დაავადებებს, რომლებიც ქალის გამრავლების სისტემას აზიანებს, გინეკოლოგიური დაავადებები ეწოდება. გინეკოლოგიურ დაავადებებს შორის ზოგჯერ სარძევე ჯირკვლის პრობლემები განიხილება.
გინეკოლოგიური დაავადებების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: საშოს ქავილი, გამონადენი საშოდან, პათოლოგიური სისხლდენა საშოდან, ტკივილი მენჯის არეში, სარძევე ჯირკვლებში წარმონაქმნები და ტკივილი. გინეკოლოგიური სიმპტომების მნიშვნელობა ხშირად დამოკიდებულია ქალის ასაკზე, რადგან სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ასაკობრივ ჰორმონულ ცვლილებებთან.
სხეულის ჭარბთმიანობას, განსაკუთრებით, სახეზე (ზედა ტუჩი, ლოყები ან ბაკები), ტორსზე (ძუძუს დვრილების ირგვლივ, გულმკერდზე ან მუცლის ქვედა არეში), კიდურებზე, ჰირსუტიზმი ეწოდება. ჭარბთმიანობა თითქოს არ წააგავს, მაგრამ მიეკუთვნება გინეკოლოგიურ დაავადებებს, რადგან მამრობითი სასქესო ჰორმონების სიჭარბითაა გამოწვეული. ზოგჯერ ვითარდება მამრობითი სქესისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშნებიც, მაგალითად, როგორიცაა ხმის დადაბლება და კუნთოვანი ქსოვილის მასის ზრდა. აღნიშნულ მდგომარეობას ვირილიზაცია ეწოდება.
ჰირსუტიზმის უხშირესი მიზეზი პოლიკისტური საკვერცხის სინდრომია. ჰირსუტიზმი ხშირია პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში, ვინაიდან ქალის სასქესო ჰორმონების რაოდენობა მცირდება. იშვიათად, იგი გამოწვეულია ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებებით, რომლებიც მამრობითი სასქესო ჰორმონების (როგორიცაა ტესტოსტერონი) ჭარბ პროდუქციას განაპირობებს. ასევე იშვიათად, მისი მიზეზი საკვერცხეების სიმსივნე, კანის გვიანი პორფირია (ფერმენტის დეფიციტი, იწვევს კანის დაზიანებას) ან ისეთი მედიკამენტების გამოყენება შეიძლება იყოს, როგორებიცაა ანაბოლური სტეროიდები, კორტიკოსტეროიდები ან მინოქსიდილი.
ჰორმონების დონე სისხლის ანალიზით განისაზღვრება.
ჰირსუტიზმის გამომწვევ დაავადებებს, როცა ეს შესაძლებელია, მკურნალობენ ჰორმონული საშუალებებით, როგორებიცაა ორალური კონტრაცეპტივები. წყდება სამკურნალო საშუალებების მიღება, რომელთაც ახასიათებთ ჰირსუტიზმის გამოწვევა.
ჭარბი თმის დროებით მოცილება შესაძლებელია გაპარსვით, ეპილაციით, ცვილის დახმარებით და დეპილატორის გამოყენებით. ზოგჯერ ეფექტურია ადგილობრივი საშუალება კრემის სახით – ეფლორნიტინი. იგი აფერხებს თმის ზრდას და იწვევს სახეზე არასასურველი თმიანობის შემცირებას. ლაზერული ფოტოთერაპია დროებითი ეფექტის მომტანია. ერთადერთი უსაფრთხო მუდმივი მკურნალობაა ელექტროლიზი, რომელიც შლის თმის ფოლიკულებს.
მრავალი ქალი უჩივის ტკივილს მენჯის არეში – მუცლის ქვედა ნაწილში, თეძოს ძვლებს შორის. ტკივილი შეიძლება იყოს ძლიერი, პერიოდული ან სპაზმური (მენსტრუალური ტკივილის მასგავსი). შეიძლება იყოს როგორც უეცარი და აუტანელი, ისე ყრუ და მუდმივი, ან ორივე ერთად. ტკივილი ზოგჯერ თანდათან ძლიერდება, ზოგჯერ კი ტალღისებური ხასიათი აქვს. ხშირად ტკივილს ციკლური ხასიათი აქვს და მენსტრუალური ციკლის ან ოვულაციის დროს ვლინდება. მენჯის არე შეხებით შეიძლება მტკივნეული იყოს, თან ახლდეს ცხელება, გულისრევა ან ღებინება.
