სექსუალური დისფუნქცია ქალებში | მკურნალი.გე
  1. სექსუალური დისფუნქცია ქალებში
  2. ქალთა ჯანმრთელობა
სექსუალური დისფუნქცია ქალებში

სექსუალური დისფუნქცია მოიცავს მტკივნეულ სქესობრივ კავშირს, საშოს კუნთების მტკივნეულ შეკუმშვას (სპაზმს) ან სქესობრივი ურთიერთობის სურვილთან, აგზნებასა ან ორგაზმთან დაკავშირებულ დარღვევებს, რაც პაციენტის წუხილის მიზეზი ხდება.

  • სექსუალური დისფუნქციის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს დეპრესიამ ან შფოთვამ, სხვა ფსიქოგენურმა ფაქტორებმა, დაავადებებმა და მედიკამენტების მიღებამ, ისევე, როგორც გარკვეულმა გარემოებებმა;

  • პრობლემების გამოვლენის მიზნით, ექიმი თითოეულ პარტნიორს ჯერ ცალ-ცალკე, ხოლო შემდეგ ერთად ესაუბრება. ქალის გამოკვლევის დროს, ხშირად მენჯის გასინჯვაც ტარდება;

  • სექსუალური დისფუნქციის მიზეზის მიუხედავად, ხშირად ეფექტურია ურთიერთობების გაუმჯობესება, უფრო ნათელი და ღია კომუნიკაცია და სქესობრივი აქტივობისთვის უკეთესი გარემოების შერჩევა.

სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ქალების 30-50%-ს აღენიშნება. თუ პრობლემა იმდენად გამოხატულია, რომ პაციენტის შფოთვას იწვევს, მას სექსუალურ დისფუნქციად განიხილავენ. სექსუალური დისფუნქციის აღწერილობა და დიაგნოზი ისეთი სპეციფიკური პრობლემების ჭრილში განიხილება, როგორებიცაა სურვილის ან ინტერესის დაქვეითება, აღგზნების ან ორგაზმის არარსებობა, ტკივილი სქესობრივი ურთიერთობის დროს ან საშოს ირგვლივი კუნთების მტკივნეული შეკუმშვა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დაყოფა ყოველთვის მართებული არ არის. სექსუალური დისფუნქციის მქონე თითქმის ყველა ქალს ერთზე მეტი სპეციფიკური პრობლემა აქვს. მაგალითად, ქალები, რომელთაც დაქვეითებული აქვთ სექსუალური აღგზნება, ნაკლებ სიამოვნებას იღებენ სექსით, უჭირთ ორგაზმის მიღწევა ან აღნიშნავენ ტკივილს სექსუალური კავშირის დროს. მტკივნეული სქესობრივი კავშირის დროს ქალები ხშირად კარგავენ სექსის ინტერესსა და სურვილს.

ნორმალური სექსუალური ფუნქცია

სექსუალური ფუნქცია და საპასუხო რეაქციები მოიცავს ფსიქიკას (ფანტაზიები და ემოციები) და ფიზიკურ სხეულს (ნერვულ, სისხლის მიმოქცევის და ენდოკრინულ სისტემებს). სექსუალური საპასუხო რეაქციები შემდეგია:

  • ლტოლვა – ეს არის სექსუალურ აქტივობაში ჩართვის ან მისი გაგრძელების სურვილი. სურვილის აღმოცენება შესაძლებელია ფანტაზიებით, სიტყვიერი, მხედველობითი ან ყნოსვითი გამღიზიანებლით ან შეხებით. სურვილი თვალნათელია დასაწყიში ან შესაძლებელია აღმოცენდეს ქალის აღგზნებისას.

  • აღგზნებას აქვს როგორც სუბიექტური ელემენტი – სექსუალური აღელვება, რომელიც შეიგრძნობა, ასევე ფიზიკური ელემენტი, რომელიც სასქესო მიდამოში სისხლის ნაკადის მატებით გამოიხატება. ქალებში სისხლის ნაკადის მატება კლიტორის (შეესაბამება მამაკაცებში პენისს) და საშოს კედლების შეშუპებას (ეწოდება სისხლსავსეობა) განაპირობებს. სისხლის მიდინების გაზრდა საშოდან გამონადენის მატებასაც იწვევს (რომელიც საპოხ ფუნქციას ასრულებს). ქალის ასაკთან ერთად, სისხლის ნაკადი თანდათან იკლებს. ამასთან, ნაკადმა შეიძლება მოიმატოს ისე, რომ ქალმა ამის თაობაზე არც იცოდეს ან არ იყოს აღგზნებული.

