მენჯის ფსკერის დისფუნქცია მოიცავს შარდის ბუშტის, წვრილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, საშვილოსნოს ან საშოს დაწევას (პროლაფსს), რაც მენჯის ფსკერის იოგების, შემაერთებელი ქსოვილისა და კუნთების სისუსტით ან დაზიანებითაა გამოწვეული.
მენჯის ფსკერის დისფუნქცია მხოლოდ ქალებს შორის ვლინდება და ხშირდება ასაკის მატებასთან ერთად. ცხოვრების განმავლობაში, 11 ქალიდან საშუალოდ ერთს მენჯის ფსკერის დისფუნქციის გამო ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
მენჯის ფსკერი კუნთების, იოგების და ქსოვილებისგან შემდგარი ბადეა, რომელიც ჰამაკის მსგავსად იკავებს მენჯის ღრუს ორგანოებს: საშვილოსნოს, საშოს, შარდის ბუშტს, შარდსადენს და სწორ ნაწლავს. კუნთების დასუსტების, იოგებისა და ქსოვილების მოდუნების ან დაზიანების შემთხვევაში, მენჯის ღრუს ორგანოები ან წვრილი ნაწლავი შეიძლება დაეშვას დაბლა და ჩამოიდრიკოს საშოში. მძიმე შემთხვევებში, ორგანოები შეიძლება მთლიანად დაიწიოს საშოს მიმართულებით და გარეთ გამოვიდეს.
მენჯის ფსკერის დისფუნქცია რამდენიმე ფაქტორის კომბინაციის შედეგია. ორსულობამ და საშოსმხრივმა მშობიარობამ შეიძლება შეასუსტოს ან მოადუნოს მენჯის დამჭერი სტრუქტურების ნაწილი. მენჯის ფსკერის დისფუნქცია ხშირია მრავალჯერ ნამშობიარევ ქალებს შორის და მისი რისკი ყოველი მშობიარობის შემდეგ იზრდება. მშობიარობამ, თავის მხრივ, შეიძლება ნერვების დაზიანება გამოიწვიოს, რაც კუნთების დასუსტებას განაპირობებს. მდგომარეობის განვითარების რისკი, ბუნებრივ მშობიარობასთან შედარებით, შესაძლოა საკეისრო კვეთის დროს უფრო ნაკლები იყოს.
მენჯის ფსკერის დისფუნქციის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს სიმსუქნემ, ქრონიკულმა ხველამ (მაგალითად, ფილტვების დაავადებით ან თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული), ძლიერმა დაძაბვამ ნაწლავთა მოქმედების დროს და სიმძიმეების აწევამ. სხვა მიზეზებია მენჯის ფსკერის ნერვების დაზიანება, ტრავმები (მათ შორის, ქირურგიული ჩარევით გამოწვეული) და სიმსივნეები. ზოგ ქალს აქვს თანდაყოლილი დეფექტი, რომელიც აღნიშნულ მიდამოს მოიცავს. ზოგი იბადება მენჯის სუსტი ქსოვილებით. ქალის ასაკის მატებასთან ერთად, მენჯის დამჭერი სტრუქტურები სუსტდება და ამის შედეგად იზრდება მენჯის ფსკერის დისფუნქციის განვითარების ალბათობა.
მენჯის ფსკერის დისფუნქციის ყველა სახეობა არსებითად თიაქარია, რომლის დროსაც ორგანოები, დამჭერი ქსოვილის დასუსტების გამო, დაბლა ეშვება. მენჯის ფსკერის დისფუნქციის სხვადასხვა სახეობას სახელწოდება დაზიანებული ორგანოს მიხედვით ენიჭება. ხშირად, ქალს დაავადების ერთზე მეტი სახეობა აქვს. ყველა სახეობის შემთხვევაში ხშირი სიმპტომია სიმძიმის ან ზეწოლის შეგრძნება საშოს არეში – შეგრძნება, თითქოს საშვილოსნო, შარდის ბუშტი ან სწორი ნაწლავი გარეთ ვარდება.
