სარძევე ჯირკვლების დაავადებები | მკურნალი.გე
  1. სარძევე ჯირკვლების დაავადებები
  2. ქალთა ჯანმრთელობა
სარძევე ჯირკვლების დაავადებები

სარძევე ჯირკვლების დაავადებები შეიძლება კეთილ და ავთვისებიან დაავადებებად დაიყოს. უმრავლესობა კეთილთვისებიანია და სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ხშირად, მათ მკურნალობაც კი არ სჭირდებათ. და პირიქით, სარძევე ჯირკვლის კიბომ შეიძლება ძუძუს ან სიცოცხლის დაკარგვა გამოიწვიოს. ამიტომაა მრავალი ქალისთვის ეს დაავადება შიშის მიზეზი. თუმცა, თუ ქალი რეგულარულად ისინჯავს სარძევე ჯირკვლებს ან ესინჯება ექიმს და რეკომენდაციის მიხედვით იტარებს მამოგრაფიას, პოტენციური პრობლემების აღმოჩენა დროულადაა შესაძლებელი. სარძევე ჯირკვლის კიბოს წარმატებული მკურნალობისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.

სიმპტომები

სარძევე ჯირკვლის დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომები ხშირია და მოიცავს: სარძევე ჯირკვლების ტკივილს, კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობას და დვრილებიდან გამონადენს. მათი მფარავი კანი შეიძლება იყოს შეჭმუხნული ან ჩაღრმავებული. ძუძუსთან დაკავშირებული სიმპტომების არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს კიბოს ან სხვა სერიოზული დაავადების არსებობას. მაგალითად, ყოველთვიურად სარძევე ჯირკვლების ტკივილი მენსტრუალურ ციკლამდე არსებული ჰორმონული ცვლილებებითაა გამოწვეული და რაიმე სერიოზულ დაავადებაზე არ მიუთითებს. თუმცა, ქალმა სარძევე ჯირკვლების გასინჯვა ყოველთვიურად უნდა ჩაიტაროს და ნებისმიერი ცვლილების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს ექიმს, განსაკუთრებით, თუ ვლინდება:

  • წარმონაქმნი, რომელიც ძუძუს სხვა ქსოვილისაგან განსხვავებულად შეიგრძნობა ან რომელიც არ გაივლის;

  • შეშუპება, რომელიც არ გაივლის;

  • ძუძუს კანის შეჭმუხვნა ან ჩაღრმავება;

  • დვრილების ირგვლივ კანის აქერცვლა;

  • ძუძუს ფორმის ცვლილება;

  • დვრილის ცვლილება, როგორიცაა ჩაბრუნება

  • ძუძუდან გამონადენი, განსაკუთრებით – სისხლიანი.

ძუძუს ტკივილი: მრავალი ქალი აღნიშნავს ძუძუს ტკივილს (მასტალგია). მიზეზები შემდეგია:

  • ჰორმონული ცვლილებები

  • ცისტები

  • ინფექცია

  • ფიბროცისტური ცვლილებები

  • ძალიან იშვიათად – კიბო

ძუძუს ტკივილი შეიძლება ჰორმონულ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, იგი ვლინდება მენსტრუაციის დროს, მასზე ცოტა ხნით ადრე (პრემენსტრუალური სინდრომის სახით) ან ორსულობის ადრეულ პერიოდში. ამგვარი სახის ტკივილი ხშირია იმ ქალებს შორის, რომლებიც იღებენ დასალევ კონტრაცეპტივებს ან იტარებენ ჰორმონთერაპიას მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. ქალის სასქესო ჰორმონების – ესტროგენის და პროგესტერონის – რაოდენობის მატება (მენსტრუალური ციკლის, ორსულობის ან მკურნალობის დროს) იწვევს სარძევე ჯირკვლებისა და სადინარების ზომაში მატებას და სითხის შეკავებას. სარძევე ჯირკვლები შუპდება და ზოგჯერ მტკივნეული ხდება. ამგვარი ტკივილი, ჩვეულებრივ, დიფუზურია და ჯირკვლები შეხებით მგრძნობიარეა. მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ტკივილი თვეების ან წლების განმავლობაში ჩნდება და ქრება. ძუძუს ტკივილის სხვა მიზეზები შეიძლება იყოს ძუძუს ცისტები, ინფექციები და აბსცესი. ასეთ შემთხვევაში ტკივილი გარკვეულ ადგილზე შეიგრძნობა. ფიბროცისტური ცვლილებები (ძველად ეწოდებოდა სარძევე ჯირკვლების ფიბროცისტური დაავადება) შეიძლება მოიცავდეს ძუძუს ტკივილს. ტკივილი ძუძუს კიბოს პირველი სიმპტომია მხოლოდ ქალების 5%-ში. სარძევე ჯირკვლის ტკივილი, რომელიც თვეზე მეტ ხანს გრძელდება, საჭიროებს შეფასებას.

