საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრები თავის ქალას, საფეთქლის ძვალსა და ქვედა ყბას ერთმანეთთან აკავშირებს. ასეთი სახსარი ორია, თითოეული – სახის აქეთ-იქით, ზუსტად ყურების წინ. იოგები, მყესები და კუნთები ამაგრებენ მათ და ასევე, ქვედა ყბის მოძრაობას უზრუნველყოფენ.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახსარია: იგი ანჯამასავით იხსნება და იხურება, მოძრაობს წინ, უკან და გვერდზე. ღეჭვის დროს შეუძლია უძლიერეს ზეწოლას გაუძლოს, რაც ზედა და ქვედა კბილების მდებარეობასა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებული. ყბის დახურვისას კბილები იმავე ფუნქციას ასრულებს, როგორც კარის საკეტი. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში სპეციალური ხრტილოვანი დისკი მდებარეობს. იგი ხელს უშლის თავის ქალისა და ქვედა ყბის ძვლების ერთმანეთთან ხახუნს.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები, რომელთაც ადრე ტმს დაავადებები (ტემპორომანდიბულარული სახსრის დაავადებები) ეწოდებოდა, ყველაზე ხშირად ქალებს აწუხებთ, 20-25 წლისა და 40-50 წლის ასაკში. იშვიათ შემთხვევაში ეს პათოლოგიები თანდაყოლილია. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები მოიცავს სახსრების, კუნთებისა და მათი დამაკავშირებელი ფიბროზული ქსოვილის (ფასციების) პრობლემებს.
ყველაზე ხშირად საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებების მიზეზი კუნთების ტონუსის (დაძაბულობის) დარღვევა და სახსრის ანატომიური პათოლოგიებია, რომლებსაც ზოგჯერ ფსიქოლოგიური ფაქტორიც ერთვის. კონკრეტული მიზეზებიდან კი აღსანიშნავია: კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა, სახსარშიდა მოშლილობა, ართრიტი, ანკილოზი და ჰიპერმობილობა.
კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა: ყბის გარშემო კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა (მიოფასციალური ტკივილის სინდრომი), ძირითადად კუნთების ჭარბი დატვირთვისა და გადაძაბვის შედეგია. ამას, თავის მხრივ, იწვევს ზედა და ქვედა თანკბილვის დარღვევები, კბილების უქონლობა, თავის ან კისრის ტრავმა ან კბილის ტკივილიც კი. ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება პირის ზედმეტად გაღების მცდელობა იყოს. კუნთების ტკივილსა და დაჭიმულობას იწვევს კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი) ან კრიჭის შეკვრა ღამით, ფსიქოლოგიური ან ძილთან დაკავშირებული სტრესის გამო. კრაჭუნი ან კრიჭის შეკვრა ძილის დროს უფრო ძლიერ ზეწოლას იწვევს, ვიდრე სიფხიზლისას.
სახსარშიდა მოშლილობა: სახსარშიდა მოშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, როდესაც სახსარში მდებარე დისკი ნორმასთან შედარებით ცოტა წინაა განთავსებული. სახსარშიდა მოშლილობა ორგვარია: ჩასწორებით და ჩასწორების გარეშე. ჩასწორება ნიშნავს, როცა სახსრის ნაწილები თავიანთ ნორმალურ მდებარეობას უბრუნდება. დისკის ამოვარდნილობა ჩასწორებით უფრო ხშირია, ვიდრე მეორე ვარიანტი, ანუ ჩასწორების გარეშე. იგი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედში გვხვდება. ამ შემთხვევაში დისკი ნორმასთან შედარებით წინ მხოლოდ მაშინ მდებარეობს, როცა პირი დახურულია. პირის გაღებისა და ქვედა ყბის წინ გადანაცვლებისას დისკი ნორმალურ მდებარეობას უბრუნდება, პირის დახურვისას კი ისევ წინ იწევს. როცა ადამიანს სახსარშიდა ამოვარდნილობა აქვს ჩასწორების გარეშე, დისკი ნორმალურ მდებარეობას არასდროს აღწევს და პირიც ბოლომდე არ იღება.
