მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების სინდრომები | მკურნალი.გე
  1. მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების სინდრომები
  2. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების სინდრომები

მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების სინდრომები იშვიათი, გენეტიკური დაავადებებია, რომლის დროსაც რამდენიმე ენდოკრინულ ჯირკვალში ვითარდება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანინ სიმსივნეები ან ეს ორგანოები მათში წარმონაქმნების გაჩენის გარეშე იზრდება ზომაში.

  • მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების სინდრომებს გენეტიკური მუტაციები იწვევს, ასე რომ, მათ ოჯახური მემკვიდრეობა ახასიათებს;

  • სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ჯირკვლებია დაზიანებული;

  • მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების სინდრომით დაავადებულთა ოჯახის წევრებს მუტაციების აღმოსაჩენად შეიძლება გენეტიკური სკრინინგი ჩაუტარდეთ;

  • ეს სინდრომები არ იკურნება, მაგრამ ექიმები თითოეულ ჯირკვალში განვითარებულ პათოლოგიას ოპერაციით ან წამლებით მკურნალობენ, რათა დაარეგულირონ ჰორმონების ჭარბი წარმოქმნა.

მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების სინდრომები შეიძლება ჩვილობაშიც გამოვლინდეს და 70 წლის ასაკშიც. თითქმის ყველა მათგანი გენეტიკურია. ამ სინდრომების სამი სახე არსებობს: 1-ლი ტიპი, 2ა ტიპი და 2ბ ტიპი; თუმცა, ზოგჯერ პაციენტს რამდენიმე ტიპის შესაბამისი მდგომარეობა ერთდროულად აღენიშნება. სიმსივნეები ან პათოლოგიურად დიდი ზომის ჯირკვლები (ჰიპერპლაზია), როგორც წესი, ჭარბად გამოიმუშავებენ ჰორმონებს. მიუხედავად იმისა, რომ სიმსივნე ან ჰიპერპლაზია რამდენიმე ორგანოში შეიძლება ერთდროულად განვითარდეს, უხშირესად ცვლილებები სხვადასხვა ორგანოში დროთა განმავლობაში აღმოცენდება.

მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის სინდრომებს გენეტიკური მუტაციები იწვევს. აღმოჩენილია ერთი გენი, რომლის დეფექტის გამოც დაავადების პირველი ტიპი ვითარდება. 2ა და 2ბ ტიპების შემთხვევაში კი მუტაცია სხვა გენში ჩნდება.

ტიპები

პირველი ტიპი: მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების პირველი ტიპის დროს სიმსივნე ან ჯირკვლის ჭარბი ზრდა და აქტივობა ვითარდება ჩამოთვლილთაგან ორ ან მეტ ორგანოში:

  • ფარისებრახლო ჯირკვლებში (ფარისებრი ჯირკვლის უკან მდებარე ჯირკვლებში)

  • კუჭქვეშა ჯირკვალში

  • ჰიპოფიზში

  • ფარისებრ ჯირკვალში (უფრო იშვიათად)

  • თირკმელზედა ჯირკვლებში (უფრო იშვიათად)

დაავადების პირველი ტიპის მქონე თითქმის ყველა ადამიანს აქვს ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნე, უმრავლესობას – კეთილთვისებიანი; თუმცა, სიმსივნეები ჯირკვალში პარათირეოიდული ჰორმონების ჭარბად გამომუშავებას განაპირობებენ (ვითარდება ჰიპერპარათირეოიდიზმი). პარათჰორმონის სიჭარბე სისხლში კალციუმის დონის მატებას იწვევს, რაც ზოგჯერ თირკმლებში კენჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.

სინდრომის პირველი ტიპით დაავადებულთა უმრავლესობას კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონწარმომქმნელი უჯრედების (კუნძულების უჯრედების) სიმსივნეებიც უვითარდება. მათგან ზოგიერთი დიდი რაოდენობით ინსულინს წარმოქმნის და ამიტომ, სისხლში შაქრის დონე ეცემა, ანუ ჰიპოგლიკემია ვითარდება, განსაკუთრებით რამდენიმესაათიანი შიმშილის შემდეგ. კუნძულების უჯრედების სიმსივნეთა ნახევარზე მეტი ჭარბად წარმოქმნის გასტრინსაც, რომელიც კუჭში დიდი რაოდენობით მჟავას გამოყოფას იწვევს. ამის გამო ხშირია პეპტიური წყლული და სისხლდენა, პერფორაცია ანუ კუჭის შიგთავსის გადასვლა მუცლის ღრუში ან კუჭის გასავლის დახშობა. მაღალი მჟავიანობა ხელს უშლის პანკრეასის ფერმენტების მუშაობასაც, რაც დიარეასა და ცხიმიანი, უსიამოვნო სუნის მქონე განავლის გამოყოფას იწვევს (სტეატორეა). კუნძულების უჯრედების დანარჩენი სიმსივნეები შესაძლოა სხვა ჰორმონებს წარმოქმნიდეს, მაგ., ნაწლავურ ვაზოაქტიურ პეპტიდს, რომელსაც მძიმე დიარეისა და გაუწყლოვნების გამოწვევა შეუძლია. ზოგი სიმსივნე საერთოდ არ წარმოქმნის ჰორმონებს.

