სისხლის გადასხმა ნიშნავს ერთი ადამიანის (დონორი) სისხლის ან სისხლის შემადგენელი ნაწილის გადასხმას მეორისთვის (რეციპიენტი).
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად სისხლის გადასხმის პროცედურა 29 მილიონჯერ ტარდება. გადასხმა საჭიროა იმისთვის, რომ გაიზარდოს სისხლის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარი, აღდგეს სისხლის მოცულობა, გაუმჯობესდეს იმუნიტეტი და გამოსწორდეს შედედების დარღვევები. რეციპიენტები, როგორც წესი, არიან საავტომობილო კატასტროფის შედეგად დაზიანებული ადამიანები ან პაციენტები, რომელთაც ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ან ავთვისებიანი სიმსივნის (მაგალითად, ლეიკემიის), ან სხვა დაავადების სამკურნალოდ (მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, თალასემიის) ესაჭიროებათ სისხლის გადასხმა. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაცია (FDA) მკაცრად არეგულირებს სისხლისა და მისი შემადგენელი ნაწილების აღების, შენახვისა და ტრანსპორტირების წესებს. ეს რეგულაციები იმისთვისაა შემუშავებული, რომ დაცული იქნეს როგორც დონორი, ასევე რეციპიენტი. დამატებითი წესებით ხელმძღვანელობენ მრავალ შტატში, ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანიზაციებში, ამერიკის წითელი ჯვრის ორგანიზაციებში და ამერიკის სისხლის ბანკების ასოციაციის დაწესებულებებში. სწორედ ამის გამო, ქვეყანაში სისხლის ჩაბარება და გადასხმა უსაფრთხოა. თუმცა, ალერგიული რეაქციის, ცხელებისა და შემცივნების, სისხლის ზედმეტი მოცულობის, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების ალბათობა ყოველთვის არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მცირეა შიდს-ის, ჰეპატიტისა და სხვა ინფექციების გადადების რისკი სისხლის გადასხმით, ექიმები მაინც სიფრთხილეს იჩენენ და გადასხმას მხოლოდ მაშინ ნიშნავენ, როცა სხვა გამოსავალი არ არის.