გლაუკომა | მკურნალი.გე
  1. გლაუკომა
  2. მხედველობის სისტემის დაავადებები
გლაუკომა

გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებაა (რაც ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, დაკავშირებულია გაზრდილ თვალშიდა წნევასთან), რომელიც მხედველობის პროგრესირებად, შეუქცევად დაკარგვას იწვევს.

  • მხედველობის ნერვის დაზიანება შესაძლოა თვალშიდა წნევის გაზრდით იყოს გამოწვეული;

  • მხედველობა იმდენად ნელა ქვეითდება, რომ ეს ხანგრძლივი დროის მანძილზე შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი;

  • გლაუკომის რისკის მქონე ადამიანებს თვალის სრულყოფილი გამოკვლევა ესაჭიროებათ, თვალშიდა წნევის გაზომვისა და გვერდითი (პერიფერიული) მხედველობის შეფასების ჩათვლით;

  • თვალშიდა წნევის კონტროლი მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს, როგორც წესი, თვალის წვეთების მეშვეობით, თუმცა, ზოგჯერ ოპერაციაც საჭიროა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 3 მილიონ, მსოფლიოში კი 14 მილიონ ადამიანს აქვს გლაუკომა. ეს დაავადება სიხშირით მესამე ადგილზეა სიბრმავის მიზეზებს შორის მსოფლიოში და მეორეზე – აშშ-ში, თუმცა, ამ ქვეყანაში შავკანიანებსა და ლათინოამერიკული წარმოშობის მოსახლეობაში წამყვანი ადგილი უკავია. აშშ-ში გლაუკომის მქონე პაციენტთა მესამედში თვალშიდა წნევა ნორმის ფარგლებშია, რასაც დაბალწნევიანი გლაუკომა ეწოდება.

დაავადების რისკი ყველაზე მაღალია შემდეგი ფაქტორების არსებობისას:

  • 40 წელზე მეტი ასაკი

  • აფროამერიკული რასა

  • ოჯახის წევრებს აქვთ ან ჰქონდათ გლაუკომა

  • ახლომხედველობა ან შორსმხედველობა

  • შაქრიანი დიაბეტი

  • კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება

  • თვალის ტრავმა

გლაუკომა მაშინ ვითარდება, როცა თვალში არსებული სითხის (წყალწყალა ნამის) წარმოქმნასა და გადინებას შორის წონასწორობა ირღვევა და თვალშიდა წნევა სახიფათო დონემდე იზრდება. ნორმაში წყალწყალა ნამი, რომელიც თვალს კვებავს, ირისის უკან, უკანა საკანში მდებარე წამწამოვანი სხეულის მიერ წარმოიქმნება და გუგის გავლით წინა საკანში გადაედინება. აქედან იგი ფერად გარსსა და რქოვანას საზღვარზე (კუთხეში) მდებარე სადრენაჟო არხებით ტოვებს თვალს. ნორმალურად ფუნქციონირებისას ეს სისტემა ისევე მუშაობს, როგორც ონკანი (წამწამოვანი სხეული) და ნიჟარა (სადრენაჟო სისტემა). წონასწორობა სითხის წარმოქმნასა და გადინებას შორის – ანუ ღია ონკანსა და ნიჟარას შორის, რომელიც კარგად იცლება – უზრუნველყოფს წყალწყალა ნამის თავისუფალ მოძრაობას და ხელს უშლის თვალშიდა წნევის ზრდას.

გლაუკომის დროს სადრენაჟო არხები იხშობა, იჭედება ან მათ რამე ფარავს. სითხე თვალიდან ვერ გამოედინება, თუმცა, უკანა საკანში წამწამოვანი სხეული წყალწყალა ნამის წარმოქმნას კვლავ აგრძელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიჟარიდან წყალი ვერ გადის, ონკანი კი მოშვებულია. როცა წნევა იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მხედველობის ნერვისთვისაა უსაფრთხო, იგი ზიანდება, რასაც გლაუკომა ეწოდება. ზოგჯერ თვალშიდა წნევა ნორმის ფარგლებშია, მაგრამ მაინც მაღალია მხედველობის ნერვისთვის (ამას დაბალწნევიანი გლაუკომა ჰქვია).