  • ორგაზმი სექსუალური აღელვების პიკი ან კულმინაციაა. ორგაზმამდე მთელ სხეულში მატულობს კუნთოვანი დაჭიმულობა, ხოლო მისი დაწყებისას საშოს ირგვლივი კუნთები რიტმულად იკუმშება.

  • უკუგანვითარების ფაზა – ეს არის სიამოვნების შეგრძნება და გავრცელებული კუნთოვანი მოდუნება. აღნიშნული ფაზა ორგაზმის შემდეგ დგება. უკუგანვითარება ნელა მიმდინარეობს, თუ გამოხატული აღგზნების შემდეგ სქესობრივი კავშირი ორგაზმის გარეშე დასრულდა. ქალების უმრავლესობა უკუგანვითარების ფაზის დასრულებისთანავე პასუხობს დამატებით სტიმულაციაზე.

როგორც ქალების, ისე მამაკაცების უმრავლესობა სექსუალურ ურთიერთობას რამდენიმე მიზეზით იწყებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს პიროვნული მიზიდულობა ან ფიზიკური სიამოვნების მიღების, სიყვარულის, რომანტიკის ან სიახლოვის სურვილი. თუმცა, ემოციური მოტივაციები ქალებში მეტად მოსალოდნელია. მათი უმრავლესობა სქესობრივ ურთიერთობას იწყებს ან თანხმდება ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე მიზეზით:

  • ემოციური ინტიმურობის განცდა

  • გუნება-განწყობის ამაღლება

  • დადასტურება, რომ სასურველია

  • სიამოვნება მიანიჭოს პარტნიორს

ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, ქალებს სექსის ნაკლები სურვილი აქვთ სექსუალური ურთიერთობის წამოწყებამდე (პირველადი სურვილი), თუმცა სტიმულაციის ან აქტივობის დაწყებისას იგი იმატებს. სურვილის აღძვრა ქალის ასაკის მატებასთან ერთად იკლებს, თუმცა, ასაკის მიუხედავად, იზრდება ახალი პარტნიორის შემთხვევაში. ზოგი ქალი სექსუალურ კმაყოფილებას იღებს იმის მიუხედავად, განიცადა თუ არა ორგაზმი, სხვა შემთხვევებში მეტი სიამოვნება ორგაზმის მიღწევით მიიღება.

მიზეზები

სექსუალური დისფუნქციის განვითარებას მრავალი ფაქტორი იწვევს ან უწყობს ხელს. ტრადიციულად, მიზეზები ან ფიზიკურია, ან ფსიქოლოგიური, თუმცა ასეთი დაყოფაც არ არის მკვეთრად გამიჯნული. ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური ცვლილებები თავის ტვინში, ნერვებში, ჰორმონულად, სასქესო ორგანოებშიც კი. თავის მხრივ, ფიზიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა მოახდინოს ფსიქოლოგიური გავლენა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ამ ფიზიკურ ცვლილებებს. ზოგი ფაქტორი უფრო მეტად სიტუაციასთანაა დაკავშირებული, ვიდრე ქალთან.

ფსიქოგენური ფაქტორები: ხშირი ხელშემწყობია დეპრესია და შფოთვა. ქალის ფსიქოლოგიურ და სექსუალურ განვითარებაზე გავლენას ახდენს წარსული გამოცდილება, რომელიც შემდეგი სახის პრობლემებს იწვევს:

  • უხეში სექსუალური ან სხვა სახის გამოცდილებამ შეიძლება დაბალი თვითშეფასება, სირცხვილის ან დანაშაულის შეგრძნება გააჩინოს;

  • ემოციური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდში, ქალს ემოციების მართვასა და დამალვას აჩვევს, რაც სასარგებლო დამცველობითი მექანიზმია. თუმცა, ქალებს, რომლებიც მართავენ და მალავენ ემოციებს, შეიძლება გაუჭირდეთ სექსუალური გრძნობების გამოხატვა;

  • ქალს სქესობრივ პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობის დამყარებაში შესაძლოა სირთულეები შეუქმნას ბავშვობაში განცდილმა ტკივილმა მშობლის ან სხვა საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო. კერძოდ, ქალს შესაძლოა გაუჩნდეს მისი დაკარგვის შიშიც, ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც კი.

სექსუალურ ფუნქციაზე უარყოფით გავლენას ახდენს სექსუალური ურთიერთობის შესახებ არსებული სხვადასხვა მოსაზრება. მაგალითად, ქალი შეიძლება წუხდეს სქესობრივი კავშირის არასასურველ შედეგებზე, თავის ან პარტნიორის სექსუალურ ქცევაზე.

