ალერგიული რეაქციები | მკურნალი.გე
  1. ალერგიული რეაქციები
  2. იმუნური სისტემის დაავადებები
ალერგიული რეაქციები

ალერგიული რეაქციები (ზემგრძნობელობის რეაქციები) არის შეუსაბამო იმუნური პასუხი ადამიანებისთვის უსაფრთხო ნივთიერებაზე.

  • ალერგია იწვევს ცრემლდენას და თვალების ქავილს, სურდოს, კანის ქავილს, გამონაყარს და ცემინებას;

  • სიცოცხლისთვის საშიშია ზოგიერთი სიმპტომი, სახელდობრ, ანაფილაქსიური რეაქცია;

  • სიმპტომები სავარაუდოს ხდის დიაგნოზს, კანის სინჯების მეშვეობით ალერგიის გამომწვევის განსაზღვრა არის შესაძლებელი;

  • იმ პირებმა, ვისაც ადრე ჰქონდათ მძიმე რეაქციები, აუცილებლად თან უნდა იქონიონ ეპინეფრინისა და ანტიჰისტამინური პრეპარატების ავტოინექტორი;

  • საუკეთესო საშუალებაა გამომწვევთან კონტაქტისთვის თავის არიდება. თუ ეს შეუძლებელია, ალერგენით იმუნოთერაპიამ შეიძლება დესენსიბილიზაცია გამოიწვიოს.

იმუნური სისტემა, რომელიც ანტისხეულებს, სისხლის თეთრ უჯრედებს, პოხიერ უჯრედებს, კომპლემენტის ცილებს და სხვა ნივთიერებებს შეიცავს, სხეულს იცავს უცხო ნივთიერებებისგან (ანტიგენებისგან). ამავე დროს, მომეტებული მგრძნობელობის მქონე პირებში იმუნური სისტემა ზომაგადასულად რეაგირებს სხვა ადამიანებისთვის უსაფრთხო ნივთიერებებზე (ალერგენებზე), რომლების წყარო შეიძლება გარემო, საკვები ან წამალი იყოს. ამის შედეგად ალერგიული რეაქცია ვითარდება. ზოგს ალერგია ერთ ნივთიერებაზე აქვს, სხვებს – ბევრზე. აშშ-ის მოსახლეობის ერთ მესამედს ალერგია აღენიშნება.

ალერგიული რეაქცია შეიძლება აღმოცენდეს ალერგენის მოხვედრისას კანზე, თვალში, სასუნთქ გზებში შესუნთქულ ჰაერთან ერთად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვებთან ერთად ან წამლის ინექციის შედეგად. ალერგიული რეაქცია სხვადასხვა სახით შეიძლება განვითარდეს:

  • როგორც სეზონური ალერგია (თივის ცხელება), რომელიც გამოწვეულია ისეთი ნივთიერებით, როგორიცაა ბალახი ან ამბროზიის მტვერი

  • წამლის მიღებისას

  • ზოგი საკვების მიღებისას

  • მტვრის ან ცხოველის ქერცლის ზემოქმედებით

ალერგიული რეაქციების დროს, ალერგენთან პირველი შეხვედრის შემდეგ წარმოიქმნება ანტისხეული, რომელსაც იმუნოგლობულინი E ეწოდება (IgE). IgE უკავშირდება ბაზოფილად წოდებულ სისხლის თეთრ უჯრედებს და ქსოვილებში მდებარე მსგავს უჯრედებს – ე.წ. პოხიერ უჯრედებს. ალერგენთან პირველი შეხვედრა იწვევს მის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას და არ იწვევს სიმპტომებს. როდესაც სენსიბილიზებული პირი განმეორებით ხვდება ანტიგენს, ბაზოფილები და პოხიერი უჯრედები, რომლებზეც ფიქსირებულია IgE, გამოყოფს ნივთიერებებს (როგორიცაა ჰისტამინი, პროსტაგლანდინები და ლეიკოტრიენები), რომლებიც ირგვლივ მდებარე ქსოვილების შეშუპებას და ანთებას იწვევს. ეს ნივთიერებები ბიძგს აძლევს რეაქციათა კასკადს, რომელიც ქსოვილებს აზიანებს. ეს რეაქციები შეიძლება იყოს სუსტი ან ძლიერი.

