ლეიკემიები | მკურნალი.გე
  1. ლეიკემიები
  2. სისხლის დაავადებები
ლეიკემიები

ლეიკემია ლეიკოციტების ან მათი წინამორბედი უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნეა.

სისხლის თეთრი უჯრედები ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებიდან წარმოიშობა. ზოგჯერ ეს პროცესი ირღვევა და ქრომოსომების ნაწილების გადაწყობა ხდება. შეცვლილი ქრომოსომები აფერხებს უჯრედების ნორმალურ გაყოფას, ეს უკანასკნელები უკონტროლოდ მრავლდება და ავთვისებიანად იქცევა, რაც ლეიკემიას იწვევს. სიმსივნური უჯრედები მთლიანად იკავებს ძვლის ტვინს, ჩაანაცვლებს ან თრგუნავს სისხლის ნორმალური უჯრედების წარმომქმნელ ღეროვან უჯრედებს. ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევის გამო მცირდება სისხლის უჯრედების რაოდენობა: ერითროციტების (ანემიას იწვევს), ლეიკოციტების (ამის შედეგია ინფექციის გაზრდილი რისკი) და თრომბოციტების (იზრდება სისხლდენის რისკი). ლეიკემიური უჯრედები სხვა ორგანოებშიც შეიძლება შეიჭრას, მათ შორის ღვიძლში, ელენთაში, ლიმფურ კვანძებში, სათესლეებსა და თავის ტვინში.

ლეიკემიების ოთხი ძირითადი ჯგუფია გამოყოფილი:

  • მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია

  • მწვავე მიელოციტური ლეიკემია

  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია

  • ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია

ჯგუფების გამოყოფის საფუძველია დაავადების პროგრესირების სისწრაფე, ავთვისებიანი თეთრი უჯრედების ტიპი და თავისებურებები. მწვავე ლეიკემიები სწრაფად პროგრესირებს და უმწიფარი უჯრედებით არის წარმოდგენილი, ქრონიკული ლეიკემიები უფრო ნელა პროგრესირებს და უფრო მომწიფებული უჯრედებით არის წარმოდგენილი. ლიმფოციტური ლეიკემიები ლიმფოციტების ან მათი წინამორბედი უჯრედების სიმსივნური გადაგვარების გამო ვითარდება. მიელოციტურ (მიელოიდურ) ლეიკემიებს კი იმ უჯრედების გადაგვარება იწვევს, რომლებიც ნორმაში ნეიტროფილებს, ბაზოფილებს, ეოზინოფილებსა და მონოციტებს წარმოშობს.

მიზეზები

ლეიკემიების უმრავლესობის მიზეზი უცნობია. მათი ზოგიერთი ფორმის განვითარების ალბათობას ზრდის დასხივება, ქიმიოთერაპიული საშუალებები ან ქიმიური ნივთიერებები (მაგალითად, ბენზენი), თუმცაღა, ამ რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი ავადდება ლეიკემიით. ზოგი მემკვიდრეობითი დაავადების (მაგალითად, დაუნის სინდრომი და ფანკონის სინდრომი) დროსაც იზრდება ლეიკემიის განვითარების ალბათობა. ლეიკემია შესაძლოა ქრომოსომულმა მუტაციებმაც გამოიწვიოს. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ადამიანის T ლიმფოტროპული პირველი ტიპის ვირუსი, რომელიც შიდსის გამომწვევის მსგავსია, იშვიათი ლიმფოციტური ლეიკემიის – მოზრდილთა T-უჯრედოვანი ლეიკემიის მიზეზია. ებშტეინ-ბარის ვირუსით ინფიცირებას უკავშირებენ ლიმფოციტური ლეიკემიის ერთ-ერთ აგრესიულ სახეს – ბერკიტის ლიმფომას.

მკურნალობა

ლეიკემიის ბევრი ტიპი მკურნალობას კარგად ემორჩილება და განკურნებადიცაა. როცა დაავადება კონტროლს ექვემდებარება, ის რემისიაში გადადის; ხელახლა გამოვლენას ლეიკემიის გამწვავება ეწოდება. ზოგ შემთხვევაში გამწვავების დროს სიცოცხლის ხარისხი თანდათან უარესდება და მკურნალობის სარგებლიანობა არც ისე დიდია. ამ შემთხვევებში ადამიანისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სიცოცხლის მეტ-ნაკლებად გახანგრძლივების მცდელობა. ამ გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული უნდა იყვნენ პაციენტი და მისი ოჯახის წევრები. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს დაავადებულის სათანადო მოვლის, სიმპტომების შემსუბუქებისა და ღირსების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.