ენდომეტრიოზი | მკურნალი.გე
  1. ენდომეტრიოზი
  2. ქალთა ჯანმრთელობა
ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიული ქსოვილი, რომელიც, ნორმალურად, მხოლოდ საშვილოსნოს ლორწოვან გარსშია (ენდომეტრიუმი), საშვილოსნოს გარეთ ვითარდება.

  • მიზეზი, თუ რატომ ვითარდება ენდომეტრიული ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ, ცნობილი არაა;

  • ენდომეტრიოზმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და სისხლდენა, განსაკუთრებით მენსტრუაციამდე ან მის დროს. თუმცა შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს;

  • ექიმები ენდომეტრიული ქსოვილის კერებს ეძებენ მცირე ზომის ზონდით, რომელიც ჭიპის ქვემოთ გავლებული მცირე განაკვეთით იდგმება (ლაპაროსკოპია) მუცლის ღრუში;

  • ტკივილის შესამსუბუქებლად და არასწორ ადგილას განვითარებული ქსოვილის ზრდის შესანელებლად, გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა;

  • შეიძლება ჩატარდეს ქსოვილის ქირურგიული გზით მოცილება, თუმცა შედეგი მხოლოდ დროებითია, რადგან ქსოვილი კვლავ შეიძლება გაიზარდოს, თუ თანადროულად საკვერცხეებსაც არ ამოკვეთენ.

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ტკივილს იწვევს. დაავადების მქონე ქალების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან დიაგნოზის დასმა, ჩვეულებრივ, მხოლოდ ენდომეტრიული ქსოვილის კერების უშუალო დათვალიერებითაა შესაძლებელი (საჭიროებს ქირურგიული პროცედურის ჩატარებას). ენდომეტრიოზი, სავარაუდოდ, მენსტრუალური ციკლის მქონე 25-41 წლის ასაკის ქალების 10-15%-ს აღენიშნება. შესაძლებელია მოზარდებს შორისაც განვითარდეს.

ენდომეტრიოზს ზოგჯერ ოჯახური ხასიათი აქვს და მეტად ხშირია დაავადების მქონე ქალის პირველი რიგის ნათესავებს შორის (დედა, და, შვილები). დაავადების განვითარება მეტად მოსალოდნელია იმ ქალებს შორის, რომელთაც პირველი ბავშვი 30 წლის ასაკის შემდეგ შეეძინათ, არასდროს ჰყოლიათ შვილი, აქვთ მოკლე მენსტრუალური ციკლი (27 დღეზე ნაკლები ხანგრძლივობის) ან აქვთ საშვილოსნოს გარკვეული სტრუქტურული პათოლოგია. იშვიათად ვითარდება ენდომეტრიოზი იმ ქალებში, რომელთაც რამდენიმე ორსულობა ჰქონდათ, იღებენ დაბალდოზიან ორალურ კონტრაცეპტივებს ან რეგულარულად ვარჯიშობენ (განსაკუთრებით, როდესაც ფიზიკური აქტივობა დაწყებულია 15 წლის ასაკამდე, კვირაში 7 საათზე მეტია ან ორივე).

ენდომეტრიოზის მიზეზები ბოლომდე ნათელი არაა, მაგრამ არსებობს რამდენიმე თეორია:

  • საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) ნაწილები, რომლებიც მენსტრუაციის დროს ჩამოიფცქვნება, საშოს გზით გარეთ გამოყოფის ნაცვლად, ფალოპის მილების გავლით გადაადგილდება უკან, საკვერცხისკენ – მუცლის ღრუში;

  • ენდომეტრიული გარსის უჯრედები (ენდომეტრიული უჯრედები) გადადის სხეულის სხვა ნაწილებში სისხლის ან ლიმფური სადინარების საშუალებით;

  • საშვილოსნოს გარეთ მდებარე უჯრედები, შეიძლება ენდომეტრიულ უჯრედებად გადაიქცეს.

არასწორ ადგილას განვითარებული ენდომეტრიული ქსოვილის (ეწოდება იმპლანტები) ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა საკვერცხეები, საშვილოსნოს დამჭერი იოგები, საშოს ან საშვილოსნოს ყელსა და სწორ ნაწლავს შორის არსებული სივრცე და ფალოპის მილები. შედარებით იშვიათად მისი განლაგების ადგილებია: წვრილი და მსხვილი ნაწლავის გარეთა ზედაპირი, შარდსაწვეთები (თირკმლებიდან შარდის ბუშტისკენ მიმავალი მილები), შარდის ბუშტი და საშო. იშვიათად, ენდომეტრიული ქსოვილი იზრდება ფილტვების მფარავ გარსებზე (პლევრა), გულის შემომხვევ პარკზე (პერიკარდიუმი), ვულვის არეში, საშვილოსნოს ყელზე ან მუცლის კედლის ქირურგიულ ნაწიბურებში.

