ტრანსპლანტაცია არის ცოცხალი, ნორმალურად მომუშავე უჯრედების, ქსოვილების ან ორგანოების ერთი ორგანიზმიდან ამოღება და ამავე ორგანიზმის სხვა ადგილას ან სხვა ორგანიზმში გადატანა.
სისხლის გადასხმა ყველაზე ხშირად გამოყენებული ტრანსპლანტაციის მაგალითია. სისხლის გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სამკურნალოდ გამოიყენება. ჩვეულებრივ, ტრანსპლანტაციაში იგულისხმება ორგანოების (სოლიდური ორგანოს ტრანსპლანტატი) ან ქსოვილების გადატანა.
ორგანოთა ტრანსპლანტაცია, სისხლის გადასხმისგან განსხვავებით, მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების (იმუნოსუპრესიული წამლების) გამოყენებას და ტრანსპლანტატის მოცილების და სერიოზული გართულებების განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის სიკვდილსაც კი. მიუხედავად ამისა, როდესაც სასიცოცხლო ორგანოების ფუნქცია ამოწურულია, ტრანსპლანტაცია გადარჩენის ერთადერთ შანსს წარმოადგენს.
ორგანოს ან ქსოვილის დონორი შეიძლება იყოს ცოცხალი ადამიანი ან ადამიანი, რომელიც ახლახან მოკვდა (გარდაცვლილი დონორი).
უპირატესობა ენიჭება ცოცხალ დონორს, რადგან ის, ჩვეულებრივ, ჯანმრთელია. ღეროვანი უჯრედების (ძვლის ტვინიდან ან სისხლიდან) და თირკმლის დონორი ყველაზე ხშირად ცოცხალი დონორია. თირკმლის დონაცია ხშირად უსაფრთხოა, რადგან ორგანიზმში ორი თირკმლიდან მხოლოდ ერთიც კარგად ფუნქციონირებს. ცოცხალ დონორს ღვიძლისა და ფილტვის ნაწილის გაცემაც შეუძლია. ცოცხალი დონორიდან ამოღებული ორგანოს გადანერგვა მისი ამოღებიდან წუთებში ხდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ორგანოთა დონორობისთვის გასამრჯელოს მიღება კანონით დაუშვებელია, თუმცა უჯრედებისა და ქსოვილების დონორობისთვის ანაზღაურება დასაშვებია1.
ზოგიერთი ორგანოს, მაგალითად გულის ამოღება ცოცხალი დონორიდან შეუძლებელია. გარდაცვლილი დონორიდან, ჩვეულებრივ, ორგანო იმ შემთხვევაში აიღება, თუ დონორს თანხმობა ორგანოთა გაცემაზე სიცოცხლეში ჰქონდა გაცემული. ბევრ შტატში მოქალაქეებს ორგანოთა დონაციაზე სურვილის დაფიქსირება მართვის უფლების აღებისას შეუძლიათ. თუმცა, მიუხედავად დონორის სტატუსის დაფიქსირებისა, მაინც ტარდება ოჯახის წევრთა კონსულტირება. თუ გარდაცვლილის სურვილის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, დონორობაზე უფლების გაცემა ოჯახის უახლოეს წევრებსაც შეუძლიათ. გარდაცვლილი პირი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ავარიის შედეგად დაღუპული, ან სამედიცინო პრობლემის შედეგად გარდაცვლილი ადამიანი. ექიმი, ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის, ასევე პირთათვის, რომელთაც ტვინის სიკვდილი დაუფიქსირდათ, სამედიცინო დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში არ იღებს მათგან ორგანოთა აღების შესაძლებლობას.
ტრანსპლანტაცია, შესაძლებელია, ერთი დონორიდან რამდენიმე ადამიანს გაუკეთდეს. მაგ. ერთი დონორიდან შეიძლება გადაინერგოს ორი რქოვანა, პანკრეასი, ორი თირკმელი, ორი ღვიძლის სეგმენტი, ორი ფილტვი და გული. ადამიანის სიკვდილის შემდეგ ორგანოებში ცვლილებები სწრაფად ვითარდება. სხეულიდან ამოღებული ზოგი ორგანო მხოლოდ რამდენიმე საათს ძლებს. ზოგს, ცივად შენახვის შემთხვევაში, რამდენი დღეც შეუძლია გაძლოს.