ზრდასრულებისა და ბავშვების გლაუკომის მრავალი სახე არსებობს. მათი უმრავლესობა ორიდან რომელიმეს მიეკუთვნება: ღიაკუთხოვანს ან დახურულკუთხოვანს.

ღიაკუთხოვანი გლაუკომა უფრო ხშირია. ამ დროს თვალის სადრენაჟო არხები თანდათან, თვეების ან წლების მანძილზე იხშობა. თვალშიდა წნევაც ნელა იზრდება, რადგან სითხე ჩვეულებრივად წარმოიქმნება და ძნელად გაედინება.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა უფრო იშვიათია, ვიდრე ღიაკუთხოვანი. ამ შემთხვევაში თვალის სადრენაჟო არხები იხშობა ან იფარება, რადგან კუთხე ფერად გარსსა და რქოვანას შორის ძალიან ვიწროა. ეს შეიძლება უეცრად ან ნელ-ნელა მოხდეს. თუ არხები უცებ დაიხშო, თვალშიდა წნევა სწრაფად იზრდება. თუ ისინი თანდათან გახდა გაუმტარი, თვალშიდა წნევა ნელა იმატებს, როგორც ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს.

შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადების მიზეზი უცნობია, თუმცა, ორივე – ღია და დახურულკუთხოვანი გლაუკომა ზოგ ოჯახში უფრო ხშირია. ზოგჯერ სითხის თავისუფლად გადინების დარღვევა, თვალშიდა წნევის გაზრდა და მხედველობის ნერვის დაზიანება გამოწვეულია ინფექციით, ანთებით, სიმსივნით, დიდი კატარაქტით, კატარაქტის ოპერაციით ან რაიმე სხვა დარღვევით. ამას მეორეული გლაუკომა ეწოდება.

სიმპტომები

ღიაკუთხოვანი გლაუკომა: ღიაკუთხოვანი გლაუკომა უმტკივნეულოა და ადრეულ ეტაპზე სიმპტომებს არ იწვევს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ბრმა ლაქების გაჩენა, ანუ მხედველობის ველის ზოგი ნაწილის გამოვარდნა, თვეების ან წლების მანძილზე. ბრმა ლაქები ნელ-ნელა იზრდება და ერთიანდება. თავდაპირველად, როგორც წესი, პერიფერიული მხედველობა იკარგება. ეს ისე ნელა ხდება, რომ ხშირად შეუმჩნეველიც კი რჩება, სანამ მხედველობა ძლიერ არ დაქვეითდება. ცენტრალური მხედველობა ბოლოს იკარგება, ამიტომ ბევრ ადამიანს გვირაბული მხედველობა უვითარდება. ისინი პირდაპირ ყურებისას სრულყოფილად ხედავენ, სხვა ნებისმიერი მიმართულებით კი – ვეღარ. მკურნალობის გარეშე გვირაბული მხედველობაც იკარგება საბოლოოდ და ადამიანი სრულიად ბრმავდება.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა: თუ თვალშიდა წნევამ სწრაფად მოიმატა დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს (მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა), უეცრად იწყება თვალისა და თავის ძლიერი ტკივილი, სიწითლე, მხედველობის დაბურვა, ცისარტყელას ფერების რგოლები ჩნდება შუქის გარშემო და მხედველობა უცებ ქვეითდება. ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა და ღებინება თვალშიდა წნევის გაზრდის საპასუხოდ. მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომა გადაუდებელი მდგომარეობაა, რადგან მკურნალობის გარეშე ადამიანმა მხედველობა სიმპტომების გაჩენიდან 2-3 საათში შეიძლება დაკარგოს.

მათ, ვისაც ერთ თვალზე ჰქონდა ღია ან დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მეორე თვალზე ამ დაავადების განვითარების რისკი უფრო მეტი აქვთ.

სკრინინგი და დიაგნოზი

გლაუკომის სახეების უმრავლესობა ნელა და უჩუმრად იწვევს მხედველობის დაკარგვას წლების მანძილზე, ამიტომ მათი დროული აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანს, ვისაც ამ დაავადების მაღალი რისკი აქვს (იხ. ჩამონათვალი თავის დასაწყისში), თვალის სრულყოფილი გამოკვლევა ესაჭიროება 1-2 წელში ერთხელ.