არასწორ ადგილას განვითარებული ენდომეტრიული ქსოვილი ისევე პასუხობს ჰორმონულ ცვლილებებს, როგორც ნორმალური ენდომეტრიული ქსოვილი. ასე რომ, შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და, განსაკუთრებით, მენსტრუაციამდე ან მის დროს – ტკივილი. სიმპტომების სიმძიმე და დაავადების გავლენა ფერტილობასა და ორგანოს მუშაობაზე მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალებს შორის.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად, არასწორ ადგილას განვითარებული ენდომეტრიული ქსოვილი ზომაში თანდათან მატულობს. შეიძლება ახალ ადგილზე გავრცელდეს. თუმცა, რა ოდენობითაა ქსოვილი და როგორი სისწრაფით პროგრესირებს დაავადება – მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ქსოვილის კერა შეიძლება სხვადასხვა სტრუქტურაზე ზედაპირულად დარჩეს ან სიღრმეში შეიჭრას და კვანძები წარმოქმნას.

სიმპტომები

ძირითადი სიმპტომია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და მენჯის არეში. ტკივილი, ჩვეულებრივ, მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით იცვლება – ძლიერდება მენსტრუაციამდე და მის დროს. შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუალური ციკლის ისეთი დარღვევები, როგორებიცაა ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა და მცირე რაოდენობით მოყავისფრო გამონადენი მენსტრუაციის დაწყებამდე. არასწორ ადგილას განვითარებული ენდომეტრიული ქსოვილი ისევე პასუხობს ჰორმონებს – ესტროგენსა და პროგესტერონს (გამომუშავდება საკვერცხეების მიერ), როგორც საშვილოსნოს ნორმალური ენდომეტრიული ქსოვილი. შედეგად, არასწორად განთავსებული ქსოვილიდან ვითარდება სისხლდენა და ხშირად – სპაზმური ტკივილი.

სიმპტომების სიმძიმე არ არის დამოკიდებული სხვაგან განვითარებული ენდომეტრიული ქსოვილის ნაწილაკების ზომაზე. დიდი ზომის ადგილშეცვლილი ქსოვილის მქონე ზოგ ქალს სიმპტომები არ აღენიშნება. სხვებს, თუნდაც მცირე ზომის ქსოვილით, აუტანელი ტკივილი აქვთ. ზოგ შემთხვევაში ენდომეტრიოზი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ტკივილს. ზოგ შემთხვევაში სქესობრივი კავშირი მტკივნეული ხდება მენსტრუაციამდე და მის დროს.

მსხვილ ნაწლავზე არსებული ენდომეტრიული კერა, მენსტრუალური ციკლის დროს, შეიძლება იწვევდეს მუცლის შებერილობას, ნაწლავთა მოქმედებასთან დაკავშირებულ ტკივილს, დიარეას, შეკრულობას ან სისხლდენას სწორი ნაწლავიდან. შარდის ბუშტის დაავადების დროს, ქალი შეიძლება გრძნობდეს შარდვის დროს ტკივილს ბოქვენზედა არეში და შარდი შეიცავდეს სისხლს. ენდომეტრიული ქსოვილი შეიძლება შეიჭრას საკვერცხეში და წარმოქმნას სისხლით სავსე მასა (ენდომეტრიომა). შესაძლოა, ენდომეტრიომა გასკდეს ან მისგან გამოჟონოს სისხლმა და უეცრად განვითარებული მუცლის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.

არასწორ ადგილას განვითარებულმა ენდომეტრიულმა ქსოვილმა და მისგან სისხლდენამ შეიძლება ირგვლივ მდებარე ქსოვილების გაღიზიანება გამოიწვიოს. შედეგად მუცლის ღრუში, ზოგჯერ ფიბროზული ჭიმების სახით (შეხორცებები), სხვადასხვა სტრუქტურას შორის ყალიბდება ნაწიბუროვანი ქსოვილი. აღნიშნული ენდომეტრიული ქსოვილი და შეხორცებები არღვევს სხვადასხვა ორგანოს მუშაობას. შეიძლება, იშვიათად შეხორცებამ ნაწლავის დახშობაც გამოიწვიოს.

