციას, თუ რა წამლებს იღებს ადამიანი. ამით მათ შეუძლიათ, გააკონტროლონ, რომ სხვა დასახელების იგივე წამალი არ მიიღოს პაციენტმა ან საშუალებებს შორის ურთიერთქმედების რისკი არ იყოს დიდი. მედიკამენტის ურეცეპტოდ შეძენისას საჭიროა ფარმაცევტს შეატყობინოთ, სხვა რომელ ურეცეპტო საშუალებებს ან საკვებ დანამატებს (მაგ. სამკურნალო მცენარეებს) იღებთ დამატებით. ასევე, შესაძლებელია მისგან მიიღოთ ინფორმაცია, თუ რას უნდა ელოდოთ წამლისგან, როგორ მოიხმაროთ იგი სწორად და რომელი მედიკამენტები ურთიერთქმედებს ერთმანეთთან.
ზოგი დაავადების შემთხვევაში პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებიც არსებობს. მათი შეკრებებისას ხაზი ესმება, რამდენად მნიშვნელოვანია სამკურნალო რეჟიმის დაცვა და ასევე, ადამიანები იღებენ რჩევებს, როგორ გაუმკლავდნენ ამა თუ იმ სირთულეს. მხარდამჭერი ჯგუფების სახელებისა და ტელეფონის ნომრების მოძიება ადგილობრივ საავადმყოფოში ან საზოგადოებრივი კონსულტაციის ცენტრებშია შესაძლებელი.
ზოგი მეთოდი ადამიანს შესაძლოა იმაშიც დაეხმაროს, რომ არ დაავიწყდეს წამლის მიღება. მაგალითად, შემახსენებელი ბარათები სახლში, სხვადასხვა ადგილას შეიძლება განთავსდეს ან გონებაში წამლის მიღება რამე სხვა მოქმედებას დაუკავშირდეს, თუნდაც კბილების გახეხვას. შესაძლებელია ისეთი მაჯის საათის გამოყენებაც, რომელიც აწრიპინდება მედიკამენტის დალევის დროს. ექიმს ან თავად პაციენტს შეუძლია, წამლის დოზა და მიღების დრო კალენდარზე მონიშნოს და მედიკამენტის დალევის შემდეგ შესაბამის ადგილას აღნიშნოს ეს.
ფარმაცევტები ზოგჯერ სპეციალური კონტეინერებს სთავაზობენ პაციენტებს, რომლებიც გაუადვილებს მათ წამლის მითითებისამებრ მიღებას. ერთი თვის სამყოფი ყოველდღიური დოზა შესაძლებელია ერთ ფირფიტაში შეიფუთოს და ზედ თარიღები დაეწეროს. ფირფიტის ცარიელი სათავსების მიხედვით ადამიანი უფრო ადვილად ხვდება, როდის მიიღო წამალი. ზოგჯერ ასევე იყენებენ მრავალგანყოფილებიან კოლოფებს ან ყუთებს, რომელშიც თითოეული სათავსი კვირის თითოეულ დღეს ან დღის სხვადასხვა დროს შეესაბამება. თავად პაციენტი ან მისი მომვლელი ამ სათავსებს რეგულარულად ავსებს, მაგალითად, ყოველი კვირის დასაწყისში. კოლოფის მიხედვით განისაზღვრება, რომელი აბი მიიღო უკვე ადამიანმა და რომელი არა.
არსებობს სპეციალური, კომპიუტერიზებული თავსახურის მქონე კონტეინერებიც. წამლის მიღების დროის დადგომისას ისინი ხმას გამოსცემს ან ციმციმს იწყებს. ამასთანავე, აღირიცხება, თუ რამდენჯერ გაიხსნა კონტეინერი დღეში და რამდენი საათი გავიდა წინა გახსნიდან. კიდევ ერთი ვარიანტია პეიჯერული სერვისი სპეციალური მოწყობილობით (მისი შეძენა ტელეკომუნიკაციური კომპანიებისგანაა შესაძლებელი).