საშოს ინფექციები | მკურნალი.გე
  1. საშოს ინფექციები
  2. ქალთა ჯანმრთელობა
საშოს ინფექციები

  • საშოს ინფექციებს სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს, თუმცა ქალს ინფექციის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკური ზომების მიღება შეუძლია თავისუფალი, შემწოვი ზედაპირის მქონე საცვლების ტარებით;

  • ინფექცია, ჩვეულებრივ, იწვევს გამონადენის არსებობას, ქავილს, სიწითლეს და ზოგჯერ წვის შეგრძნებასა და ტკივილს;

  • ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოსავლენად, ექიმი იკვლევს საშოდან ან საშვილოსნოს ყელიდან სითხის ნიმუშს;

  • მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, თუმცა მჯდომარე აბაზანა და დასალევად მიღებული ანტიჰისტამინური საშუალებები ხელს უწყობს ქავილის შემსუბუქებას.

აშშ-ში, საშოს ინფექციები ექიმთან ვიზიტის ყველაზე ხშირ მიზეზთა შორისაა და ითვლის 10 მილიონ ვიზიტს წელიწადში. საშოს ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, გამონადენი და სპეციფიკური სუნი. თუმცა აღნიშნული სიმპტომების არსებობა ყოველთვის ინფექციაზე არ მიუთითებს. ისინი ქიმიური ან სხვა მასალებით, ჰიგიენური პროცედურებით, აბაზანის ქაფით, სარეცხი საშუალებებით, კონტრაცეფციული ქაფით და გელით ან სინთეზური საცვლებით საშოს გაღიზიანების მაჩვენებელიც შეიძლება იყოს. ამგვარ ანთებას არაინფექციური ვაგინიტი ეწოდება.

საშოდან გამონადენის მიზეზი შესაძლოა სულაც არ იყოს საშოს ინფექცია. გამონადენი შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები ისეთი დაავადებების შედეგი იყოს, როგორებიცაა ქლამიდია ან გონორეა. აღნიშნული დაავადებები აზიანებს რეპროდუქციული ტრაქტის სხვა ორგანოებს, მაგალითად, საშვილოსნოს ყელს ან საშვილოსნოს. გენიტალური ჰერპესი, რომელიც ვულვის, საშოს ან საშვილოსნოს ყელის მიდამოში ბუშტუკოვან გამონაყარს იწვევს, ასევე განაპირობებს საშოდან გამონადენს.

მიზეზები

საშოს ინფექციის გამომწვევი შეიძლება იყოს ბაქტერია, სოკო და სხვა მიკროორგანიზმები.

ინფექციის განვითარებას სავარაუდოს ხდის რამდენიმე მდგომარეობა:

  • საშოს მჟავიანობის დაქვეითება (pH მატება): როდესაც საშოში მჟავიანობა მცირდება, იკლებს ნორმალური ფლორის შემადგენელი, დამცველობითი ბაქტერიების რაოდენობაც და იმატებს პათოლოგიური ბაქტერიების რიცხვი, რომლებიც იწვევს ინფექციას.

  • არასათანადო ჰიგიენა: როდესაც სასქესო მიდამოს სისუფთავე არაა დაცული, იზრდება ბაქტერიების რაოდენობა, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას.

  • მჭიდრო, არააბსორბირებადი საცვლები: საცვლის ასეთი სახეობა არ შეიწოვს სინოტივეს, რაც ხელს უწყობს ბაქტერიებისა და სოკოს გამრავლებას.

  • ქსოვილების დაზიანება: მენჯის მიდამოს ქსოვილების დაზიანების შემთხვევაში, ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი მექანიზმები სუსტდება. დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნით, ქირურგიული ჩარევით, სხივური თერაპიით ან სტრუქტურული ცვლილებებით, როგორებიცაა თანდაყოლილი დეფექტები ან ფისტულა. ფისტულა – ესაა პათოლოგიური კავშირი სხვადასხვა ორგანოს შორის, რომელიც მაგალითად შესაძლებელს ხდის ნაწლავური შიგთავსის მოხვედრას საშოში.

  • გაღიზიანება: საშოს ქსოვილების გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ნახეთქების ან წყლულების განვითარება, საიდანაც სისხლის ნაკადში ბაქტერიების ან სოკოს მოხვედრა ადვილდება.

ინფექციის ზოგიერთი სახეობა უფრო ხშირია გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში.

