კანი ბაქტერიული ინფექციისგან დაცვის საიმედო ბარიერს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანზე არაერთი ბაქტერია ბინადრობს, ჩვეულებრივ პირობებში ინფექციური პროცესი არ ვითარდება. ბაქტერიული გენეზის დაზიანება შესაძლოა წარმოდგენილი იყოს როგორც მცირე ზომის ლაქებით, ასევე სხეულის მთელი ზედაპირით. მათი ნაწილი უვნებელია, ნაწილი კი შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს პაციენტის სიცოცხლეს.
კანის დაინფიცირების მიზეზად მრავალი სხვადასხვა სახის ბაქტერია გვევლინება, რომელთა შორის ყველაზე ხშირია Staphylococcus და streptococcus. შედარებით იშვიათი ბაქტერიებით განპირობებული ინფექციები გვხვდება ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, თავშესაფარში მცხოვრებთა შორის, მებაღეებში, მდინარის, ზღვის ან ტბის წყალთან კონტაქტში მყოფ პირებში.
ბაქტერიული ინფექციის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან პაციენტები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით – რომელთაც აქვთ დაქვეითებული სისხლის მიმოქცევა (უპირატესად ზედა და ქვედა კიდურებში) და გლუკოზის მაღალი დონე სისხლში, რაც ამცირებს ლეიკოციტების უნარს, ებრძოლოს ინფექციას; აივ ინფექციით დაავადებული პირები, რომელთაც მკურნალობა ქიმიოპრეპარატებით უტარდებათ. დაინფიცირების რისკი მატულობს მზისგან გამოწვეული დამწვრობის, ნაფხაჭნების ან სხვა ნებისმიერი სახის ტრავმით კანის დაზიანების დროს.
პრევენცია გულისხმობს კანის სისუფთავისა და მთლიანობის შენარჩუნებას. დაზიანების დროს ჭრილობა უნდა ჩამოიბანოს წყლით და საპნით, და უნდა დაიფაროს სტერილური დოლბანდით. გამოშრობისა და ბაქტერიული ინვაზიის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ანტიბიოტიკების შემცველი კრემებისა და მალამოების აპლიკაცია. მცირე ზომის ინფიცირებული უბნების არსებობისას მკურნალობა ადგილობრივი მედიკამენტების გამოყენებით ხდება. გავრცელებული პროცესი კი პერორალურ ან ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერაპიას მოითხოვს. აბსცედირების შემთხვევაში მიმართავენ წარმონაქმნის დრენირებას და დაზიანებული ქსოვილების ოპერაციული გზით მოცილებას.