ართრიტი: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანთება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, ინფექციური ართრიტის ან ტრავმის გამო შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ უკანასკნელმა სახსარშიდა სისხლჩაქცევა გამოიწვია. ასეთი დაზიანებები შედარებით ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს, რომლებსაც ნიკაპის გვერდით, ქვედა ყბაზე დაარტყეს.
ოსტეოართრიტი ართრიტის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც სახსრების ხრტილი დეგენერაციას განიცდის. იგი ყველაზე ხშირად ხანში შესულებში გვხვდება. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ხრტილი ისეთი გამძლე არ არის, როგორიც სხვა სახსრებისა. ოსტეოართრიტი ძირითადად მაშინ ვითარდება, როცა დისკი არ არსებობს ან მისი მთლიანობა დარღვეულია.
რევმატოიდული ართრიტი დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი საკუთარ უჯრედებს ესხმის თავს (ავტოიმუნური დაავადებაა), რაც ანთებას იწვევს. იგი დაავადებულთა 17%-ის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარს აზიანებს. ძირითადად ეს არის ბოლო იმ სახსართაგან, რომელთაც რევმატოიდული ართრიტი ჩაითრევს.
ინფექციურ ართრიტს იწვევს თავის, კისრის მეზობელი უბნიდან ან სხეულის სხვა ნაწილიდან სისხლით გავრცელებული ინფექცია.
ანკილოზი: ანკილოზი სახსრის მოძრაობის უნარის დაკარგვაა, რასაც ძვლების შეზრდა ან სახსრის გარშემო არსებული იოგების კალციფიკაცია (კალციუმის დაგროვება ქსოვილებში) იწვევს.
ჰიპერმობილობა: ჰიპერმობილობა (ქვედა ყბის მორყევა) მაშინ ვითარდება, როცა სახსრის გამამყარებელი იოგები იჭიმება. ამ დროს ამოვარდნილობას ხშირად სახსრის ფორმა, იოგების მოდუნება და კუნთების დაჭიმულობა იწვევს. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს პირის ფართოდ გაღების მცდელობა ან დარტყმა ყბაში.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადების სიმპტომებია: თავის ტკივილი, საღეჭი კუნთების მტკივნეულობა, ტკაცუნის ხმიანობა ან სახსრის ჩაკეტვა. ზოგჯერ ტკივილი სახსარში კი არა, მის მახლობლად აღმოცენდება. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებები შეიძლება იყოს ხშირი, ჩვეული მკურნალობისადმი დაუმორჩილებელი თავის ტკივილების მიზეზი. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია კისრის დაჭიმულობა ან მტკივნეულობა, რაც მხრებში გადაეცემა, თავბრუსხვევა, ყურის ტკივილი ან დაგუბება, ძილის დარღვევა.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების მქონეებს ხშირად უჭირთ პირის ფართოდ გაღება. მაგალითად, ნორმაში ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია ვერტიკალურად განლაგებული სამი თითი – საჩვენებელი, შუა და არათითი – გაღებულ პირში, ზედა და ქვედა კბილებს შორის ძალდატანების გარეშე ჩაიდოს. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების დროს კი (ჰიპერმობილობის გარდა) ეს სივრცე მნიშვნელოვნად მცირდება.
კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა: კუნთების ტკივილის მქონე ადამიანებს ხშირად ოდნავ თუ აწუხებთ კონკრეტულად სახსრის ტკივილი. ამის ნაცვლად ისინი ტკივილსა და დაჭიმულობას გრძნობენ სახის ორივე მხარეს გაღვიძებისას ან დღის განმავლობაში, სტრესული სიტუაციების შემდეგ. ძილში კრიჭის შეკვრის ან კბილების კრაჭუნის გამო ადამიანი გაღვიძებისას შეიძლება შეაწუხოს თავის ტკივილმა, რაც დღის განმავლობაში შემსუბუქდება. პირის გაღებისას ქვედა ყბა შესაძლოა ოდნავ რომელიმე მხარეს მოექცეს (დევიაცია). საღეჭი კუნთები, როგორც წესი, შეხებით მტკივნეული ხდება.