როდესაც არასწორ ადგილას განვითარებული ენდომეტრიუმი ახშობს კვერცხუჯრედის სავალ გზას საკვერცხიდან საშვილოსნოს მიმართულებით, ენდომეტრიოზი უშვილობის მიზეზიც ხდება. უშვილობა მსუბუქმა ენდომეტრიოზმაც შეიძლება განაპირობოს, თუმცა, რა მექანიზმით – ცნობილი არაა. უნაყოფობის მქონე ქალების 25-50%-ს ენდომეტრიოზი აქვს.

ორსულობის დროს, ენდომეტრიოზის კერა შეიძლება დროებით ან ზოგჯერ სამუდამოდ არააქტიური გახდეს (რემისიაში გადავიდეს). ესტროგენების რაოდენობის შემცირების გამო, ენდომეტრიოზი არააქტიური ხდება მენოპაუზის დროს.

დიაგნოზი

ექიმმა ენდომეტრიოზის არსებობა შეიძლება ივარაუდოს, როდესაც ქალს აქვს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ან უნაყოფობა აუხსნელი მიზეზით. ზოგჯერ, მენჯის გასინჯვისას, შეიძლება იგრძნობოდეს ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება, ან ექიმმა ქსოვილოვანი მასა მოსინჯოს საშვილოსნოს უკან ან საკვერცხეებთან ახლოს.

ენდომეტრიოზზე ეჭვის დროს, ექიმი ენდომეტრიული ქსოვილის კერების აღმოჩენის მიზნით, მუცლის ღრუს ათვალიერებს თხელი, დრეკადი ზონდით (ეწოდება ლაპაროსკოპი). ლაპაროსკოპი მუცლის ღრუში იდგმება ჭიპის ზემოთ ან ქვემოთ გავლებული მცირე განაკვეთით. მუცლის ღრუს ორგანოების უკეთ დათვალიერების მიზნით, მუცლის ღრუს ბერავენ ნახშირორჟანგით. მთლიანად თვალიერდება მუცლის ღრუ. პათოლოგიური ქსოვილის აღმოჩენის შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს ბიოფსია (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექიმი დარწმუნებული არაა, რომ აღნიშნული კერა ენდომეტრიოზია). ქსოვილის ნიმუშის ამოკვეთა ხდება ლაპაროსკოპში ჩადგმული ინსტრუმენტების საშუალებით. მიღებულ ნიმუშს მიკროსკოპულად სწავლობენ. პროცედურა, ჩვეულებრივ, ზოგადი გაუტკივარებით კეთდება და კლინიკაში ღამით დაყოვნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც ძალიან დიდი ზომის ქსოვილი ამოიკვეთება. ლაპაროსოკოპია მსუბუქიდან ზომიერად გამოხატულ მუცლის დისკომფორტს იწვევს, თუმცა ნორმალური აქტივობის აღდგენა რამდენიმე დღეშია შესაძლებელი.

ბიოფსია ზოგჯერ სხვა პროცედურების დროსაც ტარდება. მუცელზე შესაძლოა უფრო დიდი განაკვეთის (ლაპაროტომია) გავლებაც გახდეს საჭირო. არასწორ ადგილას განვითარებული ქსოვილის მდებარეობის მიხედვით, ბიოფსია შეიძლება ჩატარდეს საშოს დათვალიერებისას – მენჯის გასინჯვის დროს ან დრეკადი ზონდით მსხვილი ნაწლავის ქვედა მონაკვეთის, სწორი ნაწლავისა და ანუსის (სიგმოიდოსკოპია) ან შარდის ბუშტის (ცისტოსკოპია) დათვალიერებისას.

სხვა პროცედურები გამოიყენება ენდომეტრიოზის გავრცელებისა და მისი მიმდინარეობის შესაფასებლად, თუმცა მათი სარგებლიანობა დიაგნოზის დასასმელად შეზღუდულია. აღნიშნული ტესტებია: ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია ბარიუმის ოყნის შემდეგ, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ზოგჯერ ტარდება სისხლის ანალიზები, იმ მარკერების განსაზღვრისათვის, რომელთა რაოდენობა ენდომეტრიოზის დროს იმატებს. აღნიშნული მარკერებია ონკოანტიგენი 125 და ენდომეტრიული ქსოვილის საწინააღმდეგო ანტისხეულები. აღნიშნული მარკერები დიაგნოზის დასადასტურებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან მრავალი სხვა დაავადების დროსაც შეიძლება მათი მომატება. კვლევებით შესაძლებელია დადგენა, ენდომეტრიუმი ახდენს თუ არა გავლენას ქალის ფერტილობაზე (ნაყოფიერებაზე).