შეერთებულ შტატებში არსებული ნაციონალური ორგანიზაცია (ორგანოთა გაცვლის გაერთიანებული ქსელი) დონორებისა და რეციპიენტების თავსებადობას კომპიუტერული ბაზის საშუალებით ახდენს. ბაზაში ასახულია ყველა ის ადამიანი, საკუთარ ქსოვილთა ტიპირებით, ვინც ელოდება ტრანსპლანტატს. ინფორმაცია ორგანოს გამოჩენისთანავე შედის კომპიუტერში და მოწმდება თავსებადობა, რაც ტრანსპლანტატის დაუყოვნებლივ მიწოდების საშუალებას იძლევა.
ვინაიდან ტრანსპლანტაცია გარკვეულ რისკებს უკავშირდება და დონორის ორგანოებიც დეფიციტურია, საჭიროა ჩატარდეს რეციპიენტის სკრინინგი ისეთ ფაქტორებზე, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს წარმატებულ შედეგზე.
ქსოვილთა თავსებადობა: ნორმაში იმუნური სისტემა უცხო ქსოვილებზე, მათ შორის ტრანსპლანტატზე, შეტევას ახორციელებს. ამ რეაქციას მოცილების რეაქცია ეწოდება. მოცილების ინიცირება იმ შემთხვევაში ხდება, როცა იმუნური სისტემა უჯრედის ზედაპირზე არსებულ გარკვეულ მოლეკულებს, როგორც უცხოს, ისე შეიცნობს. ამ ზედაპირულ მოლეკულებს ანტიგენები ეწოდება.
მოცილების თავიდან აცილება იოლია სისხლის გადასხმის შემთხვევაში, რადგან სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე მხოლოდ სამი მთავარი ანტიგენია. ეს ანტიგენები განსაზღვრავს სისხლის ტიპს და ცნობილია როგორც A, B, და Rh. ექიმი იკვლევს დონორისა და რეციპიენტის სისხლს, რომ დარწმუნდეს მათ თავსებადობაში.
ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროცესში ბევრი ანტიგენია ჩართული. ამ ანტიგენებს ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენები (ალა) ეწოდება. ისინი ორგანიზმში ყველა უჯრედის ზედაპირზეა განთავსებული. ყველა ადამიანს უნიკალური ალა აქვს, რაც მისი ქსოვილის ტიპს განსაზღვრავს. იდეალურ შემთხვევაში დონორისა და რეციპიენტის ქსოვილის ტიპი თავსებადია. ქსოვილთა საუკეთესო თავსებადობა ძალიან იშვიათია, თუმცა, ზოგი ადამიანის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ის კარგი შეთავსებადობის დონორს ვერ დაელოდება. ასეთ შემთხვევაში ექიმი არჩევს ისეთი დონორის ქსოვილს, რომელსაც არ აქვს ზუსტი თავსებადობა, მაგრამ ახლოა თავსებადთან. დონორსა და რეციპიენტს შორის კარგი ალა-თავსებადობა ამცირებს მოცილების სიხშირესა და სიმძიმეს და აუმჯობესებს შორეულ გამოსავალს. იმუნოსუპრესანტების გამოყენების ფონზე ტრანსპლანტაციის წარმატება ნაკლებად არის დამოკიდებული კარგ თავსებადობაზე.
ტრანსპლანტაციამდე რეციპიენტის სისხლს იკვლევენ დონორის ქსოვილის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. ორგანიზმში ასეთი ანტისხეულები შეიძლება გამომუშავდეს სისხლის გადასხმის, ადრინდელი ტრანსპლანტაციის ან ორსულობის შემდეგ. ასეთი ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში ტრანსპლანტაციის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ამ დროს დაუყოვნებელი, მწვავე მოცილება განვითარდება. მართალია ამ ანტისხეულების მოსაცილებლად გარკვეული პროცედურები და წამლები არსებობს, თუმცა, ნაკლებია მათი გამოყენების გამოცდილება და ისინი ფართოდ არ იხმარება.