სიმპტომები

ალერგიული სიმპტომების უმეტესობა სუსტად არის გამოხატული და ვლინდება ცრემლდენით, თვალების ქავილით, სურდოთი, კანის ქავილით და ცემინებით. გამონაყარი წარმოდგენილია პატარა, ბაცი, კანის ზედაპირს ოდნავ აშორებული შესივებით(შეშუპება), რომლის ირგვლივაც სიწითლე აღინიშნება. შეშუპება შესაძლოა კანქვეშ დიდი სივრცესაც მოიცავდეს, მას სისხლძარღვებიდან გამოჟონილი სითხე იწვევს (ანგიოედემა). ანგიოედემის მნიშვნელობას, სერიოზულობას მისი ლოკალიზაციის ადგილი განსაზღვრავს. ალერგიამ შესაძლოა ბიძგი მისცეს ასთმის განვითარებას.

ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ანაფილაქსიური რეაქციის სახელითაა ცნობილი, შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. ჰაერგამტარი გზების შევიწროებით (კონსტრიქცია) გამოწვეული ხიხინი და ხორხისა და ჰაერგამტარი გზების ამომფენი გარსის შეშუპება სუნთქვას აძნელებს. შესაძლებელია სისხლძარღვების გაფართოებაც, რასაც სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება მოჰყვება.

დიაგნოზი

ექიმმა, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს, არის თუ არა რეაქცია ალერგიის შედეგი. ამის დასადგენად ექიმი აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, აქვთ თუ არა ალერგია პაციენტის ახლო ნათესავებს. ამ კითხვაზე დადებითი პასუხი ზრდის ალერგიული რეაქციის ალბათობას. ტარდება სისხლის ანალიზი სისხლის თეთრი უჯრედების – ეოზინოფილების რაოდენობის შესასწავლად. ალერგიის დროს ეოზინოფილების რაოდენობა მომატებულია.

დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია ალერგენის დადგენა, რადგან ალერგიულ რეაქციას ხშირად რომელიმე ერთი ალერგენი იწვევს. პაციენტი და ექიმი ცდილობენ ალერგენის განსაზღვრას იმის მიხედვით, როდის აღინიშნა პირველად ალერგიული რეაქცია და როდის და რა სიხშირით ვითარდება ის (მაგალითად, წლის გარკვეულ დროს ან რომელიმე საკვების მიღების შემდეგ).

კანის სინჯები კონკრეტული ალერგენის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. პირველად, ჩვეულებრივ, პრიკტესტი (ჩხვლეტითი ტესტი) ტარდება. მზადდება ყვავილის მტვრის (ხეების, ბალახის, სარეველას ან სოკოს სპორების), ოთახის მტვრის, ცხოველის ქერცლის, მწერის შხამის, საკვებისა და ზოგიერთი წამლის ექსტრაქტის განზავებული ხსნარები. პაციენტის კანზე გადააქვთ ამ ხსნარის თითო წვეთი და დაწვეთების ადგილზე ნემსს უჩხვლეტენ. თუ საკვლევი პირი ალერგიულია ერთი ან რამდენიმე ნივთიერების მიმართ, კანზე შესაბამის ადგილებზე შესივება და სიწითლე ჩნდება:

  • ჩხვლეტის ადგილზე 15-20 წუთის განმავლობაში ვითარდება მკრთალი, კანის ზედაპირს ოდნავ აცილებული შესივება;

  • შესივებულ არეს გარს აკრავს მკვეთრად შეფერილი წითელი არშია;

  • კანის რეაქციის დიამეტრი დაახლოებით 1,3 სანტიმეტრია.

ალერგენების დადგენა ზემოთ აღწერილი მეთოდით ხდება. თუ რეაქცია არც ერთ ალერგენზე არ განვითარდა, თითოეული ხსნარის ძალიან მცირე რაოდენობა შეჰყავთ კანში (კანშიდა სინჯი). ამ მეთოდის გამოყენებისას ალერგიის გამომწვევის განსაზღვრის ალბათობა უფრო მაღალია. კანის სინჯის ჩატარებამდე არ შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება, რადგან ეს წამლები თრგუნავს რეაქციას ალერგენზე.