სახსარშიდა მოშლილობა: სახსარშიდა მოშლილობა, რომელსაც დისკის წინ გადანაცვლება და ჩასწორება ახლავს თან, ხშირად იწვევს ტკაცუნის ხმიანობას სახსარში პირის ფართოდ გაღების ან ქვედა ყბის გვერდით გაწევის დროს. ადამიანთა უმრავლესობას მხოლოდ ეს სიმპტომი აქვს. თუმცა, ზოგჯერ ვითარდება ტკივილიც, განსაკუთრებით – მაგარი საკვების ღეჭვისას. პაციენტთა მცირე ნაწილს, ვისაც კბილები აკლია ან ძილში კრაჭუნი სჩვევია, ამ ხმიანობით საბოლოოდ ყბის სახსარი ჩაეკეტება.
სახსარშიდა მოშლილობა, რომელსაც დისკის წინ გადანაცვლება ახლავს თან ჩასწორების გარეშე, ხშირად იწვევს ტკივილს, ძნელდება პირის ფართოდ გაღება, რაც საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებათა უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. 6-12 თვის შემდეგ ტკივილი შესაძლოა შემსუბუქდეს, მაგრამ პირის ფართოდ გაღება, როგორც წესი, მაინც შეზღუდულია.
ართრიტი: ოსტეოართრიტი ძირითადად მაშინ ვითარდება, როცა სახსარშიდა დისკი არ არსებობს ან მისი მთლიანობა დარღვეულია. შესაბამისად, ადამიანს სახსრებში უჩნდება ხრაშუნის შეგრძნება პირის გაღებისას და დახურვისას. თუ ოსტეოართრიტი მძიმეა, ქვედა ყბის ძვლის წვერი ბრტყელდება და პირის ფართოდ გაღება შეუძლებელი ხდება. ყბამ ასევე შეიძლება გადაინაცვლოს დაზიანების მხარეს და ადამიანმა მისი გასწორება ვერ შეძლოს.
რევმატოიდული ართრიტი, როგორც წესი, საფეთქელ-ქვედა ყბის ორივე სახსარს თითქმის თანაბრად აზიანებს, რაც სხვა დაავადებების დროს იშვიათია. როცა რევმატოიდული ართრიტი მძიმეა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ქვედა ყბის ძვლის წვერმა შეიძლება დეგენერაცია განიცადოს და დამოკლდეს. ეს ზედა და ქვედა კბილების უმრავლესობის ან ყველას განლაგების უეცარ შეცვლას იწვევს. თუ დაზიანება ძალიან მძიმეა, ქვედა ყბის ძვალი საბოლოოდ შესაძლოა თავის ქალას შეეზარდოს (ანკილოზი).
ანკილოზი: სახრის გარშემო არსებული იოგების (სახსარგარეთა იოგების) კალციფიკაცია (კალციუმის დაგროვება ქსოვილებში), როგორც წესი, მტკივნეული არ არის, მაგრამ ამ დროს პირის გაღება 1 ინჩზე (2,5 სმ) მეტად შეუძლებელია. სახსარში არსებული ძვლების შეზრდა (სახსარშიდა ანკილოზი) ტკივილს იწვევს და ქვედა ყბის მოძრაობას უფრო მკვეთრად ზღუდავს.
ჰიპერმობილობა: ჰიპერმობილობის მქონე ადამიანის ქვედა ყბა შეიძლება სრულიად ამოვარდეს სახსრიდან და წინ გადაინაცვლოს, რაც იწვევს ტკივილს და პირის დახურვა შეუძლებელი ხდება. ყბა შესაძლოა უეცრად და ხშირად ამოვარდეს.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადების დიაგნოზის დასასმელად თითქმის ყოველთვის საკმარისია პაციენტის სამედიცინო ისტორის გაცნობა და მისი გასინჯვა. გამოკვლევა მოიცავს სახის აქეთ-იქით თითით ზეწოლას ან პირის გაღებისა და დახურვის მომენტში ნეკა თითის ყურზე დაჭერას. ექიმი ასევე ნაზად დააწვება საღეჭ კუნთებს, რათა დაადგინოს, ტკივილი ან მტკივნეულობა ხომ არაა გამოხატული და აკვირდება, მოკბეჩისას ყბა გადანაცვლდება თუ არა.