კუნძულების უჯრედების სიმსივნეთა ნაწილი ავთვისებიანია და სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელების (მეტასტაზირების) უნარი აქვს. ისინი უფრო ნელა იზრდება, ვიდრე პანკრეასში განვითარებული სხვა სიმსივნეები.

სინდრომის პირველი ტიპით დაავადებულთა უმრავლესობას ასევე აქვს ჰიპოფიზის სიმსივნეც. ზოგიერთი წარმონაქმნი ჰორმონ პროლაქტინს გამოიმუშავებს, რაც მენსტრუაციული ციკლის მოშლასა და ზოგჯერ რძის გამოყოფასაც იწვევს ქალებში, მამაკაცებში კი – ერექციულ დისფუნქციას (იმპოტენციას) განაპირობებს. ზოგი სიმსივნე ზრდის ჰორმონს წარმოქმნის, რაც აკრომეგალიის მიზეზი ხდება. ჰიპოფიზის სიმსივნეების მცირე ნაწილი კორტიკოტროპინს გამოიმუშავებს. ეს ჰორმონი თირკმელზედა ჯირკვლების ზედმეტ სტიმულაციასა და კორტიკოსტეროიდების სიჭარბეს ანუ კუშინგის სინდრომს იწვევს. ჰიპოფიზის სიმსივნეები იშვიათად სულაც არ წარმოქმნიან ჰორმონებს. ზოგი მათგანი ტვინის ახლოს მდებარე ნაწილებზე ზეწოლის გამო თავის ტკივილს, მხედველობის დარღვევასა და ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითებას იწვევს.

დაავადების მეორე ტიპის დროს ზოგჯერ ფარისებრი ან თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნეები ან ჭარბი ზრდა ვითარდება. ადამიანთა მცირე ნაწილს სიმსივნის განსაკუთრებული სახე, კარცინოიდი აქვს. ზოგჯერ კანქვეშ რბილი, კეთილთვისებიანი ცხიმოვანი წარმონაქმნები, ანუ ლიპომები ვითარდება.

2ა ტიპი: მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების მეორე ტიპის დროს სიმსივნე ან ჯირკვლის ჭარბი ზრდა და აქტივობა ვითარდება ჩამოთვლილთაგან ორ ან სამ ორგანოში:

  • ფარისებრი ჯირკვალი

  • თირკმელზედა ჯირკვლები

  • ფარისებრახლო ჯირკვლები

ამ სინდრომის დროს ზოგჯერ ასევე ვითარდება კანის ამილოიდური ლიქენი, რომელსაც ქავილი ახასიათებს.

2ა ტიპის სინდრომით დაავადებულებში თითქმის ყველას აქვს ფარისებრი ჯირკვლის მედულური კარცინომა (იხ. გვ. 1099). მათგან 50%-ში ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა – იხ. გვ. 1105) და მისი გამომუშავებული ეპინეფრინისა და სხვა ნივთიერებების გამო არტერიული წნევა იმატებს. ეს შესაძლოა პერიოდულად მოხდეს ან მუდმივად გაზრდილი იყოს წნევა და ხშირად საკმაოდ მაღალ ციფრებამდეც კი.

2ა ტიპის დაავადების დროს ზოგჯერ ფარისებრახლო ჯირკვლებიც ზედმეტად აქტიურია, ამიტომ სისხლში კალციუმის დონე იმატებს და შედეგად თირკმლის კენჭებიც წარმოიქმნება. სხვა შემთხვევაში ფარისებრახლო ჯირკვლები უბრალოდ შეიძლება ზომაში გაიზარდოს, პარათჰორმონის ჭარბად გამომუშავების გარეშე, შესაბამისად, ამ დროს კალციუმის რაოდენობის მატებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ვითარდება.