იმ შემთხვევაში, თუ კანის ტესტი ვერ ჩატარდა, მაგალითად, კანზე გავრცელებული გამონაყარის შემთხვევაში, იყენებენ რადიოალერგოსორბენტულ ტესტს (რასტ). ამ ტესტის საშუალებით სისხლში იზომება სხვადასხვა ალერგენის საწინააღმდეგო IgE-ს დონე. ერთი ტიპის IgE-ს ძალიან მაღალი დონე ამ ალერგენის წინააღმდეგ მიმართულ იმუნურ პასუხზე მიუთითებს. ამრიგად, ტესტი ექიმს ალერგენის დადგენაში ეხმარება. ტესტის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე პაციენტმა უნდა შეწყვიტოს გარკეული წამლების მიღება; ესენია: გამოწერილი და ურეცეპტოდ გასაცემი ანტიჰისტამინური პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები, აგრეთვე, ანტიდეპრესანტები. ყველა ჩამოთვლილი გავლენას ახდენს ტესტის შედეგზე. თუ პაციენტი ბეტა-ბლოკერებს იღებს, ტესტი არ ტარდება.

პრევენცია

გარემოს დაცვითი ღონისძიებები: თუ შესაძლებელია, ალერგენთან კონტაქტისთვის თავის არიდება პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. მოხსენიებული გულისხმობს:

  • წამლის მიღების შეწყვეტას

  • შინაური ცხოველის ეზოში დაბინავებას

  • საცხოვრებელში მაღალი ხარისხის ჰაერის ფილტრის დაყენებას

  • გარკვეული საკვების მიღებისგან თავის შეკავებას

  • მძიმე სეზონური ალერგიის შემთხვევაში ისეთ ადგილზე გადასვლას, სადაც გარემოში ეს ალერგენი არ არის

  • მტვრის შემაკავებელი საგნების (რბილი ავეჯი, ხალიჩები) გატანას ბინიდან

  • სინთეზურბოჭკოიანი ბალიშების გამოყენებას

  • საწოლის თეთრეულის, გადასაფარებლის ხშირად რეცხვას ცხელ წყალში

  • სარდაფებსა და სხვა ნესტიან ოთახებში გამაშრობლების დადგმას

  • საცხოვრებლის დამუშავებას ცხელი ორთქლით

იმუნოთერაპია ალერგენით: ზოგიერთ ალერგენთან, განსაკუთრების ჰაერით გადატანილთან, კონტაქტის თავიდან არიდება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ალერგენის მიმართ პაციენტის დესენსიბილიზაციისთვის ტარდება იმუნოთერაპია ალერგენით. დესენსიბილიზაცია, ჩვეულებრივ, ალერგენის ინექციებით ხორციელდება. ალერგენით იმუნოთერაპიის შედეგად ალერგიული რეაქციები ან ქრება, ან იშვიათდება და სუსტდება. თუმცა, ის ყოველთვის ეფექტური არ არის. ალერგენით იმუნოთერაპიაზე ზოგი პაციენტი და ალერგიის ზოგი ფორმა, სხვებთან შედარებით, უკეთ რეაგირებს.

იმუნოთერაპია ყველაზე ხშირად გამოიყენება მცენარის, ოთახის მტვერზე, სოკოსა და მწერის შხამზე ალერგიის შემთხვევაში. თუ ადამიანს ალერგია ისეთ რამეზე აქვს, რასთან კონტაქტსაც ვერ აღკვეთს, მაგალითად, მწერის შხამზე, იმუნოთერაპია ანაფილაქსიური რეაქციის პრევენციაც შეიძლება იყოს.

იმუნოთერაპია ზოგჯერ ცხოველის ქერცლზე ალერგიის დროსაც გამოიყენება, თუმცა, მისი ეფექტურობა ნაკლებად სავარაუდოა. საკვებისმიერი ალერგიის დროს იმუნოთერაპია რეკომენდებული არ არის, რადგან ნაკლებად ეფექტურია და, გარდა ამისა, შეიძლება მძიმე რეაქცია გამოიწვიოს. სასურველია კონკრეტული საკვების მიღებისგან თავის შეკავება.