სიტუაციური ფაქტორები: სიტუაციური ფაქტორები შემდეგი შეიძლება იყოს:

  • ურთიერთობა: ქალი შეიძლება არ ენდობოდეს ან უარყოფითი განცდები ჰქონდეს თავისი სქესობრივი პარტნიორის მიმართ. შესაძლებელია, ერთმანეთისთვის უწინდელივით მიმზიდველნი აღარ იყვნენ;

  • გარემო: გარემო შეიძლება არ იყოს ეროტიკული, პრივატული ან საკმარისად უსაფრთხო სექსუალობის თავისუფლად გამოსახატავად;

  • კულტურა: ქალი შეიძლება იმ კულტურის წარმომადგენელი იყოს, რომელიც ზღუდავს სექსუალურ ქცევებსა და აქტივობას და რომელიც ზოგჯერ სექსუალურობასთან დაკავშირებით ქალს სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობას უჩენს. ქალი და მისი პარტნიორი ისეთი კულტურის წარმომადგენლებიც შეიძლება იყვნენ, სადაც გარკვეულ სექსუალურ ქცევას სხვადასხვაგვარად აფასებენ;

  • ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა: შესაძლებელია, ქალის მთელი ყურადღება მიპყრობილი იყოს ოჯახზე, სამუშაოზე, ფინანსებზე ან სხვა საკითხებზე და ეს ყველაფერი გავლენას ახდენდეს სექსუალური სურვილების აღძვრაზე.

ფიზიკური ფაქტორები: ზოგიერთი ფიზიკური მდგომარეობა თუ მედიკამენტი იწვევს ან ხელს უწყობს სექსუალური დისფუნქციის განვითარებას. გავლენას ახდენს ჰორმონული ცვლილებებიც, რომლებიც ასაკთან ერთად ვლინდება ან რომელიმე დაავადების თანმხლებია. მაგალითად, მენოპაუზის შემდეგ, ესტროგენების რაოდენობის შემცირების გამო, საშოს კედლები შეიძლება გათხელდეს, გამოშრეს და არაელასტიკური გახდეს. ამგვარი მდგომარეობა ატროფიული ვაგინიტის სახელითაა ცნობილი და სქესობრივი კავშირის დროს ტკივილს იწვევს. ორივე საკვერცხის ქირურგიული გზით ამოკვეთა, ასევე, იწვევს ესტროგენების დაქვეითებას და ამგვარად ხელს უწყობს სექსუალური დისფუნქციის განვითარებას.

ანტიდეპრესანტების ჯგუფი, როგორიცაა სეროტონინის სელექციური უკუტაცების ინჰიბიტორები, ხშირად იწვევს პრობლემებს. არა ყოველთვის, მაგრამ შეიძლება სექსუალური დისფუნქცია ესტროგენებით მკურნალობამ გამოიწვიოს, თუ იგი აბების სახით ინიშნება მენოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამცირებლად. თუმცა, პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში ესტროგენებით მკურნალობამ შეიძლება სექსუალური ფუნქცია გააუმჯობესოს.

დიაგნოზი

დიაგნოსტიკა მოიცავს ორივე პარტნიორის დეტალურ გამოკითხვას, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთის თანდასწრებით. ექიმი კითხვებს სვამს სიმპტომების, თანმხლები დაავადებების, მედიკამენტების მიღების, პარტნიორებს შორის ურთიერთობის, გუნება-განწყობის, საკუთარი თავით კმაყოფილების, ბავშვობის დროინდელი ურთიერთობების, წარსული სექსუალური გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების შესახებ.

ხშირად საჭირო ხდება მენჯის გამოკვლევა. ექიმი ცდილობს, გასინჯვა შეძლებისდაგვარად ფრთხილად ჩაატაროს. მოქმედებს ნელა და დეტალურად ხსნის გასინჯვის თითოეულ ეტაპს. თუ ქალი სურვილს გამოთქვამს, აძლევენ სარკეს საკუთარ სასქესო მიდამოზე დაკვირვებისათვის. თუ საშოსმხრივი გასინჯვის შიში აქვს, შეუძლია ხელი მოჰკიდოს ექიმის ხელს და ამგვარად აკონტროლოს გასინჯვის პროცესი. ჩვეულებრივ, სექსუალური პრობლემების სადიაგნოზოდ, ექიმი არ იყენებს რაიმე ინსტრუმენტს, მაგალითად, საშოს სარკეს. იგი საჭირო იქნება პაპანიკოლაუს (პაპ) ტესტის ასაღებად.

იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ეჭვობს, რომ საქმე აქვს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებასთან, ტარდება შესაბამისი კვლევები.

მკურნალობა

მკურნალობის სახეობა დამოკიდებულია სექსუალური დისფუნქციის ტიპზე. თუმცა, მიზეზის მიუხედავად, შეიძლება შედეგიანი იყოს ზოგადი ღონისძიებები:

  • სქესობრივი აქტივობისათვის საკმარისი დროის დათმობა და მასზე ფოკუსირება: ქალებს, რომელთაც ბევრი სამუშაო აქვთ, ყურადღება სხვა აქტივობებზე აქვთ გადატანილი (სამუშაო, ყოველდღიური საშინაო საქმეები, ბავშვების მოვლა და საზოგადოება). სასურველია, ქალმა მნიშვნელობა მიანიჭოს სქესობრივ ურთიერთობას და გააცნობიეროს, თუ რამდენად კონტრპროდუქტიულია ყურადღების გაფანტვა, ანუ სათანადო დროს მან კონცენტრირება მთლიანად სექსუალურ აქტივობაზე უნდა მოახდინოს.

  • ქალსა და მის პარტნიორს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, მათ შორის, სექსის თაობაზე.

  • სექსუალური აქტივობისათვის შესაბამისი დროისა და ადგილის შერჩევა: მაგალითად, გვიან ღამით, როდესაც ქალი დასაძინებლად ემზადება, არცთუ კარგი დროა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრივატული გარემოს შექმნა, თუ ქალს აქვს ურთიერთობის აფიშირების ან შეწყვეტის შიში. დრო უნდა იყოს საკმარისი და გარემო ხელს უწყობდეს სექსუალური გრძნობების გამოვლენას.

  • სხვადასხვა სახის სექსუალური აქტივობები, მაგალითად, სხეულის მგრძნობიარე ადგილებზე ხელით შეხება და კოცნა, ერთმანეთის გენიტალიებთან შეხება სქესობრივი კონტაქტის დაწყებამდე, ამაღლებს ინტიმურობას და ამცირებს შფოთვას.

  • მეტი დროის გატარება ერთად: წყვილები, რომლებიც რეგულარულად საუბრობენ ერთმანეთთან, სავარაუდოდ, მეტ სექსუალურ მიზიდულობას განიცდიან.

  • წახალისება, ერთმანეთისადმი ნდობა, პატივისცემა და ემოციური ინტიმურობა პარტნიორებს შორის: აღნიშნული თვისებები უნდა ჩამოყალიბდეს პროფესიონალის ჩარევით ან მის გარეშე. წყვილებმა უნდა ისწავლონ, მოაგვარონ კონფლიქტური სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ურთიერთობაზე.

  • არასასურველი შედეგების პრევენცია: აღნიშნული ღონისძიებები განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც არასასურველი ორსულობის ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შიში სურვილს აქვეითებს.

ზოგჯერ საჭიროა რამდენიმე სახის მკურნალობა, ვინაიდან მრავალ ქალს სექსუალური დისფუნქციის ერთზე მეტი სახეობა აღენიშნება. ზოგი ქალის შემთხვევაში შედეგიანია ფსიქოთერაპია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატულია ფსიქოგენური ფაქტორები. თუმცა, იმის ცოდნა, თუ რა არის საჭირო ჯანსაღი სექსუალური რეაქციებისათვის, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ქალისათვის და დაეხმაროს წარმოდგენებისა და ქცევის შეცვლაში.

სეროტონინის სელექციური უკუტაცების ინჰიბიტორებმა (სსუი) შეიძლება ხელი შეუწყოს რამდენიმე სახის სექსუალური დისფუნქციის განვითარებას. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება სასარგებლო იყოს მისი ჩანაცვლება სხვა ტიპის ანტიდეპრესანტით, რომელიც ნაკლებად იწვევს სექსუალური რეაქციების დარღვევას. ასეთ საშუალებებს მიეკუთვნება ბუპროპიონი, მოკლობემიდი, მირტაზაპინი და ვენლაფაქსინი. ასევე, ბუპროპიონის მიღება სხვა სსუი-სთან ერთად შესაძლოა უკეთესი იყოს ვიდრე მხოლოდ სსუი-ის მიღება. არსებობს მტკიცებულებები, რომ თუ ქალი, სსუი-ის მიღების შემდეგ ორგაზმს ვეღარ განიცდის, სილდენაფილი ეხმარება მის აღდგენაში.