კბილის საერთო/ზოგად დაზიანებებს მიეკუთვნება: ღრუები (კარიესით გამოწვეული), პულპიტი, პერიფერიული აბსცესი, დაზიანებული კბილები და მალოკლუზია. გატეხილი, მორყეული და ამოვარდნილი კბილები, ისევე, როგორც კბილის ტკივილის ზოგიერთი შემთხვევა, განიხილება როგორც ურგენტული სტომატოლოგიური პრობლემა. კბილის კარიესის განვითარების (რაც ხშირად იწვევს კბილის ტკივილსა და კბილის დაკარგვას) პრევენცია შესაძლებელია სწორი ორალური ჰიგიენის დაცვით, რაც ხელს უწყობს ნადების მოცილებას და ქვის ფორმირების პრევენციასაც ახდენს.
ნადები ეს არის ფირის მსგავსი სუბსტანცია, რომელიც შედგება: ბაქტერიის, ნერწყვის, საკვები ნარჩენებისა და მკვდარი უჯრედებისგან. კბილებზე მუდმივად ხდება ნადების დალექვა, დღისით და ღამით. აღნიშნული პროცესი ყველა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს. ნადები ხელს უწყობს ისეთი ბაქტერიების ზრდას, რომლებიც იწვევენ კარიესის განვითარებას, აქედან გამომდინარე, კარიესისა და სხვა დაავადებების პრევენციის მიზნით აუცილებელია მისი მოცილება კბილის ჯაგრისისა და დენტალური ფლოსის (კბილის ძაფის);ყოველდღიური გამოყენებით.
ქვები (კონკრემენტები) არის მინერალიზებული (კალციფიცირებული) ნადები, რომელიც ქმნის თეთრ საფარს კბილის ფუძესთან, განსაკუთრებით – ქვედა ფრონტალურ კბილებთან ენის მხრიდან და ზედა მოლარებთან (კბილები პირის ღრუს უკანა სეგმენტში) ლოყის მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ქვები ნადების მინერალიზაციის შედეგად ჩნდება, მისი მოცილება ქვების ფორმირებას კბილის ჯაგრისით მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუმცა, უკვე ფორმირებული ქვის მოცილება მხოლოდ სტომატოლოგის ან სტომატოლოგი-ჰიგიენისტის მიერ უნდა მოხდეს.
თუმცა, ჯანსაღი პირის ღრუს შენარჩუნება შესაძლებელია კბილის ჯაგრისისა და დენტალური ფლოსის (კბილის ძაფის) გამოყენებით; შაქრის შეზღუდული რაოდენობით მიღება და ფთორიზებული წყლის გამოყენება კბილის კარიესის განვითარების რისკს ასევე ამცირებს.
ტკივილი, რომელიც აზიანებს ინდივიდუალურ კბილს (კბილის ტკივილი), სავარაუდოდ, კბილის დაავადების ყველაზე აღიარებული სიმპტომია. კბილი შეიძლება იყოს მტკივნეული მუდმივად, მთელი დროის განმავლობაში ან გარკვეული გარემოებების დროს, როგორიცაა, მაგ. ღეჭვა ან სტომატოლოგიური ინსტრუმენტის კბილზე მსუბუქი დარტყმა. კბილის ტკივილი კბილის კარიესზე ან ღრძილის დაავადებაზე მიუთითებს, თუმცა, ტკივილი შეიძლება ასევე ფესვებზე ზემოქმედების, კბილების ერთმანეთზე ძლიერად მიბჯენის, ანუ კბილების კრაჭუნის (ბრუქსიზმი), ან კბილის მოტეხის შედეგი იყოს. სინუსის შეგუბებამ ასევე შეიძლება მსგავსი ტკივილი ზედა კბილების მიდამოში გამოიწვიოს.
გაცვეთილი ან მორყეული კბილები შეიძლება იყოს ღრძილის დაავადების ან ბრუქსიზმის სიმპტომი, როდესაც ადამიანს კბილების კრაჭუნი ახასიათებს. ბრუქსიზმი უპირატესად ღამით ვლინდება, აქედან გამომდინარე, პაციენტი ამას ვერ გრძნობს, მაგრამ ის შეიძლება ასევე გამოვლინდეს დღის განმავლობაში. ადამიანებს, რომელთაც ბრუქსიზმი აქვთ, ურჩევენ, კონცენტრირება მოახდინონ, აკონტროლონ იგი.
ცვეთა ეხება კბილების ზედაპირს, რომელზეც საკვების დაქუცმაცება მიმდინარეობს. ცვეთა ღეჭვის პროცესს ნაკლებეფექტურს ხდის.
არანორმალური/ანომალიური ფორმის კბილები შეიძლება მიუთითებდეს გენეტიკურ დაავადებაზე, ჰორმონულ დარღვევებზე ან პრენატალურ პერიოდში შეძენილ ინფექციებზე. კბილების დეფორმაცია შეიძლება გამოწვეული იყოს მოტეხილობებით ან პირის ღრუს ტრავმით.
კბილების ანომალიური/განსხვავებული ფერი ეს არ არის უბრალოდ კბილების გამუქება ან გაყვითლება, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვლინდება ან იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი იღებს საღებავის შემცველ სუბსტანციებს, როგორიცაა ყავა, ჩაი ან თამბაქოს ბოლი. ნაცრისფერი კბილი შეიძლება იყოს პირველადი ინფექციის სიმპტომი, რომელმაც სერიოზულად დააზიანა პულპა, კბილის ცოცხალი ცენტრი. იგივე შეიძლება მოხდეს ინფიცირებული სარძევე კბილის პერმანენტული კბილით ჩანაცვლებისას. კბილების პერმანენტული დისკოლორაცია შეიძლება გამოვლინდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი 9 წლის ასაკამდე ან მისი დედა ორსულობის პერიოდში პრეპარატ ტეტრაციკლინს იღებდა. ბავშვობის ასაკში ფთორიდის ჭარბმა მიღებამ შეიძლება კბილის გარე ზედაპირის (მინანქრის) ლაქოვანი დაზიანება (აჭრელება) გამოიწვიოს.
კბილის მინანქრის ანომალიური განვითარება (ემალი/მინანქარი არის კბილის გარეთა მაგარი ზედაპირი) შეიძლება კვების რაციონში ვიტამინ D-ს ნაკლებობით იყოს გამოწვეული. ანომალიური ემალი ასევე შეიძლება ბავშვობაში, პერმანენტული კბილების ფორმირების დროს გადატანილი ინფექციის (როგორიცაა, მაგ. წითელა ან ჩუტყვავილა) შედეგი იყოს. ანომალიური ემალის განვითარება შეიძლება იყოს გამოწვეული განმეორებადი ღებინებითაც, მაგალითად, ნევროზული ბულემიის დროს, რადგან კუჭის წვენის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა კბილის ზედაპირის (მინანქრის) დაშლას იწვევს.
მოცურავეებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ქლორირებულ აუზებში, ისევე, როგორც პერსონალს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მჟავებთან, შეიძლება კბილის მინანქარი დაუზიანდეთ. დაზიანებული კბილების მინანქრიდან ბაქტერია უფრო ადვილად აღწევს კბილში, რაც ხელს უწყობს კარიესის განვითარებას.