2ბ ტიპი: მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების 2ბ ტიპი მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის მედულურ კარცინომას, ფეოქრომოციტომასა და ნერვების გარშემო სიმსივნური წარმონაქმნების (ნევრომების) გაჩენას. დაავადების ამ სახის მქონე ზოგ ადამიანს მისი ოჯახური ისტორია არ აღენიშნება. მათში სინდრომი გენის ახლად გაჩენილი დეფექტის ანუ მუტაციის გამო ვითარდება. ფარისებრი ჯირკვლის მედულური კარცინომა 2ბ ტიპის დროს უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება და 3 თვის ჩვილებშიც კია ნანახი. სიმსივნე ამ სინდრომის შემთხვევაში კიდევ უფრო სწრაფად იზრდება და ვრცელდება, ვიდრე 2ა ტიპის დაავადების დროს.

პაციენტთა უმრავლესობას ნევრომები ლორწოვან გარსებზე უვითარდება. ისინი მბრწყინავი ამობორცულობის სახით ვლინდება ტუჩებზე, ენასა და პირის ღრუს ამომფენ ლორწოვანზე. ნევრომები ქუთუთოებსა და თვალების ზედაპირზეც შეიძლება განვითარდეს, კონიუნქტივისა და რქოვანას ჩათვლით. ქუთუთოები და ტუჩები შესაძლოა გასქელდეს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები შეკრულობასა და დიარეას იწვევს. ზოგჯერ მსხვილი ნაწლავი ზომაში იზრდება, ფართოვდება, რასაც მეგაკოლონი ეწოდება. ეს პათოლოგიები, სავარაუდოდ, ნაწლავების ნერვებში წარმოქმნილი ნევრომების გამო ვითარდება.

2ბ ტიპის სინდრომის დროს ხშირად გვხვდება დარღვევები ხერხემლის მხრივ, კერძოდ მისი გამრუდება. დაავადებულებს შესაძლოა ასევე აღენიშნებოდეთ ტერფებისა და ბარძაყის ძვლის პათოლოგიები. მრავალ მათგანს აქვს გრძელი კიდურები და ზედმეტად მოქნილი სახსრები. ამ დარღვევებიდან ზოგიერთი მარფანის სინდრომის დროს განვითარებული ცვლილებების მსგავსია.

დიაგნოზი

მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების თითოეული ტიპის შემთხვევაში არსებობს კვლევები გამომწვევი გენეტიკური ცვლილებების აღმოსაჩენად. ექიმები მათ იმ შემთხვევაში ნიშნავენ, თუ ადამიანს ამ სინდრომებისთვის დამახასიათებელი სიმსივნეები აქვს ან მის ოჯახში ვინმეს უკვე დაესვა ეს დიაგნოზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებულთა ოჯახის წევრების სკრინინგი, რადგან მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების მქონე ადამიანთა შვილების ნახევარს ეს პათოლოგია მემკვიდრეობით გადაეცემა.

მკურნალობა

მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების არც ერთი ფორმა არ იკურნება. ექიმები თითოეულ ჯირკვალში არსებულ პათოლოგიას ცალ-ცალკე მკურნალობენ. თუ შესაძლებელია, სიმსივნე ქირურგიულად ამოიკვეთება. როცა ეს ვერ ხერხდება (ან ოპერაციის წინ), ექიმები ჯირკვლის ჭარბი აქტივობით გამოწვეული ჰორმონული დარღვევების გამოსასწორებლად წამლებს ნიშნავენ. თუკი ენდოკრინულ ჯირკვალში სიმსივნე არ არის, იგი მხოლოდ ზომაშია გაზრდილი და დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონებს, ამ ჯირკვლის მოქმედების დამთრგუნავი წამლები ინიშნება.

ფარისებრი ჯირკვლის მედულური კარცინომა მკურნალობის გარეშე სასიკვდილოა. ამიტომ ხშირად, გენეტიკური კვლევებით 2ა ან 2ბ ტიპის სინდრომების დიაგნოსტირების შემთხვევაში, ექიმები თვლიან, რომ ფარისებრი ჯირკვალი პროფილაქტიკის მიზნით უნდა ამოიკვეთოს. ეს მაშინაც კი აუცილებელია, თუ მედულური კარცინომის არსებობა ჯერ არ დადასტურებულა. ფარისებრი ჯირკვლის სხვა კარცინომებისგან განსხვავებით ამ აგრესიული სიმსივნის სამკურნალოდ რადიოაქტიური იოდი არ გამოდგება. ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ ადამიანმა მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა მიიღოს მისი ჰორმონები. ფეოქრომოციტომებიც ქირურგიული წესით იჭრება მას შემდეგ, რაც პაციენტის არტერიული წნევა შესაბამისი წამლებით დარეგულირდება.