სოკოები, როგორც წესი, სხეულის ტენიან ადგილებში სახლდებიან, იქ, სადაც კანის ზედაპირები ერთმანეთთან შეხებაშია. მაგალითად, ფეხის თითებს შორის, სარძევე ჯირკვლების ქვეშ და გენიტალიების არეში. ბევრი მათგანი (დერმატოფიტები) მხოლოდ ეპიდერმისის ზედაპირულ შრეში (რქოვანა შრეში) ბინადრობს, კანის სიღრმეში არ აღწევს. ხშირია მსუქან ადამიანებში, რადგან ნაკეცებში გამომწვევის გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. სოკოვანი ინფექციების მიმართ მგრძნობიარენი არიან ასევე, დიაბეტით დაავადებულნი.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სხეულის გარკვეულ უბანზე არსებულმა სოკოვანმა ინფექციამ შესაძლოა გამონაყარი კანის არაინფიცირებულ ადგილას გამოიწვიოს. მაგალითად, ტერფის სოკოს დროს შესაძლოა გამოხატული იყოს ქავილი და გამონაყარი ხელის თითებზე. მიზეზი სოკოზე ალერგიული რეაქციის განვითარებაა და არა ინფიცირებულ უბნებთან შეხება.
სოკოვან ინფექციაზე ეჭვი მიაქვთ, როდესაც კანზე, ჩვეულ ადგილებში, წითელი, გაღიზიანებული, ზოგჯერ აქერცლილი გამონაყარი ვითარდება. დიაგნოზის დასადატურებლად მიმართავენ კანის ანაფხეკის მიკროსკოპულ შესწავლას ან მასალას ათავსებენ სპეციალურ ნიადაგზე, სადაც გამომწვევის ზრდა და შემდგომი იდენტიფიკაცია ხდება.