გლაუკომის სადიაგნოსტიკო დეტალური გამოკვლევა ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში თვალშიდა წნევა იზომება. ეს უმტკივნეულო პროცესია, რომელიც სპეციალური ინსტრუმენტით, ტონომეტრით სრულდება. ზოგადად, ითვლება, რომ 20-22 მილიმეტრ ვერცხლიწყლის სვეტზე (მმ. ვწყ. სვ.) მაღალი თვალშიდა წნევა ნორმაზე მეტია.

თვალშიდა წნევის გაზომვა საკმარისი არ არის, რადგან გლაუკომის მქონეთა მესამედს ან მეტს ეს მაჩვენებელი ნორმაში აქვს. ასე რომ, ექიმები ოფთალმოსკოპსა და ბიომიკროსკოპსაც იყენებენ მხედველობის ნერვზე ისეთი ცვლილებების აღმოსაჩენად, რაც გლაუკომისეული დაზიანებისთვისაა დამახასიათებელი.

ექიმი დამატებით მხედველობის ველსაც (პერიფერიულ მხედველობასაც) გამოიკვლევს ბრმა ლაქების აღმოსაჩენად. ყველაზე ხშირად ეს პროცედურა ტარდება სპეციალური აპარატით, რომელიც აფასებს ადამიანის უნარს, დაინახოს სინათლის პატარა წერტილები მხედველობის ველის ყველა ნაწილში.

დაბოლოს, ექიმები სპეციალური ლინზის მეშვეობით თვალის სადრენაჟო არხებს იკვლევენ, რასაც გონიოსკოპია ეწოდება. გონიოსკოპით ოფთალმოლოგი განსაზღვრავს, გლაუკომა დახურულკუთხოვანია თუ ღიაკუთხოვანი.

მკურნალობა

გლაუკომის გამო დაკარგული მხედველობა ვეღარ აღდგება, მაგრამ თუ დაავადება დროულად დიაგნოსტირდა, სწორი მკურნალობით შესაძლებელია მხედველობის მეტად დაკლების თავიდან აცილება. შესაბამისად, გლაუკომის მკურნალობის მიზანია მხედველობის დაქვეითება არ დაიწყოს ან შეჩერდეს და აღარ პროგრესირდეს.

გლაუკომის მკურნალობა მთელი სიცოცხლე გრძელდება. იგი გულისხმობს თვალშიდა წნევის შემცირებას თვალიდან უფრო მეტი სითხის გადინების ან ნაკლების წარმოქმნის ხარჯზე. ზოგჯერ, თუკი თვალშიდა წნევა მაღალია, მაგრამ მხედველობის ნერვის დაზიანების ნიშნები ჯერ არ ვლინდება (ასეთ პაციენტებს გლაუკომაზე "ეჭვმიტანილებს" უწოდებენ), შესაძლებელია მკურნალობის გადადება და ყურადღებით დაკვირვების გაგრძელება.

ღია და დახურულკუთხოვანი გლაუკომის სამკურნალო ძირითადი საშუალებებია თვალის წვეთები და ოპერაცია.

ძირითადად ინიშნება ბეტა-ბლოკერების, პროსტაგლანდინის მსგავსი ნივთიერებების, ალფა-ადრენერგული აგონისტების, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების ან ქოლინერგული საშუალებების შემცველი თვალის წვეთები. ღიაკუთხოვანი გლაუკომისას ისინი, უმრავლეს შემთხვევაში, ეფექტურია. ეს წამლები დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროსაც გამოიყენება, თუმცა, ამ შემთხვევაში მკურნალობის ძირითადი საშუალება ოპერაციაა და არა თვალის წვეთები. გლაუკომის სამკურნალო წვეთები ზოგადად უსაფრთხოა, მაგრამ სხვადასხვა გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოიწვიონ. ისინი მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა გამოიყენოს ადამიანმა და აუცილებელია რეგულარული ვიზიტები ოფთალმოლოგთან, რათა გაკონტროლდეს თვალშიდა წნევა, შეფასდეს მხედველობის ნერვის მდგომარეობა და მხედველობის ველი. ზოგჯერ შარდმდენი წამლების ერთ-ერთი სახე (ოსმოსური შარდმდენი) ინიშნება დასალევად ან ინტრავენურად, ხანმოკლე დროის განმავლობაში, რათა სწრაფად შემცირდეს თვალშიდა წნევა მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს.