სამედიცინო სკრინინგი: ტრანსპლანტაციის დროს შეიძლება გადაეცეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო და ინფექციური დაავადება. კიბოზე დონორის სკრინინგს ექიმი სამედიცინო ისტორიის დეტალური შესწავლითა და საოპერაციოში ორგანოს გულდასმით დათვალიერებით ახდენს. კიბოს მქონე ორგანო ტრანსპლანტაციისთვის არ გამოიყენება. გადაწყვეტილება იმ დონორის ორგანოს გამოყენების შესახებ, ვისაც ადრე სხვა ორგანოს კიბო ჰქონდა, მიიღება იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ სიმსივნური უჯრედები პერსისტირებს ან შესაძლოა ის გადასანერგ ორგანოშიც იყოს გავრცელებული.
დონორის შესწავლის საფუძველზე ბაქტერიულ ინფექციათა უმეტესობის არსებობის შესახებ ექიმისთვის ცნობილია, დიაგნოზი დადგენილია და მკურნალობა ჩატარებულია დონაციის გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ მკურნალობა ადეკვატური იყო, ორგანოს გადანერგვა უსაფრთხოა, თუმცა, რეციპიენტს დამატებით უნდა მიეცეს ანტიბიოტიკი. ჩვეულებრივ, ექიმი იკვლევს დონორის სისხლს ისეთი ვირუსული ინფექციის გადაცემის აღსაკვეთად, რაც ხშირად კლინიკურად არ გამოვლინდება. სისხლის ტესტი კეთდება შემდეგ ვირუსულ ინფექციებზე: ციტომეგალოვირუსი (CMV), ებშტეინ-ბარის ვირუსი (EBV), B-და C-ჰეპატიტის ვირუსები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) და ადამიანის T-უჯრედული ლიმფოტროპული ვირუსი (HTLV). დონორში ზოგიერთი ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მაგ., HIV და HTLV, ტრანსპლანტაცია ვეღარ კეთდება. სხვა ვირუსული ინფექციები, როგორიცაა CMV და EBV, არ გამორიცხავს ტრანსპლანტაციას, თუმცა, მას შემდეგ რეციპიენტს უნდა მიეცეს ანტივირუსული წამლები.
ვინაიდან ტრანსპლანტაციის შემდეგ რეციპიენტს მაღალი დოზით ეძლევა იმუნოსუპრესანტები, აქტიური ინფექციის ან კიბოს მქონე რეციპიენტებს მათი მდგომარეობის გაკონტროლებამდე ან განკურნებამდე გადანერგვა ვერ გაუკეთდებათ. ბევრი იმუნოსუპრესანტი არ არის უსაფრთხო ნაყოფისთვის, რის გამოც ორსულ ქალს ტრანსპლანტაცია არ უკეთდება. თუმცა, ტრანსპლანტატის მქონე ზოგიერთი ქალი შესაძლოა დაფეხმძიმდეს და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ გადანერგილი ორგანო სტაბილურია და იმუნოსუპრესანტები კარგადაა დარეგულირებული. იმ პირებში, ვისაც ცუდი ზოგადი მდგომარეობა აქვთ, ერთი ორგანოს უკმარისობის გარდა აქვთ კიდევ სხვა სამედიცინო პრობლემები, ან აქვთ გარკვეული ვირუსული ინფექციებიც, ტრანსპლანტაციის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება ნაკლებად არის სავარაუდო. ტრანსპლანტაციაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ინდივიდუალურად, სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით.
ფსიქოლოგიური სკრინინგი: ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს ფუნქციის შესანარჩუნებელ აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს მთელი სიცოცხლის მანძილზე წამლების მიღება, მკურნალობა და ვიზიტები ექიმთან, რის გაკეთებაც ყველას არ სურს ან არ შეუძლია. ექთანებსა და ექიმებთან ერთად, ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები ზრუნავენ იმისთვის, რომ ასეთ ხალხს და მათ ოჯახებს დაეხმარონ ტრანსპლანტატის მიღებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი ვალდებულებებისა და სირთულეების გაგებაში. მეტად მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა იმის განსასაზღვრავად, თუ რამდენად მიზანშეწონილია ორგანოს ტრანსპლანტაცია მოცემული პიროვნებისთვის.