თუ ექიმს სახსარშიდა მოშლილობა ეეჭვება, შეიძლება დამატებითი კვლევები ჩატარდეს. დღესდღეობით ოქროს სტანდარტად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) მიიჩნევა, რომლის მეშვეობითაც ექიმი განსაზღვრავს, რატომ განვითარდა მოშლილობა ან რატომ არ მოაქვს ეფექტი მკურნალობას. მკურნალობის შედეგებზე დასაკვირვებლად და უფრო იშვიათად – დიაგნოზის დასასმელად ექიმები ზოგჯერ ელექტრომიოგრაფიასაც იყენებენ, რომლითაც კუნთების ელექტრული აქტივობა აღირიცხება. ლაბორატორიული ანალიზები იშვიათადაა გამოსადეგი.
ოსტეოართრიტზე ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა პირის გაღებისას კრეპიტაცია ანუ ხრაშუნის ხმა ისმის. დიაგნოზის დასადასტურებლად რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) გამოიყენება. ინფექციური ართრიტი მაშინაა სავარაუდო, თუ სახსრის გარშემო მდებარე უბანი ანთებითია, პირის გაღება კი მტკივნეული და გაძნელებული. ამაზე სხეულის სხვა ნაწილში ინფექციის კერის არსებობაც მიანიშნებს. ინფექციური ართრიტის დიაგნოზის დასადასტურებლად ექიმმა შეიძლება ნემსით საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრიდან სითხე გამოიღოს (ასპირაცია) და იგი ბაქტერიებზე გამოსაკვლევად გაგზავნოს.
თუ მიზეზი ჰიპერმობილობაა, ადამიანს, როგორც წესი, პირის გაღება სამი თითის სიგანეზე მეტად შეუძლია. ქვედა ყბა შეიძლება ქრონიკულად დარჩეს ამოვარდნილი. როცა ანკილოზია მიზეზი, ყბის მოძრაობის დიაპაზონი მკვეთრადაა შეზღუდული.
მკურნალობა მიზეზის მიხედვით მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს. ყველაზე ხშირად ორ მეთოდს მიმართავენ: არტაშანის დადებასა და ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებას.
კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა: არტაშანი ძირითადი საშუალებაა ყბის კუნთების ტკივილისა და დაჭიმულობის სამკურნალოდ. ვისაც კრიჭა ეკვრის ან კბილებს აკრაჭუნებს, არტაშანი ამის გადაჩვევაში დაეხმარება. მზადდება თხელი, პლასტიკური არტაშანი, რომელიც ზედა და ქვედა კბილებს შორის თავსდება. მას, როგორც წესი, ღამე იკეთებენ (ე.წ. ღამით დამცავი), რის შედეგადაც მცირდება კბილების კრაჭუნი, ყბის კუნთებს საშუალება ეძლევათ, მოდუნდნენ და დაისვენონ. თუ ტკივილი დღისითაა შემაწუხებელი, არტაშანი ყბის კუნთებს მოდუნების საშუალებას მისცემს და სტაბილურ განლაგებას შეუნარჩუნებს, რაც დისკომფორტს ამცირებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია კბილების დაზიანების თავიდან აცილებაც, რადგან კრაჭუნისას მათზე უძლიერესი ზეწოლა მოქმედებს. დღის არტაშანებს სიმპტომების გაქრობამდე იყენებენ, ხშირად 8 კვირამდე პერიოდის განმავლობაში. ზოგჯერ უფრო ხანგრძლივი ტარებაც ხდება საჭირო, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.
ექიმმა შესაძლოა ფიზიკური თერაპიაც დანიშნოს, რაც მოიცავს ულტრაბგერით მკურნალობას, ელექტრომიოგრაფიულ ბიოუკუკავშირს (რომლის დროსაც ადამიანი სწავლობს, როგორ მოადუნოს კუნთები), მისხურებისა და გაჭიმვის სავარჯიშოებს (ამ დროს მტკივნეულ ადგილს სპეციალურ გამყინავ საშუალებას ასხურებენ ან ყინულით აბუჟებენ, შემდეგ კი სპეციალური აპარატის დახმარებით პირი პასიურად იღება და ქვედა ყბა იჭიმება) ან ფრიქციულ მასაჟს. ნერვების კანსმიღმა ელექტრული სტიმულაცია (TENS) ასევე შეიძლება ეფექტიანი გამოდგეს. ზოგჯერ მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება სტრესთან გამკლავების მეთოდებით, ელექტრომიოგრაფიულ ბიოუკუკავშირთან ერთად.
