აკნე არის კანის გავრცელებული დაავადება, რომელსაც ახასიათებს პაპულების ფორმირება სახესა და ტორსზე.
აკნე განპირობებულია ჰორმონების, ცხიმის ჯირკვლებისა და ბაქტერიების ურთიერთმოქმედებით, რაც თმის ფოლიკულის ანთებას იწვევს. აკნე ხასიათდება პაპულების, ცისტებისა და ზოგჯერ აბსცესების ფორმირებით. ორივე, ცისტაც და აბსცესიც, არის ჩირქით სავსე ელემენტი, მაგრამ აბსცესი ზომით უფრო დიდია და ღრმად ვრცელდება.
ცხიმის ჯირკვლები, რომლებიც ცხიმოვან ნივთიერებას გამოიმუშავებენ, განლაგებულია კანის შუა შრეში – დერმაში. აღნიშნული ჯირკვლები უკავშირდებიან თმის ფოლიკულებს. ცხიმი, კანის მკვდარ უჯრედებთან ერთად, კანის ზედაპირზე ფორების მეშვეობით გამოიყოფა.
აკნე ცხიმით, კანის მკვდარი უჯრედებითა და ბაქტერიებით თმის ფოლიკულების ბლოკირების შედეგად ვითარდება. ნაწილობრივი დახშობისას კანზე – შავი (ღია), სრული დახშობისას კი თეთრი (დახურული) კომედონები წარმოიქმნება. ცხიმით სავსე თმის ფოლიკულში ხელსაყრელი პირობები იქმნება Propionibacterium Acne-ს გამრავლებისთვის (აღნიშნული ბაქტერია, ჩვეულებისამებრ, თმის ფოლიკულში ბინადრობს). ყოველივე აღნიშნულის შედეგად კანზე ყალიბდება გამონაყარი – პაპულები, ანთების უფრო ღრმა შრეებში გავრცელების შემთხვევაში კი – ცისტები და ზოგჯერ აბსცესებიც.
აკნე უპირატესად პუბერტულ ასაკში გვხვდება, როდესაც ადგილი აქვს ცხიმის ჯირკვლების სტიმულაციას ჰორმონების, უპირატესად ანდროგენების (როგორიცაა ტესტოსტერონი) დონის ცვლილებით (შედეგად ხდება ცხიმის ჭარბად გამომუშავება). დაახლოებით 20 წლის ასაკისთვის ჰორმონების სინთეზი სტაბილიზდება და, როგორც წესი, აკნეც ქრება. მდგომარეობებმა, რომელსაც ახლავს ჰორმონალური ცვლილებები, შესაძლოა ასევე იქონიოს გავლენა აკნეს განვითარებაზე, მაგალითად – გამონაყარი ახალგაზრდა ქალებში ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს განვითარდეს, გაქრეს ან მნიშვნელოვნად გაუარესდეს ორსულობის პერიოდში. ზოგჯერ აკნეს მიზეზი გარკვეული პრეპარატების გამოყენებაა (უპირატესად კორტიკოსტეროიდები და ანაბოლური სტეროიდები – ცხიმის ჯირკვლების სტიმულაციის ხარჯზე). მდგომარეობის გაუარესებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეული კოსმეტიკური საშუალებების მოხმარების დროსაც.
აკნეს სიმძიმე ხშირად ცვალებადია – მდგომარეობა პერიოდულად უმჯობესდება, პერიოდულად უარესდება. აღნიშნულის ზუსტი მიზეზის დასახელება რთულია. იგი ხშირად უარესდება ზამთარში და პირიქით, ზაფხულში ნაკლები ინტენსივობითაა გამოხატული, რაც მზის სხივების ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით შეიძლება აიხსნას. არ არსებობს რაიმე კავშირი აკნესა და კონკრეტულ საკვებს ან სექსუალურ აქტივობას შორის.
ყველაზე ხშირად აკნე ვითარდება სახეზე, თუმცა, ასევე გავრცელებულია მისი არსებობა მხრებზე, ზურგსა და გულმკერდის ზედა ნაწილზე. ანაბოლური სტეროიდების მოხმარებით გამოწვეული აკნეს დროს გამონაყარი ლოკალიზებულია მხრებსა და ზურგის ზემოთ.
სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ დაავადების შემდეგ სამ ფორმას: მსუბუქ, საშუალო და მძიმე აკნეს. მსუბუქი აკნე ზოგჯერ, უპირატესად მოზარდობის ასაკში, შესაძლოა გართულდეს და მნიშვნელოვანი კოსმეტიკური პრობლემები გამოიწვიოს.