ქსოვილების კარგი თავსებადობის შემთხვევაშიც კი, ტრანსფუზიული სისხლისგან განსხვავებით, ტრანსპლანტირებული ორგანო მოსცილდება, თუ მოცილების საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური ღონისძიება ჩატარდება. მოცილება ტრანსპლანტირებული ორგანოს დესტრუქციას გულისხმობს და შეუძლია გამოიწვიოს ცხელება, შემცივნება, გულისრევა, დაღლილობა და წნევის უეცარი ცვლილება. მოცილება, როგორც წესი, ტრანსპლანტაციიდან ძალიან მალე ვითარდება, მაგრამ შეიძლება განვითარდეს კვირების, თვეების ან წლების შემდეგაც კი. მოცილება შეიძლება იყოს მსუბუქი და ადვილად კონტროლირებადი ან მძიმე, და მკურნალობის მიუხედავად – პროგრესირებადი.
მოცილება, როგორც წესი, კონტროლდება წამლებით, რომლებიც იმუნური სისტემის სუპრესიას ახდენს და თრგუნავს ორგანიზმის უნარს, ამოიცნოს და გაანადგუროს უცხო ნივთიერება. ამ წამლების გამოყენების ფონზე უფრო სავარაუდოა ტრანსპლანტირებული ორგანოს გადარჩენა. იმუნოსუპრესანტების მიღება ხდება განუსაზღვრელი დროით. მაღალი დოზით მათი მიღება საჭიროა ტრანსპლანტაციიდან პირველ რამდენიმე კვირას ან მოცილების ეპიზოდისას. ამის შემდგომ შედარებით მცირე დოზებმა შეიძლება მოცილების პრევენცია მოახდინოს (შემანარჩუნებელი იმუნოსუპრესანტები). დოზის შემდგომი შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს სერიოზული ინფექციების ან გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, თუმცა, დოზის შემცირება მოცილების რისკს ზრდის. მოცილების პირველივე ნიშანზე ექიმი იმუნოსუპრესანტის დოზას ზრდის, ცვლის იმუნოსუპრესანტის ტიპს ან დამატებით იმუნოსუპრესანტს ნიშნავს.
გართულებები: იმუნოსუპრესანტები, ტრანსპლანტირებული ორგანოს წინააღმდეგ იმუნური სისტემის რეაქციის დათრგუნვასთან ერთად, ამცირებს იმუნური სისტემის უნარს, ებრძოლოს და გაანადგუროს ინფექცია და სიმსივნური უჯრედები. ამგვარად, ტრანსპლანტატის რეციპიენტს ინფექციებისა და გარკვეული სიმსივნეების განვითარების გაზრდილი რისკი აქვს.
რეციპიენტი შეიძლება იმავე ინფექციით დაავადდეს, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი დაავადდებოდა ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდში. ეს ინფექცია შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევის ადგილას განვითარებული ან ტრანსპლანტირებული ორგანოს ინფექცია, პნევმონია ან საშარდე გზების ინფექცია. პაციენტებს უჩვეულო (ოპორტუნისტული) ინფექციის განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ. ეს ინფექციები ძირითადად იმ ადამიანებს უვითარდებათ, ვისაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვს. ასეთი ინფექციები შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიით (მაგალითად, ლისტერია ან ნოკარდია), ვირუსებით (მაგალითად, ციტომეგალოვირუსი ან ებშტეინ-ბარის ვირუსი), სოკო (მაგალითად, პნევმოცისტა ან ასპერგილუსი) ან პარაზიტები (მაგალითად, ტოქსოპლაზმა).
იმუნოსუპრესიის შედეგად ვითარდება შემდეგი სახის კიბო: კანის ზოგიერთი კიბო, ლიმფომა, საშვილოსნოს ყელის კიბო და კაპოშის სარკომა.