იმუნოთერაპია არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ალერგენთან (მაგალითად, პენიცილინი ან სხვა წამალი) კონტაქტის შეწყვეტა შესაძლებელია. ამავე დროს, თუ პაციენტს სჭირდება ისეთი წამლის მიღება, რაზეც ალერგია აქვს, დესენსიბილიზაციის მისაღწევად იმუნოთერაპია ექიმის მკაცრი კონტროლით შეიძლება ჩატარდეს.

იმუნოთერაპიის დროს კანქვეშ შეჰყავთ ალერგენის ძალიან მცირე რაოდენობა. დოზას თანდათანობით ზრდიან მანამდე, სანამ სიმპტომების ადეკვატური კონტროლი არ გახდება შესაძლებელი (შემანარჩუნებელი დოზა). ალერგენის დოზის თანდათანობითი ზრდა აუცილებელია, რადგან ერთბაშად დიდი დოზის გამოყენებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე ინექციები კეთდება კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ამის შემდეგ ყოველ 2-6 კვირაში ერთხელ. პროცედურა ყველაზე ეფექტიანია, თუ შემანარჩუნებელი ინექციები ტარდება მთელი წლის განმავლობაში, სეზონური ალერგიის დროსაც კი.

ალტერნატიული გზაა ენის ქვეშ (სუბლინგვურად) ალერგენის დიდი დოზით მოთავსება, რამდენიმე წუთით გაჩერება და შემდეგ გადაყლაპვა. დოზა, ისევე, როგორც ინექციების შემთხვევაში, თანდათან იზრდება. სუბლინგვური ტექნიკა შედარებით ახალია და ჯერ არ არის დადგენილი, რა სიხშირით უნდა მიეცეს დოზა, ყოველდღიურად თუ კვირაში 3-ჯერ.

ალერგენით იმუნოთერაპიის დასრულებას 3-დან 4 წლამდე სჭირდება.

იმუნოთერაპიის ინექციები ზოგჯერ მძაფრ ალერგიულ რეაქციას იწვევს, რის გამოც ინექციიდან მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში პაციენტი ექიმის კაბინეტში უნდა დარჩეს. მსუბუქი რეაქციის (ცემინება, ხველა, წამოხურება, ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება, მსტვინავი ხიხინი) შემთხვევაში ეფექტიანია ანტიჰისტამინური პრეპარატი, მაგალითად, დიფენჰიდრამინი ან ლორატიდინი. მძიმე რეაქციის დროს პაციენტს ეპინეფრინი (ადრენალინი) უნდა გაუკეთდეს.

