სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) ორგანიზმის მიკრობებისგან და უცხო ნივთიერებებისგან დაცვას უზრუნველყოფს. მოხსენიებულისთვის საჭიროა საკმარისი რაოდენობის ლეიკოციტებმა მიიღოს სიგნალი, რომ სხეულში რომელიმე მიკროორგანიზმი ან უცხო ნივთიერება შემოიჭრა, მიაღწიოს დანიშნულების ადგილზე, გაანადგუროს და მოინელოს მავნე მიკრობი ან მავნე ნივთიერება.
სისხლის სხვა უჯრედების მსგავსად, ლეიკოციტები ძვლის ტვინში წარმოიქმნება. ისინი ვითარდება ღეროვანი (წინამორბედი) უჯრედისგან, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედის ხუთი ძირითადი ტიპიდან რომელიმე ერთ ტიპად, სახელდობრ, ნეიტროფილად, ლიმფოციტად, მონოციტად, ეოზინოფილად ან ბაზოფილად ჩამოყალიბდება.
ნორმაში დღეში 100 მილიარდი ლეიკოციტი წარმოიქმნება. სისხლში მათი შემცველობა გამოისახება უჯრედების რაოდენობით სისხლის ერთ მიკროლიტრში. ლეიკოციტების საერთო რიცხვი ერთ მიკროლიტრში არის 4000-11000. გარდა ამისა, შესაძლებელია განისაზღვროს უჯრედების ხუთი მთავარი ტიპიდან თითოეულის პროცენტული და აბსოლუტური რაოდენობა სისხლის გარკვეულ მოცულობაში.
ლეიკოციტების ძლიერი სიჭარბე ან ნაკლებობა დაავადების არსებობის მაჩვენებელია. ლეიკოპენიის დროს ერთ მიკროლიტრ სისხლში 4000-ზე ნაკლები თეთრი უჯრედია, რაც ინფექციების რისკს ზრდის. ტერმინი "ლეიკოციტოზი" თეთრი უჯრედების სიჭარბეს აღნიშნავს – როცა ერთ მიკროლიტრში 11000-ზე მეტი უჯრედია. ეს უკანასკნელი შესაძლოა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ნორმალური რეაქციის გამოხატულება იყოს. თუმცაღა, ლეიკოციტების რაოდენობა მაშინაც იზრდება, როცა ირღვევა თეთრი უჯრედების წარმოშობის პროცესი და მათი უმწიფარი ან პათოლოგიური ფორმები გადმოდის სისხლში.
თეთრი უჯრედების ზოგი დაავადება ხუთი ტიპიდან მხოლოდ ერთს მოიცავს, სხვები კი რამდენიმეს ან ყველას ერთად. დარღვევები ყველაზე ხშირად ნეიტროფილებსა და ლიმფოციტებს ეხება. მონოციტებისა და ეოზინოფილების დაავადებები ნაკლებად ხშირია, ბაზოფილებისა კი – იშვიათი.