სიმპტომები თავს იჩენს ფეხზე მდგარ პოზიციაში ყოფნისას, ჭინთვის ან ხველის დროს და ქრება მწოლიარე მდგომარეობაში ან მოდუნებისას. ზოგ შემთხვევაში მტკივნეულია სქესობრივი კავშირი. მსუბუქ შემთხვევებში სიმპტომები შეიძლება არც გამოვლინდეს ხანდაზმულობის მიღწევამდე.
რექტოცელე: რექტოცელე ვითარდება, როდესაც სწორი ნაწლავი დაბლა ეშვება და საშოს უკანა კედელში იჭრება. იგი სწორი ნაწლავის კუნთოვანი კედლის და ირგვლივი შემაერთებელი ქსოვილის დასუსტების შედეგად ვითარდება. რექტოცელემ შეიძლება გააძნელოს ნაწლავთა მოქმედება და შეკრულობის შეგრძნება გამოიწვიოს. ზოგი ქალი, ნაწლავთა მოქმედების გამოსაწვევად, მიმართავს საშოდან თითით ზეწოლას სწორ ნაწლავზე.
ენტეროცელე: ენტეროცელე ვითარდება, როდესაც წვრილი ნაწლავი და მუცლის ღრუს ამომფენი გარსი (პერიტონეუმი), ქვემოთ, საშოსა და სწორ ნაწლავს შორის ჩამოიდრიკება. ხშირად იგი საშვილოსნოს ქირურგიულად ამოკვეთის შემდეგ ვითარდება. ენტეროცელე საშვილოსნოს დამჭერი იოგებისა და შემაერთებელი ქსოვილის დასუსტების შედეგია. იგი ხშირად სიმპტომებს არც იწვევს. თუმცა ზოგ ქალს სისავსის ან ზეწოლის შეგრძნება აქვს მენჯის არეში. შესაძლოა წელის ტკივილი.
ცისტოცელე და ცისტოურეთროცელე: ცისტოცელე შარდის ბუშტის დაწევის და საშოს წინა კედელში შეჭრისას ვითარდება. იგი შარდის ბუშტის ირგვლივ არსებული შემაერთებელი ქსოვილისა და საყრდენი სტრუქტურების დასუსტების შედეგია. ცისტოურეთროცელე მსგავსი პრობლემაა, მაგრამ ვითარდება, როდესაც შარდსადენის ზედა ნაწილი (შარდის ბუშტის ყელი) ეშვება ქვემოთ. აღნიშნული ორი პრობლემიდან ერთ-ერთის შემთხვევაში, ქალი შეიძლება აღნიშნავდეს შარდის სტრესულ (შარდის უნებლიე დაღვრა ხველის, სიცილის ან ნებისმიერი უეცარი ქმედების დროს, რომელიც იწვევს მუცელშიდა წნევის მომატებას) ან გადავსებით (შარდის უნებლიე დაღვრა შარდის ბუშტის გადავსებისას) განპირობებულ შეუკავებლობას. მოშარდვის შემდეგ, შარდის ბუშტი შეიძლება ბოლომდე არ დაიცალოს. ზოგჯერ საშარდე გზების ინფექციებიც ვითარდება. შარდის ბუშტის ან შარდსადენის ნერვების დაზიანებისას, აღნიშნული დარღვევების მქონე ქალებს შეიძლება შარდის ურგენტული შეუკავებლობა (მოშარდვის იტენსიური, შეუკავებელი სურვილი, რომელიც იწვევს შარდის უნებლიე დაღვრას) განუვითარდეთ.
საშვილოსნოს პროლაფსი: საშვილოსნოს პროლაფსის დროს საშვილოსნო ქვემოთ, საშოს მიმართულებით ეშვება. იგი, ჩვეულებრივ, საშვილოსნოს დამჭერი შემაერთებელი ქსოვილისა და იოგების დასუსტების შედეგია. საშვილოსნო შეიძლება ჩამოიდრიკოს საშოს ზედა ან შუა ნაწილში ან მთლიანად საშოს შესავალში, რის შედეგადაც საშვილოსნოს სრული პროლაფსი (გადმოვარდნა) ვითარდება. საშვილოსნოს პროლაფსმა წელის ან კუდუსუნის მიდამოს ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ქალების უმრავლესობას სიმპტომები არ აქვს. საშვილოსნოს პროლაფსი იწვევს ტკივილს სიარულის დროს. საშვილოსნოს პროლაბირებულ ყელზე შეიძლება განვითარდეს წყლულები და სისხლდენა, გამონადენი ან ინფექცია გამოიწვიოს. საშვილოსნოს პროლაფსი ზოგჯერ შარდსადენის მოკეცვას განაპირობებს, რამაც შესაძლოა შარდვის შეუკავებლობის შენიღბვა ან მოშარდვის გაძნელება გამოიწვიოს. საშვილოსნოს სრული პროლაფსის შემთხვევაში, ზოგჯერ, ქალს ნაწლავთა მოქმედების გაძნელება უვითარდება.