მენჯის არეში ტკივილი შესაძლოა მენჯის ღრუში მდებარე ნებისმიერი ორგანოს დაავადებამ გამოიწვიოს. ეს ორგანოებია: გამრავლების ორგანოები (საშვილოსნო, ფალოპის მილები, საკვერცხეები და საშო), შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი ან ჭიაყელა დანამატი. ზოგჯერ მენჯის ტკივილი სათავეს იღებს მის გარეთ მდებარე ორგანოებიდან, როგორებიცაა მუცლის კედელი, ნაწლავები, თირკმლები, შარდსადენები ან აორტის ქვედა ნაწილი. ფსიქოლოგიური ფაქტორები, განსაკუთრებით, სტრესი და დეპრესია ხელს უწყობს ნებისმიერი სახის (მათ შორის, მენჯის მიდამოს) ტკივილის გამოვლენას, თუმცა დამოუკიდებლად მენჯის ტკივილს იშვიათად განაპირობებს.
როდესაც ქალი მუცლის ქვედა ნაწილში ან მენჯში უეცარ, ძალიან ძლიერ ტკივილს აღნიშნავს, ექიმმა სწრაფად უნდა შეაფასოს, ტკივილი გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას ხომ არ საჭიროებს. გადაუდებელი მდგომარეობების მაგალითებია: აპენდიციტი, წყლულის გასკდომა, აორტის გამობერილობა (აორტის ანევრიზმა), საკვერცხის კისტის შემოგრეხა, მენჯის ღრუს აბსცესის (ჩირქგროვის) გასკდომა ან საშვილოსნოს გარეთ, ძირითადად, ფალოპის მილში განვითარებული ორსულობა (ექტოპიური ორსულობა).
ტკივილის შესახებ ინფორმაციის შეკრება მოიცავს მის დასაწყისს – მენსტრუალურ ციკლთან, კვებასთან, ძილთან, სქესობრივ კონტაქტთან, შარდვასთან და ნაწლავთა მოქმედებასთან კავშირს. ეს ინფორმაცია, ისევე, როგორც მისი გამაძლიერებელი და შემამსუბუქებელი ფაქტორების მოკვლევა, ექიმს ეხმარება მიზეზის განსაზღვრაში.
ექიმი ფრთხილად სინჯავს მთელ მუცელს და ატარებს მენჯის ღრუს ორგანოების გამოკვლევას. ეს პროცედურა ეხმარება მას დაზიანებული ორგანოს ან ინფექციის არსებობის განსაზღვრაში. ტარდება ორსულობის დასადგენი ტესტი. იმის მიხედვით, თუ რომელი დაავადებებია საეჭვო, ინიშნება დამატებითი გამოკვლევა ბაქტერიული კულტურის (ორგანიზმების ზრდა ლაბორატორიულად) განსაზღვრის მიზნით ან სხვა ტესტები ისეთი ინფექციების გამოსავლენად, როგორებიცაა გონორეა და ქლამიდიური ინფექცია, ასევე შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და სისხლის საერთო ანალიზი. ზოგჯერ ტკივილის მიზეზის დასადგენად ლაპაროსკოპიული (ტელესკოპის საშუალებით მენჯის და მუცლის ღრუს დათვალიერება შიგნიდან) ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ასევე, შეიძლება საჭირო გახდეს დიდი ზომის განაკვეთის გავლება.
ტკივილის გამომწვევი მიზეზის მკურნალობა მის შემსუბუქებას გამოიწვევს. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ექიმი ინტერესდება სტრესის, დეპრესიისა და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორებით, რომლებიც შეიძლება ხელს უწყობდნენ ტკივილის განვითარებას, განსაკუთრებით, მუდმივი ტკივილის შემთხვევაში.
სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის დროს ან მენოპაუზის შემდგომ განვითარებული ნებისმიერი სისხლდენა საშოდან პათოლოგიურად ითვლება. საშოდან სისხლდენა რეპროდუქციულ პერიოდში, ძირითადად, მენსტრუალურ ციკლთანაა დაკავშირებული, თუმცა ის სხვა დაავადებებმა ან მენსტრუალური ციკლის დარღვევამაც შეიძლება გამოიწვიოს. ტიპურ შემთხვევებში, მენსტრუალური სისხლდენა 3-დან 7 დღემდე გრძელდება და ყოველ 21-35 დღეში მეორდება. მოზარდობის პერიოდში ინტერვალები რამდენადმე ცვალებადია და შეიძლება 45 დღემდეც გახანგრძლივდეს. მენსტრუალური ციკლი პათოლოგიურად ითვლება, თუ:
ნებისმიერ ასაში, გახანგრძლივებული ან ჭარბი მენსტრუაცია რკინის დეფიციტის და ანემიის მიზეზი შეიძლება გახდეს.