ძუძუს მსუბუქი ტკივილი, საბოლოოდ, ყოველგვარი მკურნალობის გარეშეც გაივლის. მენსტრუალური ციკლის დროს აღმოცენებული ტკივილის შემსუბუქება შეიძლება აცეტამინოფენით ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებით (აასს).

მძიმე ტკივილის ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დანაზოლის (ტესტოსტერონის მონათესავე სინთეზური ჰორმონი) ან ტამოქსიფენის (ძუძუს კიბოს სამკურნალო საშუალება) გამოყენება. აღნიშნული მედიკამენტები აფერხებს ესტროგენებისა და პროგესტერონის აქტივობას, რომელიც იწვევს სარძევე ჯირკვლების შეშუპებასა და ტკივილს. ვინაიდან აღნიშნული საშუალებების ხანგრძლივად გამოყენებას თან ახლავს გვერდითი ეფექტები, ისინი მხოლოდ მცირე დროით ინიშნება. ტამოქსიფენს, დანაზოლთან შედარებით, ნაკლები გვერდითი მოვლენები გააჩნია. იგი უპირატესად პოსტმენოპაუზის პერიოდის ქალებს შორის გამოიყენება, თუმცა შეიძლება სასარგებლო იყოს ახალგაზრდა ქალებისათვისაც.

თუ რაიმე სპეციფიკური მდგომარეობა ვლინდება, ტარდება მისი შესაბამისი მკურნალობა. მაგალითად, თუ მიზეზი ცისტაა, მისი დრენირება, ჩვეულებრივ, ტკივილის შემცირებას იწვევს.

ძუძუს წარმონაქმნები: წარმონაქმნების არსებობა ძუძუში ხშირია და, ჩვეულებრივ, არაავთვისებიანია. მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ცისტები

  • ფიბროადენომები

  • ნაწიბუროვანი ქსოვილი

  • იშვიათად – კიბო

მაგრამ იმის გამო, რომ წარმონაქმნი შესაძლოა ავთვისებიანი იყოს, ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა შეაფასოს იგი. წარმონაქმნი შეიძლება სითხით სავსე პარკი (ცისტა) ან მკვრივი წარმონაქმნი – ფიბროადენომა – იყოს.

სხვა მკვრივი წარმონაქმნებია გამაგრებული ჯირკვლოვანი ქსოვილი (მასკლეროზებული ადენოზი) და ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელმაც დაზიანებული ცხიმოვანი ქსოვილი (ცხიმოვანი ნეკროზი) ჩაანაცვლა. არც ერთი მათგანი ავთვისებიანი არ არის. თუმცა წარმონაქმნების დიაგნოსტიკა მხოლოდ ბიოფსიით ხდება. მკურნალობა არ არის საჭირო.

გამონადენი ძუძუს დვრილიდან: ერთი ან ორივე დვრილიდან ზოგჯერ სითხოვანი გამონადენი აღინიშნება. ძუძუდან გამონადენი ნორმალურია მშობიარობის შემდგომ, ძუძუთი კვების (ლაქტაციის) პერიოდში. ის შეიძლება გამოვლინდეს დვრილების მექანიკური სტიმულაციის, წოვის, ტანსაცმლით გაღიზიანების ან სექსუალური აღგზნების შემთხვევაში. ორსულობის ბოლო კვირებში სარძევე ჯირკვლებიდან ფიქსირდება რძის მაგვარი გამონადენი (ხსენი). დვრილებიდან გამონადენი სტრესის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს.

