კანის კიბო აშშ-ში კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისი სამი ძირითადი ტიპი: ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და მელანომა ნაწილობრივ მზის ხანგრძლივი ექსპოზიციით არის გამოწვეული. კანიდან ასევე შესაძლოა ლიმფომის განვითარება. თეთრკანიანებში კანის კიბოს განვითარების რისკი უფრო მაღალია, რადგან მათში მელანინი ნაკლები რაოდენობით გამომუშავდება. მელანინი არის კანის გარეთა შრის (ეპიდერმისის) პიგმენტი, რომელიც ორგანიზმს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. თუმცა, კანის კიბო გვხვდება შავკანიანებშიც და ადამიანებში, რომლებიც მზის სხივების ნაკლებ ზემოქმედებას განიცდიან. კანის კიბოს უმრავლესობა განკურნებადია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მკურნალობა ადრეულ ეტაპზე იწყება. აქედან გამომდინარე, კანის ნებისმიერი უჩვეულო ზრდა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში პერსისტირებს, ექიმის მიერ შესწავლილი უნდა იქნეს.
კანის კიბოს მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში ქირურგიული ჩარევით მის მოცილებას გულისხმობს. ოპერაციის შემდეგ, როგორც წესი, რჩება პატარა ნაწიბური. კიბოს დიდი ან უფრო ინვაზიური ფორმა შესაძლოა კანის მნიშვნელოვანი ნაწილის მოცილებას და დეფექტის კანის გრაფტებით ჩანაცვლებას მოითხოვდეს.
სკრინინგი: გარდა იმისა, რომ პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს კანის რაიმე უჩვეულო წარმონაქმნის გაჩენის ან მისი ცვლილების შესახებ, ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კანის ყოველწლიური, რუტინული გამოკვლევა მნიშვნელოვნად შეამცირებს კანის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას.
პრევენცია: რადგან კანის კიბოს მრავალ ფორმასა და მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას შორის გარკვეული კავშირი არსებობს, ექიმები უი სხივების ზეგავლენის შესამცირებლად მთელ რიგ რეკომენდაციას იძლევიან:
მიუხედავად ამისა, არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია იმისთვის, რომ დადგინდეს აღნიშნული ზომების გატარებით მელანომის განვითარებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება. პაციენტებში კანის კიბოს სხვა ფორმებით (მაგალითად, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა ან ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) მზისგან დაცვა კანის კიბოს ხელახლა განვითარების რისკს ამცირებს.