გასტროენტერიტი (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები) | მკურნალი.გე
  1. გასტროენტერიტი (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები)
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
გასტროენტერიტი (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები)

გასტროენტერიტი არის კუჭის, წვრილი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება. მისი მიზეზი, ჩვეულებრივ, მიკროორგანიზმებით დასენიანებაა, თუმცა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ტოქსინებმა და წამლებმაც.

  • გასტროენტერიტი, ჩვეულებრივ, ინფექციით არის გამოწვეული, თუმცა შეიძლება ტოქსინებმა და წამლებმაც გამოიწვიოს;

  • პაციენტს აწუხებს ფაღარათი, გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი;

  • დიაგნოზი ემყარება ზოგიერთ ლაბორატორიულ გამოკვლევას და შემდეგი ფაქტების დადასტურებას: წარსულში პაციენტის კონტაქტი დასნებოვნებულ პირებთან ან დაბინძურებული წყლის, ან საკვების მიღება, ან ანტიბიოტიკების გამოყენება;

  • ნაწლავების მოქმედების, ფეკალურ მასასთან შეხების შემდეგ ხელების გულდასმით დაბანა ინფექციის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა;

  • ანტიბიოტიკები გამოიყენება მხოლოდ გარკვეული სახის ბაქტერიების განადგურებისთვის.

გასტროენტერიტს ახასიათებს ზომიერი ან ძლიერი ფაღარათი, რასაც თან ახლავს მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კრუნხვები და დისკომფორტი მუცელში. გასტროენტერიტი ძირითადად არ არის სახიფათო ჯანმრთელი ზრდასრულისთვის, მხოლოდ დისკომფორტს იწვევს, მაგრამ მას შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში დეჰიდრატაცია და ელექტროლიტების დისბალანსი ავადმყოფ ან დასუსტებულ ადამიანებში, ბავშვებში ან მოხუცებულებში. ყოველწლიურად მსოფლიოში 3-6 მილიონი ბავშვი კვდება ინფექციური გასტროენტერიტის გამო.

მიზეზები

გასტროენტერიტის გამომწვევი ინფექციები შეიძლება ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფაღარათის დროს ნაწლავების მოქმედების შემდეგ გულდასმით არ იბანენ ხელებს. დაინფიცირებული განავლით დაბინძურებული საგნისთვის (საფენი ან სათამაშო) ხელის შევლების შემდეგ იმავე ხელის პირში ჩადება აგრეთვე არის დასნებოვნების გზა. დაინფიცირებული განავლით ინფექციის გადატანა მოიხსენიება როგორც ინფექციის გავრცელების ფეკალურ-ორალური გზა. ცალკეული ადამიანი და ადამიანების დიდი მასა (ეპიდემია) შეიძლება დასენიანდეს განავლით დაბინძურებული საკვების ან სასმელი წყლის მიღების შედეგად. საკვები პროდუქტების უმრავლესობა შეიძლება დაინფიცირდეს ბაქტერიით და გასტროენტერიტი გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა პროდუქტების კარგად მოხარშვა ან პასტერიზაცია. დაბინძურებულ წყალთან კონტაქტი შესაძლებელია ცხოველის განავლით დაბინძურებულ ტბაში ან სხვა ადამიანის განავლით დაბინძურებულ აუზში ცურვისას. ზოგ შემთხვევაში ადამიანი გასტროენტერიტით შეიძლება დაავადდეს ინფექციური მიკროორგანიზმის მატარებელ ცხოველთან კონტაქტის შედეგად.

ინფექციური გასტროენტერიტის გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსები, ბაქტერიები ან პარაზიტები, აგრეთვე, ქიმიური ნივთიერებები, წამლები.

ირუსები: ვირუსები გასტროენტერიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია აშშ-ში. ზოგი ვირუსი შეიჭრება წვრილი ნაწლავის ლორწოვანის უჯრედებში, აქ მრავლდება და იწვევს წყალწყალა ფაღარათს, ღებინებას, ცხელებას. გასტროენტერიტების უმეტესობის გამომწვევია ოთხი სახის ვირუსი: როტავირუსი, კალიცივირუსი (უმეტესად ნოროვირუსი) და, ნაკლებად ხშირად, ასტროვირუსი და ენტერული (ნაწლავური) ადენოვირუსი.

როტავირუსი ძლიერი გამაუწყლოებელი ფაღარათის ყველაზე გავრცელებული მიზეზია პატარა ბავშვებს შორის. უმეტესწილად გვხვდება 3-დან 15 თვემდე ასაკის კონტინგენტში. როტავირუსი ადვილად გადამდებია, უხშირესად ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით. ზრდასრულები შეიძლება დასენიანდნენ ინფიცირებულ ჩვილთან ახლო კონტაქტით, მაგრამ მათი დაავადება, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს. ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ზამთრობით ბავშვებს შორის ფაღარათის მიზეზი უხშირესად როტავირუსია. ამასთან, ფაღარათი იმდენად სერიოზულია, რომ ჩვილების და პატარების საავადმყოფოში მოთავსების მიზეზი ხდება. ყოველწლიურად აშშ-ში როტავირუსული დაავადების ტალღა იწყება ნოემბერში სამხრეთ-დასავლეთში და მთავრდება მარტში ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ნოროვირუსით დასენიანება უფრო ხშირია უფროსი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის. ინფექცია გვხვდება მთელი წლის მანძილზე. პაციენტთა უმეტესობა სენიანდება დაბინძურებული საკვების ან ასეთივე წყლის მიღების შემდეგ. ნოროვირუსი ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

ასტროვირუსი ყველაზე ხშირად 2 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის ვრცელდება. ინფიცირებულები მთელი წლის მანძილზე გვხვდება, მათი რიცხვი ზაფხულში ოდნავ მატულობს. ინფექცია ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით.

სხვა ვირუსებმა (ციტომეგალოვირუსი და ენტეროვირუსი) აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს გასტროენტერიტი იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითების მქონე პირებს შორის.

ბაქტერია: ბაქტერიული გასტროენტერიტი უფრო ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე ვირუსული.

ზოგი ბაქტერია (ნაწლავის ჩხირის, კამპილობაქტერიის, შიგელას და სალმონელას გარკვეული შტამები) წვრილი ნაწლავის ან კოლინჯის ლორწოვანში შეაღწევს, აზიანებს იქ უჯრედებს, იწვევს მცირე ზომის წყლულების განვითარებას. ამ წყლულებიდან შემდეგ სისხლდენა იწყება, გადმოდის მნიშვნელოვანი რაოდენობით სითხე, რომელიც შეიცავს ცილებს, ელექტროლიტებს და წყალს. განავალში ნახულობენ ლიმფოციტებს და ერითროციტებს, ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით მოჩანს სისხლი.

სალმონელა და კამპილობაქტერია ფაღარათის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია აშშ-ში. ორივე მიკროორგანიზმით დასენიანების ყველაზე ხშირი გზაა მოუხარშავი შინაური ფრინველის ხორცის მიღება. არაპასტერიზებული რძეც არის ინფექციის შესაძლო წყარო. კამპილობაქტერია ზოგჯერ გადაეცემა ფაღარათის მქონე კატის ან ძაღლისგან, სალმონელა – მოუხარშავი კვერცხის მიღებისას ან რეპტილიებთან (კუ ან ხვლიკი) კონტაქტით.

შიგელების სახეობა აშშ-ში ფაღარათის ყველაზე გავრცელებულ გამომწვევებს შორის რიგით მესამეა. ის, როგორც წესი, გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, თუმცა გვხვდება დაბინძურებული საკვებით გამოწვეული ეპიდემიებიც.

