ჰიპოგლიკემია | მკურნალი.გე
  1. ჰიპოგლიკემია
  2. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემია სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის ნორმაზე დაბლა დაცემას ნიშნავს.

  • ჰიპოგლიკემია შეიძლება დიაბეტის სამკურნალო წამლებმა, შიმშილმა, ზოგმა მძიმე დაავადებამ, ნახშირწყლებზე რეაქციამ, პანკრეასის სიმსივნემ და კუჭის ზოგმა ოპერაციამ გამოიწვიოს;

  • სისხლში შაქრის დონის დაცემა იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ოფლიანობა, დაღლილობა, სისუსტე. მძიმე ჰიპოგლიკემია კი ცნობიერების აბნევით, გულყრებითა და კომით ვლინდება;

  • დიაბეტის მქონე ადამიანებში ჰიპოგლიკემიის დიაგნოზი ეფუძნება სისხლში გლუკოზის შემცველობის დაქვეითებას და შესაბამისი სიმპტომების არსებობას;

  • ჰიპოგლიკემიის მკურნალობისთვის აუცილებელია ორგანიზმში შაქრის რაიმე ფორმით მოხვედრა;

  • შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომების გამომწვევი წამლების დოზების შემცირება.

ნორმაში ორგანიზმში სისხლის თითოეულ დეცილიტრში გლუკოზის დონე 70-110 მილიგრამის ფარგლებში ნარჩუნდება (70-110 მგ/დლ). ჰიპოგლიკემიის დროს კი ამ ნივთიერების შემცველობა ძალიან იკლებს. შაქრიანი დიაბეტის დროს გლუკოზის რაოდენობა, პირიქით, იზრდება, რასაც ჰიპერგლიკემია ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება შაქრის დონის მატებით ხასიათდება, ბევრ ადამიანს მკურნალობის ფონზე პერიოდულად, წამლების გვერდითი ეფექტის გამო, ჰიპოგლიკემიაც უვითარდება. ჰიპოგლიკემია ძალიან იშვიათია შაქრიანი დიაბეტის არმქონე მოსახლეობაში.

სისხლში გლუკოზის დონის ვარდნა მრავალი ორგანოს სისტემის ფუნქციონირებას უშლის ხელს. ამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავის ტვინი, რადგან გლუკოზა მისთვის ენერგიის ძირითადი წყაროა. სისხლში შაქრის შემცველობის ნორმის ფარგლებს ქვემოთ დაცემას ტვინი სხვადასხვა ორგანოს სტიმულირებით პასუხობს: თირკმელზედა ჯირკვლებმა ეპინეფრინი (ადრენალინი) და კორტიზოლი უნდა გამოიმუშაონ, კუჭქვეშა ჯირკვალმა გლუკაგონი, ჰიპოფიზმა კი – ზრდის ჰორმონი. ყველა ამ ნივთიერების მოქმედება ღვიძლიდან გლუკოზის სისხლში გამოთავისუფლებას იწვევს.

მიზეზები

წამლები: ჰიპოგლიკემია შემთხვევათა უმრავლესობაში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ვითარდება და ამის მიზეზი სისხლში შაქრის დონის დასაწევად მიღებული ინსულინის ან სხვა წამლების (მაგ. სულფონილშარდოვანას წარმოებულების) მოქმედებაა. ინსულინის გაკეთების შემდეგ განვითარებულ ჰიპოგლიკემიას პაციენტები ზოგჯერ "ინსულინზე რეაქციას" ან "კანკალს" ეძახიან. აღნიშნული გართულება ხშირია სისხლში შაქრის დონის მკაცრად, ზედმიწევნით ნორმის ფარგლებში გაკონტროლების მცდელობისას. ჰიპოგლიკემიის რისკი ასევე უფრო მეტია წონის დაკლების მიზნით დიეტის დაცვის ან თირკმლის უკმარისობის დროს. სულფონილშარდოვანას წარმოებულების მიღებისას შაქრის დონის დაცემა მოხუცებში უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდებში.

დიაბეტის სამკურნალო წამლის დალევის ან გაკეთების შემდეგ, ჩვეულზე უფრო ნაკლები საკვების მიღების ან მეტი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში, მედიკამენტმა სისხლში გლუკოზის შემცველობა შეიძლება ზედმეტად დააქვეითოს. მსგავს სიტუაციებში ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი უფრო მეტია მძიმე დიაბეტის ხანგრძლივად არსებობისას, რადგან ორგანიზმში საკმარისად არ წარმოიქმნება გლუკაგონი ან ეპინეფრინი (ადრენალინი). ორგანიზმში გამოთავისუფლებული ამ ორი ჰორმონის რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მათ ჰიპოგლიკემიის გამოსწორება შეძლონ.

სისხლში შაქრის დონის დაცემას, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების გარდა, მრავალი სხვა წამალიც იწვევს. მათ შორისაა პენტამიდინი, რომელიც შიდსით დაავადებულებში ფილტვების ანთების ერთ-ერთი სახის დროს ინიშნება და ქინინი, რომელიც კუნთების კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოიყენება ხოლმე.

წამლით გამოწვეული ჰიპოგლიკემიის იშვიათი სახე ვითარდება იმ ადამიანებში, რომლებიც ინსულინს ან სხვა მედიკამენტებს ჩუმად იღებენ ფსიქიკური დაავადების, მაგ., მიუნჰაუზენის სინდრომის გამო.

შიმშილი: ჯანმრთელ ადამიანებში ხანგრძლივი შიმშილი (რამდენიმედღიანიც კი) და ხანგრძლივი, მძიმე ფიზიკური ვარჯიში (შიმშილის შემდეგაც კი) ნაკლებად იწვევს ჰიპოგლიკემიას.

თუმცა, არსებობს რამდენიმე დაავადება და მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმს რაღაც დროის განმავლობაში შიმშილის შემდეგ აღარ შეუძლია სისხლში შაქრის დონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნება (ე.წ. შიმშილის ჰიპოგლიკემია). იმ ადამიანებში, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს საკვების გარეშე იღებენ, ალკოჰოლმა შეიძლება ღვიძლში შენახული გლუკოზის სისხლში გამოთავისუფლება დათრგუნოს. ღვიძლის დაავადების, მაგ., ვირუსული ჰეპატიტის, ციროზის ან ავთვისებიანი სიმსივნის დროს ამ ორგანოში შაქარი შეიძლება საკმარისი რაოდენობით ვერ მომარაგდეს. ჩვილებსა და ბავშვებს, რომელთაც გლუკოზის მოხმარების ფერმენტულ სისტემაში რაიმე დარღვევა აქვთ, შიმშილის დროს ასევე შეიძლება განუვითარდეთ ჰიპოგლიკემია.

ჰიპოგლიკემიის ამ სახის იშვიათი მიზეზია კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე, რომელიც დიდი რაოდენობით ინსულინს გამოიმუშავებს. ზოგ ადამიანში ავტოიმუნური დაავადება ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ინსულინის გამოყოფის დარღვევით ან რაიმე სხვა გზით. პათოლოგიები, რომლებიც ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონების ნაკლებობას იწვევენ (ყველაზე ხშირად ადისონის დაავადება) ასევე შეიძლება გახდეს ჰიპოგლიკემიის მიზეზი. ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს სხვა მძიმე დაავადებების, მაგ., თირკმლების ან გულის უკმარისობის, ავთვისებიანი სიმსივნისა და შოკის დროსაც, განსაკუთრებით კი იმ ადამიანში, ვისაც შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო მკურნალობა უტარდება.

ჭამის შემდგომი რეაქცია: ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღებაც, როცა ორგანიზმი რატომღაც უფრო მეტ ინსულინს გამოიმუშავებს, ვიდრე საჭიროა. თუმცა, ასეთი რეაქცია, ალბათ, იშვიათია. ზოგჯერ სისხლში შაქრის დონე ნორმაშია, მაგრამ ადამიანებს უვითარდებათ სიმპტომები, რომლებიც ჰიპოგლიკემიის გამოვლინებებში შეიძლება აგვერიოს.

კუჭის ზოგი ოპერაციის, მაგ., მისი ნაწილის ამოკვეთის შემდეგ, საკვებით მიღებული შაქარი ძალიან სწრაფად შეიწოვება, რაც ინსულინის ჭარბად გამოყოფას იწვევს. ამის გამო შესაძლოა ჰიპოგლიკემია განვითარდეს. ზოგი სახის შაქრის (ფრუქტოზა და გალაქტოზა) და ამინმჟავების (ლეიცინი) მონელების პრობლემის მქონე ადამიანებში ჰიპოგლიკემიის მიზეზი ამ ნივთიერებების შემცველი საკვების მიღებაც შეიძლება იყოს.

სიმპტომები

ჰიპოგლიკემიის სიმპტომები იშვიათად ვითარდება, სანამ სისხლში შაქრის დონე 60 მილიგრამ/დეცილიტრზე ქვემოთ არ ჩამოვა. ზოგჯერ გამოვლინებები ოდნავ უფრო მაღალ მაჩვენებელზეც ვითარდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გლუკოზის შემცველობა უცებ დაეცა. ზოგ ადამიანს კი სიმპტომები მანამ არ აქვს, სანამ შაქრის დონე ბევრად უფრო დაბლა არ დაიწევს.