საშოს პროლაფსი: საშოს პროლაფსის დროს მისი ზედა ნაწილი ეშვება ქვემოთ, ქვედა ნაწილისაკენ, იმგვარად, რომ საშო ამობრუნდება. ზედა ნაწილი შეიძლება ნაწილობრივ დაიწიოს ან მთლიანად სხეულის გარეთ გადმობრუნდეს და საშოს სრული პროლაფსი გამოიწვიოს. საშოს პროლაფსი მხოლოდ იმ ქალებს უვითარდებათ, რომელთაც ჰისტერექტომია აქვთ ჩატარებული. საშოს სრული გადმობრუნების შემთხვევაში აღინიშნება ტკივილი ჯდომის ან სიარულის დროს. გადმობრუნებულ საშოს ლორწოვანზე შეიძლება განვითარდეს წყლულები, რაც სისხლდენასა და გამონადენს განაპირობებს. საშოს პროლაფსი ზოგჯერ მოშარდვის დაუოკებელ და ხშირ სურვილს განაპირობებს. შეიძლება შარდსადენის მოკეცვა, რაც შეუკავებლობის (მისი არსებობის შემთხვევაში) შენიღბვას ან მოშარდვის გაძნელებას გამოიწვევს. მოსალოდნელია ნაწლავთა მოქმედების გაძნელებაც.
ექიმები მენჯის ფსკერის დისფუნქციას, ჩვეულებრივ, სარკის საშუალებით (ხელსაწყო, რომელიც განზე სწევს საშოს კედლებს), მენჯის გასინჯვის მიხედვით ადგენენ. ექიმი ერთ თითს საშოში, ხოლო მეორეს სწორ ნაწლავში ათავსებს და ამგვარად განსაზღვრავს, რამდენად მძიმე ხარისხისაა რექტოცელე ან ენტეროცელე.
გასინჯვის დროს, ქალს შეიძლება სთხოვონ გაიჭინთოს (ისევე, როგორც ნაწლავთა მოქმედების დროს) ან დაახველოს. შესაძლოა გასინჯვა ჩატარდეს ფეხზე მდგარ მდგომარეობაშიც. ხველით, ფეხზე დგომით ან ორივე მათგანით გამოწვეული ზეწოლა მენჯის ღრუში დარღვევას უფრო თვალსაჩინოს ხდის.
შეიძლება ჩატარდეს პროცედურაც, რომლის საშუალებით დგინდება, თუ რამდენად კარგად მუშაობს შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი. მაგალითად, ექიმი მოშარდვის შემდეგ განსაზღვრავს შარდის იმ რაოდენობას, რომელსაც თავისუფლად, გამოჟონვის გარეშე იკავებს შარდის ბუშტი, ასევე, შარდის ნაკადს. თუ ქალს აქვს შარდის გამოყოფის პრობლემა ან შარდის შეუკავებლობა, ექიმმა დრეკადი ზონდის საშუალებით შეიძლება შარდის ბუშტი (პროცედურას ცისტოსკოპია ეწოდება) ან შარდსადენი (პროცედურას ურეთროსკოპია ეწოდება) შიგნიდან დაათვალიეროს. აღნიშნული პროცედურები ექიმს ეხმარება განსაზღვროს, თუ მკურნალობის რომელი მეთოდია საუკეთესო – მედიკამენტური თუ ქირურგიული. თუ შარდის ბუშტი სათანადოდ ვერ მუშაობს, მეტად სავარაუდოა, რომ ქალს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
სავარჯიშოები: თუ პროლაფსი მსუბუქი ხარისხისაა, შეიძლება შედეგიანი იყოს კეგელის სავარჯიშოების შესრულება, რომელიც ამაგრებს მენჯის ფსკერის კუნთებს. კეგელის სავარჯიშოების სამიზნეა საშოს, შარდსადენის და სწორი ნაწლავის ირგვლივი კუნთები, რომელთა საშუალებითაც ხდება შარდის ნაკადის შეჩერება. აღნიშნული კუნთები ძალიან უნდა შეიკუმშოს და ამ მდგომარეობაში დარჩეს 1-2 წამით, შემდეგ მოდუნდეს 10 წამის განმავლობაში. თანდათანობით, შეკუმშვების ხანგრძლივობა 10 წამამდე იზრდება. სავარჯიშო 10-ჯერ მეორდება. მისი შესრულება, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერაა რეკომენდებული. ქალს კეგელის სავარჯიშოების შესრულება შეუძლია მჯდომარე, ფეხზე მდგარ ან მწოლიარე პოზიციაში.
ზოგ ქალს უჭირს სწორად შეასრულოს სავარჯიშო. ვარჯიშების სწავლებას აადვილებს შემდეგი:
პესარიუმები: მძიმე პროლაფსის შემთხვევაში, მენჯის ღრუს ორგანოების შესაკავებლად შეიძლება პესარიუმების გამოყენება. პესარიუმები დიაფრაგმის, კუბის ან ბეჭდისებური ფორმისაა. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ქალებისთვის, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას ელოდებიან ან ვერ უტარდებათ იგი. ექიმი სათანადო ზომის პესარიუმებს ურჩევს ქალს, სხვადასხვა ზომის სათითაოდ მორგებით, სანამ შესაბამისი არ მოიძებნება.
პესარიუმის ტარება რამდენიმე კვირის განმავლობაშია შესაძლებელი. მას ხშირად სჭირდება მოხსნა და წყლითა და საპნით გასუფთავება. ქალს ასწავლიან, თუ როგორ ჩაიდგას და მოიხსნას პესარიუმი გასუფთავების დროს. მათი სურვილის შემთხვევაში, პესარიუმის გასაწმენდად შეიძლება ექიმსაც მიაკითხონ. ზოგჯერ პესარიუმები საშოს ქსოვილის გაღიზიანებას და ცუდსუნიან გამონადენს იწვევს. გამონადენი მცირდება რეგულარული გასუფთავებით, თუ ეს შესაძლებელია, ღამის პერიოდში. ზოგი ქალი ამჯობინებს პესარიუმის მუდმივად ტარებას, რა შემთხვევაშიც იგი 2-3 კვირაში ერთხელ უნდა შეიცვალოს. ასევე, ყოველ 6-12 თვეში ერთხელაა საჭირო ექიმთან ვიზიტი.
ქირურგია: ქირურგიული ჩარევა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ კეგელის სავარჯიშოები და პესარიუმის გამოყენება უშედეგო აღმოჩნდა. ქირურგიულ ჩარევას უპირატესობა ენიჭება, თუ ქალი აღარ გეგმავს ბავშვის გაჩენას. ქირურგიული ჩარევის დროს საშოში თავსდება ინსტრუმენტები, დგინდება დასუსტებული ადგილი და მის ირგვლივ გამაგრდება ქსოვილები, რაც აბრკოლებს დასუსტებული ადგილიდან ორგანოების გამოვარდნას.
მძიმე ხარისხის პროლაფსის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევისთვის შეიძლება საჭირო გახდეს მუცლის გაკვეთა. საშოს ზედა ნაწილი ნაკერებით მიემაგრება მენჯის ძვლებს. ხშირად, შარდისაგან დასაცლელად, შარდის ბუშტში 24 საათის განმავლობაში ჩადგმულია კათეტერი. შარდის შეუკავებლობის დროს ან საშვილოსნოს პროლაფსის აღმოფხვრის შემდგომ მისი განვითარებისას, თანადროულად შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა მისი მკურნალობის მიზნით. ასეთ შემთხვევაში, შარდის ბუშტში მოთავსებული კათეტერი ხანგრძლივი დროით რჩება მასში. ქირურგიული ჩარევის შემდგომ, სულ მცირე 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია სიმძიმის აწევა, დაძაბვა, ხანგრძლივად ფეხზე დგომა.