ხანდახან პაციენტს შვებას მედიკამენტური მკურნალობაც ჰგვრის. მაგალითად, ტკივილისა და დაჭიმულობის შესამცირებლად კუნთების მომადუნებელი საშუალებები, მაგ. ციკლობენზაპრინი ინიშნება განსაკუთრებით იმ პერიოდში, სანამ ადამიანი არტაშნის დამზადებას ელოდება. თუმცა, ეს წამლები განკურნებას არ უზრუნველყოფს, როგორც წესი, არ ინიშნება ხანში შესულებში და გამოიყენება მხოლოდ მცირე პერიოდის, მაგ. ერთი თვის ან უფრო მცირე დროის განმავლობაში. ტკივილგამაყუჩებლებიდან ასევე შეიძლება ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების (აასს) მიღება. ექიმი, როგორც წესი, ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების რეცეპტს არ გასცემს, რადგან მკურნალობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ეს წამლები კი მიჩვევას იწვევს. მათ, ვინც ტკივილის გამო დაძინებას ვერ ახერხებენ, შეიძლება მცირე დროის განმავლობაში საძილე (სედაციური) საშუალებები დაენიშნოთ. ბოლო დროს ასევე წარმატებული აღმოჩნდა სპაზმის მოსახსნელად კუნთში ბოტულიზმის ტოქსინის შეყვანა.
მკურნალობის მეთოდის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობა მნიშვნელოვან შვებას დაახლოებით 3 თვეში გრძნობს. თუ სიმპტომები ძალიან მძიმე არ არის, ბევრი პაციენტი 2-3 წელიწადში მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდება.
სახსარშიდა მოშლილობა: სახსარშიდა მოშლილობისას, ჩასწორებით ან მის გარეშე, მკურნალობა მხოლოდ მაშინაა საჭირო, თუ ადამიანს ყბის ტკივილი აქვს ან პირის გაღება უჭირს. თუ მან ექიმს სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართა, სტომატოლოგმა ან ზოგადმა ექიმმა შეიძლება დისკის უკან, ნორმალურ მდგომარეობაში ჩასმა მოახერხოს. თუ დაავადება 3 თვეზე ნაკლებ დროშია განვითარებული, ექიმმა ქვედა ყბის წინ დასაფიქსირებლად შეიძლება არტაშანი გამოიყენოს. მისი მეშვეობით ყბა ერთ პოზიციაშია დამაგრებული და სახსრის საყრდენ იოგებს საშუალება ეძლევათ, გაძლიერდნენ. 2-4 თვის შემდეგ არტაშანს ცვლიან და ქვედა ყბას ნორმალურ მდებარეობას უბრუნებენ იმ მოლოდინით, რომ სახსარშიდა დისკი თავის ადგილას დარჩება.
ადამიანი, რომელსაც სახსარშიდა მოშლილობა აქვს, ჩასწორებით ან მის გარეშე, უნდა მოერიდოს პირის ფართოდ გაღებას – მაგ. დამთქნარებისას ან სქელი სენდვიჩის მოკბეჩისას – რადგან დაზიანებული სახსრები ამ მოძრაობის დროს ისე კარგად არ არიან დაცულნი, როგორც ნორმაში. ასეთ პაციენტებს ურჩევენ, საკვები დაჭრან და პატარა ლუკმებად მიირთვან, რათა დაღეჭვა გაუადვილდეთ.
ზოგჯერ გადაადგილებული დისკი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის წინ იჭედება და ხელს უშლის პირის გაღებას. ამ შემთხვევაში იგი ხელით უნდა ჩასწორდეს, რათა სახსარში მოძრაობა აღდგეს. მოძრაობის უნარის გასაუმჯობესებლად ასევე არსებობს პასიური მოძრაობის მოწყობილობები, რომლებიც ქვედა ყბას ჭიმავენ. მათ დღეში რამდენჯერმე იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობა დაკბილული ჭანჭიკის მექანიზმზეა დაფუძნებული და დომკრატის მსგავსია. იგი წინა კბილებს შორის თავსდება და ტრიალისას პირს ნელ-ნელა აღებს. თუ ექიმს ეს მოწყობილობა არა აქვს, მან შეიძლება კბილებს შორის ერთმანეთზე დაწყობილი ხის ჩხირები მოათავსოს და შემდეგ მათ სათითაოდ კიდევ დაამატოს.