თუ წვეთების მეშვეობით ვერ ხერხდება თვალშიდა წნევის გაკონტროლება, ადამიანი ვერ იყენებს მათ ან ამ წამლებს აუტანელი გვერდითი მოვლენები აქვს, ოპერაცია შეიძლება გახდეს საჭირო. ლაზერულ ქირურგიას მიმართავენ ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს სითხის გადინების გასაუმჯობესებლად (ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა) ან ფერად გარსში ხვრელის შესაქმნელად (ლაზერული პერიფერიული ირიდექტომია ან ირიდოტომია) მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში. ლაზერული ოპერაცია ექიმის კაბინეტში, საავადმყოფოში ან კლინიკაში კეთდება. ტკივილის გაყუჩების მიზნით თვალის საანესთეზიო წვეთები გამოიყენება. პაციენტებს, როგორც წესი, ამ ქირურგიული პროცედურების შემდეგ იმავე დღესვე წერენ სახლში.

გლაუკომის ფილტრაციის ოპერაცია კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევაა, რომელიც ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მისი ტრადიციული სახე გულისხმობს ახალი სადრენაჟო სისტემის შექმნას (ტრაბეკულექტომია ან მილით შუნტირება), რათა სითხეს დახშული არხების გარდა სხვა სავალიც მიეცეს თვალიდან გასადინებლად. გლაუკომის ფილტრაციის ოპერაცია, როგორც წესი, საავადმყოფოში ტარდება. უფრო ახალი მეთოდები (ვისკოკანალოსტომია და ტრაბექტომია) გულისხმობს სადრენაჟო სისტემის ნაწილის ამოკვეთას, რათა გაუმჯობესდეს სითხის დინება. პაციენტები სახლში, როგორც წესი, პროცედურის ჩატარების შემდეგ იმავე დღეს ეწერებიან.

გლაუკომის ლაზერული ოპერაციის ყველაზე ხშირი გართულება თვალშიდა წნევის დროებით გაზრდაა, რომელსაც თვალის წვეთებით მკურნალობენ. იშვიათად, ლაზერმა შეიძლება რქოვანას დამწვრობა გამოიწვიოს, მაგრამ იგი მალევე ხორცდება. ლაზერული და გლაუკომის ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ ზოგჯერ ანთება და სისხლდენა ვითარდება თვალში, მაგრამ ხანმოკლედ. გლაუკომის ფილტრაციის ოპერაცია ხანდახან მხედველობის გაორებით, კატარაქტით ან ინფექციით რთულდება. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა გადაუდებელი მდგომარეობაა, ამიტომ ექიმები ამ დროს ძალიან ძლიერ და სწრაფად მოქმედ წამლებს იყენებენ, რომლებიც ბევრად სწრაფად ამცირებს თვალშიდა წნევას, ვიდრე ჩვეულებრივი წვეთები ან ოპერაცია. თუ ოფთალმოლოგი თვლის, რომ თვალი შეიძლება ძალიან დაზიანდეს მაღალი წნევის გამო, გლიცერინის ან აცეტაზოლამიდის აბებს ან ინტრავენურ საშუალებებს (მაგ. მანიტოლს) დანიშნავს. ასევე, რაც შეიძლება მალე გამოიყენება თვალის წვეთები. საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი ოპერაციაც კეთდება.

სხვა დაავადებებით გამოწვეული გლაუკომის მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. ინფექციის ან ანთების შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკი, ანტივირუსული საშუალება ან კორტიკოსტეროიდის წვეთები. თუ სითხის გადინებას სიმსივნე უშლის ხელს, საჭიროა მისი მკურნალობა, ისევე, როგორც კატარაქტის, რომელიც იმდენად დიდია, რომ თვალშიდა წნევის გაზრდას იწვევს. კატარაქტის ოპერაციის შემდეგ თვალშიდა წნევის მატების შემთხვევაში გლაუკომის სამკურნალო წვეთები გამოიყენება მის შესამცირებლად. თუ ეს საშუალებები ეფექტური არ არის, გლაუკომის ფილტრაციის ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს.