ავთვისებიანი სიმსივნე, ჩვეულებრივ, ერთი უჯრედიდან წარმოშობილი უჯრედების ზომაგადასული გამრავლების შედეგია. ეს უჯრედები აღარ ექვემდებარება ნორმალური ზრდისა და განვითარების მაკონტროლებელ მექანიზმებს, ამიტომ უსასრულოდ მრავლდება, იჭრება მეზობელ ქსოვილებში, ვრცელდება სხეულის დაშორებულ ნაწილებში, ხელს უწყობს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას, რომლებიც მათ საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. ავთვისებიანი უჯრედები ორგანიზმის ნებისმიერ ქსოვილში შეიძლება წარმოიშვას.
ავთვისებიანი უჯრედების ზრდისა და გამრავლების შედეგად ყალიბდება ავთვისებიანი ქსოვილი – სიმსივნე, რომელიც იჭრება მიმდებარე ნორმალურ ქსოვილებში და შლის მათ. ტერმინით "სიმსივნე" აღინიშნება არანორმალური ზრდა ან ქსოვილოვანი მასა. სიმსივნე შეიძლება იყოს ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი. ავთვისებიანი უჯრედები პირველადი კერიდან სხეულის სხვა ნაწილებშიც შეიძლება გავრცელდეს. ამ პროცესს მეტასტაზების გავრცელება ეწოდება.
ავთვისებიანი სიმსივნეების ორი ჯგუფია გამოყოფილი: სისხლისა და სისხლმბადი ქსოვილის (ლეიკემიები და ლიმფომები) სიმსივნეები და ე.წ. "სოლიდური" სიმსივნეები, რომლებსაც ხშირად კიბოს უწოდებენ. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს კარცინომა ან სარკომა.
ლეიკემია და ლიმფომა სისხლისა და სისხლმბადი ქსოვილის, იმუნური სისტემის უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნეებია. ისინი ჩაანაცვლებს ძვლის ტვინისა და სისხლის ნორმალურ უჯრედებს, ვრცელდება ლიმფურ კვანძებშიც, რის გამოც იღლიის, საზარდულის, მუცლის ან გულმკერდის ჯირკვლები დიდდება.
კარცინომა (კიბო) ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ეპითელური, ანუ სხეულის ზედაპირების მფარავი, ჰორმონების წარმომქმნელი და ჯირკვლების შემადგენელი უჯრედებისგან ვითარდება. კარცინომის მაგალითებია: კანის, ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის, სარძევე ჯირკვლის, წინამდებარე ჯირკვლისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბო. კარცინომა, ჩვეულებრივ, მოხუცებს შორის უფრო ხშირია.
სარკომა ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მეზოდერმის, ანუ კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმომქმნელი უჯრედებიდან ვითარდება. სარკომის მაგალითებია: ლეიკომიოსარკომა (საჭმლის მომნელებელი ორგანოების კედლებში არსებული გლუვკუნთოვანი ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე) და ოსტეოსარკომა (ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე). სარკომა ახალგაზრდებს შორის უფრო ხშირია, ვიდრე მოხუცებში.