ექიმები, არასწორ ადგილას განვითარებული ქსოვილის ოდენობის, მდებარეობის, სიმკვრივის, ზომისა და შეხორცებების არსებობის მიხედვით, ახდენენ ენდომეტრიოზის შემდეგნაირ კლასიფიკაციას: მინიმალური (I სტადია), მსუბუქი (II სტადია), საშუალო (III სტადია) ან მძიმე (IV სტადია).

მკურნალობა

მკურნალობის სახეობა დამოკიდებულია ქალის სიმპტომებზე, ორსულობის დაგეგმვაზე, ასაკსა და ენდომეტრიოზის სტადიაზე.

მედიკამენტები: ტკივილის შესამსუბუქებლად, ჩვეულებრივ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს-ები) გამოიყენება. ისინი სავსებით საკმარისია მსუბუქად გამოხატული სიმპტომების დროს, როდესაც ქალი ორსულობას არ გეგმავს.

სხვა საშუალებები გამოიყენება საკვერცხეების მუშაობის დათრგუნვის მიზნით, რის შედეგადაც ენდომეტრიული კერა ანელებს ზრდას და მცირდება სისხლდენა და ტკივილი. მაგრამ აღნიშნულმა საშუალებებმა შეიძლება ვერ მოახერხოს ენდომეტრიოზის კერის ალაგება, თუმცა ალაგების შემთხვევაშიც კი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ენდომეტრიოზი კვლავ ვითარდება, თუ უფრო რადიკალური მკურნალობა არ იქნა ჩატარებული. ზემოხსენებულ საშუალებებს მიეკუთვნება: კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (ესტროგენი და პროგესტინი), პროგესტინები (როგორიცაა მეთილჰიდროქსიპროგესტერონი), დანაზოლი (სინთეზური მამრობითი ჰორმონი ან ანდროგენი) და გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტები (GnRH (გრჰ) აგონისტები – როგორიცაა გოზერელინი, ლეუპროლიდი და ნაფარელინი).

ორალური კონტრაცეპტივები თავდაპირველადვე იმ ქალებს ენიშნებათ, რომლებიც უახლოეს მომავალში ორსულობას არ გეგმავენ. ორალური კონტრაცეპტივები ასევე შეიძლება დაინიშნოს დანაზოლით ან გრჰ აგონისტებით ჩატარებული მკურნალობის შემდგომ. ორალური კონტრაცეპტივების მიღება შეიძლება უწყვეტად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მენსტრუაციის დროს ტკივილი ძლიერდება.

GnRH(გრჰ) აგონისტები აკავებს თავის ტვინში გამომუშავებულ სიგნალს, რომლის საპასუხოდ საკვერცხეები ესტროგენსა და პროგესტერონს გამოიმუშავებს. შედეგად მცირდება აღნიშნული ჰორმონების წარმოქმნა. GnRH(გრჰ) აგონისტების უწყვეტი მიღება იწვევს ძვლოვანი სიმკვრივის შემცირებას და ოსტეოპოროზის განვითარებას, თუ ქალი მასთან ერთად არ მიიღებს დაბალი დოზით ორალურ კონტრაცეპტივებს (ესტროგენი და პროგესტინი ან მხოლოდ პროგესტინი) ან ბისფოსფონატებს (როგორიცაა ალენდრონატი, იბანდრონატი ან რიზედრონატი). ზემოხსენებული სქემით მკურნალობის მიუხედავად, გრჰ აგონისტები, ჩვეულებრივ, 6 თვეზე ხანგრძლივი დროით არ ინიშნება.

ენდომეტრიოზის მკურნალობისათვის, მედიკამენტების ახალი ჯგუფები, როგორებიცაა GnRH (გრჰ) ანტაგონისტები, ანტიპროგესტინები, ესტროგენისა და პროგესტინის რეცეპტორების სელექციური მოდულატორები, არომატაზას ინჰიბიტორები და იმუნომოდულატორები (რომლებიც ახდენს იმუნური სისტემის სტიმულაციას), ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.

ქირურგია: ქირურგიული ჩარევა, სადიაგნოზო ლაპაროსკოპიის შემდეგ, შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • ენდომეტრიული ქსოვილის კერები, ლაპაროსკოპიული კვლევით, ზომით 1,5-2 ინჩს (3,5-დან – 5 სმ) აღემატება;

  • მუცლის ქვედა ნაწილში ან მენჯის ღრუში არსებული შეხორცებები მნიშვნელოვან სიმპტომებს იწვევს;

  • ენდომეტრიოზის კერა ახშობს ერთ ან ორივე ფალოპის მილს;

  • როდესაც წამლებით ვერ ხერხდება მუცლის ქვედა ნაწილის ან მენჯის ღრუში არსებული ძლიერი ტკივილის შემსუბუქება;

  • ვლინდება ენდომეტრიომა;

  • ენდომეტრიოზი იწვევს უნაყოფობას.