ნაწლავის ჩხირის სხვადასხვა ქვეტიპებიც იწვევს ფაღარათს. ამ ბაქტერიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეტიპი აშშ-ში ენტეროჰემორაგიულია, რომელიც ჰემორაგიულ კოლიტს, ზოგჯერ კი – ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს იწვევს. ნაწლავის ჩხირის ზემოხსენებული ქვეტიპის შტამებიდან ერთ-ერთი – O157:H7 – ამ ქვეტიპის ყველაზე გავრცელებული შტამია აშშ-ში. მისი გავრცელების შესაძლო წყაროებია მოუხარშავი საქონლის ფარში, არაპასტერიზებული რძე და წვენი, დაბინძურებული წყალი. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხშირია დღის მოვლის ცენტრებში. ნაწლავის ჩხირის სხვა ქვეტიპი (ეწოდება ენტეროტოქსიკური ნაწლავის ჩხირი) გამოიმუშავებს ორ ტოქსინს, რომლებიც იწვევს ფაღარათს. ეს ქვეტიპი მოგზაურთა ფაღარათის ყველაზე ხშირი მიზეზია.

ნაწლავის ჩხირის მესამე ქვეტიპიც იწვევს ფაღარათს წყალწყალა განავლის გამოყოფით. ოდესღაც ეს საბავშო ბაღებში ფაღარათის ეპიდემიის ხშირი მიზეზი იყო, მაგრამ ახლა იშვიათია. ნაწლავის ჩხირის მეოთხე ქვეტიპი იწვევს სისხლიან ან უსისხლო ფაღარათს, უმეტესად განვითარებად ქვეყნებში. აშშ-ში ის იშვიათია.

სხვა ბაქტერიები (ოქროსფერი სტაფილოკოკი, ცერეუსის ბაცილა და აიროვანი განგრენის გამომწვევი კლოსტრიდიები) წარმოქმნის ტოქსინს, რომელსაც შეიძლება შეიცავდეს დაბინძურებული საკვები. ამ ტოქსინს გასტროენტერიტის გამოწვევა შეუძლია ბაქტერიული ინფექციის გარეშე. დამახასიათებელია ძლიერი გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. სიმპტომები ვლინდება დაბინძურებული საკვების მიღებიდან 12 საათის განმავლობაში, მომდევნო 36 საათში მცირდება.

ზოგიერთი სხვა ბაქტერიაც იწვევს გასტროენტერიტს, მაგრამ მათი უმეტესობა აშშ-ში იშვიათია. ნაწლავური იერსინიოზის გამომწვევმა შეიძლება განაპირობოს გასტროენტერიტი ან აპენდიციტის მსგავსი სიმპტომოკომპლექსი. ადამიანი სენიანდება მოუხარშავი ღორის ხორცის, არაპასტერიზებული რძის ან დაბინძურებული წყლის მიღებისას. ზოგიერთი ვიბრიონის სახეობა (როგორიცაა პარაჰემოლიზური ვიბრიონი) იწვევს ფაღარათს მოუხარშავი ზღვის პროდუქტის მიღებისას. ქოლერის ვიბრიონით დასნებოვნებისას აღინიშნება წყალწყალა ფაღარათი, რაც ქოლერის ძირითადი სიმპტომია, აგრეთვე, განვითარებად ქვეყნებში, ზოგჯერ გამაუწყლოებელი ფაღარათი. ლისტერია საკვებით გადატანილი გასტროენტერიტის მიზეზი შეიძლება გახდეს. აერომონას შეძენა ხდება ცურვისას ან დაბინძურებული წყლის, ან მლაშე, მარილიანი წყლის დალევისას. პლესიომონა შიგელოიდებს შეუძლიათ ფაღარათის გამოწვევა იმ პირებს შორის, რომელნიც მოლუსკებს იყენებენ საკვებად ან მოგზაურობენ განვითარებადი ქვეყნების ტროპიკულ რეგიონებში.

პარაზიტები: ზოგიერთი ნაწლავური პარაზიტი, სახელდობრ გიარდია ლამბლია, მიეკრობა ნაწლავის კედელს ან შეიჭრება მასში და იწვევს გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს და, ზოგადად, ავადმყოფობის განცდას. ამ პარაზიტით გამოწვეულ დაავადებას გიარდიაზი ეწოდება, ხშირია ცივი კლიმატის მქონე ქვეყნებში, თუმცა გვხვდება აშშ-ის ყველა რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ქრონიკული გიარდიაზის დროს ორგანიზმი ვეღარ ახერხებს საკვები ნივთიერებების შეწოვას. მოხსენიებული მდგომარეობა მალაბსორბციის სინდრომის სახელით არის ცნობილი. ინფექცია ადმიანიდან ადამიანზე გადადის კონტაქტით (ხშირია დღის მოვლის ცენტრებში) ან დაბინძურებული წყლით.

