ელენთა ღრუბლისებრი, რბილი ორგანოა, რომელიც ზომაში დაახლოებით ადამიანის მუშტის ტოლია, მდებარეობს მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, ზუსტად ნეკნების ქვეშ. სისხლი გულიდან ამ ორგანოში ელენთის არტერიას მიაქვს, ელენთის ვენას კი გამოაქვს. ელენთის ვენა უფრო დიდ, კარის ვენას უერთდება, რომლის მეშვეობით სისხლი ღვიძლში შედის. ელენთა გარედან შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით (ელენთის კაფსულით) არის დაფარული, რომელიც საყრდენს უქმნის სისხლძარღვებსა და ლიმფურ ძარღვებს.
ელენთა ძირითადად ორი სახის ქსოვილისგან შედგება – წითელი და თეთრი პულპისგან. მათგან თითოეულს განსხვავებული ფუნქცია აკისრია. თეთრი პულპა ინფექციებთან მებრძოლი იმუნური სისტემის ნაწილია. მასში სისხლის თეთრი უჯრედები, ლიმფოციტები წარმოიქმნება, რომლებიც, თავის მხრივ, ანტისხეულებს (უცხო ნივთიერებებისგან ორგანიზმის დამცავ ცილებს) გამოყოფს. წითელი პულპა სისხლს არასასურველი ნარჩენებისგან წმენდს. მასში სხვა – ფაგოციტებად წოდებული თეთრი უჯრედებია წარმოდგენილი, რომლებიც შთანთქავს მიკროორგანიზმებს, მაგალითად, ბაქტერიებს, სოკოებსა და ვირუსებს. წითელი პულპის ფუნქცია სისხლის წითელ უჯრედებზე "ზედამხედველობაც" არის. ის პათოლოგიურ, დეფორმირებულ, ძველ, დაზიანებულ ან ფუნქციამოშლილ ერითროციტებს ანადგურებს. ამასთან, წითელ პულპაში სისხლის სხვადასხვა უჯრედიც გროვდება, განსაკუთრებით კი ლეიკოციტები და თრომბოციტები (შედედებაში მონაწილე უჯრედისმაგვარი ნაწილაკები). ამ დაგროვებული უჯრედების გამოთავისუფლება წითელი პულპის მეორეხარისხოვანი ფუნქციაა.
ელენთა სიცოცხლისთვის აუცილებელი არ არის. ზოგჯერ ამ ორგანოს ამოკვეთა (სპლენექტომია) ხდება საჭირო მისი გამოუსწორებელი დაზიანების (მაგალითად, საავტომობილო ავარიის დროს მიღებული ტრავმის) გამო. ელენთის გარეშე ორგანიზმი დამცავი ანტისხეულების წარმოქმნისა და უცხო მიკროორგანიზმებისგან სისხლის გაწმენდის უნარს ნაწილობრივ კარგავს. ამის შედეგად ინფექციებთან ბრძოლაც გაძნელებულია. ელენთის ამოკვეთის შემდეგ განსაკუთრებით იზრდება ზოგიერთი სახის ინფექციის რისკი, იმიტომ, რომ სწორედ ამ ორგანოს აკისრია მათ გამომწვევ მიკროორგანიზმებთან ბრძოლა. ასეთი მიკრობებია: პნევმოკოკები, მენინგოკოკები და ჰემოფილუს ინფლუენცა. ამ საშიშროების გამო აუცილებელია პაციენტის აცრა ჩამოთვლილი ბაქტერიებისგან დასაცავად. სპლენექტომიის შემდეგ გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური აცრაც რეკომენდებულია. ზოგ პაციენტს ანტიბიოტიკები ენიშნება, განსაკუთრებით სხვა დაავადების თანაარსებობისას (მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის ან ავთვისებიანი სიმსივნის), რაც სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის განვითარების რისკს ზრდის. ამ გართულებების შესაძლებლობის მიუხედავად, ელენთა სიცოცხლისთვის აუცილებელი არ არის. მისი ამოკვეთისას დანაკარგს სხვა ორგანოები (ძირითადად ღვიძლი), ანაზღაურებს ინფექციასთან ბრძოლის უნარის ამაღლებით, სისხლის წითელ უჯრედებზე "ზედამხედველობითი" და პათოლოგიური, ძველი ან დაზიანებული ფორმების დაშლით.