მკურნალობა

  • ალერგენთან კონტაქტის აღკვეთა ალერგიის მკურნალობისა და პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. მსუბუქი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ანტიჰისტამინური წამლები შესაძლოა სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს. მათი უეფექტობის შემთხვევაში, სხვა, პოხიერი უჯრედების მასტაბილიზებელი წამლები და კორტიკოსტეროიდები ინიშნება. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ არის ეფექტიანი. მძიმე სიმპტომების არსებობისას, როდესაც სასუნთქი გზებიც არის ჩართული (ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით), გადაუდებელი მკურნალობაა საჭირო.
  • ალერგიის მქონე ფეხმძიმე ქალები, სიმპტომების კონტროლის უზრუნველსაყოფად, უნდა მოერიდონ ალერგენებთან კონტაქტს. ორსულმა, მძიმე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა გამოიყენოს ინჰალაციური და არა ორალური ანტიჰისტამინური წამლები, თუ სხვაგვარად სიმპტომების შემსუბუქება არ ხერხდება. ანტიჰისტამინური წამლების მიღებას მეძუძური ქალი უნდა მოერიდოს, მაგრამ თუ აუცილებელია, უპირატესობა, ორალურთან შედარებით, ინჰალაციურს ეძლევა. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომების კონტროლისთვის ორალური ანტიჰისტამინური წამლის მიღებაა საჭირო, მეძუძურმა დედამ წამალი ბავშვის კვების დასრულებისთანავე უნდა მიიღოს.
  • ანტიჰისტამინური წამლები: ალერგიის სიმპტომებზე ზემოქმედებისთვის ყველაზე ხშირად ანტიჰისტამინური წამლები გამოიყენება. ანტიჰისტამინური პრეპარატი თრგუნავს ჰისტამინის ეფექტს და არა მის წარმოქმნას. მათი მიღება ნაწილობრივ ხსნის სურდოს, ცრემლდენას, ქავილს, ამცირებს ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის დროს მსუბუქად გამოხატულ შეშუპებას. ამავე დროს, ანტიჰისტამინური წამლები ვერ აუმჯობესებს სუნთქვას ჰაერგამტარი გზების შევიწროების შემთხვევაში. ეს წამლები გამოდის ტაბლეტების, კაფსულების ან სითხის სახით, ან ცხვირში შესაფრქვევად, თვალის წვეთებისა და ლოსიონის ან კრემის სახით. ისინი ალერგიული რეაქციის ტიპის შესაბამისად გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი რეცეპტის გარეშე გაიცემა, სხვებს რეცეპტი სჭირდება. ანტიჰისტამინურ წამლებს აქვს ანტიქოლინერგული ეფექტები, როგორიცაა ძილიანობა, პირის სიმშრალე, შეკრულობა, შარდვის გაძნელება, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუხვევა (განსაკუთრებით წამოდგომისას). რეცეპტით გასაცემ ანტიჰისტამინურ წამლებს ეს გვერდითი ეფექტები ნაკლებად აქვს გამოხატული.
  • მოხსენიებულთაგან ზოგი ანტიჰისტამინი, სხვებთან შედარებით, უფრო მეტად იწვევს ძილიანობას (სედაცია). სედაციური ანტიჰისტამინები რეცეპტის გარეშე გაიცემა. ასეთი წამლების მიღება არ შეიძლება მძღოლისთვის, მძიმე მოწყობილობის ოპერატორისთვის და მათთვის, ვისი საქმიანობაც ყურადღების კონცენტრაციას საჭიროებს. სედაციური ანტიჰისტამინის მიცემა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის, რადგან მას სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს. ურეცეპტოდ გაცემული წამლები პრობლემას უქმნის ხანდაზმულ და გლაუკომის, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ან დემენციის მქონე პაციენტებს, რადგან ამ წამლებს ანტიქოლინერგული ეფექტი აქვს. ანტიჰისტამინურ პრეპარატებს გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პირებს ექიმი, ჩვეულებრივ, სიფრთხილით უნიშნავს.
  • ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებაზე ყველა ერთნაირად არ რეაგირებს. მაგალითად, აზიელები ნაკლებად მგრძობიარენი არიან დიფენჰიდრამინის სედაციური ეფექტის მიმართ, ვიდრე დასავლეთ ევროპის მკვიდრები. ეს პრეპარატები ზოგჯერ საპირისპირო ეფექტს – ნერვიულობას, მოუსვენრობასა და ღელვას იწვევს.