ორგანიზმი ჰიპოგლიკემიას პირველ რიგში თირკმელზედა ჯირკვლებიდან ეპინეფრინის (ადრენალინის) გამოყოფით პასუხობს. ეს ჰორმონი დამარაგებული გლუკოზის გამოთავისუფლებას და შფოთვის შეტევის მსგავს სიმპტომებს (ოფლიანობას, აგზნებას, კანკალს, გონების კარგვას, გულის ფრიალსა და შიმშილის შეგრძნებას) იწვევს. უფრო მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს ტვინისთვის გლუკოზის მიწოდება ირღვევა, რაც ვლინდება თავბრუხვევით, დაღლილობით, სისუსტით, თავის ტკივილით, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, ცნობიერების აბნევით, სიმთვრალის მსგავსი, შეუსაბამო ქცევით, გაურკვეველი მეტყველებით, მხედველობის დაბინდვით, გულყრებითა და კომით.

მძიმე და ხანგრძლივმა ჰიპოგლიკემიამ თავის ტვინი შეიძლება სამუდამოდ დააზიანოს. სიმპტომები შესაძლოა უეცრად ან ნელ-ნელა გამოვლინდეს, დაიწყოს მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნებით და რამდენიმე წუთში გადაიზარდოს ცნობიერების მძიმე აბნევაში ან პანიკაში. ზოგჯერ იმ ადამიანებს, რომელთაც დიაბეტი დიდი ხანია აქვთ (განსაკუთრებით თუ დაავადება კარგადაა მართული), აღარ შეუძლიათ ჰიპოგლიკემიის ადრეული სიმპტომები იგრძნონ, ამიტომ მათში გონების დაკარგვა და კომა ფაქტობრივად გაუფრთხილებლად შეიძლება განვითარდეს.

კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულინწარმომქმნელი სიმსივნის დროს სიმპტომები ხშირად დილით ადრე, ღამის შიმშილის შემდეგ ვითარდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სისხლში შაქრის დონე საუზმემდე ვარჯიშის გამო დაქვეითდება. თავიდან ამ სიმსივნით დაავადებულებს ჰიპოგლიკემია იშვიათად აღენიშნებათ. თუმცა, თვეებისა და წლების შემდეგ, ეს მდგომარეობა უფრო და უფრო ხშირდება და მძიმდება.

დიაგნოზი

ექიმმა შეიძლება ჰიპოგლიკემიის არსებობაზე ეჭვი მიიტანოს, როცა დიაბეტის მქონე ადამიანი დამახასიათებელ სიმპტომებს აღწერს. დიაგნოზი დასტურდება ჰიპოგლიკემიის სიმპტომების ფონზე სისხლში შაქრის ნაკლებობის აღმოჩენით.

ჯანმრთელ ადამიანში, რომელსაც დიაბეტი არ აქვს, ჰიპოგლიკემიის დადგენა შეიძლება სიმპტომებზე, სამედიცინო ისტორიაზე, გასინჯვისა და მარტივი ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით.

ექიმები პირველ რიგში სისხლში შაქრის დონეს საზღვრავენ. გლუკოზის ნაკლებობა ჰიპოგლიკემიის დამახასიათებელ სიმპტომებთან ერთად ადასტურებს დიაგნოზს ჯანმრთელ, დიაბეტის არმქონე ადამიანში, განსაკუთრებით მაშინ, როცა შესაბამისი სიმპტომებისა და შაქრის დონის დაცემის შეუღლება რამდენჯერმე აღინიშნა. თუკი შაქრის მიღებიდან რამდენიმე წუთში გლუკოზის შემცველობის მატებასთან ერთად ზემოხსენებული გამოვლინებები გაქრა, დიაგნოზი კიდევ ერთხელ დასტურდება.

როცა დიაბეტის არმქონე ადამიანში კავშირი სიმპტომებსა და სისხლში შაქრის დონეს შორის გაურკვეველია, მაშინ დამატებითი კვლევები შეიძლება გახდეს საჭირო. ხშირად, მომდევნო ნაბიჯია სისხლში შაქრის დონის გაზომვა ღამის განმავლობაში შიმშილის შემდეგ, რომელიც ტარდება საავადმყოფოში ან სხვა პირობებში, სადაც ზედმიწევნითი მეთვალყურეობაა შესაძლებელი. ზოგჯერ კიდევ უფრო მოცულობითი კვლევების ჩატარება ხდება საჭირო.

თუკი, სავარაუდოა, რომ ჰიპოგლიკემიის მიზეზი წამალია, მაგ., პენტამიდინი ან ქინინი, იგი მოიხსნება და სისხლში გლუკოზა ისაზღვრება, რათა დადგინდეს, იზრდება თუ არა შაქრის დონე. როცა მიზეზი მაინც უცნობი რჩება, სხვა ლაბორატორიული კვლევებიც ტარდება.

როცა ეჭვი ინსულინწარმომქმნელ სიმსივნეზე მიაქვთ, სისხლში ინსულინის დონეს საზღვრავენ ხანგრძლივი შიმშილის (ზოგჯერ 72-საათის განმავლობაში) შემდეგ. თუ ზემოხსენებული კვლევის შედეგები სიმსივნეზე მიუთითებს, მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა მისი ადგილმდებარეობა უნდა დაადგინოს.

მკურნალობა

ჰიპოგლიკემიისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა აუცილებლად თან უნდა ატარონ მათი ჯანმრთელობის პრობლემის ამსახველი საიდენტიფიკაციო საშუალება, რათა გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში სპეციალისტებმა დროულად შეიტყონ ამის შესახებ.

სიმპტომები: ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ქრება შაქრის რაიმე ფორმით მიღებიდან რამდენიმე წუთში: ტკბილეულობის მირთმევის, გლუკოზის აბების ან ტკბილი სასმლის, მაგ., ერთი ჭიქა ხილის წვენის დალევის შემდეგ. თუკი სისხლში შაქრის დონე ხშირად ეცემა, განსაკუთრებით კი დიაბეტის მქონე პირებში, უმჯობესია გლუკოზის აბების თან ტარება, რადგან ისინი მალე იწყებს მოქმედებას და მათში შაქრის შემცველობა მუდმივია. ჰიპოგლიკემიის დროს, იმის მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტი აქვს თუ არა ადამიანს, შაქრის მიღების შემდეგ კარგია ისეთი საკვების მირთმევა, რომელიც ნახშირწყლების უფრო ხანგრძლივ წყაროს შეიცავს (მაგ. პური ან მშრალი ორცხობილა). როცა ჰიპოგლიკემია მძიმე და გახანგრძლივებულია, ან ადამიანს რაიმე ტკბილის შეჭმა თუ დალევა არ შეუძლია, ექიმებს ტვინის დაზიანების თავიდან ასაცილებლად გლუკოზა ვენაში შეჰყავთ.

მათ, ვინც იციან რომ მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, გლუკაგონი თან უნდა ატარონ ისე, რომ ეს წამალი გადაუდებელ შემთხვევებში ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. გლუკაგონის შეყვანა ღვიძლიდან დიდი რაოდენობით შაქრის გამოთავისუფლებას ასტიმულირებს. ის ინექციით კეთდება და 5-15 წუთში სისხლში გლუკოზის დონეს ნორმამდე აღადგენს. არსებობს გლუკაგონის სპეციალური ნაკრებები, რომელთა გამოყენებაც საკმაოდ ადვილია და ამ წამლის შეყვანის სწავლა პაციენტის ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ.

მიზეზი: თუკი ჰიპოგლიკემიის მიზეზი რაიმე მედიკამენტია, მისი დოზა ან თავად პრეპარატი იცვლება. ინსულინწარმომქმნელი სიმსივნეები ქირურგიულად უნდა ამოიკვეთოს. თუმცა, იმის გამო, რომ ეს სიმსივნეები, როგორც წესი, პატარა და ძნელი საპოვნელია, ოპერაცია სპეციალისტმა უნდა გააკეთოს. ქირურგიულ ჩარევამდე სიმპტომების შესამსუბუქებლად შესაძლოა დაინიშნოს წამლები, მაგ. ოქტრეოტიდი ან დიაზოქსიდი. ზოგჯერ ორგანიზმში ერთზე მეტი სიმსივნეა და თუ ქირურგი ყველა მათგანს ვერ იპოვის, შესაძლოა მეორე ოპერაციის გაკეთებაც გახდეს საჭირო.

დიაბეტის არმქონე, მაგრამ ჰიპოგლიკემიისკენ მიდრეკილ ადამიანებს ამ დარღვევის თავიდან აცილება შეუძლიათ ხშირი წახემსებით, დღეში სამჯერადი კვების ნაცვლად. "რეაქტიული ჰიპოგლიკემიის" შემთხვევაში, როცა სიმპტომები ჭამის შემდეგ ვითარდება, პაციენტებს ურჩევენ, ნაკლები ნახშირწყლები მიიღონ, განსაკუთრებით კი მარტივი შაქრები. თუმცა ამ მიდგომის ეფექტურობა უცნობია.