კიდევ ერთი ნაწლავური პარაზიტი – კრიპტოსპორიდიუმ პარვუმი – იწვევს წყალწყალა ფაღარათს, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს მოვლითი ტკივილები მუცელში, გულისრევა და ღებინება. ინფექცია სახელად კრიპტოსპორიდიოზი სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებში უხშირესად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში შეიძლება მძიმედ მიმდინარეობდეს ან ფატალურიც კი აღმოჩნდეს. ყველაზე ხშირად დაინფიცირებული წყლის დალევის შედეგად ვითარდება.

სხვა პარაზიტები, რომლებსაც შეუძლიათ კრიპტოსპორიდიოზის მსგავსი სიმპტომების გამოწვევა, შემდეგია: ციკლოსპორა კაიეტენანეზესი იმ ადამიანებში, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ და იზოსპორა ბელის, აგრეთვე მიკროორგანიზმების ჯგუფი, რომელსაც მიკროსპორიდიებს უწოდებენ. ენტამება ჰისტოლიტიკა იწვევს ამებიაზს – მსხვილი ნაწლავის და ზოგჯერ ღვიძლის ან სხვა ორგანოების დაზიანებით. ამებიაზი განვითარებად ქვეყნებში სისხლიანი ფაღარათის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ზოგჯერ აშშ-შიც გვხვდება.

ტოქსიკური ნივთიერებები: გასტროენტერიტი შეიძლება განვითარდეს ტოქსიკური ნივთიერების მიღების შედეგად. ეს ტოქსინები, როგორც წესი, წარმოიქმნება მცენარეებისგან (მაგალითად, მომწამლავი სოკოები, ეგზოტიკური ზღვის პროდუქტების გარკვეული სახეები), ისინი არ გამომუშავდება ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების მიერ. გარდა ამისა, გასტროენტერიტის მიზეზი შეიძლება გახდეს დარიშხანით, ტყვიით, ვერცხლისწყლით ან კადმიუმით დაბინძურებული წყლის მოხმარება. მძიმე მეტალებით მოწამვლა ხშირად იწვევს გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს და ფაღარათს. ზოგჯერ მჟავე საკვების (ციტრუსები და პომიდორი) დიდი რაოდენობით მიღებაც ხდება გასტროენტერიტის მიზეზი.

სიმპტომები

სიმპტომების სიმძიმე დამოკიდებულია გამომწვევი მიკროორგანიზმების ან ტოქსინების სახეობასა და რაოდენობაზე. ასევე განსხვავებულია სიმპტომები ადამიანის ორგანიზმის მდგრადობის მიხედვით. ხშირად სიმპტომები ვლინდება უეცრად, ზოგჯერ დრამატულად, მადის დაკარგვით, გულისრევით ან ღებინებით, შეიძლება ისმოდეს ნაწლავების ყურყური ან დაიწყოს მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში. ფაღარათი ყველაზე ხშირი სიმპტომია, შესაძლოა თან ახლდეს განავალში შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი სისხლი ან ლორწო. ნაწლავის მარყუჟები გადავსებულია აირებით, მუცელი შეხებისას მტკივნეულია. შესაძლოა სხეულის ტემპერატურის მომატება, ცუდი თვითგრძნობა, კუნთების ტკივილი და ძლიერი გადაღლილობის შეგრძნება.

ძლიერმა ღებინებამ და ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრი გაუწყლოება. დეჰიდრატაციის სიმპტომებია სისუსტე, მოშარდვის სიხშირის შემცირება, პირის სიმშრალე, ჩვილ ბავშვებში – უცრემლოდ ტირილი. სისხლში კალიუმის დონე ქვეითდება (ჰიპოკალიემია), შეიძლება შემცირდეს ნატრიუმის რაოდენობაც (ჰიპონატრიემია). მოხსენიებული მაშინ ხდება, როდესაც დაკარგული სითხის ჩასანაცვლებლად პაციენტი სვამს სითხეებს (წყალი და ჩაი), რომლებიც მარილს მცირე რაოდენობით ან სულ არ შეიცავს. წყლის და ელექტროლიტების დისბალანსი პოტენციურად საშიშია, განსაკუთრებით ახალგაზრდა, მოხუცებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს შოკი და თირკმლების უკმარისობა.