  • პოხიერი უჯრედების მასტაბილიზებლები: პოხიერი უჯრედების მასტაბილიზებლები აქვეითებს პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინის, აგრეთვე შეშუპებისა და ანთების გამომწვევი სხვა ნივთიერებების გამოყოფას. ისინი იმ შემთხვევაში ინიშნება, როცა ანტიჰისტამინური და სხვა წამლები არაეფექტურია ან მათ შემაწუხებელი გვერდითი ეფექტები აქვს. ეს წამლები, შესაძლოა ეფექტიანი აღმოჩნდეს ალერგიული სიმპტომების კონტროლისთვის.
  • ქრომოლინი გაიცემა რეცეპტით, ინჰალატორთან ან ნებულაიზერთან (რომელსაც წამალი აეროზოლის სახით შეჰყავს ფილტვებში) ერთად, ან თვალის წვეთების, ან დასალევი სახით. ცხვირში შესასხურებელი ურეცეპტოდ გაიცემა. ქრომოლინი მხოლოდ იმ ადგილზე მოქმედებს, სადაც მოხვდება, მაგალითად, ყელში, ფილტვებში ან ცხვირში. დალევის შემდეგ ქრომოლინი სისხლში არ შეიწოვება, მაგრამ შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ მასტოციტოზის დროს.
  • ნედოკრომილი თვალის წვეთებია, გაიცემა რეცეპტით.
  • კორტიკოსტეროიდები: თუ ალერგიულ სიმპტომებს ანტიჰისტამინური და პოხიერი უჯრედების სტაბილიზატორები ვერ ხსნის, შეიძლება კორტიკოსტეროიდები აღმოჩნდეს ეფექტიანი. კორტიკოსტეროიდები გამოიყენება ცხვირში შესასხურებლად – ცხვირთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ ან საინჰალაციო ფორმით – ასთმის სამკურნალოდ. კორტიკოსტეროიდს (როგორიცაა პრედნიზონი) დასალევად ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოწერს, თუ სიმპტომები ძალიან მძიმეა ან მრავალფეროვანი და სხვა მეთოდებით მკურნალობა უეფექტოა. კორტიკოსტეროიდებს ბევრი და საკმაოდ სერიოზული გვერდითი ეფექტი აქვს, თუ მისი მიღება 3-4 კვირაზე მეტხანს გრძელდება. ამიტომ კორტიკოსტეროიდი დასალევად შეძლებისდაგვარად მოკლე ხნით ინიშნება.
  • კორტიკოსტეროიდის შემცველმა კრემმა და მალამომ შესაძლოა მოხსნას კანის ალერგიული გამონაყარით გამოწვეული ქავილი. ერთი კორტიკოსტეროიდი – ჰიდროკორტიზონი – რეცეპტის გარეშე გაიცემა.
  • სხვა წამლები: ლეიკოტრიენის მოდიფიკატორები, როგორიცაა მონტელუკასტი, ანთების საწინააღმდეგოა, გამოიყენება მსუბუქი ხანგრძლივად მიმდინარე ასთმისა და სეზონური ალერგიული რინიტის სამკურნალოდ. ის თრგუნავს ლეიკოტრიენებს, რომლებიც ხელს უწყობს ანთების განვითარებას და ჰაერგამტარი გზების შევიწროებას.
  • ომალიზუმაბი მონოკლონური ანტისხეულია (სპეციფიკურ ნივთიერებასთან დასაკავშირებლად სინთეზირებული ანტისხეული). ომალიზუმაბი უკავშირდება IgE-ს, ანტისხეულს, რომელიც ალერგიული რეაქციების დროს დიდი რაოდენობით წარმოიქმნება. ომალიზუმაბი ხელს უშლის პოხიერ უჯრედებთან და ბაზოფილებთან IgE-ს დაკავშირებას და ალერგიული რეაქციების განვითარებას. ის გამოიყენება ალერგიული რინიტის, ხანგრძლივად ან მძიმედ მიმდინარე ასთმის სამკურნალოდ, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები უეფექტოა. მისი გამოყენების შემთხვევაში კორტიკოსტეროიდების დოზა შესაძლოა შემცირდეს. იხმარება კანქვეშა ინექციის სახით.
  • გადაუდებელი მკურნალობა: მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსიური რეაქცია, გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. მოხსენიებულის მქონე პირმა აუცილებლად უნდა ატაროს ეპინეფრინის ავტოინექტორი. ბევრ მათგანს ყოველთვის თან აქვს ანტიჰისტამინური ტაბლეტები. მძიმე რეაქციის შემთხვევაში მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს. ეპინეფრინისა და ანტიჰისტამინურის კომბინაცია, ჩვეულებრივ, კარგ ეფექტს იძლევა. მიუხედავად ამისა, მძიმე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, პაციენტმა კლინიკას უნდა მიმართოს, სადაც მას დააკვირდებიან, ჩაუტარებენ მკურნალობას ან, საჭიროებისას, მასში სათანადო კორექტივებს შეიტანენ.