ბლისტერი (ბულა) არის სითხით სავსე ბუშტი, რომელიც ვითარდება მკვდარი კანის თხელი ფენის ქვეშ. სითხე შედგება დაზიანებული უბნებიდან გამონაჟონი წყლისა და პროტეინებისგან. ბუშტუკები ხშირად სპეციფიკური ზემოქმედების (მაგალითად, როგორიც არის დამწვრობა ან გაღიზიანება) საპასუხოდ ყალიბდება და კანის ზედაპირულ შრეებს მოიცავს. მათ ახასიათებთ სწრაფი მოშუშება და, როგორც წესი, არ ტოვებენ ნაწიბურს. ბუშტუკები, რომლებიც ვითარდება, როგორც სისტემური დაავადების ნაწილი, მოიცავს კანის ღრმა შრეებს და ახასიათებს გავრცელება სხეულის სხვადასხვა უბანზე, ნელა ხორცდება და შესაძლოა ნაწიბური დატოვოს.
მრავალ დაავადებას და დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს ბუშტუკების ფორმირება, მაგრამ სამი ავტოიმუნური დაავადება – ბულოზური პემფიგოიდი, ჰერპეტიფორმული დერმატიტი და ვულგარული პემფიგუსი – მათ შორის ყველაზე საყურადღებოა. ავტოიმუნური დაავადებების დროს იმუნური სისტემა, რომელიც ჩვეულებრივ იცავს ორგანიზმს უცხო აგენტებისგან, შეცდომით თავს ესხმის საკუთარ უჯრედებს – ამ შემთხვევაში კანის უჯრედებს.