დიაგნოზი

გასტროენტერიტის დიაგნოზი ძირითადად მხოლოდ სიმპტომების შეფასებას ეფუძნება, გამომწვევის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება. საყურადღებოა, ხომ არ ჰქონდათ ცოტა ხნის წინ მსგავსი სიმპტომები ოჯახის სხვა წევრებს ან თანამშრომლებს. ხშირად საეჭვო ხდება გასტროენტერიტის გამომწვევის არსებობა დაბინძურებულ წყალში ან არასაკმარისად მოხარშულ, გაფუჭებულ ან დაბინძურებულ საკვებში, როგორიცაა უმი ზღვის პროდუქტები ან დიდი ხნის განმავლობაში მაცივრის გარეთ შენახული მაიონეზი. დაავადებამდე ცოტა ხნის წინ უცხო ქვეყნებში მოგზაურობა და ანტიბიოტიკების გამოყენება გასათვალისწინებელი ფაქტორებია.

თუ სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული და 48 სთ-ზე მეტხანს გრძელდება, უნდა ჩატარდეს განავლის ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი ლეიკოციტების, ბაქტერიების, ვირუსების ან პარაზიტების არსებობის დასადასტურებლად.

თუ სიმპტომები გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, რეკომენდებულია კოლონოსკოპია (დრეკადი ზონდი, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილის დასათვალიერებლად), რათა გამოირიცხოს (ან დადასტურდეს) წყლულოვანი კოლიტი.

პრევენცია

უკვე გამოიყენება როტავირუსის საწინააღმდეგო დასალევი ვაქცინა, რომელიც უსაფრთხოა და ეფექტურია, მიმართულია როტავირუსის შტამების უმეტესობის წინააღმდეგ. ეს ვაქცინა ახლა უკვე ჩვილ ბავშვთა ვაქცინაციის რეკომენდებული კალენდრის ნაწილია და გამოიყენება 2, 4 და 6 თვის ასაკში.

ჩვილებისთვის გასტროენტერიტის პრევენციის მარტივი და ეფექტური გზაა ძუძუთი კვება. მომვლელებმა საფენის გამოცვლის შემდეგ კარგად უნდა დაიბანონ ხელები საპნით, საფენის გამოსაცვლელი ადგილის დეზინფექცია უნდა ჩაატარონ ახალმომზადებული საყოფაცხოვრებო მათეთრებლის ხსნარით (1/4 ჭიქა მათეთრებელი გაიხნას 4-4.5 ლიტრ წყალში). ფაღარათიანი ბავშვები არ უნდა დაუშვან დღის მოვლის ცენტრებში, სანამ სიმპტომები არ გაუქრებათ. ნაწლავის ჩხირით და შიგელით დასნებოვნებულ ბავშვებსაც არ უნდა მიეცეს ცენტრში დაბრუნების უფლება, სანამ მათი განავლის კულტურის ორჯერ ჩატარებული ანალიზის შედეგი არ იქნება უარყოფითი.

ვინაიდან გასტროენტერიტის გამომწვევი ინფექციური აგენტები ადამიანიდან ადამიანს კონტაქტით, სახელდობრ, დაინფიცირებულ განავალთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით გადაეცემა, ნაწლავების მოქმედების შემდეგ ხელების საპნით გულდასმით დაბანა პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. იმ ინფექციური აგენტების თავიდან ასარიდებლად, რომლებიც საკვებთან ერთად ხვდებიან ორგანიზმში, ხელების კარგად დაბანა საჭიროა საკვებთან შეხებამდე. გარდა ამისა, აუცილებელია დანების და საჭრელი დაფების გარეცხვა, რომლებზეც ხორცს ჭრიან, ხორცი და კვერცხი კარგად უნდა მოიხარშოს, საკვების გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნაწილები მაშინვე უნდა მოთავსდეს მაცივარში. მხოლოდ პასტერიზებული რძის პროდუქტების და პასტერიზებული ვაშლის წვენის გამოყენება შეიძლება. მოგზაურები უნდა შეეცადონ თავი აარიდონ სავარაუდოდ დაბინძურებულ საკვებს და სასმელს.

