პლაზმური უჯრედების დაავადებები (პლაზმური უჯრედების დისკრაზიები) იშვიათია. ამ დაავადებების განვითარების მიზეზია პლაზმური უჯრედების ერთი ჯგუფის (კლონის) ზომაგადასული გამრავლება და ერთი სახის ანტისხეულების (იმუნოგლობულინების) დიდი რაოდენობით წარმოქმნა. პლაზმური უჯრედი ვითარდება B ლიმფოციტისგან, რომელიც ლეიკოციტების ერთ-ერთი ტიპია და ნორმაში ინფექცის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოყოფს. პლაზმური უჯრედები ძირითადად ძვლის ტვინსა და ლიმფურ კვანძებშია. თითოეული მათგანი მრავალჯერ იყოფა და კლონს წარმოქმნის, რომელიც ბევრი ერთნაირი უჯრედისგან შედგება. კლონის უჯრედები მხოლოდ ერთი სახის ანტისხეულს გამოყოფს. ორგანიზმში ათასობით სხვადასხვა კლონი არსებობს, შესაბამისად, უამრავი განსხვავებული ანტისხეულის წარმოქმნაა შესაძლებელი ინფექციურ მიკროორგანიზმებთან ხშირი შეხებისას თავდასაცავად.
პლაზმური უჯრედების დაავადებებისას მათი ერთ-ერთი კლონი უკონტროლო გამრავლებას იწყებს და, შესაბამისად, წარმოქმნის დიდი რაოდენობით ერთნაირ ანტისხეულებს (მონოკლონურ ანტისხეულებს), რომლებსაც M-პროტეინებს უწოდებენ. ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, მონოკლონური გამოპათიებისას) ანტისხეულების
მოლეკულები არასრულად წარმოიქმნება და მხოლოდ მსუბუქი ან მძიმე ჯაჭვებით არის წარმოდგენილი (ნორმალურ ანტისხეულს ორი წყვილი განსხვავებული, მძიმე და მსუბუქი, ჯაჭვი ქმნის). ეს პათოლოგიური პლაზმური უჯრედები და მათ მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები სულ ერთი და იმავე ტიპისაა, რის გამოც, სხვა, ინფექციებთან საბრძოლველად საჭირო ანტისხეულების რაოდენობა მცირდება. შესაბამისად, იზრდება ორგანიზმში მიკრობების შეჭრისა და დაავადების განვითარების რისკი. პათოლოგიური პლაზმური უჯრედების უფრო და უფრო მზარდი რიცხვი სხვადასხვა ქსოვილში შეაღწევს და აზიანებს ამ ქსოვილებს, მათ მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები კი ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების, განსაკუთრებით თირკმლებისა და ძვლების, ფუნქციის დარღვევას იწვევს.
პლაზმური უჯრედების დაავადებებს მიეკუთვნება: დაუდგენელი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათიები, მრავლობითი მიელომა, მაკროგლობულინემია და მძიმე ჯაჭვების დაავადება. ისინი მოხუცებს შორის უფრო ხშირია.