აკნეს მსუბუქი ფორმის დროს ვითარდება რამდენიმე (20-ზე ნაკლები) არაანთებადი შავი ან თეთრი კომედონი ან ზომიერი რაოდენობით პატარა, უმნიშვნელოდ გაღიზიანებული პაპულები. შავი კომედონები არის არაანთებადი ფოლიკული, ცენტრში მუქი წერტილით. თეთრი კომედონიც იმავენაირად გამოიყურება, იმ განსხვავებით, რომ შავი წერტილი არა აქვს. პაპულებს ახლავს გარკვეული დისკომფორტი, მათი თეთრი ცენტრალური ნაწილი გარშემორტყმულია გაწითლებული კანის მცირე არშიით.
საშუალო სიმძიმის აკნეს დროს კომედონებისა და პაპულების რაოდენობა მეტია, ზოგჯერ დიდი ზომის ანთებადი პაპულებიც (პუსტულა) გვხვდება.
მძიმე ფორმის აკნეს დროს ვითარდება მრავალი დიდი, წითელი, მტკივნეული ჩირქით სავსე კვანძები, ზოგჯერ კანქვეშ მათი გაერთიანება და აბსცესის ფორმირება ხდება.
ნაწიბურები: მსუბუქი აკნე, როგორც წესი, ნაწიბურებს არ ტოვებს, თუმცა, პაპულების გამოწურვა ან სხვა გზით მათი გახსნის მცდელობა აძლიერებს ანთებას და ზრდის დაზიანების სიღრმეს, იზრდება ნაწიბურის განვითარების ალბათობაც. მძიმე აკნეს დროს არსებული კვანძისა და აბსცესის მოშუშების შემდეგ, ჩვეულებრივ, ნაწიბური რჩება. იგი შეიძლება იყოს ძალიან პატარა, ღრმა ხვრელი, ან სხვადასხვა სიღრმის უფრო ფართო ჩაღრმავება. ნაწიბურები რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რაც ზოგიერთისთვის მნიშვნელოვან კოსმეტიკურ პრობლემად და ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზად შეიძლება იქცეს.
ზოგადად, აკნეს მოვლა ძალიან მარტივია. დაზიანებული არე ნაზად უნდა ჩამოიბანოს დღეში ერთხელ ან ორჯერ სპეციალური საპნით, რომელიც კანის გაღიზიანებას არ იწვევს. ანტიბაქტერიული და აბრაზიული საპნები, ალკოჰოლის შემცველი გამწმენდი ბალიშები, ამქერცლავი საშუალებების ხშირი გამოყენება არ არის შედეგის მომტანი და შესაძლოა კანი უფრო დააზიანოს. კოსმეტიკა დამზადებული უნდა იყოს წყლის ფუძეზე, ძალიან ცხიმიანი პროდუქტები აუარესებს აკნეს. მართალია, არ არსებობს რაიმე შეზღუდვები კონკრეტული საკვების მხრივ (მაგალითად, პიცა ან შოკოლადი), მაგრამ აუცილებელია ჯანსაღი, ბალანსირებული კვება. გარდა ამ რუტინული წესებისა, აკნეს მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე. მისი მსუბუქი ფორმა მოითხოვს მარტივ მკურნალობას, რომელსაც გვერდითი მოვლენების განვითარების მინიმალური რისკი ახასიათებს. უფრო მძიმე აკნე ანდა აკნე, რომელიც არ ექვემდებარება პირველი რიგის მკურნალობას, მოითხოვს დამატებით მიდგომებს. მკურნალობის გეგმა ყოველთვის უნდა მოიცავდეს პაციენტის განათლებას, მხარდაჭერასა და პრაქტიკული უნდა იყოს.
მსუბუქი სიმძიმის აკნე: მსუბუქი აკნეს დროს გამოიყენება ადგილობრივი საშუალებები, რომელთაც ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია ანდა გავლენას ახდენენ კანის ფორებზე (ახშობენ ან აფართოებენ).
ორი ყველაზე ხშირად დანიშვნადი ანტიბაქტერიული საშუალებაა ანტიბიოტიკები – კლინდამიცინი და ერითრომიცინი. ბაქტერიის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური საშუალებაა ბენზოილ პეროქსიდი.
უფრო ადრე არსებული კრემები, სალიცილის მჟავას, რეზორცინისა და გოგირდის შემცველობით, იწვევენ პაპულების გამოშრობას და აქვთ მცირე პილინგის ეფექტი, თუმცა, ნაკლებეფექტიანია, ვიდრე ანტიბიოტიკები და ბენზოილ პეროქსიდი.
იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივი ანტიბიოტიკოთერაპია არ არის შედეგის მომტანი, იყენებენ სხვა ტოპიკურ საშუალებებს, რომლებიც ასუფთავებს ფორებს. ძირითადად, ეს არის ტრეტინოინი. იგი ძალზე ეფექტურია, მაგრამ ზოგჯერ კანის გაღიზიანებას და ფოტოსენსიბილიზაციას იწვევს, ამიტომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, თავიდან დაბალი კონცენტრაციით და იშვიათი აპლიკაციებით, დოზის თანდათან მატებით. მის ინაქტივაციას ბენზოილ პეროქსიდი ახდენს, რის გამოც ერთდროულად არ უნდა გამოვიყენოთ. ახალ სარეცეპტო მედიკამენტებს, რომელთაც ტრეტინოინის მსგავსი მოქმედება გააჩნია, მიეკუთვნება: ადაპალენი, აზელაინის მჟავა და ტაზაროტენი. თეთრი ან შავი კომედონები შესაძლოა მოცილებულ იქნეს ექიმის მიერ. დიდ პაპულებს ზოგჯერ სტერილური ნემსით ხსნიან. სხვა ინსტრუმენტები, როგორიც არის მარყუჟიანი ექსტრაქტორი, ასევე გამოიყენება ფორებისა და პაპულების დრენირებისთვის.
საშუალო სიმძიმის აკნე: საშუალო სიმძიმის აკნეს დროს მიმართავენ პერორალურ ანტიბიოტიკოთერაპიას. როგორც წესი, ამ დროს გამოიყენება: ტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი, მონოციკლინი და ერითრომიცინი, ხშირად ადგილობრივ საშუალებებთან კომბინაციაში. ანტიბიოტიკოთერაპია შესაძლოა გაგრძელდეს კვირების, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი, აკნეს ხელახლა განვითარების პრევენციის მიზნით. ქალებს ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღების დროს ზოგჯერ უვითარდებათ ვაგინალური კანდიდოზი, რომელიც მკურნალობას ასევე საჭიროებს.
მძიმე აკნე: ძალზე მძიმე აკნეს დროს, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია უეფექტოა, მკურნალობის საუკეთესო საშუალება პერორალური იზოტრეტინიონია. იზოტრეტინიონი ადგილობრივ ტრეტინიონთან ერთად არის ერთადერთი მედიკამენტი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია აკნესგან განკურნება. თუმცა, გასათვალისწინებელია ბევრი სერიოზული გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნაყოფის განვითარებაზე უარყოფითი გავლენა, ამიტომ ქალები, რომლებიც იზოტრეტინიონს იღებენ, ჩასახვის საწინააღმდეგოდ უნდა მიმართავდნენ მკაცრ ზომებს, რათა დაორსულება არ მოხდეს. ასევე, ზოგჯერ სხვა ნაკლებად საშიში გამოვლინებებიც გვხვდება. მკურნალობა, როგორც წესი, 20 კვირის განმავლობაში გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი კურსი მინიმუმ 4 თვის შემდეგ უნდა დაინიშნოს.
აკნეს სხვა სახით მკურნალობა შედეგიანია სპეციფიკურ შემთხვევებში. მაგალითად, ქალებს, რომელთაც აკნე მენსტრუალური ციკლის დროს უმწვავდებათ, შესაძლოა მდგომარეობა პერორალური კონტრაცეპტივების მიღებამ შეუმსუბუქოს. ეფექტი მკურნალობის დაწყებიდან 2-4 თვეში ვლინდება.
ზოგჯერ დიდი ზომის ანთებადი კვანძების ან აბსცესის შემთხვევაში მიმართავენ უშუალოდ წარმონაქმნში კორტიკოსტეროიდების ინექციას, იშვიათად კი მათ გახსნასა და დრენირებას.
აკნეს დროს განვითარებული ნაწიბურების მკურნალობა დამოკიდებულია მათ ფორმაზე, სიღრმესა და ადგილმდებარეობაზე. ერთეული ნებისმიერი სიღრმის ნაწიბური შესაძლოა ამოიჭრას და შემდეგ კანი გაიკეროს. ფართო, გაფანტული დაზიანების დროს მიმართავენ პროცედურას, რომელსაც სუბციზია ჰქვია – ამ დროს კანქვეშ კეთდება მცირე ზომის განაკვეთები, საიდანაც ნაწიბუროვანი ქსოვილის მოცილება ხდება. პროცედურის შემდეგ კანს ხშირად უბრუნდება ნორმალური კონტურები. მრავლობითი ზედაპირული ნაწიბურები შესაძლოა მოცილდეს ქიმიური პილინგით ან ლაზერით. დერმაბრაზიის დროს კანის ზედაპირი სპეციალური აპარატის მეშვეობით იწმინდება. იგი ახდენს კანის ზედა ფენების მოცილებას და ეფექტურია მცირე ზომის ნაწიბურების დროს. ზოგჯერ მიმართავენ დაზიანების არეში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების, მაგალითად, კოლაგენის, ცხიმის, სხვადასხვა სინთეზური საშუალების ინექციას, რითაც ნაწიბურის ამოვსება ჯანსაღი კანის დონეზე ხდება.