სისხლის დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი | მკურნალი.გე
  1. სისხლის დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
  2. სისხლის დაავადებები
სისხლის დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი

დაავადებებს, რომლებიც სისხლის უჯრედებში არსებული ან შედედებისთვის და იმუნური სისტემის მოქმედებისთვის საჭირო ცილების ფუნქციის დარღვევას იწვევს, სისხლის, ანუ ჰემატოლოგიური დაავადებები ეწოდება. მათ დასადგენად ლაბორატორიული კვლევებია საჭირო, პირველ რიგში სისხლის ანალიზი. ამისათვის სისხლის ნიმუშს ნემსითა და შპრიცით იღებენ ან ვენიდან, ან ჩხვლეტით – მეოთხე თითის პირველი ფალანგის რბილობის წვერიდან. ზოგჯერ ძვლის ტვინის გამოკვლევაც ხდება აუცილებელი, ვინაიდან სისხლის უჯრედები სწორედ აქ წარმოიშობა.

სიმპტომები

სისხლის დაავადებების სიმპტომები ხშირად ზოგადი და არასპეციფიკურია, ანუ შეიძლება თითქმის ნებისმიერი ორგანოს პათოლოგიის დროს შეგვხვდეს. იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს რომელიმე ერთი სიმპტომი, რომელიც უტყუარად მიუთითებს სისხლის დაავადების არსებობაზე, სიმპტომთა ჯგუფის შეფასებით შესაძლებელია სისხლის დაავადებაზე ეჭვის მიტანა. სიმპტომების ასეთი ერთობლიობები ყველაზე ხშირად სისხლის უჯრედების, სახელდობრ, ერითროციტების (ანემია) ლეიკოციტების (ლეიკოპენია) ან თრომბოციტების (თრომბოციტოპენია) რაოდენობის შემცირებას უკავშირდება. მაგალითად, თუ ადამიანს დაღლილობა, სისუსტე და ქოშინი აწუხებს, მიზეზი შესაძლოა ანემია იყოს. ცხელებისა და ინფექციის დროს ზოგჯერ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობაა შემცირებული, ზომაგადასული სისხლდენისა და სისხლჩაქცევების შემთხვევაში კი – თრომბოციტების.

ზოგჯერ სიმპტომები უჯრედების რიცხვის გაზრდით არის შეპირობებული. მაგალითად, ლეიკოციტების ან ერითროციტების სიჭარბით (პოლიციტემიის) გამოწვეული სისხლის გასქელების (სიბლანტის მომატების) დროს ქოშინი, თავის ტკივილი, თავბრუხვევა და გაბრუება აღინიშნება. სისხლი შესაძლოა იმუნური სისტემის ცილების ჭარბად წარმოქმნის გამოც გასქელდეს, მაგალითად, მრავლობითი მიელომის დროს.

დასასრულ, სისხლის ნორმალური შედედებისთვის საჭირო ფაქტორების (შედედების ფაქტორების) ნაკლებობამ შეიძლება შედედების პროცესის დარღვევა გამოიწვიოს (ვლინდება სისხლჩაქცევებითა და ზომაგადასული სისხლდენით, კანზე მცირე ზომის წითელი ან იისფერი წერტილების გაჩენით) ან პირიქით, ზედმეტად გააძლიეროს შედედება (ამ დროს ფეხებზე ცხელი, მტკივნეული უბნები ჩნდება, ვლინდება სუნთქვის უეცარი გაძნელება და ტკივილი გულმკერდში ან ორივე). ეს გართულებები იმიტომ ვითარდება, რომ ან ორგანიზმი შედედებისთვის საჭირო ფაქტორებს საკმარისი რაოდენობით ვერ წარმოქმნის, ან ისინი პათოლოგიურია, ან ზედმეტად სწრაფად იხარჯება.