საშოდან სისხლდენის მიზეზი საშოს ან სხვა რეპროდუქციული ორგანოების, განსაკუთრებით, საშვილოსნოს დაავადებები შეიძლება იყოს. ძირითადი მიზეზებია: გამრავლების ორგანოების დაავადებები, ტრავმები, ორსულობისა და მშობიარობის გართულებები, ოვულაციის ნორმალური ჰორმონული რეგულაციის დარღვევა (ეწოდება საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები) და სხვა ჰორმონული დაავადებები. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც არარეგულარული, ჭარბი და ხშირი, ისე იშვიათი მენსტრუალური ციკლიც (ან მისი შეწყვეტა).
ზოგიერთი მიზეზი უფრო ხშირია გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში. სისხლდენა ბავშვებში, რაც უჩვეულოა ამ ასაკისათვის, ხშირად საშოში უცხო სხეულით ან ტრავმითაა გამოწვეული. დისფუნქციური სისხლდენა მეტად სავარაუდოა მოზარდობის პერიოდისათვის (როდესაც მენსტრუალური ციკლი ახალდაწყებულია) ან 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებში (როდესაც ციკლი შეწყვეტას უახლოვდება). ორსულობასთან დაკავშირებული სისხლდენა ზოგჯერ მაშინ ვლინდება, როდესც ქალმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ორსულადაა. სისხლდენა რეპროდუქციული ასაკის ქალებში არცთუ ხშირად, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნეებმა. პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში, სისხლდენის ხშირი მიზეზებია საშვილოსნოს ყელის, საშოს ან საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) კიბო. სისხლდენა, ასევე, შეიძლება, განპირობებული იყოს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებით, კერძოდ, საშოს კედლების გათხელებით ან საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გათხელებით ან გასქელებით (ჰიპერპლაზია).
ბავშვებში განვითარებული საშოდან სისხლდენა ექიმმა უნდა შეაფასოს. ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, როდესაც აღენიშნება: ძალიან ძლიერი სისხლდენა საშოდან (მაგალითად, საათში 1 ან მეტი საფენის ან ტამპონის საჭიროება), ტკივილი სისხლდენასთან ერთად, თავბრუხვევა ან სუნთქვის გაძნელება. ასევე ექიმს უნდა მიმართოს ნებისმიერი სისხლდენის დროს ორსულმა ქალმა.
ექიმი პაციენტს გამოჰკითხავს სიმპტომების შესახებ და ჩაატარებს გინეკოლოგიურ გასინჯვას. რეპროდუქციული ასაკის ქალს უნდა ჩაუტარდეს ორსულობის დასადგენი ტესტი. გახანგრძლივებული, ჭარბი ან ხშირი სისხლდენის შემთხვევაში, შეიძლება გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი და განისაზღვროს სისხლში რკინის რაოდენობა. ჩატარდეს თუ არა სხვა კვლევები, სავარაუდო მიზეზის მიხედვით განისაზღვრება.
ტარდება ფიზიკური (მათ შორის, გინეკოლოგიური) გასინჯვა. ბავშვებში ნაადრევი სქესობრივი მომწიფებით განპირობებული სისხლდენის გამოცნობა ადვილია, რადგან გამოხატულია ბოქვენის მიდამოს თმიანობა და სარძევე ჯირკვლები. ხშირად, საშვილოსნოს ყელისა და საშოს დაავადებების ფიზიკური გასინჯვისას ვლინდება. სისხლის ანალიზები ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასების ან სისხლის შედედების დარღვევის მიზეზების დასადგენად. რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი წარმონაქმნების გამოსავლენად, ექიმი ხშირად ნიშნავს ულტრაბგერით გამოკვლევას, რომელიც მუცელზე ზემოდან ან ვაგინალური (ულტრაბგერითი აპარატის გადამწოდის საშოში მოთავსების გზით) მიდგომით ტარდება. სიმსივნის დასადგენად ასევე შესაძლოა კვლევის ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორებიცაა პაპანიკოლაუს ტესტი (პაპ-ტესტი), საშვილოსნოს ყელის ბიოფსია, საშვილოსნოს ყელის გაგანიერება (დილატაცია) და გამოფხეკა (კიურეტაჟი) (D და C).
მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენის მკურნალობის მიზნით გამოიყენება ორალური კონტრაცეპტივები ან სხვა ჰორმონული საშუალებები. საშვილოსნოს პოლიპის, მიომური კვანძებისა და სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეების მოცილება შესაძლებელია ქირურგიული წესით. რკინის დეფიციტის მკურნალობა რკინის შემცველი პრეპარატების გამოყენებით ტარდება.
საშოდან მცირე რაოდენობით გამონადენის არსებობა, ჩვეულებრივ, ნორმალური მოვლენაა. გამონადენი შეიცავს ლორწოს, რომელსაც საშვილოსნოს ყელის ჯირკვლები გამოჰყოფს, და სითხეს, რომელიც საშოს კედლებიდან ჩამოედინება. მათ წარმოქმნას ესტროგენი ასტიმულირებს. გამონადენი, ჩვეულებრივ, თეთრი ან თხელი და სუფთაა. მისი რაოდენობა და შესახედაობა, შეიძლება, ქალის ასაკთან ერთად იცვლებოდეს. ტიპურ შემთხვევაში, გამონადენი უსუნოა, არ ახლავს თან ქავილი, წვის შეგრძნება, ტკივილი ან გამონაყარი.
ახალშობილ გოგონებს საშოდან, ჩვეულებრივ, ლორწოვანი გამონადენი აღენიშნებათ, ხშირად მცირე რაოდენობით სისხლის მინარევით. გამონადენი განპირობებულია, დაბადებამდე, პლაცენტის გზით დედის ესტროგენების გადასვლით. დაბადების შემდეგ, ესტროგენების დონე სწრაფად მცირდება, რაც სიცოცხლის პირველორ კვირაში მცირე ოდენობით სისხლდენას იწვევს. ჩვეულებრივ, ბავშვობის პერიოდში გოგონებს სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე – სანამ ესტროგენების რაოდენობა მოიმატებს, საშოდან გამონადენი არ აქვთ.
რეპროდუქციული ასაკის ქალებში, საშოდან ნორმალური გამონადენის რაოდენობა და თვისებები, მენსტრუალურ ციკლის შესაბამისად იცვლება. მაგალითად, ციკლის შუა პერიოდში (ოვულაციის დროს), საშვილოსნოს ყელი მეტი რაოდენობით და უფრო თხელ ლორწოს გამოიმუშავებს. გამონადენის რაოდენობასა და თვისებებზე გავლენას ახდენს ასევე ორსულობა, ორალური კონტრაცეპტივების მიღება და სქესობრივი აღგზნება. მენოპაუზის შემდეგ, ესტროგენების რაოდენობა მცირდება, რაც ნორმალური გამონადენის რაოდენობას ამცირებს.
საშოდან გამონადენი პათოლოგიურად ჩაითვლება, თუ იგი:
გამონადენი შესაძლოა მიანიშნებდეს საშოს ანთებაზე (ვაგინიტი), რომელსაც ინფექცია ან ქიმიური გამღიზიანებლები იწვევს (ისევე, როგორც საშოს ქავილის დროს). გოგონებში, ზოგჯერ, საშოს ანთების გამომწვევი საშოში უცხო სხეულია. ამ დროს გამონადენი სისხლის შემცველია. ყველაზე ხშირად, უცხო სხეული ტუალეტის ქაღალდის პატარა ნაგლეჯია, რომელიც შემთხვევით მოხვდა საშოში. ზოგჯერ, ესაა სათამაშო. ცალკეულ შემთხვევაში გაღიზიანების გამომწვევია სპერმიციდები, საშოს ლუბრიკანტები, კრემები, დიაფრაგმები ან – ლატექსზე ალერგიულ ქალებში – ლატექსის კონდომი. მენოპაუზის შემდეგ, საშოს კედლები თხელდება და მშრალი ხდება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების შანსს.
თეთრი, ნაცრისფერი ან მოყვითალო მღვრიე გამონადენი თევზის სუნით ბაქტერიული ვაგინოზითაა გამოწვეული. სქელ, თეთრ და ხაჭოსებრ გამონადენს, რომელსაც ხშირად თან ახლავს ქავილი, ჩვეულებრივ, კანდიდოზა – სოკოვანი ინფექცია იწვევს. დიდი რაოდენობით, მომწვანო-მოყვითალო, ქაფიანი, ზოგჯერ ცუდსუნიანი გამონადენის მიზეზი ტრიქომონიაზი – პროტოზოული ინფექციაა. მოყვითალო ან მომწვანო გამონადენი შეიძლება საშვილოსნოს ყელის გონორეული ან ქლამიდიური ინფექციით იყოს განპირობებული. გონორეა, ქლამიდია და ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადაიცემა.