თუ სახსარშიდა მოშლილობის მკურნალობა ოპერაციის გარეშე შეუძლებელია, ყბა-სახის ქირურგი დისკს ფორმას შეუცვლის და მას ადგილზე მიაკერებს. თუმცაღა, ტრადიციული ოპერაციები უფრო იშვიათად ტარდება მას შემდეგ, რაც პროცედურა – ართროსკოპია შემოვიდა. ყველა ქირურგიული ჩარევა არტაშანთან ერთად კომბინაციაში გამოიყენება.
ართრიტი: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ოსტეოართრიტის მქონე ადამიანმა ქვედა ყბა მაქსიმალურად უნდა მოასვენოს, კუნთების დაჭიმულობის საწინააღმდეგო არტაშანი ან სხვა მოწყობილობა გამოიყენოს და ტკივილის შემთხვევაში გამაყუჩებლები მიიღოს (მაგ. ასპირინი, აცეტამინოფენი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება). მკურნალობითაც და მის გარეშეც ტკივილი, როგორც წესი, 6 თვეში გაივლის. ასევე უმკურნალებლად ქრება სიმპტომების უმრავლესობა, ალბათ იმიტომ, რომ დისკის უკან მდებარე ქსოვილი ნაწიბურდება და მის ფუნქციას ასრულებს. ქვედა ყბის მოძრაობის დიაპაზონი ჩვეული საქმიანობისთვის საკმარისია ხოლმე, თუმცა, პირი იმდენად ფართოდ შეიძლება აღარ გაიღოს, როგორც ადრე.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რევმატოიდულ ართრიტს იმავე წამლებით მკურნალობენ, რასაც ნებისმიერი სხვა სახსრის მკურნალობისას იყენებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახსარში მოძრაობის შენარჩუნება და ძვლების შეზრდის თავიდან აცილება. ამისთვის ყველაზე კარგი მეთოდი, როგორც წესი, არის ყბის ფიზიკური ვარჯიში თერაპევტის მეთვალყურეობით. სიმპტომების, განსაკუთრებით კუნთების დაჭიმულობის, შესამსუბუქებლად ღამით ისეთი არტაშანის ხმარებაა საჭირო, რომელიც ყბის მოძრაობას არ ზღუდავს. თუ ძვლების შეზრდის გამო სახსარი ჩაიკეტა, შესაძლოა მისი ხელოვნურით ჩანაცვლება გახდეს საჭირო.
ინფექციური ართრიტის დროს ანტიბიოტიკები ინიშნება. თავდაპირველად ხშირად იყენებენ პენიცილინს, სანამ ანალიზის შედეგებით ბაქტერიის სახეობა და მასზე ყველაზე კარგად მოქმედი ანტიბიოტიკი არ განისაზღვრება. თუ სახსარში ჩირქია, მას ნემსით იღებენ.
ანკილოზი: კალფიციკაციის მქონე ადამიანებს ზოგჯერ დაჭიმვის სავარჯიშოები შველით, მაგრამ უფრო ხშირად კალფიციკაციის ან ძვლების შეზრდისას ყბის მოძრაობის აღსადგენად ოპერაციაა საჭირო.
ჰიპერმობილობა: ჰიპერმობილობით გამოწვეული ამოვარდნილობის მკურნალობისა და თავიდან აცილების მეთოდები იგივეა, რაც სხვა მიზეზით ამოვარდნილი ქვედა ყბის შემთხვევაში. ამ დროს სახსრის უკან ჩასასმელად მეორე ადამიანია საჭირო. თუმცა, ვისაც ეს პრობლემა განმეორებით რამდენჯერმე უვითარდება, ხშირად თავად სწავლობს ყბის ჩასმას. ამისთვის საჭიროა კუნთების მოდუნება და ყბის მსუბუქად გადაადგილება, სანამ იგი თავის ადგილას არ ჩაჯდება. ზოგჯერ ხშირი ამოვარდნილობის სამკურნალოდ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის იოგების გასამაგრებელი ოპერაცია ხდება საჭირო.