ბავშვები: ბავშვებს შორის საშოს ბაქტერიული ინფექცია, ჩვეულებრივ, ანალური მიდამოდან გავრცელებული ბაქტერიებითაა გამოწვეული. ბაქტერიების საშოში მოხვედრა შესაძლებელია, როდესაც გოგონას, ნაწლავთა მოქმედების შემდეგ, განსაკუთრებით 2-6 წლის ასაკში, შორისის მიდამოს უკნიდან წინა მიმართულებით ან არასათანადოდ უსუფთავებენ. გენიტალურ მიდამოსთან თითებით შეხება, განსაკუთრებით, როდესაც გოგონა ნაწლავთა მოქმედების შემდეგ ხელებს არ იბანს, ასევე იწვევს ბაქტერიების გადატანას საშოში. გენიტალურ მიდამოსთან თითებით შეხება, ძირითადად, ქავილის დროს ხდება.

საშოს ინფექციის განვითარების სხვა ხშირი მიზეზია რაიმე საგნის (სათამაშო ან ტუალეტის ქაღალდი) მოხვედრა საშოში. წვრილი ჭიები, ასევე იწვევენ საშოს ინფექციის განვითარებას.

რეპროდუქციული ასაკის ქალები: მენსტრუალურ ციკლამდე ან მის დროს განვითარებული ჰორმონული ცვლილებები იწვევს საშოს მჟავიანობის შემცირებას, ისევე, როგორც საშოს ხშირი გამორეცხვა, სპერმიციდების გამოყენება ან სპერმა.

ტამპონის დიდი ხნით დატოვებამ საშოში შესაძლოა ინფექციის განვითარება გამოიწვიოს, რადგან ტამპონის თბილი და ნოტიო გარემო ხელსაყრელია ბაქტერიების გამრავლებისათვის და, ამასთან, იწვევს საშოს გაღიზიანებას.

პოსტმენოპაუზის ასაკის ქალები: მენოპაუზის შემდგომ მცირდება ესტროგენების რაოდენობა. შედეგად, საშოს ქსოვილები თხელდება, შრება და მყიფე ხდება. ჩნდება ნახეთქები ან დაიარებული კერები, რაც აადვილებს ბაქტერიებისა და სოკოს შეღწევას. ასევე, ქვეითდება საშოში მჟავიანობა.

შარდის შეუკავებლობის მქონე ან საწოლს მიჯაჭვულ ქალებს შეიძლება გაუჭირდეთ შორისის მიდამოს სისუფთავის დაცვა. შარდით ან განავლით საშოს მიდამოს გაღიზიანება ინფექციის განვითარებას იწვევს.

სიმპტომები

საშოს ინფექცია საშოდან გამონადენს იწვევს. აღნიშნული გამონადენი განსხვავდება ნორმალურისაგან, ვინაიდან იგი იწვევს ქავილს, სიწითლეს და წვის შეგრძნებას ან ტკივილს. გამონადენს შეიძლება თევზის სუნი ჰქონდეს. გამონადენის სახე და რაოდენობა მიზეზის მიხედვით იცვლება. თუმცა, ზოგჯერ განსხვავებული მიზეზები მგავსი სახის გამონადენს იწვევს.

ქავილის შეგრძნებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ძილზე. ზოგი ინფექციის შემთხვევაში სქესობრივ კავშირს ტკივილი ახლავს. ასევე მტკივნეული და ხშირი ხდება შარდვა. ზოგჯერ, საშოსა და შარდსადენის ხვრელის ირგვლივი კანის ნაოჭები ერთმანეთს ეკვრის. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში სიმპტომები მსუბუქია ან არ ვლინდება.

დიაგნოზი

საშოდან გამონადენისა და ქავილის ან სხვა სიმპტომების შემთხვევაში, ქალებმა და გოგონებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. მიზეზის განსაზღვრისათვის, ექიმი სვამს კითხვებს გამონადენის (მისი არსებობის შემთხვევაში), სიმპტომების შესაძლო გამომწვევისა და ჰიგიენის თაობაზე. კითხვები შეიძლება შეეხებოდეს შემდეგ თემებს:

  • ლოსიონის ან კრემების გამოყენება, სიმპტომების შემსუბუქების მიზნით (მათ შორის, შინაური საშუალებებით);

  • როდის დაიწყო გამონადენი?

  • ახლდა თუ არა გამონადენს ქავილი, წვის შეგრძნება ან ტკივილი სასქესო მიდამოში?

  • როდის ვლინდება სიმპტომები მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით?

  • როდის იწყება ან გაივლის გამონადენი ან ხომ არ აქვს მუდმივი ხასიათი?

  • ჰქონდა თუ არა წარსულში მსგავსი ხასიათის გამონადენი და, თუ ჰქონდა, როგორ ემორჩილებოდა მკურნალობას?

  • რა სახის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იყენებდა ან იყენებს ამჟამად?

  • ხომ არ აქვს ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს?

  • წარსულში თუ ჰქონია საშოს ინფექცია?

  • აქვს თუ არა სიმპტომები სქესობრივ პარტნიორს?

