უვეიტი თვალის პიგმენტირებული, შუა ანუ სისხლძარღვოვანი გარსის ნებისმიერი ნაწილის ანთებაა.
სისხლძარღვოვანი გარსი სამი ნაწილისგან შედგება: ირისი ანუ ფერადი გარსი, წამწამოვანი სხეული და საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი.
ირისი, ფერადი გარსი, რომელიც შავი გუგის გარშემო მდებარეობს, იხსნება ან იხურება მეტი ან ნაკლები სინათლის შესაშვებად თვალში, ისევე, როგორც ფოტოკამერის დიაფრაგმა.
წამწამოვანი სხეული კუნთთა ჯგუფია, რომლის შეკუმშვისას ბროლი სქელდება და თვალი ახლოს მდებარე საგნებზე ფოკუსირდება. წამწამოვანი სხეულის მოდუნება ბროლს ათხელებს და ამით შორ მანძილზე მხედველობას უზრუნველყოფს.
საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი თვალის კაკლის შუა შრეა და ვრცელდება წამწამოვანი სხეულის კიდიდან უკანა ნაწილში მდებარე მხედველობის ნერვამდე. მის შიგნით ბადურაა მოთავსებული, გარეთ კი – სკლერა. საკუთრივ სისხლძარღვოვან გარსში მდებარეობს სისხლმილების ფენები, რომლებიც კვებავენ თვალის შიდა ნაწილებს, კერძოდ კი ბადურას.
ანთებამ შეიძლება მოიცვას სისხლძარღვოვანი გარსი ნაწილობრივ ან მთლიანად. მდებარეობის მიხედვით არჩევენ: წინა უვეიტს, შუა უვეიტს, უკანა უვეიტს ან პანუვეიტს (მთელი სისხლძარღვოვანი გარსის ანთებას). ზოგჯერ უვეიტის სახელწოდება იმ სტრუქტურით განისაზღვრება, რომელსაც ანთება მოიცავს, მაგალითად: ირიტი (ფერადი გარსის ანთება), ქოროიდიტი (საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის ანთება) ან ქორიორეტინიტი (საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსისა და ზედ მდებარე ბადურას ანთება). მრავალ შემთხვევაში უვეიტი მხოლოდ ცალ თვალს აზიანებს, თუმცა ანთება შეიძლება ორივეზე განვითარდეს.
დაავადებას ბევრი მიზეზი აქვს. ზოგი მათგანი საკუთრივ თვალიდან გამომდინარეობს, ზოგი კი მთელი ორგანიზმის მომცველი პათოლოგიაა. შემთხვევათა უმრავლესობაში მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, რასაც იდიოპათიურ უვეიტს უწოდებენ. დაავადებულთა 40%-ს ისეთი დარღვევაც აქვს, რაც სხეულის სხვა ორგანოებსაც აზიანებს. მათ შორისაა ანთებითი დაავადებები, მაგალითად: მაანკილოზებელი სპონდილიტი და იუვენილური იდიოპათიური ართრიტი; სარკოიდოზი; გავრცელებული ინფექციები, მაგ. ტუბერკულოზი, სიფილისი ან ლაიმის დაავადება. უვეიტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ცალი თვალის დამაზიანებელი ინფექციები, როგორიცაა მარტივი ჰერპესული ინფექცია, ვარიცელა ზოსტერ ვირუსით გამოწვეული სარტყლისებური ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი და ციტომეგალოვირუსული ინფექცია – რომელიც ძირითადად ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაავადებულებში გვხვდება.
უვეიტის ადრეული სიმპტომები შეიძლება მძიმე ან მსუბუქი იყოს, იმის მიხედვით, თუ გარსის რომელ ნაწილზეა ანთება და რამდენად გამოხატულია იგი.
უვეიტს ძალიან სწრაფად შეუძლია თვალის დაზიანება. ზოგჯერ ვითარდება ხანგრძლივი, მხედველობისთვის საშიში გართულებები, როგორიცაა ყვითელი ხალის შეშუპება, გლაუკომა და კატარაქტა. ბევრ ადამიანს უვეიტი მხოლოდ ერთხელ ემართება, ზოგს კი – პერიოდულად ხელახლა უვითარდება წლების ან თვეების შემდეგ.
ექიმი დიაგნოზს სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამს. თუ მან ეჭვი სხვა ორგანოების დამაზიანებელ დაავადებაზე მიიტანა, შესაბამისი გამოკვლევები ინიშნება.
მკურნალობა გამოუსწორებელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად სწრაფად უნდა დაიწყოს. თითქმის ყოველთვის საჭიროა კორტიკოსტეროიდები, ხშირად თვალის წვეთების ფორმით. ასევე ინიშნება გუგის გამაფართოებელი საშუალებები, მაგ. სკოპოლამინის ან ჰომატროპინის წვეთები. უვეიტის სპეციფიკური მიზეზების სამკურნალოდ სხვა წამლებიც შეიძლება გახდეს საჭირო. მაგალითად, თუ ინფექცია იწვევს ანთებას, შესაბამისი მიკროორგანიზმის საწინააღმდეგო მედიკამენტები ინიშნება.