წყლისებრი, სისხლის მინარევიანი გამონადენი საშოს, საშვილოსნოს ყელის ან ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) სიმსივნურ დაავადებებს ახასიათებს. პათოლოგიური გამონადენის გამომწვევია, ასევე, მენჯის მიდამოში ჩატარებული სხივური თერაპია.
საშოდან პათოლოგიური გამონადენის მიზეზს მიანიშნებს მისი მახასიათებლები, ქალის ასაკი და სხვა სიმპტომები. ინფექციის გამოვლენის მიზნით, გამონადენის ნიმუშს მიკროსკოპულად იკვლევენ. დიაგნოზი სოკოვანი ინფექციისა და ტრიქომონიაზის შესახებ მხოლოდ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ისმება. გონორეისა და ქლამიდიოზის სადიაგნოზოდ, საჭიროა მასალის ბაქტერიოლოგიური ან დნმ გამოკვლევა. მსგავსი გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სქესობრივად აქტიურ ქალებს შორის, რომლებიც სქესობრივი გზით დაავადებების გადადების მაღალი რისკის ქვეშ არიან.
მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. სიმპტომების შემცირებას ხელს უწყობს საცვლების ყოველდღიური შეცვლა, აბაზანა, შხაპის მიღება, თუმცა იგი ინფექციას ვერ აღმოფხვრის. თუ რომელიმე პროდუქტი (როგორიცაა კრემი, პუდრი, საპონი ან კონდომის სახეობა) მუდმივად იწვევს გაღიზიანებას, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს. ასევე, უნდა შეწყდეს საშოს გამორეცხვა და ქალის ჰიგიენური აეროზოლების გამოყენება. აღნიშნული პროდუქტები გამონადენს არ ამცირებს და შეიძლება გააუარესოს კიდეც, ხოლო საშოს გამორეცხვამ შეიძლება გაზარდოს მენჯის ღრუს ანთებითი დაავადების განვითარების რისკი.
საშოს ქავილი შეიძლება მოიცავდეს როგორც გარეთა სასქესო ორგანოებს (ვულვა), ისე საშოს. მრავალი ქალი აღნიშნავს საშოს პერიოდულ ქავილს, რომელიც მკურნალობის გარეშე გაივლის. ქავილი პრობლემურად ითვლება, როდესაც გახანგრძლივდება, მძიმეა, განმეორებით აღინიშნება ან თან ახლავს პათოლოგიური ან ცუდსუნიანი გამონადენი.
საშოს ქავილის გამომწვევი შეიძლება იყოს:
ექიმები ქავილის მიზეზს პაციენტის გამოკითხვით და ვულვისა და საშოს გასინჯვის შედეგებით საზღვრავენ. გამონადენის შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი კვლევები.
თუ შესაძლებელია, ტარდება მიზეზის მკურნალობა. დღეში ერთხელ საცვლების გამოცვლა, აბაზანა ან შხაპის მიღება საშოსა და ვულვის სისუფთავის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ქალმა უნდა ისარგებლოს არაალერგიული საპნით. ამგვარი ღონისძიებებით შემცირდება ქავილის გამომწვევ გამღიზიანებლებთან კონტაქტი. ხშირმა ბანაობამ შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი სიმშრალე, რაც ქავილს უფრო გააძლიერებს. მდგომარეობას დროებით შეამსუბუქებს მსუბუქი (ნაკლებად ძლიერი) კორტიკოსტეროიდის კრემის გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, ჰიდროკორტიზონი. ძლიერი ქავილის შემთხვევაში, სიმპტომებს დროებით ამცირებს დასალევად მიღებული ანტიჰისტამინური საშუალებები. პაციენტმა უნდა შეწყვიტოს იმ პროდუქტების (კრემი, ფხვნილი, საპონი ან კონდომის სახეობა) გამოყენება, რომლებიც მუდმივ გაღიზიანებასა და ქავილს იწვევს. რეკომენდებული არ არის, ასევე, ქალის ჰიგიენური აეროზოლების გამოყენება და საშოს გამორეცხვა.
სკლეროზული ლიქენის მკურნალობა მოიცავს ძლიერმოქმედი კორტიკოსტეროიდების (როგორიცაა კლობეტაზოლი) კრემის ან მალამოს გამოყენებას.