სექსუალობა ადამიანის ბუნების ნაწილია. ნორმად მიჩნეული სექსუალური ქცევის ტიპები სხვადასხვა კულტურაში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ფაქტობრივად, "ნორმალური" სექსუალობის განმარტება თითქმის შეუძლებელია. არსებობს დიდი სხვაობა ადამიანების სექსუალურ ქცევაში, სახელდობრ, სექსუალური აქტივობის სიხშირეში ან სექსუალური გათავისუფლების საჭიროებაში. ზოგიერთისთვის სექსუალური აქტივობა დღეში რამდენჯერმეა სასურველი, მაშინ, როცა სხვები უფრო ნაკლები სიხშირით კმაყოფილდებიან (მაგალითად, წელიწადში რამდენიმეჯერ).
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ახალგაზრდებს უცნაურად ეჩვენებათ ასაკოვანი ადამიანების სექსუალური ინტერესები, ხანდაზმულთა უმეტესობას შენარჩუნებული აქვს სექსუალური სწრაფვა. სექსუალურ ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს (დისპარეუნია), ვაგინალური კუნთების მტკივნეული სპაზმი (ვაგინიზმი) ან ქალებში ორგაზმის პრობლემები ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუმცა, მოხსენიებულთა სიხშირე ხანდაზმულობისას უფრო მაღალია. ამ პრობლემების დიდი ნაწილის მედიკამენტებით მკურნალობა შესაძლებელია (პირველ რიგში, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებით).
ინდივიდის შეხედულებებზე სექსუალური ქცევის შესახებ მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მშობლები. თუ მშობლებს ამკრძალავი, პურიტანული დამოკიდებულება აქვთ ფიზიკური სიახლოვის მიმართ, უბრალო შეხების ჩათვლით, მათ შვილებს ზრდასრულ ასაკში შესაძლოა გაუჭირდეთ სქესობრივი ურთიერთობისას სიამოვნების მიღება, ჯანსაღი ინტიმური ურთიერთობების ჩამოყალიბება. მშობლებმა შეიძლება ზიანი მიაყენონ შვილების სქესობრივი და ემოციური სიახლოვის უნარების განვითარებას ქვემოთ ჩამოთვლილით:
საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალობის მიმართ დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ამის მაგალითებია:
მასტურბაცია: თავის დროზე განიხილავდნენ როგორც გაუკუღმართებას და ფსიქიკური აშლილობის გამომწვევ მიზეზს. ამჟამად მანძილზე მასტურბაცია ნორმალურ სქესობრივ აქტივობად ითვლება. მამაკაცთა დაახლოებით 97% და ქალების 80% მასტურბირებს; ზოგადად, მამაკაცები უფრო ხშირად მიმართავენ მასტურბაციას, ვიდრე ქალები. ბევრი ადამიანი, მიუხედავად დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ურთიერთობისა, განაგრძობს მასტურბაციას. ის ნორმად ითვლება, რეკომენდებულია როგორც უსაფრთხო სექსის ვარიანტი, მაგრამ ზოგჯერ, სხვა ადამიანების უარყოფითი დამოკიდებულების გამო, შეიძლება დანაშაულის გრძნობა, ფსიქოლოგიური დისკომფორტი გამოიწვიოს. ეს განცდები შეიძლება მნიშვნელოვანი დისტრესის მიზეზი გახდეს და სექსუალურ აქტივობაზე მოახდინოს გავლენა.
ჰომოსექსუალობა: მასტურბაციის მსგავსად ოდესღაც ჰომოსექსუალიზმიც პათოლოგიად ითვლებოდა, მაგრამ უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, ის დაავადებად აღარ მიიჩნევა, აღიარებულია როგორც სექსუალური ორიენტაცია, რომელიც ბავშვობიდან ყალიბდება. სტატისტიკის მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 4-5%-ს მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ჰომოსექსუალური ურთიერთობები აქვს; გარდა ამისა, 2-5% პერიოდულად დამატებით ამყარებს ურთიერთობებს თავისივე სქესის წარმომადგენელთან (ბისექსუალობა). მოზარდები ექსპერიმენტის სახით შეიძლება ერთსქესიან თამაშებში ჩაერთონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ, მოზრდილების მსგავსად, მყარი ინტერესი აქვთ ჰომოსექსუალური ან ბისექსუალური აქტივობის მიმართ.
ჰომოსექსუალები აცნობიერებენ, რომ მათ იზიდავთ იმავე სქესის წარმომადგენლები, ისევე, როგორც ჰეტეროსექსუალებს იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. ეს მიდრეკილება, როგორც ჩანს, ბიოლოგიური და გარემო ფაქტორების ზემოქმედების ნაზავს წარმოადგენს და არა უბრალოდ არჩევანის შედეგს. შესაბამისად, ტერმინი "სექსუალური უპირატესობის მინიჭება" (ან "სექსუალური არჩევანი") ნაკლებად მიესადაგება სექსუალურ ორიენტაციას, მიუხედავად იმისა, ორიენტაცია ჰომოსექსუალურია თუ ჰეტეროსექსუალური.
ჰომოსექსუალთა უმეტესობა კარგად ეგუება საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გაკიცხვისა და წინასწარაკვიატებული უარყოფითი განწყობის დაძლევა უწევთ. მოხსენიებულთან შეგუება დროში განფენილი პროცესია და შესაძლოა მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ სტრესთან იქნეს დაკავშირებული. ბევრი ჰომოსექსუალი ქალი და მამაკაცი აწყდება ფანატიზმს სოციალურ სიტუაციებსა და სამსახურებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სტრესს. სექსუალური ორიენტაციის (ან სავარაუდო სექსუალური ორიენტაციის) ნიადაგზე დისკრიმინაცია კვლავ ფართოდაა გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში კანონით არის აკრძალული.
ხშირი სექსუალური/სქესობრივი აქტივობა სხვადასხვა პარტნიორთან: ზოგიერთ ჰეტეროსექსუალს და ჰომოსექსუალს ხშირად აქვს სქესობრივი კონტაქტები სხვადასხვა პარტნიორთან. მოხსენიებული შეიძლება პროფესიონალთან კონსულტაციის საჭიროების მიზეზი გახდეს, ვინაიდან ბევრ სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობა გადამდები დაავადებების განვითარების საშიშროებასთან არის დაკავშირებული (აივ ინფექცია, მარტივი ჰერპესი, ჰეპატიტი, სიფილისი, გონორეა და საშვილოსნოს ყელის კიბო); გარდა ამისა, მოხსენიებულმა შეიძლება მნიშვნელოვანი სირთულეები გამოიწვიოს ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
ქორწინების გარეშე სექსი: შეერთებულ შტატებში ადამიანთა უმეტესობას აქვს სქესობრივი ურთიერთობა ქორწინებამდე. ეს ქცევა განვითარებულ ქვეყნებში მეტი სექსუალური თავისუფლებისკენ სწრაფვის არსებული ტენდენციის გამოხატულებაა. კულტურების უმეტესობაში არ არის მხარდაჭერილი დაქორწინებული ადამიანების სექსი ვინმესთან, მეუღლის გარდა, მაგრამ ასეთი ქცევა, მიუხედავად საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებისა, ხშირია. ერთ-ერთი ობიექტური პრობლემაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადების გადადება მეუღლისთვის, რომელიც არაფერს ეჭვობს.