ექიმი სვამს კითხვებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესაძლებლობის თაობაზეც. აღნიშნული ინფორმაცია მას ეხმარება, განსაზღვროს, მკურნალობა სხვებსაც ხომ არ ესაჭიროებათ.

ტარდება მენჯის გასინჯვა. საშოს გასინჯვისას, ექიმი ბამბიანი ტამპონით გამოსაკვლევად იღებს გამონადენს (მისი არსებობის შემთხვევაში). მასალის შესწავლა ხდება მიკროსკოპულად. ექიმი ამ გზით საზღვრავს, მიზეზი ბაქტერიული ვაგინოზია, ტრიქომონადული ვაგინიტი თუ სოკოვანი ინფექცია. ექიმი, ასევე, საშვილოსნოს ყელიდან იღებს ნაცხს, რომლის გამოკვლევაც ტარდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოვლენის მიზნით.

მენჯის ღრუს სხვა ინფექციური კერების გამოსავლენად, ექიმი საშვილოსნოსა და საკვერცხეების გასინჯვას საშოსმხრივი გასინჯვით ატარებს. ხელთათმანიანი საჩვენებელი და შუა თითი შეაქვს საშოში, ხოლო მეორე ხელით მუცლის ზედაპირიდან აწვება. თუ გასინჯვა მტკივნეულია ან ვლინდება ცხელება, მისი გამომწვევი სხვა ინფექციები შეიძლება იყოს.

პრევენცია

ინფექციის პრევენციისთვის საჭიროა სასქესო მიდამოს სისუფთავის და სიმშრალის შენარჩუნება. რეკომენდებულია ყოველდღიურად მსუბუქი, არაარომატიზებული საპნით (როგორიცაა გლიცერინის საპონი) ბანაობა და კარგად გამშრალება. მოშარდვისა და ნაწლავთა მოქმედების შემდეგ, ანუსიდან საშოს მიმართულებით ბაქტერიის გადმოტანის პრევენციის მიზნით, გაწმენდა წინიდან უკანა მიმართულებით უნდა მოხდეს. პატარა გოგონებისთვის საჭიროა ახსნა, თუ როგორ დაიცვან ჰიგიენა.

რეკომენდებულია თავისუფალი, სითხის ადვილად შემწოვი ტანსაცმელი, როგორიცაა ბამბის ქსოვილის ან ბამბის ქსოვილით ამოფენილი საცვლები, რომლებიც ჰაერს თავისუფლად ატარებს და სასქესო მიდამოს სიმშრალეს უნარჩუნებს. უნდა შეწყდეს საშოს ხშირი გამორეცხვა (დუშირება), მათ შორის, სამკურნალო საშუალების შემცველი საშუალებით. საშოს გამორეცხვით (დუშირებით), ნორმალური, დამცველობითი მიკროფლორა ნადგურდება და საშოს არეში მჟავიანობა მცირდება, რაც ზრდის ინფექციების, მათ შორის, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადების განვითარების ალბათობას. მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება და სქესობრივი პარტნიორების რაოდენობის შემცირება.

მკურნალობა

მკურნალობის პროცესში ეფექტიანია ღონისძიებები, რომლებიც პრევენციის მიზნით გამოიყენება, კერძოდ, სასქესო მიდამოს სისუფთავისა და სიმშრალის შენარჩუნება. სასურველია უარის თქმა ძლიერ ან არომატიზებულ საპნებსა და არააუცილებელ ადგილობრივ საშუალებებზე (მაგალითად, ქალის ჰიგიენური აეროზოლები). ზოგჯერ, ქავილსა და წვას ამსუბუქებს ყინულის პაკეტების მოთავსება სასქესო მიდამოზე, ცივი კომპრესი ან ცივი წყლის მჯდომარე აბაზანა (სოდით ან მის გარეშე, ან ინგლისური მარილით). მჯდომარე აბაზანა ნიშნავს ჩაჯდომას წყალში, რომელიც მხოლოდ სასქესო და სწორი ნაწლავის მიდამოს ფარავს. შემსუბუქებას ასევე იწვევს გენიტალური მიდამოს ნელთბილი წყლით დასველება.

თუ ზემოაღნიშნული ღონისძიებებით სიმპტომების შემსუბუქება ვერ ხერხდება, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტების დანიშვნა. ქავილის შესამსუბუქებლად კორტიკოსტეროიდის კრემი (როგორიცაა ჰიდროკორტიზონი) გამოიყენება ვულვის და არა საშოს არეში. ქავილის შემცირებას ეხმარება დასალევად მიღებული ანტიჰისტამინური საშუალებები. მათ შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს. ამიტომ მათი მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც სიმპტომები ძილის დარღვევას იწვევს.

სპეციფიკური მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.