ხშირად არასწორ ადგილას განვითარებული ენდომეტრიული კერის ამოკვეთა ტარდება ლაპაროსკოპიულად, დიაგნოსტიკის პროცესში. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს გაფართოებული ქირურგიული ჩარევა – მუცლის კედელზე გავლებული განაკვეთით (ლაპაროტომია).

მუდმივი ტკივილის შემთხვევაში, ენდომეტრიოზის კერა ამოიკვეთება ან ირღვევა ნერვული გზა, რომელიც ტკივილის შეგრძნებას მენჯიდან თავის ტვინამდე ატარებს, ან ორივე მათგანი ტარდება. ლაპაროსკოპიული ან ქირურგიული ჩარევის დროს, ენდომეტრიული ქსოვილის დარღვევის ან ამოკვეთის მიზნით, ზოგჯერ გამოიყენება ელექტროკაუტერი (ხელსაწყო, რომელიც ელექტრული დენის გამოყენებით სითბოს წარმოქმნის), არგონის სხივის კოაგულატორი (ხელსაწყო, რომელიც არგონის გაზის გამოყენებით აჩერებს სისხლდენას), ულტრაბგერითი ხელსაწყო ან ლაზერი.

ქირურგიული ჩარევის დროს, ექიმები შეძლებისდაგვარად აცილებენ ენდომეტრიოზის კერას, ისე, რომ საკვერცხეები არ დაზიანდეს და ქალმა ბავშვის გაჩენის უნარი შეინარჩუნოს. ენდომეტრიოზის გავრცელების მიხედვით, ქირურგიული ჩარევის შემდგომ, ქალების 40-70% შეიძლება დაორსულდეს. თუ ენდომეტრიოზის კერის სრულყოფილი ამოკვეთა შეუძლებელია, ქალს შეიძლება დაენიშნოს ორალური კონტრაცეპტივები ან გრჰ აგონისტები. აღნიშნული საშუალებები, დაავადების სიმძიმის შემდგომი შემცირების გზით, ზრდის დაორსულების შანსს. ენდომეტრიოზის მქონე ზოგი ქალი შეიძლება დაორსულდეს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება.

ენდომეტრიოზის კერის ქირურგიული წესით მოცილება მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა. მკურნალობის შემდგომ, ქალების უმრავლესობაში, ენდომეტრიოზი კვლავ იჩენს თავს, თუმცა მისი პროგრესირების შეფერხება შესაძლებელია ორალური კონტრაცეპტივების ან სხვა საშუალებების გამოყენებით. ზემოაღნიშნული საშუალებებით მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევისთანავე. ორივე საკვერცხისა და საშვილოსნოს (ოოფორექტომია და ჰისტერექტომია) მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტური მკურნალობით მუცლისა და მცირე მენჯის ტკივილის შემსუბუქება ვერ ხერხდება და ქალი აღარ გეგმავს ორსულობას.

საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ამოკვეთას ისეთივე შედეგები აქვს, როგორიც მენოპაუზას, რადგან ორივე შემთხვევაში ქვეითდება ესტროგენის დონე. ამიტომ, მენოპაუზის სიმპტომების შემცირების მიზნით, ქალს შეიძლება დაენიშნოს ესტროგენი. ქალების უმრავლესობას პროგესტინიც ენიშნება. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი (ესტროგენი და პროგესტინი) პრემენოპაუზის ასაკის ახალგაზრდა ქალებს შორისაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. პროგესტინი ეხმარება ენდომეტრიოზის პროგრესირების დათრგუნვას. ესტროგენით მკურნალობის დაწყება შეიძლება ქირურგიული ჩარევის შემდგომ. თუ ქირურგიული ჩარევის შემდგომ ენდომეტრიული ქსოვილის დიდი რაოდენობა რჩება, ესტროგენით მკურნალობის დაწყება 4-6 თვით ყოვნდება, ვინაიდან მან შეიძლება დარჩენილი ენდომეტრიული ქსოვილის ზრდის სტიმულაცია გამოიწვიოს. ესტროგენით მკურნალობის დაყოვნება ზომაში ამცირებს ან აქრობს ნარჩენ ენდომეტრიულ ქსოვილს. პროგესტინი ინიშნება სიმპტომების შემცირების და დარჩენილი ენდომეტრიული ქსოვილის უკუგანვითარების მიზნით.