ავთვისებიანი სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს ქალის რეპროდუქციული სისტემის ნებისმიერ ნაწილში – ვულვაში, საშოში, საშვილოსნოს ყელში, საშვილოსნოში, ფალოპის მილებსა ან საკვერცხეებში. აღნიშნულ ავთვისებიან სიმსივნეებს გინეკოლოგიური სიმსივნეები ეწოდება.
გინეკოლოგიური სიმსივნეები შესაძლოა ლიმფური სადინარების, ლიმფური კვანძების (ლიმფური სისტემა) ან სისხლის ნაკადის საშუალებით უშუალოდ გავრცელდეს (მეტასტაზები) მეზობელ ორგანოებზე ან სხეულის მოშორებით მდებარე ნაწილებში.
მენჯის ფიზიკური გასინჯვით და პაპანიკოლაუს (პაპ) ან სხვა მსგავსი ტესტების რეგულარული ჩატარებით, გარკვეული გინეკოლოგიური სიმსივნეები, განსაკუთრებით, საშვილოსნოს ყელის კიბო, ადრეულ ეტაპზე ვლინდება. ამგვარი გასინჯვით და კიბოსწინარე ცვლილებების (დისპლაზია) დროულად აღმოჩენით ზოგჯერ შესაძლებელია კიბოს პრევენცია. მენჯის რეგულარული გასინჯვით, საშოს და ვულვის კიბო ადრეულ სტადიაზე ვლინდება. თუმცა, საკვერცხის, საშვილოსნოს და ფალოპის მილების კიბოს გამოვლენა მენჯის გასინჯვით ექიმისთვის ადვილი არაა.
თუ საეჭვოა კიბოს არსებობა, ბიოფსიას შეუძლია დაადასტუროს ან გამორიცხოს დიაგნოზი. კიბოს დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით ერთი ან რამდენიმე პროცედურის ჩატარება, რომელიც განსაზღვრავს სიმსივნის სტადიას. სტადია განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდი ზომისაა სიმსივნე და რამდენად გავრცელებულია იგი. ხშირად გამოყენებული პროცედურებია: ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, გულმკერდის რენტგენოგრაფია და რადიოაქტიური ნივთიერების გამოყენებით ძვლების სკანირება.
სიმსივნის სტადიის განსაზღვრა ექიმს ეხმარება საუკეთესო მკურნალობის შერჩევაში. ექიმები სიმსივნის სტადიას ხშირად კიბოს ამოკვეთის შემდეგ, ირგვლივ არსებული ქსოვილების, მათ შორის, ლიმფური კვანძების ბიოფსიით საზღვრავენ. ყველა გინეკოლოგიური სიმსივნის შემთხვევაში, სტადია იცვლება I-დან (ყველაზე ადრეული) – IV-მდე (შორსწასული). სიმსივნეების სტადიურობის განსასხვავებლად, უმრავლეს შემთხვევაში, ანბანის ასოებს იყენებენ.
ენდომეტრიუმის ან საკვერცხის კიბოს ძირითადი მკურნალობა სიმსივნის ქირურგიული წესით ამოკვეთაა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ სხივური ან ქიმიოთერაპია ტარდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, სხივური თერაპია შეიძლება იყოს გარეგანი (დიდი ზომის აპარატის გამოყენებით) ან შინაგანი (რადიოაქტიური იმპლანტის გამოყენებით, რომელიც უშუალოდ სიმსივნეზე თავსდება). გარეგანი სხივური მკურნალობა, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირის განმავლობაში კვირაში რამდენიმე დღე ტარდება. შინაგანი სხივური მკურნალობა რამდენიმე დღით კლინიკაში დაყოვნებას საჭიროებს, მანამ, სანამ იმპლანტია მოთავსებული.
ქიმიოთერაპია ინექციის ან დასალევი აბების სახით ეძლევა ან მუცლის ღრუში (ინტრაპერიტონეულად) ჩადგმული კათეტერის საშუალებით შეიყვანება. რა სიხშირითაა საჭირო ქიმიოთერაპიის ჩატარება – დამოკიდებულია სიმსივნის სახეობაზე. ზოგჯერ, ქალი ქიმიოთერაპიის დასრულებამდე, კლინიკაში რჩება.
როდესაც გინეკოლოგიური სიმსივნე შორსწასულია და მკურნალობა შეუძლებელი, სხივური ან ქიმიოთერაპია მაინც შესაძლოა რეკომენდებული იყოს, სიმსივნის ან მისი მეტასტაზების ზომაში შემცირების ან ტკივილის და სხვა სიმპტომების შემსუბუქების მიზნით. განუკურნებელი სიმსივნის შემთხვევაში, ქალმა წინასწარ გაცხადებული ნება უნდა ჩამოაყალიბოს. ვინაიდან ტერმინალური მოვლა გაუმჯობესდა, განუკურნებელი სიმსივნის მქონე სულ უფრო მეტ ქალს აქვს შესაძლებლობა, კომფორტულად აღესრულოს საკუთარ სახლში. განუკურნებელი სიმსივნის მქონე პაციენტებისათვის, შფოთვისა და ტკივილის შემცირების მიზნით, შესაძლებელია სათანადო საშუალებების გამოყენება.