დვრილებიდან გამონადენი, ჩვეულებრივ, არაწებოვანი, თხელი, მღვრიე, მოთეთრო ფერის ან სუფთა სითხეა. ამავე დროს, ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში სისხლოვანი გამონადენიც ვლინდება მსუბუქად.

რამდენიმე დაავადებამ შეიძლება პათოლოგიური გამონადენი გამოიწვიოს. გამომწვევი მიზეზის მიხედვით, პათოლოგიური გამონადენი განსხვავებული შესახედაობისაა:

  • სისხლოვანი გამონადენი შესაძლებელია ძუძუს კეთილთვისებიანი სიმსივნით (როგორიცაა სიმსივნე სარძევე სადინარში, რომელსაც სადინარშიდა პაპილომა ეწოდება) ან, უფრო იშვიათად, ძუძუს კიბოთი იყოს გამოწვეული. პათოლოგიური გამონადენის მქონე ქალებს შორის მისი მიზეზი ძუძუს კიბო შემთხვევათა 10%-ზე ნაკლებშია;

  • მომწვანო გამონადენი, ჩვეულებრივ, ახასიათებს ფიბროადენომას, რომელიც კეთილთვისებიან სოლიდურ წარმონაქმნებს მიეკუთვნება;

  • ჩირქის შემცველი და ცუდსუნიანი გამონადენი შესაძლოა ძუძუს ინფექციით იყოს გამოწვეული;

  • დიდი რაოდენობით რძისებრი გამონადენი ქალებში, რომლებიც ძუძუთი არ კვებავენ ჩვილს, შეიძლება გალაქტორეით იყოს გამოწვეული.

ჰიპოფიზის დაავადებებმა, ენცეფალიტმა (ტვინის ინფექცია), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებამ (ჰიპოთირეოზი), თირკმლების ან ღვიძლის დაავადებებმა, თავისა და გულმკერდის ტრავმებმა, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს დვრილებიდან გამონადენი.

დვრილებიდან გამონადენის გამოწვევა შეუძლია გარკვეულ მედიკამენტებსაც. ასეთი პრეპარატებია: ოპიოიდები, კუჭის დაავადებების სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა ციმეტიდინი, რანიტიდინი და მეტოკლოპრამიდი), ანტიდეპრესანტები და ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული საშუალება (როგორიცაა მეთილდოფა, რეზერპინი და ვერაპამილი).

სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი შესაძლებელია ძუძუს კეთილ ან ავთვისებიანი სიმსივნეებით იყოს გამოწვეული. ორივე დვრილიდან გამონადენის მიზეზი, დიდი ალბათობით, ძუძუს გარედანაა, როგორიცაა ჰორმონული დარღვევები ან გარკვეული მედიკამენტების მიღება.

იმ შემთხვევაში, თუ ძუძუდან გამონადენი ერთ მენსტრუალურ ციკლზე მეტად გრძელდება ან უჩვეულოა, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს. პოსტმენოპაუზის ასაკში დვრილებიდან გამონადენის შემთხვევაში, ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი გასინჯავს ძუძუს, მოიძიებს პათოლოგიურ ცვლილებებს. შეიძლება ჩატარდეს სარძევე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, მამოგრაფია, სისხლში ჰორმონების განსაზღვრა და თავის კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ქალს ეკითხებიან სამკურნალო საშუალებების თაობაზე, რომლებსაც იღებს. ზოგჯერ სპეციფიკური მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება.

თუ მიზეზი რაიმე დაავადებაა, ტარდება სათანადო მკურნალობა. თუ დვრილიდან გამონადენის მიზეზი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, შესაძლებელია იმ სადინარის ამოკვეთა, საიდანაც გამონადენი აღინიშნება.