მკურნალობა

გასტროენტერიტის მკურნალობის უპირველესი საშუალებებია წოლითი რეჟიმი და სითხეების ადეკვატური რაოდენობით მიღება. ღებინების მქონე პაციენტმაც კი უნდა სვას სითხე ხშირ-ხშირად, პატარ-პატარა ყლუპებით. თუ ღებინება და ფაღარათი გაგრძელდა და გაუწყლოება მოჰყვა, შეიძლება საჭირო გახდეს სითხეების და ელექტროლიტების შეყვანა ინტრავენურად. ბავშვების გაუწყლოება სწრაფად ხდება, ამიტომაც აუცილებელია მარილების და შაქრების სათანადო განზავების ხსნარების გამოყენება დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების ჩასანაცვლებლად. გაზიანი სასმელების, ჩაის, სპორტული სასმელების, კოფეინის შემცველი სასმელების და ხილის წვენების მიღება არ არის გამართლებული. თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, ის უნდა გაგრძელდეს. ძლიერი ღებინების საწინააღმდეგოდ პატარა ბავშვებს წამლებს, ჩვეულებრივ, არ აძლევენ, ზრდასრულებს კი ასეთი წამლები ინექციის ან სანთლის სახით ენიშნებათ.

სიმპტომების შემსუბუქების შემდეგ შესაძლებელია კვების რაციონის ნელ-ნელა გაფართოება. ტრადიციულად იყენებენ ხოლმე რბილ საკვებს, როგორიცაა ბურღულეული, ჟელატინი, ბანანი, ბრინჯი, ვაშლის პიურე და დაბრაწული პური, თუმცა არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკვები სხვა საკვებზე უფრო სასარგებლოა. თუ ფაღარათი გაგრძელდა 24-48 საათი და განავალში სისხლის არსებობა (რაც მძიმე ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს) არ აღინიშნა, ექიმი ან ნიშნავს წამალს ფაღარათის კონტროლისთვის, მაგალითად, დიფენოქსილატს, ან განუმარტავს პაციენტს ურეცეპტოდ გასაყიდი წამლის, მაგალითად, ლოპერამიდის მიღების წესს. ხაზგასასმელია, რომ დასახელებულ წამლებს, როგორც წესი, 5 წლამდე ბავშვებს არ აძლევენ.

ვინაიდან ანტიბიოტიკებს შეუძლია ფაღარათის გამოწვევა და ხელს უწყობს ისეთი მიკროორგანიზმების ზრდას, რომლებიც ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტულია, მათი გამოყენება იშვიათადაა გამართლებული, მაშინაც კი, თუ იდენტიფიცირებულია გასტროენტერიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი. თუმცაღა, ანტიბიოტიკები შეიძლება დაინიშნოს, როცა გასტროენტერიტის გამომწვევია კამპილობაქტერია, შიგელა და ვიბრიონი, აგრეთვე მიეცეს იმ პირებს, რომელთაც მოგზაურთა დიარეა აღენიშნებათ.

პარაზიტული ინფექციების მკურნალობა ტარდება ანტიპარაზიტული პრეპარატებით, როგორიცაა მეტრონიდაზოლი და ნიტაზოქსანიდი.

ზოგიერთი ბაქტერია ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად არსებობს და ხელს უწყობს "კარგი" ბაქტერიების (პრობიოტიკები) ზრდას. სამკურნალო პრობიოტიკების, მაგალითად, ლაქტობაცილის (ბუნებრივად ბინადრობს პირის ღრუში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და საშოში), გამოყენება უსაფრთხოა, ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას. მათი გამოყენება შეიძლება იოგურტის ან აქტიური კულტურების სახით.