თვალის პრობლემების დროს შეიძლება გამოვლინდეს: მხედველობის დარღვევა, ცვლილებები თვალებზე გარეგნული დათვალიერებით ან უჩვეულო შეგრძნებები ამ ორგანოების მხრივ. ეს სიმპტომები, როგორც წესი, თავად თვალის დაავადებით არის გამოწვეული, თუმცა, ზოგჯერ მიანიშნებს სხვა ორგანოებში არსებულ დარღვევებზეც. მაგალითად, მხედველობის დაქვეითება თავის ტვინში არსებული პრობლემის ბრალი შეიძლება იყოს. ზოგჯერ კი თვალის მხრივ სიმპტომები ვითარდება ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც რამდენიმე ორგანოთა სისტემას აზიანებს.
თვალის პრობლემების მქონე ადამიანი ექიმმა უნდა გასინჯოს. თუმცაღა, ამ ორგანოს ზოგიერთი დაავადება ადრეულ ეტაპზე ძალიან ცოტა სიმპტომს იწვევს ან სულაც არ ვლინდება. ასე რომ, საჭიროა თვალების რეგულარული (1-2 წელში ერთხელ ან უფრო ხშირად, რაიმე დაავადების არსებობისას) გამოკვლევა – ოფთალმოლოგის (თერაპევტი და ქირურგი, რომელიც სპეციალიზდება თვალის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში) ან ოფთომეტრისტის მიერ (ეს უკანასკნელი ექიმი არ არის და მისი სფერო კონკრეტულად რეფრაქციის პრობლემებია).
თვალის ან მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანი ჯერ აღუწერს ექიმს, სად ვლინდება პრობლემა ან რამდენი ხანია, რაც სიმპტომები აქვს. ამის შემდეგ ექიმი გამოიკვლევს თვალს, მის გარშემო მდებარე უბანს და შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებსაც, იმის მიხედვით, თუ რა არის სავარაუდო დიაგნოზი. თვალის გამოკვლევა, როგორც წესი, მოიცავს რეფრაქციის კვლევას, მხედველობის ველის კვლევას, ოფთალმოსკოპიას, თვალის სადიაგნოსტიკო ბიომიკროსკოპით გამოკვლევასა და ტონომეტრიას.