ანემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლის წითელი უჯრედების ან მათში ჰემოგლობინის (ჟანგბადის გადამტანი ცილა) რაოდენობა შემცირებულია.
სისხლის წითელი უჯრედები შეიცავს ჰემოგლობინს, ცილას, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს ფილტვებიდან სხეულის ყველა ნაწილში. როცა ერითროციტების რაოდენობაა შემცირებული ან ერითროციტებში ჰემოგლობინის შემცველობაა დაქვეითებული, სისხლს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა ვეღარ გადააქვს. სწორედ ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდების უკმარისობა იწვევს ანემიის დამახასიათებელ სიმპტომებს.
ანემიის მიზეზები მრავალრიცხოვანია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი სამ ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული, სახელდობრ:
ანემია შესაძლოა ზომაგადასულმა სისხლდენამ გამოიწვიოს. სისხლდენა ზოგჯერ მწვავედ ვითარდება, მაგალითად, ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის დროს. უფრო ხშირად სისხლდენა თანდათან ან ხანგამოშვებით ვლინდება, საჭმლის მომნელებელი ან საშარდე გზების დაავადებების, ჭარბი მენსტრუაციული სისხლდენის დროს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სხეულში რკინის ნაკლებობა ვითარდება, რაც ანემიას კიდევ უფრო აღრმავებს.
ანემია სისხლის წითელი უჯრედების არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს. ერითროციტების წარმოქმნისთვის ბევრი ნივთიერებაა საჭირო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია რკინა, B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა; ასევე აუცილებელია მცირე რაოდენობით C ვიტამინი, რიბოფლავინი და სპილენძი, ჰორმონების გარკვეული რაოდენობა, განსაკუთრებით ერითროპოეტინისა, რომელიც ერითროციტების წარმოქმნას ასტიმულირებს. ამ ნივთიერებების გარეშე სისხლის წითელი უჯრედები ნელა და არასაკმარისი რაოდენობით წარმოიშობა ან ფორმაშეცვლილია, ვერ გადააქვს ჟანგბადი. ერითროციტების წარმოქმნაზე გავლენას ქრონიკული დაავადებებიც ახდენს. ზოგ შემთხვევაში ძვლის ტვინში ავთვისებიანი სიმსივნე შეიჭრება და ჩაანაცვლებს მას (მაგალითად, ლეიკემიის, ლიმფომის, მეტასტაზური კიბოს დროს), რაც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას თრგუნავს.
ანემია მაშინაც ვითარდება, როცა ერითროციტების დაშლაა გაძლიერებული. ნორმაში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 დღეა. ძვლის ტვინში, ელენთასა და ღვიძლში არსებული სპეციალური უჯრედები ამოიცნობენ და ანადგურებენ იმ ერითროციტებს, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობაც საშუალო ზღვარს არის მიახლოებული ან მის მიღმაა. ერითროციტების ნაადრევად დაშლის (ჰემოლიზი) შემთხვევაში ძვლის ტვინი დაკარგულის ჩანაცვლებას ახალი უჯრედების უფრო სწრაფად წარმოქმნით ცდილობს. თუ დაშლა აჭარბებს ჩანაცვლებას, ჰემოლიზური ანემია ვითარდება. ეს უკანასკნელი შედარებით იშვიათია, ვიდრე ზომაგადასული სისხლდენით ან უჯრედების წარმოქმნის შემცირებით გამოწვეული ანემია.
სიმპტომები დამოკიდებულია ანემიის სიმძიმესა და მისი განვითარების სიჩქარეზე. თუ ანემია მსუბუქია და ნელა ჩამოყალიბდა, ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგჯერ ჩივილები მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს ვლინდება. მძიმედ გამოხატული ანემიის დროს ჩივილები მოსვენებულ მდგომარეობაშიც აწუხებს პაციენტს. როცა ანემია სწრაფად ვითარდება, მაგალითად, სისხლძარღვის დაზიანებით გამოწვეული სისხლდენის დროს, სიმპტომები უფრო მკვეთრად არის გამოხატული.
მსუბუქი ანემია ხშირად იწვევს სისუსტეს, დაღლილობას, სიფერმკრთალეს. ამ სიმპტომებთან ერთად მძიმე დარღვევის დროს გონების დაკარგვა, თავბრუხვევა, წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, ოფლიანობა, გულისცემისა და სუნთქვის გახშირებაც ვლინდება. მძიმე ანემიის დროს ზოგჯერ ვარჯიშისას ფეხის ქვედა ნაწილში მტკივნეული კრუნჩხვა, აგრეთვე, ქოშინი და გულმკერდში ტკივილი ვითარდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევა ისედაც დარღვეულია ან ფილტვის, ან გულის რომელიმე დაავადება აქვს პაციენტს. ზოგჯერ ანემია სისხლის ანალიზის რაიმე სხვა მიზნით ჩატარებისას შემთხვევით დიაგნოსტირდება, მანამ, სანამ პაციენტს სიმპტომები გამოაჩნდება.
ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის (სისხლის წითელი უჯრედების პროცენტული შემცველობა სისხლის მთლიან მოცულობაში) დაბალი მაჩვენებლები სისხლის ანალიზში ადასტურებს ანემიას. მისი მიზეზის დასადგენად სხვა გამოკვლევები ინიშნება, მაგალითად, სისხლის მიკროსკოპით შესწავლა და, უფრო იშვიათად, ძვლის ტვინის ნიმუშის აღება და გამოკვლევა.