კონიუნქტივა თხელი, გამჭვირვალე გარსია, რომელიც ქუთუთოს შიგნითა ზედაპირიდან სკლერაზე (თეთრ გარსზე) გადადის, ორივე მათგანს ფარავს და რქოვანას კიდემდე გრძელდება (იხ. ილუსტრაცია გვ. 1552). კონიუნქტივა თვალს იცავს მცირე ზომის უცხო სხეულებისა და ინფექციური მიკროორგანიზმებისგან და ასევე მონაწილეობს ცრემლის გარსის შენარჩუნებაში მის ზედაპირზე.
კონიუნქტივის ყველაზე ხშირი დაავადება მისი ანთებაა (კონიუნქტივიტი). ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ბაქტერიები (ქლამიდიას ჩათვლით), ვირუსები ან სოკოები; ალერგიული რეაქციები; ქიმიური ნივთიერებების ან უცხო სხეულების მოხვედრა თვალში და მზის სხივების ჭარბი მოქმედება მასზე. კონიუნქტივიტი შედარებით ხანმოკლე დაავადებაა, თუმცა, იგი ზოგჯერ თვეების ან წლების მანძილზეც გრძელდება. ხანგრძლივ კონიუნქტივიტს ხშირად თვალის ქრონიკული გაღიზიანება იწვევს ქუთუთოს გარეთ გადაბრუნების (ექტროპიონის) ან შიგნით ჩაბრუნების (ენტროპიონის) დროს, თვალის ზოგი წვეთების გამოყენებისას ან ქრონიკული სიმშრალისას. მიზეზის მიუხედავად, კონიუნქტივიტის სიმპტომები მსგავსია და მოიცავს: სიწითლეს, ქავილს ან გაღიზიანებას, გამონადენს და ზოგჯერ მხედველობის დაბურვასაც.
სკლერა თვალის კაკლის გარეთა, მაგარი, თეთრი გარსია. იგი სიმყარეს ანიჭებს თვალს და იცავს უცხო სხეულების შიგ შეღწევისა და გახეთქვისგან. იშვიათად სკლერაზეც ვითარდება ანთება ანუ სკლერიტი.